"ტატიკ-პაპიკის" მთიანი ყარაბაღი - კვირის პალიტრა

"ტატიკ-პაპიკის" მთიანი ყარაბაღი

(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #27, #28)

"ყარაბაღში არც მშვიდობაა და არც ომი", - ამ სიტყვებით იწყებს საუბარს ყოფილი სამხედრო, ახლა კი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელი ალბერტ ვოსკანიანი, რომელიც  სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირების შემდეგ ტყვეთა მოძიებითა და გაცვლით იყო დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 17 წელია გასული, მხარეებს შორის ყოველწლიურად ათამდე ტყვე იცვლება.

"მახსენდება, თუ როგორ ვცვლიდით ადამიანებს ცხვრებივით", - სინანულით ამბობს ვოსკანიანი და თავს ხრის.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე დაწერილ მასალებში ხშირად ამოიკითხავთ, რომ ეს არის ეთნოპოლიტიკური დაპირისპირება ისტორიაში ჩაკარგული ფესვებით, რომელმაც სულ სხვა მასშტაბი და მნიშვნელობა შეიძინა “"პერესტროიკის" დროს. შედეგად, 1991-1994 წლების სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებულ დაპირისპირებას 20 ათასზე მეტი კაცი ემსხვერპლა და ასიათასობით მოქალაქის ლტოლვილობა მოჰყვა...

ყარაბაღელებს უნდათ დამოუკიდებლობა, ისეთი, რომელსაც აღიარებს, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანი, შემდეგ კი მსოფლიო თანამეგობრობა; პრობლემად არ თვლიან იმას, რომ მოლაპარაკებებში ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება არ მონაწილეობს, აუღიარებელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ გეორგ პეტროსიანის თქმით, ოფიციალური ერევანი ყარაბაღის პოზიციას გამოხატავს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების დროს.

"ჩვენ უფლებაზე ვლაპარაკობთ, აზერბაიჯანი კი ტერიტორიაზე. აი, შეხედეთ, სააკაშვილი ამბობს, რომ აფხაზები და ოსები მისი ძმები არიან, აზერბაიჯანისთვის კი ჩვენ დასახლება ვართ", - მინისტრის პოზიცია შეუვალია: დარწმუნებულია, რომ აშშ-ში, სომხეთში, გერმანიაში, ავსტრალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში არსებული ყარაბაღის არაოფიციალური წარმომადგენლობები ერთ დღეს საელჩოებად გადაიქცევა, თუმცა ამ ტრანსფორმაციის გზაზე გეორგ პეტროსიანი ყარაბაღის მხრიდან ომის დაწყებას გამორიცხავს, თან იმასაც დასძენს, რომ ამ პროცესში სომხეთი უსაფრთხოების გარანტია.

"აზერბაიჯანი გვეომებოდა და არც ახლა განელებია ამის სურვილი, ჩემთვის კი ისინი მეზობლები არიან", - ცდილობს მშვიდობისმოყვარე განცხადებები არ მოაკლოს ჟურნალისტებს.

მინისტრი პროფესიით ინჟინერია, სომხეთის ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური პარტიის"დაშნაკციუთუნის" (დაარსდა თბილისში, 1890 წელს) წევრი. ყარაბაღელ ჟურნალისტებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში, თუ ვინ არის ყველაზე ხელმისაწვდომი რესპონდენტი, პეტროსიანმა ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა. ატარებს წვერს, აღთქმა დაუდვია, ვიდრე ყარაბაღის რესპუბლიკას მსოფლიო არ აღიარებს, არ გავიპარსავო. არ მალავს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სამართავად ხშირად დგამს რადიკალურ ნაბიჯებს: "ამას მუდმივი საფრთხე განაპირობებს", - ასეთ გამართლებას უძებნის“რადიკალურ ნაბიჯებს.

მწვავე განცხადებებსა და ხელისუფლების კრიტიკას ერიდებიან ყარაბაღის საზოგადოებრივ ტელევიზიაში. სხვათა შორის, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გაჩაღებას სწორედ სომხურ ენაზე მაუწყებელი ტელევიზიის გახსნის მოთხოვნა უძღოდა წინ. 1986 წელს მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ყარაბაღელებს საკუთარი ტელევიზია უნდა ჰქონოდათ, ორი წლის შემდეგ, 1988 წლის 1-ელ ივნისს, ეთერში გადაცემები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავიდა. ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამჟამად კი დირექტორის მოადგილე სლავა სტეფანიანი იხსენებს, რომ ომის დროს ტელევიზიის ძველი შენობა თითქმის განადგურდა, ძალის აღდგენას კი წლები, ხელისუფლებისა და დიასპორის მიერ გამოყოფილი ფული დასჭირდა.

სტეფანიანი იმასაც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს გაცილებით შეზღუდული იყვნენ თემების გაშუქებაში. მოხარულია, რომ ახლა ერთ-ერთ გადაცემას დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ-ერთი პარლამენტარი უძღვება; რომ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს სამივე წევრს დე ფაქტო პრეზიდენტი ნიშნავს; რომ მასვე აქვს ნაბრძანები, რომ არც ერთმა საჯარო მოხელემ ტელევიზიას ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არ უთხრას. მოკლედ, ქართულ და ყარაბაღულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს მოსალოდნელზე მეტი საერთო აღმოაჩნდათ.

ბუნებრივია, 1988 წლისგან განსხვავებით, ტელევიზია ახლა მხოლოდ სომხურად მაუწყებლობს და საერთოდ, ყარაბაღში სომხეთის სახელმწიფოებრივ კვალს ყოველ ნაბიჯზე დაინახავთ: დაწყებული დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრით, სადაც ყარაბაღის დროშის გვერდით სომხეთის სახელმწიფო დროშა ფრიალებს, და დამთავრებული აუღიარებელი სახელმწიფოს ბიუჯეტით, რომლის თითქმის 55% ერევნიდან მიღებული “სახელმწიფოთაშორისი კრედიტის” ხარჯზე ივსება, სულ კი ბიუჯეტი, სამხედრო მიზნებზე განკუთვნილი თანხის გამოკლებით, 200 მილიონი დოლარია. ნაციონალური კრების თავმჯდომარე აშოტ გულაიანი ამბობს, რომ სულ ყარაბაღში ბიუჯეტიდან ხელფასს 12 ათასამდე კაცი იღებს, მათგან 6 ათასი მასწავლებელი, 1,5 ათასი კი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, დე ფაქტო რესპუბლიკის 33-წევრიან პარლამენტს კი ასევე მოკრძალებული ხარჯები აქვს. ნაციონალური კრების თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ 33 წევრისგან 5 ქალია, მთავარი კი, მისი აზრით, ის არის, რომ კრებაში 4 პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი.

ტურიზმი, როგორც ჩანს, ის საჯილდაო ქვაა ყარაბაღში, რომლის აწევითაც დე ფაქტო ხელისუფლება ეკონომიკის აღორძინებას შეეცდება. ტურისტების სიმრავლესა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გვეუსაუბრებოდა ყველა: დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრიც, კრების თავმჯდომარეც, სხვა ოფიციალური პირებიც.

მართლაც, ყველაზე ნაკლებად ომის კვალი და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სტეფანაკერტს ეტყობა. ასე ჰქვია ქალაქს, რომელიც აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით უშუალოდ რესპუბლიკის დაქვემდებარებაშია და ხანკენდი ჰქვია, დე ფაქტო კი ის ამჟამად მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქია, 2009 წლის მონაცემით, 53 ათასამდე მოსახლით.

KvirisPalitra.Geქალაქის ცენტრში სტეფანე შაუმიანის ძეგლით, კაფეების სიმრავლით, მოწესრიგებული გზებით, საღამოობით მშვიდად მოსეირნე მოქალაქეებით, სტეფანაკერტი მართლაც მიიქცევს თქვენს ყურადღებას, არც ღამით გასვლის შეგეშინდებათ (ქუჩაში სეირნობისას ნაციონალური კრების თავმჯდომარეს შევხვდით, აშოტ გულაიანმა დაგვარწმუნა: ღამითაც გამოდით, ნუ შეგეშინდებათ, არავინ დაგაყაჩაღებთო), ფაქტია, რომ სტატისტიკით ყარაბაღში კრიმინალები არც ისე ბევრნი არიან.

ბუნებრივია, მთიან ყარაბაღზე საუბრისას, უპირველესად, იმ ძეგლზე უნდა მომეთხრო, რომელმაც ლამის ეთნოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. სტეფანაკერტის შესასვლელში, ერთ-ერთ მომცრო გორაზე,"ტატიკ-პაპიკი" დგას, ხალხში მას "ბებია-ბაბუას" ეძახიან. მოხუცების თავები ისეა დადგმული, რომ გგონია, ყელამდე მიწაში არიან ჩაფლული. საბჭოთა პროპაგანდამ დაწერა, რომ ეს ძეგლი ყარაბაღში სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმბოლოაო (ყარაბაღში, მართლაც, არსებობს თქმულება, რომ იქ ადამიანები ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობენ), თუმცა საქმე რეალურად სულ სხვა რამეს ეხება: ოფიციალურად ძეგლს "ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ" ჰქვია. ეს იყო გზავნილი აზერბაიჯანისთვის, რომ ეს მიწა სომხებს ეკუთვნოდათ და არც ერთ გოჯს არ დაუთმობენ, ამ მიწაში ისევე არიან ჩაფლული, როგორც ეს საუკუნოვანი ბებია და ბაბუა. 1967 წელს ძეგლის დადგმას აზერბაიჯანული მხარის აღშფოთება მოჰყოლია. მონუმენტის ავტორი, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მხატვარი სარგის ბაღდასარიანი ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო - სომხეთი "ტატიკ-პაპიკს" გეოპოლიტიკურ სათამაშოდ გამოიყენებდა: 2009 წელს, როცა “ევროვიზიის” სიმღერის ფესტივალის მიმდინარეობისას მომღერალი სირუშო სომხეთის მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ მონაწილეებს აცხადებდა, მას ხელში "ტატიკ-პაპიკის" გამოსახულებიანი საქაღალდე ეკავა. როგორც მაშინ წერდნენ, ამ შოუს ერთადერთი ადრესატი ჰყავდა - აზერბაიჯანი.

რა გადაურჩა ომს და როგორც ცხოვრობს ყარაბაღის სხვა ნაწილი, ამას მომდევნო წერილში გიამბობთ.

მალხაზ ჭკადუა, ინტერპრესნიუსი