"ერთ მშვენიერ დღეს ყველა გავსწორდებით და დიდ სოფელში წავალთ" - კვირის პალიტრა

"ერთ მშვენიერ დღეს ყველა გავსწორდებით და დიდ სოფელში წავალთ"

რა გვჭირს ქართველებს?!

დრო უკანმოუხედავად მიქრის. შავ ქოჩორს თეთრი ცვლის, გულიც დროდადრო გახსენებს თავს. საკუთარ ათეულებს რომ გადახედავ, შეიძლება გაოგნდე: ახლა ხომ იმხნისა ხარ, ადრე რომ ბებერი გეგონა, არადა, სხვა ყველაფერი ძველებურადაა: ისევ გიყვარს, ისევ გინდა იმუშაო, ბევრი საინტერესო რამ გააკეთო. აკეთებ კიდეც.

რეჟისორ გიზო ჟორდანიას ახალგაზრდობის ფოტო რომ ვთხოვე, აი, ისეთი, თმა რომ არ ჰქონდა გაჭაღარავებული, მხიარული ღიმილით მიპასუხა:

- თეთრ თმას რა ჭკუა აქვს, რომ გავჭაღარავდი, მგონი, 30 წლისა ვიყავი... ისე, მე თეთრი თმითაც ახალგაზრდა ვარო.

ჩემი გარიჟრაჟი

ჩემი ბავშვობის ყველაზე ადრინდელი მოგონება სევდიან ამბავს უკავშირდება. მახსოვს ლანჩხუთის სახლი, რომელიც მერე ფიცარ-ფიცარ გაიყიდა. ჯერ მილიცია იყო იმ შენობაში, მერე საავადმყოფო... ახლა კიდევ რაღაც სამედიცინო ცენტრია. მითხრეს, ერთ ფიცარზე წითელი ფანქრით სამი სიმაღლეა აღნიშნულიო. ერთი - ორი წლისა რომ ყოფილხართ, მეორე - ორი წლინახევრისა, ხოლო მესამე - სამი წლისაო. თქვენი სახელი აწერიაო. კი ვიფიქრე წასვლა, მაგრამ ვერ წავედი, გულმა არ მომცა ნება...

მახსოვს შავი მანქანა, რომლითაც დედა დაჰყავდათ ჩეკაში. ძაღლი, რომელიც მოგვიწამლეს... ძროხა, რომელიც მოკვდა - სწორედ მაშინ დაავადდა, როცა მამა დაიჭირეს, 1936 წელს.

მამა - კოკი ჟორდანია ექიმი იყო. ამბობენ, ერთმა ხელისუფალმა რომ ნახა მისი აშენებული საავადმყოფო ლანჩხუთში, იკითხა: ჟორდანიები ისევ არსებობენო და მეორე ღამით წაიყვანეს მამა. დედასთან დავრჩით მე და ჩემი უმცროსი და ნანა. ის 20 დღისა იყო. დედას რძე გაუშრა. მეზობელი, კიკა კანდელაკის დედა, პუპი აწოვებდა ძუძუს. ერთ დღეს აღარ მოვიდა. ბავშვი ტიროდა... თურმე დაუბარებიათ ის ქალი - მავნებლის შვილს არ აჭამოო. შეაშინეს საწყალი. გამოსავალს ვერ პოულობდა დედა. მაშინ მოვიდნენ ნათესავები და გადაწყდა, ჩემი და ბიძაჩემსა და ბიცოლაჩემს ეშვილებინათ, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ. ჩვენ კი თბილისში გამოვიქეცით. ავლაბარში დავსახლდით.

ერთ ოთახში ვცხოვრობდით. მეზობლები სომხები გვყავდა. ამიტომ სომხური კარგად ვიცი.  მახსოვს, ქართველი ინტელიგენციის მიმართ როგორ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ავლაბარში. თუ ვინმეს შლაპა ეხურა, ან ყელზე ბაფთა ეკეთა, უკვე კლასობრივი მტერი იყო. ასეთ კაცს უყვიროდნენ: პრაფესორ! კოწია!

მამა დახვრეტას გადაურჩა. ბაიაიუთში იყო გადასახლებული. ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. დროზე ადრე გაათავისუფლეს, რადგან დიდმოხელის ქალიშვილი გადაარჩინა სიკვდილს... პირველი ინფარქტი მაშინ დაემართა, როცა უთხრეს, თავისუფალი ხარო.

მძიმე დღეები გადავიტანეთ. ჩემი და 14 წლისა იყო, როცა გაიგო, რომ მისი ნამდვილი დედა დედაჩემი იყო. დაიწყო გაორებული ცხოვრება... ეს დიდი ტრაგედია იყო.

ცელქი ვიყავი და მოჩხუბარი... მახსოვს, ერთხელ სომეხი მეზობლის დიდმა ბიჭმა პატარას დაარტყა. მივედი და თავი ჩავარტყი. გამოვარდა მამამისი: - რაზე ურტყამ, ბიჭოო. დამიჭირა ყურით.

- ვურტყამ... - რატომო? - პატარას დაარტყა-მეთქი. გამიშვა ხელი, - საღოლო, მითხრა და თავის შვილს დაუწყო ჩხუბი.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მედალი მაინც არ მომცეს. მიღებული არ იყო ჩვენი ოჯახი...

ჩემი დილა

თეატრალურ ინსტიტუტში რომ განვაგრძე სწავლა, მამა ამბობდა: მასხარაობა უნდოდა და წავიდა კიდეც ამ გზაზეო... ინსტიტუტი მოსკოვში გვგზავნიდა ხოლმე პრაქტიკაზე. იქ საუცხოო თეატრები იყო.   მოსკოვში, ტრიფონოვკაზე ვცხოვრობდით სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. გოგონები გავიცანით. მათი წასვლის დრო რომ დადგა, გავაცილე ტრამვაის გაჩერებამდე. შევამჩნიე, რამდენიმე ბიჭი გვითვალთვალებდა, თან უკან მოგვყვებოდა... დავაკვირდი - სამი ტრაქტორივით ბიჭია, იმათთან ჩხუბი - ჩემს მტერს. ჩასხდნენ გოგონები ტრამვაიში და წავიდნენ. ამ ბიჭებმა დამიძახეს: - დრუგ, კ ტებე დელა! გავჩერდი, სხვა რა გზა იყო. მომიახლოვდნენ. ვდგავარ მესერთან. ერთი მაინც ისეთი იყო, რუსები რომ იტყვიან, - მორდა ტრებუეტ კირპიჩა. ამ დროს დავინახე - მოდის რეჟისორი ლევან მირცხულავა... იმ ხანებში ძალიან პოპულარული იყო ფილმი "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში" და მისი გმირი ედი ბარტლეტი, რომელიც მუშტს მარჯვედ ხმარობს. მასაც ისე ეცვა და ისე მოდიოდა, ედის პროტოტიპი გეგონებოდათ. ისიც ავლაბარში იყო გაზრდილი და ვმეგობრობდით. სომხური მანაც იცოდა. რომ დამინახა - გიზო, რა მოხდაო, სომხურად დავუძახე: წეწუმენ-მეთქი. ვითომ ქართულად რომ მეთქვა, გაიგებდნენ? მოვიდა ლევანი და გაითამაშა ედი ბარტლეტის გმირი - უცებ ხია ერთს. იმას ფეხი დაუცურდა ყინულზე და დავარდა. მე ზემოდან დავახტი. ატყდა ერთი ამბავი. იმათ ყვირილი ატეხეს: მილიციაო! ლევანი ტრამვაის შეახტა და გაიქცა, მე საერთო საცხოვრებელში შევვარდი. ცოტა ხანში მილიცია მოვიდა. მეძებენ. სამზარეულოდან გამოვარდა ერთი ქალი, გამიღო ხორცის მაცივრის კარი და შემაგდო შიგ. პირველი წუთი არაფერი, მაგრამ მერე და მერე გავლურჯდი. მილიცია რომ წავიდა, გამომიღეს მაცივრიდან.

ჩემი დიდი ტრაგედია იყო, როცა მამა ხელში ჩამაკვდა. მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი. საღამოს რეპეტიციამდე ორი საათი მქონდა. რუსთაველზე ვიდექი და ვფიქრობდი, რა მინდა, შინ რომ წავიდე-მეთქი. რაღაც ძალამ გამწია და მაინც წავედი. ვიდრე დედა სადილს მიშლიდა, მამას შევხედე. აივანზე იდგა, შევამჩნიე, უცნაურად  გახევებული მოაჯირს ეყრდნობოდა. მივედი. შევხედე. ორი შუშა ვნახე თვალის მაგივრად, მოვკიდე ხელი და მოეშვა... ხელში ჩამაკვდა...

ჩემი შუადღე

პროფესიას ქალბატონი ლილი იოსელიანი და ბატონი ვასო ყუშიტაშვილი მასწავლიდნენ. პირველი სპექტაკლი რომ უნდა დამედგა, სიმბოლისტური დრამა მივიტანე. ვასო ყუშიტაშვილმა - ბიჭო, შენ ეგ როგორ უნდა დადგა, მე ვერა ვდგამ. ცოტა მსუბუქი შეარჩიე, ეგ რად გინდაო. ცოტა არ იყოს, მეწყინა. მომიტანა ანატოლ ფრანსის "მუნჯი ცოლი". წავიკითხე, მომეწონა და ნანა მჭედლიძესთან ერთად დავდგი. ეგეთი კომედია არ დამიდგამს. აქედან დაიწყო ჩემი სათეატრო ცხოვრება.

პირველ პრემიერაზე თუ ვინერვიულე? რა გითხრათ... არ მინერვიულია.

მე სხვა რამ მახსოვს, რაზეც მართლა ბევრი ვინერვიულე. პატრონი არავინ მყოლია... კომპოზიტორმა კოტე მეღვინეთუხუცესმა მუსკომედიის თეატრის დირექტორთან - აკაკი შანიძესთან შემიყვანა. მოვეწონე.

მიმიღო რეჟისორად. დასადგმელად ავირჩიე "ცირკის პრინცესა". დეკორაცია გამიკეთა გენიალურმა მხატვარმა დიმიტრი თაყაიშვილმა. ორკესტრი ქვემოთ კი არ უნდა მჯდარიყო, არამედ მაღლა... ნება არ მომცეს. მომიხსნეს ეს დეკორაცია. ძალიან ვინერვიულე. გავიდა 10 წელი და ამერიკაში დაიდგა "დონ კიხოტი", სადაც მაღლა დასვეს ორკესტრი. დრომ აჩვენა, რომ შესაძლებელი იყო ასეთი გადაწყვეტა. პრემიერის შემდეგ ვუთხარი დირექტორს: თქვენს თეატრში აღარასდროს დავდგამ სპექტაკლს-მეთქი. სასაცილოა. ვინ გეძახის, რომ დადგა! გავჯიქდი. ახლა დათო დოიაშვილმა დამპატიჟა. მასთან კი მივედი...

ჩემი თეატრალური მოღვაწეობის შესახებ ძალიან ვრცელი ჩამონათვალი გაკეთდება. მოკლედ გეტყვით: უმნიშვნელოვანესი იყო ის 9 წელი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გავატარე. სწორედ ამ დროს დავდგა გერმანიაში "აბესალომ და ეთერი", "მინდია", "დაისი". საქართველოშიც ძირითადად ქართულ ოპერებს ვდგამდი.

ცალკე ეტაპია ბათუმის ოპერის თეატრი. ხომ იცით, ოპერის შექმნა სახელმწიფოს შექმნას უდრის. ალეკო ხომერიკთან ერთად ვიყავით დათო მუქერია და მე ამ საქმეში.

ბათუმშივე ვმუშაობდი ბავშვთა ოპერაში - მსოფლიოში უპრეცედენტო თეატრი იყო და აღიარებაც დიდი ჰქონდა...

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში დადგმული სპექტაკლები კი დამამახსოვრდა დარბაზში იატაკზე დამსხდარი მაყურებლით. ტევა არ იყო...

ვმუშაობდი გრიბოედოვის თეატრში...

პედაგოგობას რაც შეეხება, მუსკომედიის ფაკულტეტი რომ გაიხსნა, მიმიწვიეს ინსტიტუტში. მგონია, პედაგოგად და ამ დროს პრეპარატორად არ დამნიშნეს?! ეს ლაბორანტზე დაბალი თანამდებობაა, მაგრამ პედაგოგად ვმუშაობდი. მერე, მოგეხსენებათ ინსტიტუტის რექტორიც ვიყავი.

სტუდენტები ჩემთან ყოველთვის ახლოს იყვნენ. ზოგჯერ საიდუმლოსაც მანდობდნენ. სტუდენტს ყველაფერი უნდა სცოდნოდა - ბრეხტიც და სტანისლავსკიც, მაგრამ მთავარი მაინც იმისი ცოდნაა, რომ ის ეროვნული თეატრის მსახიობია. ვისაც ეს სისხლსა და გონებაში აქვს, წარმატებას მიაღწევს, ვისაც არ აქვს და რა უნდა, ვერ გაიგებ, სულ ტყუილად იგრიხება სცენაზე.

ჩემი მიმწუხრი

ახლა უკვე ჩემი ცხოვრების მიმწუხრია, მა რა არი! დაღლილი არ ვარ, მაგრამ ხანდახან მიკვირს, რომ ამდენი დრო გასულა...

ახალგაზრდობაშიც და ახლაც ვფიქრობ: თეატრშიც და ოჯახშიც უნდა იყოს მოხუციც, ჭარმაგიც, ახალგაზრდაც... მხოლოდ ასე გრძელდება სიცოცხლე.

მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე - ნათელა ვაჩნაძე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

ოპტიმისტი ვარ... უფრო სწორად, ასე მიცნობენ. რა აზრი აქვს ტკივილზე ლაპარაკს, როცა ბოლოს ყველანი მარტო ვართ? საკუთარ თავთან ომი შეიძლება, თუ საკუთარ თავზე გამმარჯვებელი კაცი ხარ, შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

ერთმანეთთან ქიშპობა, ერთმანეთის დასამარება საშინელებაა. ერთ მშვენიერ დღეს ხომ ყველა გავსწორდებით და დიდ სოფელში წავალთ. მთავარია, კაცს შეგეძლოს, რაღაც მოიკლო, სხვას დაეხმარო. ზოგი ამბობს, ეგ პოზააო... მისთვის უცხოა ალბათ და იმიტომ. მე კი ეს ბედნიერებად მიმაჩნია.

და კიდევ: დაუსრულებელი სევდა და დაუსრულებელი ლტოლვა მაქვს მიწისადმი... მაგრამ სოფელი არ მაქვს...

გზავნილები

რა გვჭირს ქართველებს?! გადახედავ ფრანგულ კონფერენციას, ან პარლამენტს, სულ ჭაღარა ხალხია... ჩვენთან სულ ყმაწვილკაცები არიან. ასე არ შეიძლება. თუ ადამიანს უნარი აქვს, შნო აქვს, რას ერჩი მას? იმუშაოს რა! ხე თუ ნაყოფს არ იძლევა და აღარ ყვავის, უნდა მოიჭრას, მაგრამ რამდენი წლისაც უნდა იყოს ხე, თუ ნაყოფი აქვს და ყვავის კიდეც, გაუშვით, იდგეს.