"მიხეილ სააკაშვილს ხომ ამდენი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ლამაზად არ ჩანდა, როგორც მოექცენ" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს ხომ ამდენი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ ლამაზად არ ჩანდა, როგორც მოექცენ"

"მე ძალიან ცუდი პოლიტიკოსი ვარ, რადგან ვისაც ვენდე და ვისი იმედიც მქონდა, არცერთმა მათგანმა არ გაამართლა, ქვეყანაში არაფერი ისე არ გაკეთდა, როგორც ვფიქრობდი" - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ცნობილმა მსახიობმა ლეო ანთაძემ, რომელმაც ქვეყანაში შექმნილ ურთულეს მდგომარეობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გაგვიზიარა...

- გულწრფელად გეტყვით, ძალიან სუსტი პოლიტიკოსი ვარ... არანაირი რეცეპტი არ მაქვს, დღევანდელი ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე, რა გამოსავალი არსებობს. მე ვერ გამოვასწორებ ამ ამბავს და ვერც ვხედავ რამე სასიკეთოს... ძალიან დიდი სიძულვილია ირგვლივ და მეტი სიყვარულია საჭირო. ოთხმოცდაათიანებში სიძულვილმა დაღუპა ეს ქვეყანა, უზარმაზარი შეცდომა იქნა დაშვებული, ორად გაიყო საზოგადოება და ხელისუფლება დაამხვეს.

- დღეს ბევრი ნანობს, ვინც იმ წლებში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ წავიდა...

- მეც მათ სიაში ვარ! რაღაცებში არ ვეთანხმებოდი ზვიად გამსახურდიას, მას, რასაკვირველია, შეცდომები ჰქონდა, მაგრამ იმდენი არა, როგორც მოვექეცით, არ ღირდა იმდენი ამბის ატეხა... მე, უბრალოდ, მის საწინააღმდეგო მიტინგებზე ვიდექი, დიდად არ ვაქტიურობდი, მაგრამ - იმასაც ვნანობ. ძალიან არასწორად მოიქცა მაშინდელი საზოგადოება.

იდეალური პოლიტიკოსი არც გვყოლია ბოლო წლებში. მერაბ კოსტავა უდიდესი ქართველი, პატრიოტი იყო, თავგანწირულად იბრძოდა, მაგრამ იგი ქვეყანას არ მართავდა...ზვიად გამსახურდიაზე, როგორც პოლიტიკოსზე რაღაც შეცდომებს ვამბობდი, თორემ ჩვენ ადამიანურად დიდი სიყვარული გვაკავშირებდა, ბავშვობაში ქვიშხეთში ერთად ვისვენებდით და ვთამაშობდით. ზვიადი ჩემზე ბევრად უმცროსი იყო და, როგორც პიროვნება, ძალიან მიყვარდა, ან როგორ არ მეყვარებოდა, როცა ლამის ჩემს ხელში გაიზარდა?! ქვიშხეთის მწერალთა სახლში დიდი კონსტანტინე გამსახურდია თავის შვილებთან ერთად მოდიოდა დასასვენებლად, ბებიაჩემიც მწერალთა კავშირის წევრი იყო და ამიტომ გვიწევდა იქ ერთად ყოფნა...

მერე "ვარდების რევოლუციასაც" მხარს ვუჭერდი და მანდაც შევცდი... მიხეილ სააკაშვილის რაშიც მწამდა, არ გაამართლა მოლოდინი და უამრავი შეცდომა დაუშვა... შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ვიყავი, ან ვინ არ იყო მისი მხარდამჭერი 2012 წელს?! ვერც მისმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გაამართლა, არაფერი წინ არ მიდის, ყველაფერი ერთ ადგილზეა გაჩერებული! ეს ძალიან მწყინს!

ვინაიდან არცერთმა არ გაამართლა, იქნებ, კოალიციურმა მთავრობამ გაამართლოს, მხოლოდ ამის იმედი მაქვს! იქნებ, ეგ იყოს გამოსავალი, ქვეყანას ეშველოს და კიდევ თუ შევცდი, მართლა აღარ ვიცი, რა ვთქვა...

მიხეილ სააკაშვილს ხომ ამდენი შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ლამაზად არ ჩანდა, როგორც მოექცენ. ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ქვეყნის სახეა და სხვა ქვეყნების თვალში ცუდად გამოჩნდა, ვფიქრობ, ასე უდიერად არ უნდა მოქცეოდნენ... ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, ჩვენს ქვეყანას მეტისმეტად აზიანებს... კარგია, მთავრობამ რომ დათმო, თორემ ციხის საავადმყოფოში აუცილებლად დაიღუპებოდა და ბეწვზე გადაურჩა ქვეყანა დიდ არეულობას. საშინელი ამბები დატრიალდებოდა!

ისედაც ქვეყანაში ტოტალური გაჭირვებაა... ყოველდღე ძვირდება ის, რაც გაჭირვებულ ხალხს ყოველდღიურად სჭირდება - წამალი, კვერცხი, შაქარი, ზეთი, ბურღულეული... ალბათ, კიდევ უფრო გაძვირდება და წინ ზამთარია. მთავრობამ მაგაზე უნდა იფიქროს, უპირველესად, ალბათ, ფიქრობენ კიდეც, მაგრამ საითკენ მიდის ეს ქვეყანა, მე ვეღარაფერი გავიგე!

(სპეციალურად საიტისთვის)