ეძებდა სითბოს და უფრთხოდა სიცივეს...
ლადო გუდიაშვილის ბიოგრაფია ეპოქის სახე და სულიერი ცხოვრების მატიანეა. მისი შემოქმედება კიდევ უფრო მძლავრი და მომნუსხველია, ვიდრე ბიოგრაფია. ლადო გუდიაშვილმა თავისი ხელოვნება ფერითმეტყველების უმაღლეს რანგში აიყვანა. ეძებდა სითბოს და უფრთხოდა სიცივეს... არ უყვარდა ზამთრის, თოვლის ხატვა, მოსწონდა სიმწვანე, სინათლიანი, თავის თავში ჩაბრუნებული, რომელიც მხოლოდ მისი სამყაროს კუთვნილება გახლდათ.

გრიგოლ რობაქიძე წერდა: "ფიროსმანის ხატული მოქმედობს როგორც პირდაპირ ნატეხი "ბუნების": წყაროს თვალი თუ ირმის ჩლიქი... ფიროსმანი ხატავდა უმრავლესად კალენკორზე. ამისათვის მის ხატულს
(მხატვარ დ. შევარდნაძის სიტყვით) განსაკუთრებული ფერი მიეცა. ეს ფერია, ლადო გუდიაშვილის ნახატებში რომ შედის როგორც მთავარი ტონი". ამ მთავარმა ტონმა, რომელიც საზრდოობდა ქართული ფრესკითა და ფიროსმანის შემოქმედებით, განსაზღვრა შემოქმედის მომავალი.

პარიზში, სადაც მსოფლიო ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები იყრიდნენ თავს, ის გამორჩეული და უალტერნატივო დარჩა. ვერც ფუტურიზმმა
მოხიბლა, ვერც კუბიზმმა... არ შეეძლო, მიეღო ის უცხო, რომელიც საკუთარს დააკარგვინებდა. ტიციან ტაბიძე: "ვისაც უნდა თავის გამოცდა, მიდის პარიზში. ლადო გუდიაშვილისთვისაც აუცილებელი იყო ამ ბეწვის ხიდის გავლა". და მან ბეწვის ხიდი გაიარა და დაბრუნდა თავის პატარა საქართველოში, იქ, სადაც არც დიდი შემოსავალი ექნებოდა, არც დიდი ასპარეზი, სადაც ძალიან მალე დაუშვებდნენ რკინის ფარდას და მსოფლიო მხატვრობას მოსწყვეტდნენ.

KvirisPalitra.Geევროპაში კი ელოდნენ მხატვარ ლადო გუდიაშვილს, ეძებდნენ ცნობებს მისი შემოქმედების შესახებ.
1932 წელს მოსკოვში გამოიცა წიგნი, სადაც წერდნენ: "გუდიაშვილის "სიმახინჯის ესთეტიკა", მისი უყურო ადამიანები და დეფორმირებული, წაგრძელებული, დეგენერატული ფიგურები წარმოაჩენს ქართული სიმბოლიზმისა და დეკადენტობის ბუნებას.

ბურჟუაზიული მხატვრის ნახატები გადმოგვცემენ პესიმიზმს, ეროვნულ რომანტიზმს, სინამდვილის მისტიკურ-ეროტიკულ, დეკადენტურ დამახინჯებას. სწორედ მენშევიკების დროს გაიგზავნენ უცხოეთში ნაციონალისტი მხატვრები - გუდიაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე... ისინი... სმოკინგისა და ჩოხის შეხამებაში მენშევიზმის იდეებს აცოცხლებენ".

ომი ახალი დამთავრებული იყო, ლადო ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ბიჭვინთაში, ეკლესიის შესასვლელთან იდგა. უცნობი წყვილი მიუახლოვდა, ფრანგები აღმოჩნდნენ. ლადომ გიდობა იკისრა. ფრანგები აღტაცებას ვერ ფარავდნენ, ასეთი ეკლესია და ასეთი გიდი! საოცარი იყო!… გამოთხოვებისას ლადოს მამაკაცმა ჰკითხა: ,,საფრანგეთში ერთი ქართველი მხატვარი ცხოვრობდა, გვარად გუდიაშვილი. კარგი მხატვარი ყოფილა, მისი ტილოები მინახავს, კერძო კოლექციებში. ცოცხალი აღარ არისო, გვითხრეს. ხომ არ გაგიგიათ რითი დაიღუპა?" ლადომ უცხოელს გაუღიმა, გუდიაშვილი მე გახლავართო.
"ჩვენ ხშირად ვეკითხებოდით ერთმანეთს, რა დაემართა ლადო გუდიაშვილს, მხატვარს, რომლისაგანაც ამდენს მოველოდით და რომელმაც დაგვტოვა, რათა სამშობლო კერას დაჰბრუნებოდა", - წერდა ამ შემთხვევამდე ლამის ათი წლის წინ პიერ ვორმსი.


ეს მას მერე იყო, რაც საქართველოდან მისმა მეგობარმა ლადო გუდიაშვილის რამდენიმე სურათის გატანა მოახერხა ევროპაში. სასწრაფოდ მოაწყვეს ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა. შეფასება ძალიან მაღალი იყო: "ლადო გუდიაშვილმა პარიზში შეძლო თავისი ბუნებრივი ნიჭის განვითარება... მხატვრული ტექნიკის დაუფლება და პარიზის არტისტული ცხოვრების ალში მისი განსპეტაკება.

KvirisPalitra.Geსაქართველოში დაბრუნებისას კი მან უკეთ დააფასა ქართული ცხოვრების ლირიკული და ეპიკური მხარეები, რომლის სილამაზეს ასე თავისებურად უმღერის", - წერდა ვორმსი.
ლადო გუდიაშვილს კი იმ დღემდე, როცა ევროპა ისევ ნახავდა და "გაიხსენებდა", ათი წელი აშორებდა! ეს ათი წელი უნდა გაეტარებინა ტოტალურ სახელმწიფოში, სადაც "ფორმალისტად" შერაცხდნენ, ხატვის "სწავლებას" დაუწყებდნენ.

ლადო გუდიაშვილი: "ზოგი მაქებდა, ზოგი - მაძაგებდა, ეს რომ გავრცელდეს, ახალგაზრდობას გზას ავურევთო... მაგრამ მე ჩემი გზისა მჯეროდა... სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, გუდიაშვილს და კაკაბაძეს განზრახ არ სურთ ჩვენს პრინციპებს ყური ათხოვონ და ფორმალიზმისაკენ უბიძგებენ ახალგაზრდებსო (მაშინ აკადემიაში ვასწავლიდით). ეს არ იყო სწორი. ჩვენ ჩვენს საქმიანობაში გულწრფელნი ვიყავით, მით უმეტეს, ახალგაზრდებთან ძალიან სათუთი დამოკიდებულება გვქონდა... ზოგი მხატვარი სავსებით გულწრფელი მოწადინებით მოდიოდა და მასწავლიდა, დაკლაკნილ ხაზებს ნუ აკეთებ... აი, ასე და ასე, სწორად დახატე და კარგად გამოგივაო. მაგრამ ვერაფერი მიშველეს, ცუდი მოწაფე გამოვდექი".

ადრე თუ გვიან, დრო ყველაფერს თავ-თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე. მართალია, ბევრი იბრძოლეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს და დღეს ლადო გუდიაშვილის შემოქმედება ისევ ჟღერს, როგორც საქართველოს სადიდებელი საგალობელი.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?