დიდი კონსტანტინე - კვირის პალიტრა

დიდი კონსტანტინე

"დიდოსტატის მარჯვენა" მწერლის შურისძიებად იქცა

"50 წიგნის" პროექტის ფარგლებში, მომავალ კვირას იმ წიგნს შემოგთავაზებთ, რომელიც ალბათ, დანარჩენ 49 ნაწარმოებთან შედარებით, ყველაზე მეტ ადამიანს აქვს საქართველოში წაკითხული - კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"...

როდესაც ამ დღეებში ხელახლა გიკითხე ეს უბერებელი რომანი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: იმან, რომ კონსტანტინე გამსახურდია ქართველია, იმან, რომ მისი ეს და სხვა რომანები მსოფლიოსთვის "უცნობ" - ქართულ ენაზეა დაწერილი; იმან, რომ საქართველო დიდხანს "რუსეთი იყო" - ხელი შეუშალა "დიდოსტატის მარჯვენას", მსოფლიო დაეპყრო...

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მისი ავტორი ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი ან თუნდაც რუსი ყოფილიყო - ყალბი ეროვნული თავმდაბლობა რომ გვერდზე გადავდოთ და გულწრფელად ვთქვათ, - ჩვენი პროექტის უცხოურ ანალოგთაგან ძალიან ბევრში, თუ ყველაში არა, ხომ მოხვდებოდა?!

არადა, ხომ  თქვა უკვე მოხუცმა მწერალმა, როდესაც ახალგაზრდობას, ევროპაში სწავლის წლებს იგონებდა: "შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა", - ასე ამხნევებდა თურმე საკუთარ თავს და ვერც აჯობეს!

"დიდოსტატის მარჯვენა" უწოდა თავის შედევრს და ნიშანდობლივია, რომ რომანის გამოსვლისთანავე ხალხმა თვით კონსტანტინეს უწოდა დიდოსტატი და როდესაც "დიდოსტატს" ახსენებდნენ, და დღესაც ასეა, უნდა ჩაჰკითხვოდი კაცს - გამსახურდიას გულისხმობდა, არსაკიძეს, თუ მთლიანად რომანს...

...ახლა გადავიკითხე ის, რაც დავწერე და ცოტა არ იყოს პათეტიკურად მეჩვენა. თუმცა, პათეტიკა ან რომანტიკულობა სულაც არ ნიშნავს ბანალურობას, მით უმეტეს, რომ ეს პათეტიკა თვით ავტორისთვისაც არ იყო უცხო - მისი ქართული ენა, მისი გმირების "სხვანაირობა", მის წიგნებში აღწერილი ამბების არაჩვეულებრივობა - ეს ყველაფერი რომანტიკული პროზის ბრწყინვალე ნიმუშად გაცოცხლდა "დიდოსტატის მარჯვენაში".

საერთოდ, როდესაც ამ ტერმინს - "რომანტიკულ პროზას" ამბობენ, უფრო "ვიწრო", "კამერულ" რომანებს გულისხმობენ, "ერთი ბიჭისა და ერთი გოგოს ამბავს". გამსახურდიამ კი მოახერხა, რომ დიდი ისტორიული ტილო შეექმნა უამრავი მნიშვნელოვანი პერსონაჟით და წიგნის ფურცლებზე ატეხილ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ქართატეხაში მართლაც დიდოსტატურად ჩაეწნა დიდი სიყვარულის ამბავი. მსოფლიო ლიტერატურას თუ თვალს გადავავლებთ, ძალზე ცოტაა ისეთი წიგნი, სადაც ისტორიული ამბებით გატაცებულ ავტორს სიყალბე არ შეჰპარვოდეს "რომანული ეპიზოდების" თხრობისას და პირიქით - სასიყვარულო თავგადასავლების კარგად მოამბენი ისტორიის აღწერისას სცოდავენ.

რაც შეეხება რომანის ისტორიულობას: თვით ავტორიც წერს, რომ აღფრთოვანებული იყო გიორგი I-ის პიროვნებით, ბერძნულ კურაპალატის ტიტულსა და ბიზანტიის უდარდელ ვასალობაზე უარის მთქმელი გმირით და "გაბრაზებული" გახლდათ ქართველ ჟამთააღმწერლებზე, რომლებმაც "ქართლის ცხოვრებაში" ორიოდე გვერდი აკმარეს "უშიშოს, ვითარცა უხორცოს"! ისე კი, ცოტაა თუ ბევრი ის ორი გვერდი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ეს შეფასება - "უშიშო, ვითარცა უხორცო", მართლაც იმდენად ყოვლისმომცველი და შთამბეჭდავია, რომ ამ სამი სიტყვიდან "უშეცდომოდ გადმოხატა" მწერალმა სამშობლოსათვის თავდადებული გვირგვინოსანი.

ასეთი "ქართული" წიგნის დაწერა, სხვათა შორის, საკმაოდ "შეუფერებელ" დროს გადაწყვიტა კალმის დიდოსტატმა - რომანი 1939 წელს გამოვიდა, ორი წელიც არ იყო გასული, რაც ორი ძმა დაუხვრიტეს მწერალს კომუნისტებმა. "დიდოსტატის მარჯვენა" მის შურისძიებად იქცა - მანამდე ბოლშევიკურ-კოსმოპოლიტური იდეოლოგიით ტვინგახურებული ბევრი ქართველისთვის, მეტადრე ახალგაზრდებისთვის, ეს წიგნი მხოლოდ წიგნი კი არა, იდეოლოგიური სახელმძღვანელოც გახდა!

ქართული ლიტერატურის სხვა დიდკაცებიც ვერ მალავდნენ თავიანთ აღფრთოვანებას - გალაკტიონ ტაბიძემ, რომელიც არასოდეს ერიდებოდა არც საკუთარი გენიალურობის ხაზგასმას და არც უნიჭოთა განქიქებას, პირდაპირ განუცხადა კონსტანტინეს, - ამ ქვეყანაში პოეზიის მეფე მე ვარ და პროზისა კი - შენო.

სხვათა შორის, ძალზე უცნაური დამოკიდებულება ჰქონია პოეტების მეფეს ბატონ კონსტანტინესთან - მისი ყოველი რომანის შემდეგ ტელეფონზე ურეკავდა და კიდევ ერთხელ უმეორებდა იმ შეფასებას, მწერლის მიწვევასაც მადლიერებით იღებდა, მაგრამ... არ სტუმრობდა. გამსახურდია გაკვირვებითა და იუმორით ჰყვებოდა ამის შესახებ...

სამაგიეროდ, ამ ორ "მეფეს" კიდევ ერთი რამ აკავშირებს: გენიალურ ნიკორწმინდას გალაკტიონმაც გენიალური "ქებათა ქება ნიკორწმინდას" მიუძღვნა, და კონსტანტინემაც - უბრწყინვალეს სვეტიცხოველს საკადრისი სამკაული შემატა "დიდოსტატის" სახით. ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის" გარდა, ალბათ ძნელი გასახსენებელია, რომ არქიტექტურულ შედევრს ასეთივე შედევრი მიძღვნოდეს...

"ხეკორძულას წყალი მისვამს,

მცხეთა ისე ამიგია.

დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს,

კარგი რატომ აგიგია" - რომანს წამძღვარებული ეს ხალხური ლექსი რომ სულაც არ არის ხალხური, იცოდით?! ამ პატარა ნიუანსშიც კი ჩანს ბრწყინვალე მწერლის არტისტიზმი - იქ ხომ ავტორისეული ლექსი ისე არ მოუხდებოდა? ჰოდა, დაწერა "მოხალხურო" სტრიქონები და ლამაზად "მოგვატყუა"!

თუმცა "კარგის აგების" გამო "მკლავის მოჭრის" კანდიდატი თვითონაც ყოველთვის იყო - ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს საელჩოში, გერმანიაში ატაშედ მსახურობდა და დიდი საქმეც გააკეთა - ჰამბურგის ნავსადგურში საკუთარი ხარჯით იქირავა ნორვეგიული ხომალდი და I მსოფლიო ომის მონაწილე ტყვედყოფილი, უსახსროდ დარჩენილი ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში ჩამოიყვანა. მაშინვე ჩამოიტანა თბილისში პირველი რადიოსადგური (სხვათა შორის, სწორედ ასეთი, მსოფლიო ომში გამოცდილი ჯარისკაცები გახდნენ ქართული არმიის ბირთვი, რომლებმაც სამი წლის მანძილზე მედგრად დაიცვეს დემოკრატიული რესპუბლიკა რუსების, სომხებისა თუ თურქების შემოტევებისგან)...

მერეც "ანერვიულებდა" ბატონი კონსტანტინე ბოლშევიკებს - 1924 წლის აჯანყების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს, 1

926-ში მწერალთა ყრილობაზე ეროვნული პათოსით სავსე გამოსვლისთვის "შპიონაჟის" ბრალდებით რუსეთის ციხეში გაგზავნეს, იქ დაკითხვისას თვით ძერჟინსკის მოადგილეს ხელი შემოჰკრა... სოლოვკის ცივ კუნძულზე გადასახლება, 6 თვე სიკვდილმისჯილთა საკანში ჯდომა... მაინც არ შეეპუა მტარვალებს და ორჯონიკიძეს პირში მიახალა: "სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით!"

მოგვიანებითაც უნდა დაეხვრიტათ, ვეღარ დახვრიტეს... ის უკვე "დიდი კონსტანტინე" იყო!

ასეთად დარჩა სამუდამოდ...