ენრიკე იგლესიასთან ერთად სოფო ნიჟარაძე იმღერებს - კვირის პალიტრა

ენრიკე იგლესიასთან ერთად სოფო ნიჟარაძე იმღერებს

”ხელისუფლება დროს ტარებისთვის ფულს არ იშურებს”

მართალია, სტინგის ჰანგებზე აცეკვებული პრემიერ-მინისტრი და სასჯელაღსრულების მინისტრი კარგა ხანს გვემახსოვრება, მაგრამ მთავარი შოუ წინ გვაქვს. უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება არც მომხიბლავმა ენრიკე იგლესიასმა გააწბილა, - ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ამგვარად, რუსლანას, შაკირას, კუტუნიოს, დომინგო პლასიდოს, ანდრეა ბოჩელის, კრის დე ბურგის თუ ბრაიან ადამსის თანავარსკვლავედს, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ, იგლესიასიც შეემატება.

KvirisPalitra.Ge2 აგვისტოს ბათუმის პიაცა ემ-ტი-ვის კონცერტს, ,,ლაივ ჯორჯიასა" და ენრიკე იგლესიასს უმასპინძლებს. ბილეთები კვლავაც "უფასო" იქნება და, რაღა თქმა უნდა, ახალგაზრდა პოპვარსკვლავთან ერთად შეუდარებელი სოფო ნიჟარაძეც იმღერებს.  ამ ღონისძიების ორგანიზატორია "ისტერნ პრომოუშენი", ურომლისოდაც არც ერთ მნიშვნელოვან კონცერტს არ ჩაუვლია. ამასობაში კი ოპოზიციონერები ხელისუფლებას დროს ტარებაში გადაყრილ თანხებს უთვლიან.

თინა ხიდაშელი, საკრებულოს წევრი: - ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კონცერტისთვის დიდი თანხა დაიხარჯება, ისევე როგორც პლასიდო დომინგოსა და ანდრეა ბოჩელის კონცერტებისთვის დაიხარჯა. იმხანად აჭარიდან გამომიგზავნეს ზოგიერთი დოკუმენტი, საკრებულოში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც  ვნახე და დავადგინე, რომ კონცერტის ჩატარებისთვის საჭირო ხარჯები აჭარის ბიუჯეტსაც დააწვა. ერთია, როცა ქვეყნის ბიუჯეტიდან და სარეზერვო ფონდებიდან ვარსკვლავების ჩამოსაყვანად განსაზღვრული ოდენობის თანხა გამოიყოფა (თუ დიდი ჰონორარი არ გადაუხადეს, არავინ ჩამობრძანდება), მეორე კი ის, რომ ბილეთების შეძენისთვისაც იხარჯება ფული. ბილეთებს კერძო კომპანიები მორჩილად ყიდულობენ, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეებისთვის. თუმცა, ამას არ ახმაურებენ. გრანდიოზული კონცერტების ჩატარებას სოლიდური სახსრები ეწირება, მიშა კი ბავშვობის დროინდელ სურვილებს ისრულებს".

ნოდარ ჯავახიშვილი, "ეროვნული ფორუმის" წევრი: "დარწმუნებული ვარ, კულტურის სამინისტროც მონაწილეობს ამ ღონისძიებების დაფინანსებაში. უკვე ყოველდღე   ჩამოჰყავთ რომელიღაც მომღერალი. საამისოდ პრეზიდენტისა და მთავრობის გაუმჭვირვალე ფონდების ფულს არ ზოგავენ.  მაგალითად, როცა გასული წლის პრეზიდენტის ფონდის ცხრა თვის ხარჯი მოვიძიე, 90 მილიონიდან ლამის მესამედი გასართობ ღონისძიებებსა და კონცერტებში იყო დახარჯული. მართალია, ხელისუფლება დროს გატარებისთვის ფულს არ იშურებს, მაგრამ სულ სხვაგან არის ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილს მხოლოდ ვარსკვლავების მოსმენა რომ უნდოდეს, საქართველოს გარეთაც წავიდოდა, მაგრამ ეს კონცერტები  პიარში ეხმარება. პრეზიდენტს სურს, მთელ მსოფლიოსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაანახოს, რომ საქართველოში რაღაც კარგი მაინც ხდება.