"ჩვენ ეს მიუზიკლი თემურ წიკლაურის ვაჟთან ერთად დავასამარეთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ეს მიუზიკლი თემურ წიკლაურის ვაჟთან ერთად დავასამარეთ"

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის მიუზიკლ "არგონავტების" შესახებ... მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორია ევგენი გინზბურგი, სცენარისტები - ჯემალ ბაღაშვილი, ევგენი გინზბურგი, დამდგმელი მხატვარი - ირაკლი ყიფშიძე, კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია... მონაწილეობდნენ: ზურაბ ყიფშიძე (იაზონი), ლიკა ქავჟარაძე (მედეა), სერგეი შაკუროვი (დიოგენე, მოხუცი, ჩიტი), ალექსანდრ აბდულოვი (შალომი), თეიმურაზ წიკლაური (აეტი), რომან რცხილაძე (ჰერაკლე), ნუგზარ კვაშალი (ორფეოსი), ჯემალ ბაღაშვილი (ლაერტი), იგორ რუხი (კასტორი), ლეონიდ იარმოლნიკი (ტიფისი), ვახტანგ ტატიშვილი (არგი), ალექსანდრე ბასილაია (ამიკი), ანრი ბასილაია (გილასი)...

ჯემალ ბაღაშვილი: - "არგონავტები" ჩვენი მეორე მიუზიკლი იყო, რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის სურვილით გადავიღეთ... პირველი მიუზიკლი იყო "ჩხიკვთა ქორწილი", რომელსაც უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად და დღესაც დიდი წარმატებით აჩვენებენ.

"არგონავტები" ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ჩვენმა მეგობარმა, ევგენი გინზბურგმა გადაიღო. რადგან მიუზიკლი რუსეთის ცენტრალურ არხზე გადიოდა და მათ შორის საზღვარგარეთაც, გადაწყდა, რომ წამყვან როლებზე გამორჩეული მსახიობები შერჩეულიყვნენ. ასეთი იყო იასონის როლზე ზურა ყიფშიძე და, რაღა თქმა უნდა, მედეას როლზე, ვინ, თუ არა ლიკა ქავჟარაძე?! ლიკა უკვე ჩამოყალიბებული მსახიობი იყო და მის გარეგნობაზე ხომ აღარ არის საუბარი. ლიკას თვითონაც ძალიან მოსწონდა მედეას როლი და სიხარულით დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას. ლიკა პირველად ეკრანზე სწორედ ჩვენს ტელეფილმში, "ივერია, სიყვარული და..." გამოჩნდა. შესაბამისად, ჩვენი შვილობილივით იყო, ვგიჟდებოდით ყველა, იმდენად გვიყვარდა. ღვთაებრივად ლამაზი იყო. დიდი წარმატებაც ხვდა წილად, ყველა აღნიშნავდა მის განსახიერებულ მედეას! ასეც უნდა ყოფილიყო, მეორე ლიკა არ არსებობდა, ერთადერთი იყო და განუმეორებელი! წარმოიდგინეთ, რა წყვილი იქნებოდა ზურა ყიფშიძე და ლიკა ქავჟარაძე!

- რატომ ვერ მოიპოვა ასე კარგმა ფილმმა საყოველთაო აღიარება? დღეს ძალიან ცოტამ თუ იცის ამ მიუზიკლის შესახებ. - ამაში თავად ივერიელებს მიგვიძღვის "შეგნებული" ბრალი. ამ მიუზიკლს უდიდეს წარმატებასთან ერთად უდიდესი ტრაგედია დაემთხვა. ზუსტად იმ პერიოდში თემურ წიკლაურს ვაჟი გარდაეცვალა. ფაქტობრივად, ორმოცი არ იყო გასული, როდესაც თემურს სცენაზე გამოსვლა მოუხდა. ყველას ძალიან მძიმე მოგონებები გვაკავშირებდა ამ მიუზიკლთან, თორემ შესანიშნავი მუსიკა და ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ საყოველთაოდ აღიარებული გამხდარიყო. გაპიარება, მიუზიკლის ხშირად წარმოდგენა იყო საჭირო და ჩვენ შეიძლება ითქვას, თემურის ვაჟთან ერთად დავასამარეთ ეს მიუზიკლი. არც ჩვენ შეგვეძლო გვეთამაშა და მით უფრო თემურისთვის დაგვეძალებინა. ამ მიუზიკლისთვის ჩვენ დროც აღარ დავტოვეთ და სწრაფად დავდგით მესამე მიუზიკლი "ფიროსმანი", შედარებით მსუბუქი, რომელიც ხალხმაც აიტაცა და მის გაპიარებაზეც გადავედით, "არგონავტები" კი შეგნებულად დავივიწყეთ. რუსეთში ახლაც ძალიან პოპულარულია და "არგო" სამ ყველაზე პოპულარულ ქართულ სიმღერაში შედის. ყოფილი საბჭოთა სივრცის სამასმილიონიანმა მოსახლეობამ იცის ქართული სიმღერები: "თბილისო", "სულიკო" და "არგო"...

ზურა ყიფშიძე: - არაერთხელ მითქვამს, რომ ლიკა არაჩვეულებრივი გოგო იყო ბუნებით! მიუხედავად ასეთი გარეგნობისა, სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი იყო, არც ვარსკვლავობდა და არც მიაჩნდა სასწაულად თავი.

- დღეს როგორ გახსენდებათ მიუზიკლზე მუშაობა? - როდესაც ფოთში სასიყვარულო სცენას ვიღებდით, იქ წყალში კისრამდე ვიყავით. ამ დროს ნაპირზე იდგნენ ჩემი ცოლი და ლიკას ქმარი. ლიკას ქმარი ძალიან ნერვიულობდა და ჩემი ცოლი აწყნარებდა, ეს კინოა, ნუ გეშინია, მეც ხომ აქა ვარ და არ ვნერვიულობო. ლიკას ქმარი ვერაფრით წყნარდებოდა და ამ დროს ჩვენ გათოშილები ვიყავით, რა დროს სიყვარული იყო, ვის ახსოვდა?! ლიკა ყვიროდა, არაყი დაგვალევინეთ ან რამე მოგვიხერხეთ, გავიყინეთო... ერთ დღეს ლიკა გადამეკიდა, საჭესთან დამსვიო. ჩვენთან ერთად იყო ჩემი ცოლიც და ფოთიდან რომ მოვდიოდით, პირდაპირ მილიციის ჯიხურთან, მილიციელების ცხვირწინ გადავიჩეხეთ. საბედნიეროდ, არაფერი გვტკენია. გადარეული მილიციელები მოცვივდნენ, იფიქრეს, მთვრალები დავიჭირეთო და საჭესთან ულამაზესი ლიკა შერჩათ, მე კი მის გვერდით ტრუსებში (იმ პერიოდში ისე დავრბოდი შიშველ-გადარეული). მილიციელებიგაოგნდნენ, ვერაფერი გაიგეს და მე ვუხსნიდი, ქალს მანქანის ტარებას ვასწავლი, თავი დაგვანებეთ-მეთქი...

ლიკა რასაც კი ხელს ჰკიდებდა, ყველაფერს ართმევდა თავს კარგი რეჟისორების ხელში. უბრალოდ, ყოველთვის თენგიზ აბულაძე ვერ შეხვდებოდა. რაც შეეხება მედეას როლს, გადასარევად გამოუვიდა.