"ჭიშკართან" იდგა და არ უშვებდა საკუთარ ავადმყოფობას - კვირის პალიტრა

"ჭიშკართან" იდგა და არ უშვებდა საკუთარ ავადმყოფობას

"ყოველდღე იმის მეშინია, პატრიარქი არ მომიკლან"

თბილისში ბევრი მწერალი ჩამოსულა, ავტორიტეტიც მოუპოვებიათ და წარმატებაც... მაგრამ ცოტაა მათი რიცხვი, ვინც ქალაქში დარჩენას ისევ მშობლიურ სოფელში არჩია ცხოვრება, ვინც დაბეჯითებით განაცხადა, რომ მისი კუთხე, მისი სოფელი არაფრით ჩამოუვარდებოდა ლამპიონებით გაჩახჩახებულ დედაქალაქს... და სწორედ იმიტომაც, რომ გვიშტიბში ხშირად სინათლე არც იყო, ახალგაზრდები კი თავქუდმოგლეჯილი გამორბოდნენ ქალაქებისაკენ, ოტია იოსელიანი იქ დასახლდა... ამუშავებდა მიწას, მოჰყავდა სარჩო...

14 ივლისს ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა. უნებურად გადავხედე ბოლო ორ-სამ წელს... თუ რამ ხდებოდა საქართველოში, ყველგან იყო - ფიზიკურად არა, მაგრამ მენტალურად და თავისი მოსწრებული სიტყვით! მაშინ სადღა რჩებოდა ადგილი მის ცხოვრებაში იმ მძიმე სენს, არაერთი კაცი რომ მოუსრავს და დაუდუმებია? ერთ ძალიან ძველ ინტერვიუში ბრძანა, - კაცის ცნობა ვიცი. ვინც არ არის კარგი ადამიანი, ჩემს ჭიშკარს ვერ გადმოაბიჯებსო... თითქოს "ჭიშკართან" იდგა სადარაჯოზე და არ უშვებდა საკუთარ ავადმყოფობას... მაგრად იდგა მას მერეც, რაც სიარულიც უჭირდა და სუნთქვაც. ავადმყოფობას "არ დაუწვა", ფეხზე მდგარი და ომახიანი წავიდა...

სწორედ "ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის" დროს "კვირის პალიტრამ" გვერდის რედაქტორობა შესთავაზა - იყო ასეთი რუბრიკა, გვერდს ვუთმობდით ყველა მსურველს, რომ თავადვე დაეკომპლექტებინა საჭირო წერილებით. "უნდა ვიჩხუბო ამ გვერდზეო", - თქვა თავისებური ხიბლით და დაუფარავად მიაყოლა სათქმელი: "ჩემო ქართველებო, მართალია, დალხინებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ვიცოდით, რაც გვჭირდა და რაც შეგვეძლო, ვებრძოდით, ახლა არ ვიცით, რა გვჭირს და რას ვებრძოლოთ? ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა. ამ ბოლო დროს აღარ ვაკეთებ განცხადებებს, იმიტომ, რომ არავითარი აზრი არა აქვს. მე რა მინდა შენგან? ქვეყანას ნუ დააქცევ, შვილო, შენთვის გელაპარაკები ამას, მინდა საუკეთესო იყო და ქვეყანა იყოს კარგად, თუ ვხედავ შენს სიგლახეს და თვალს ვხუჭავ, მე ვცოდავ მაშინ. მოგიწოდებ გონიერებისკენ, გაფრთხილებ, არ გესმის თუ არ გინდა გეიგო? რომ გამოდიხარ და მეუბნები, ვაშენებ ქვეყანასო, კი მაგრამ, მე ისეთი შტერი ვარ, ვერ დევინახე ეს აშენებული ქვეყანა? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა გინდა?..

მოდით, შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ. გამოდის ჩემისთანა გამოთაყვანებული ბერიკაცი ტელევიზიით და მადლობას იხდის. რა მიუგდე ასეთი? დიდ ცოდვას სჩადიხართ ამით, იცოდე. იმის იმედიღა დამრჩა, რომ ამ გაზეთს ასიათასობით კაცი კითხულობს და იქნება ამ ეროვნულ გამოთაყვანებას ბრძოლა მაინც დავუწყოთ"...

როგორც შეეძლო, ებრძოდა... სხვასაც ბრძოლისკენ მოუწოდებდა... არ მომხდარა ფაქტი, რომელსაც თავისი თამამი შეფასებით არ გამოხმაურებოდა მწერალი. ჟურნალისტებიც ხშირად აწუხებდნენ: ბევრს იპოვი ადამიანს, ასე თამამად გითხრას სათქმელი? ზოგს "კანტორის" დახურვის ეშინია, ზოგს - ბიზნესის ჩაძირვის, ზოგსაც სამსახურის დაკარგვის. მისთვის სულერთი იყო. მიწაზე მყარად იდგა და ნაფიქრსაც თამამად ამბობდა.

ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის შესრულებული მემორიალი რომ ააფეთქეს, გულისწყრომა ვერ დაფარა: რა არის ეს? ძეგლების ნგრევა სად გაგონილა? ჭკუა თუ არ გყოფნის, ის მაინც უნდა იცოდე, მსოფლიომ რამდენი ომი, ძარცვა და ნგრევა გადაიტანა, მაგრამ ძეგლს არ შეხებია არც მტერი და არც მოყვარე. იმ ომში მე საჯიშე ბიჭები ჩამიხოცეს და იმიტომ არის ახლა ქვეყანა გამოთაყვანებული. რაც კარგები იყვნენ, დაიხოცნენ. ეს ძეგლია გადმონაშთი და ამ გადმონაშთს მისწორებს მაგი? არ მითხრა მაგაზე მეტი... ნერვებს ამიშლის.  ტყუილია გაბატონებული. ტყუილი კი ბოროტებაა, ტყუილი რაშიც ჩაერთვება, დასაღუპად არის განწირული. ხალხი გამოთაყვანებულია, თორემ ამ ხალხს გააჩერებდა ერთი დღე?!

არავის მაამებლობაზე არ ფიქრობდა, პოზიცია-ოპოზიცია რა სახსენებელია, გონიერი უნდა იყოს მმართველობაცა და მისი კრიტიკაც. გონიერს კი სად ნახავ ჩვენს არეულ ცხოვრებაში...

”ოპოზიციაში მე სიტყვის კაცი ვერ დავინახე. მახსოვს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე თორთლაძემ დამირეკა, მაშინ არ იყო ასე წყალწაღებული, მოვდივარ შენთანო. მთამსვლელი კაცია და ვაფასებ მე მთამსვლელობას. მოვიდა და მოჰყვა ხიდაშელის ქალი და გაჩეჩილაძე. სად დაწანწალობთ-მეთქი, ვკითხე. ხალხში დავდივართო. ვაი, თქვენს პატრონს-მეთქი, ვუთხარი, მაგ თქვენს ნაგროვებ ხმებს მოუყრის ერთად თავს მიშაიე და ჩეიყრის ყუთში. გაჩეჩილაძეს ვუთხარი მაშინ, - რაის პრეზიდენტობა გინდა, ბიჭო, შენ-მეთქი. არაო, პრეზიდენტის პოსტი მინდა გავაუქმოო. მაგი მართლა კი არის გასაუქმებელი, არ გვყავს ჩვენ საპრეზიდენტო კაცი.

...გიჟი ბევრი ყოფილა და ბევრიც იქნება კიდევ, მაგრამ სათავეში კი არ უნდა დასვა ხელშეუხებლად! რომ გამოდიხარ, ხალხს უნდა ჰკითხო, როგორაა საქმე, ჩემო ხალხო, ვქენი რამე სასარგებლო თქვენთვის? ხო არ შემეშალა რამე? თარგამაძემ რომ მიახალა ცხვირ-პირში რაც სათქმელი იყო და სწორი კითხვები დოუსვა, გეეცი პასუხი? ამან - თარგამაძე აბაშიძესთან იდგაო. შენ ვისთან არ იდექი, მითხარი ერთი?!

ოკუპანტია რუსეთიო. გადეირია რუსი, - კაცო, რაც გავჩნდი, მას მერე მეტი არაფერი მიკეთებია და ახლა მიხვდი შენო? რუსი შტერია თუ ჭკვიანი, დამპყრობლის ინსტინქტი მოჰყვება მაინც. გამოსავალი რა იქნება, ის მითხარი, თვარა რუსი რაცხაა, ვერ მასწავლი. დასავლეთი დემეხმარება ომშიო, ჩამიწყვიტა ანგელოზივით საჯიშე ბიჭები. დეგეხმარა? თუმცა კი დეგეხმარა, პუტინს უთხრა, - არ ქნა მაგიო, პუტინმა თქვა, - არა, უნდა ვქნაო. თუ უნდა ქნა, კაი მაშინ, მე ხელებში ხო არ გეცემიო.

წლევანდელი 26 მაისის შემდეგ, ცხელ გულზე სვენებ-სვენებით ჩაგვაწერინა: "მართალი ცნობების მიღება რომ შეგვეძლოს, რაღა გვიჭირდა! ვერ ხედავთ, დაქცეული და დაოსებულია ქვეყანა? გამოდის ოპოზიცია... მერე რა გამოდის მაგ საქმიდან? რამდენი წელიწადია, გაიძახიან, - პრეზიდენტი უნდა ჩამოვაგდოთო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, რაც მოხდა, ყველამ ნახა. ნონა გაფრინდაშვილი ძალიან მენანება... ახლა ისიც ვეღარაფერს ამბობს... ის ოთხი კაცი არ დაგვღუპვოდა, ნეტავ! სისხლი არ დაღვრილიყო...

კი, ბატონო, გვიჭირს! დედას რძე რომ გაუშრება, ბავშვსაც უჭირს, მაგრამ სად გაგონილა, ძუძუს მოგლიჯო და სხვას ჩაუგორო კალთაში პატარა - იმას ბევრი რძე აქვს, ის აჭმევსო. მერე რა ქნას დედიკომ? ნამათხოვრები ლუკმით როგორ გაიზრდება ბავშვი? ნამათხოვრებით მათხოვარი გაიზრდება. ამიტომ დედას უნდა უშველო, დედას!"

"ღვთის მადლით შეიძლება გაუნათდეს კაცს გონება, მაგრამ მაშინ რწმენა უნდა გქონდეს. ეკლესიებს რომ ანგრევ, რაღა ღვთის მადლს ელოდები? ყოველდღე იმის მეშინია, პატრიარქი არ მომიკლან. ღვთის მადლი რომ ყოფილიყო ჩვენზე, აქამდე მივიყვანდით საქმესო?" - ამბობდა... ეს იყო მანამ, ვიდრე სულ ბოლო მოვლენები მოხდებოდა, ვიდრე პატრიარქის თხოვნას დინჯად, დაკვირვებით განგვეხილა კანონი რელიგიების შესახებ, არ უგულებელყოფდნენ... ამაზე აღარაფერი უთქვამს. იმიტომ, რომ ძალიან ეტკინა გული, იმიტომაც, რომ სნეულებამ თავისი ქნა...

ისურვებდა თუ არა თბილისში დაკრძალულიყო, არ ვიცი. მისთვის გამოიყო ადგილი დიდუბის მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში... ისე უყვარდა გვიშტიბი, შეიძლება თავის სოფელშიც კი ერჩივნა სამარადისოდ განსვენება.