"ღვთის პირით მოლაპარაკეთაც არ უგდებენ ყურს 21-ე საუკუნის დემოკრატები"
მწერალი გიგი ხორნაული 12 აგვისტოს 70 წლის ხდება. ცხადია, პომპეზურად არაფერს აღნიშნავს... საერთოდ არც უნდა მეხსენებინა ეს სიტყვა, სად ხევსური და სად პომპეზურობა! კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩრდილში გაატარა, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ყველაზე უკეთ თავს მთაში გრძნობს, იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა... ამიტომაც მას მერე, რაც მწერალიც გახდა და მეცნიერიც, ისევ იქით გაუწია გულმა - კაწალხევისაკენ. მამა-პაპასავით მიწას ებრძვის, მოსავალიც მოჰყავს და ფუტკარსაც უვლის.

"მთიდან ხევსურის სამგორში ჩამოსახლება
სიკვდილზე უარესი იყო. ბევრმა ვერ გაუძლო და ხანჯლით გამოიჭრა ყელი"

"ვაჟას პირველი ცოლი რომ მოჰყავდა, წაუკაფიავეს და კაფიის მთქმელს ყური ჩამოათალა ხანჯლით"


- კაწალხევი ფშავშია, მაგრამ ხევსურების სოფელია. ფშავლები რომ მოდიოდნენ ბარისკენ, ხევსურები ყიდულობდნენ მათ ადგილებს. მაგალითად, ჩარგალი გოგოჭურებმა 65 ხარით იყიდეს. კაწალხევი ხორნაულებს შეურჩევიათ
საცხოვრებლად. ჰყვებიან, კაცი ჰყავდათ გამოგზავნილი ხევსურებს, რომ ენახათ, ღირდა თუ არა ამ ადგილის ყიდვა. უკან რომ დაბრუნდა, ჰკითხეს: როგორი წყალ-ჭალააო... კა(რგ) წ(ყ)ალ ხევიაო. მას მერე დაარქვეს კაწალხევი. მართლაც, მჟავე წყალი სხვაგან არსადაა ფშავში. ხორნაულები ბლოდან ჩამოსულან კაწალხევში. ხომ გაგიგონია, "ხევსური ბლოელ აფშინა"...

- ცხადია, წამიკითხავს: "ამბობენ: ბლოელ აფშინა/ მინდოდაურის გვარისა,/ სცარცვავს რჯულიან-ურჯულოს,/ მარჯვედ მომხმარე ფარისა,/ ჭერხო აავსო უნჯითა,/ როგორც სალარო ხანისა"...

- ეგ პაპაჩემზე დაიწერა. ვაჟასთან მეგობრობდა პაპა. მერე, როცა მეტყევეებთან კონფლიქტი დაიწყო, ჩხუბი მოუვიდათ. და აი, ვაჟამ გამოიყვანა ბლოელ აფშინად. ერთგან წერს, არ ვიტყვი, რამ დამაწერინა ეს სიტყვებიო...

თავის დროზე ფშავში ჩარგლის თემ-საბჭოს წევრი იყო ოსა ზურაბაშვილი. მისგან ჩავიწერე, პაპაჩემმა როგორ მიიყოლა ვაჟასთან. პაპას მჟავე წყალზე კურორტის აშენება უნდოდა. ეს ადგილი ვაჟასი იყო და არ მისცა უფლება. მერე თვითონ გამართა ფიცრული დუქანი წყალთან. დაუნგრიეს ფშავლებმა. დიდი ჩხუბი ატყდა: ვაჟას უფროსი ბიჭი, ლევანი წყალში გადააგდეს, ვაჟას მიაძახეს, - შე ცალთვალა დევოო.
ვაჟა ჩვენსა რო დადიოდა, ახსოვდა მამაჩემს. ჰყვებოდა: მოდიოდა, შინდისფერი ჩოხა ეცვაო. პაპაჩემი შეძლებული კაცი იყო და წიგნებს ყიდულობდა. ერთხელაც მოუტანია ახალი წიგნები, ვაჟამ აარჩია იქიდან იაკობ გოგებაშვილის "ბუნების კარი" და თავისი ძმის (თედო რაზიკაშვილის) "ფითრი" წაგვიკითხაო. ჩვენებს ეზოში ჰყავდათ ცხვარი და ვაჟას მოსვლისას კლავდნენ.მაშინ ვაჟას ფასი ბევრმა არ იცოდა. არ იყო ფშავში პოპულარული... თბილისის საზოგადოებაც ვერ აფასებდა. მხოლოდ ერთეულებს ესმოდათ მისი - ილიას და დიდ მოღვაწეებს. ფშავში კიდევ კაფიით ზომავდნენ ყველაფერს. ცნობილია, რომ ეს დიდბუნებოვანი კაცი სმას ერიდებოდა. არ შეეძლო სხვათა ღლაბუცს აჰყოლოდა. მთვრალების უწმაწური ლექსობა-კაფიაობა ხომ მთლად მიუღებელი იყო მისთვის. სწყინდა კაფია. პირველი ცოლი რომ მოჰყავდა, მთვრალებმა წაუკაფიავეს და კაფიის მთქმელს ყური ჩამოათალა ხანჯლით.

- თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი დაწერეთ - "ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი", სადაც უაღრესად საინტერესო მოგონებები გაქვთ მასზე, მისი ოჯახის წევრებზე...

- 1986 წელს მორის ფოცხიშვილმა დამავალა, ვაჟა-ფშაველაზე წიგნი დაწერეო. დავიწყე მუშაობა და ერთ წელიწადში დავასრულე. ძალიან მოეწონათ, თუმცა პირველ გამოცემაში ბევრი რამ არ შესულა, მაგალითად, ილიას მკვლელობის გამო კონფლიქტს ან ვაჟას შვილის დახვრეტის ამბავს ვინ მათქმევინებდა! როცა შესაძლებელი გახდა ამ სიმართლის დაბეჭდვა, გამოვაქვეყნე...

- როგორ აგროვებდით ამ მასალას?
- ძალიან ნელა და ძნელად. ბევრჯერ ღამე გზა ამრევია და ტყეში დამღამებია. სულ მზე კი არ ანათებდა... შეიძლებოდა მგლებს შევეჭამე. ხანჯალი ყოველთვის მქონდა. ხანჯალზე გამახსენდა - ჯერ კიდევ IX კლასში დამეცა მგლის ხროვა, გათენებისას მივაღწიე შინ არაქათგამოცლილმა. ბარისახოში რომ ვსწავლობდი, ყველას თავით ედო ხანჯალი, მაგრამ არავინ ხმარობდა, მუშტით ვჩხუბობდით ხოლმე.
ყოველთვის ვიწერდი ყველაფერ საინტერესოს ვაჟა-ფშაველას ირგვლივ. 

KvirisPalitra.Ge- რაც დაწერეთ, ყველაფერია, თუ არის რაღაც, რასაც მაინც არ წერთ წიგნში?

- არის... გაგონილი მქონდა, რომ ვაჟას ქალიშვილი, გულქანი ფუძნარისკენ იყო გათხოვილი. ერთხელ იქით მომიხდა წასვლა. ახლო სოფლებში მითხრეს, გულქანი აქვე ცხოვრობს, მარტოკაა, ქმარი მოუკვდა, შვილი არ ჰყავსო. მივედი. სხვათა შორის, გულქანთან ძმა, ლევანი არ დადიოდა, უსიამოვნება ჰქონდათ... ეს უსიამოვნო წარსული გახლდათ... იცოდა ხალხმა ამისი მიზეზი... წიგნში, ცხადია, ამ ამბებს არ ვწერ.  კიდევ ბევრი რამის მოძიება შეიძლება, მაგრამ წასვლას სახსრები უნდა... მაგალითად, ვაჟას დასაფლავებაზე ცხენოსანი ქისტების რაზმი ჩამოვიდა. ეს ამბავი უნდა შევიტანო წიგნში...

- დღეს რა ხდება მთაში, როგორ ცხოვრობს ხალხი?

- კომუნისტებმა დაიწყეს მთის ნგრევა - ძალით ჩამოასახლეს ბარში, იმის შედეგს დღესაც ვიმკით. დაგეგმილი ჰქონდათ, - ჩეჩენ-ინგუშებიც უნდა გაექროთ და ფშავ-ხევსურებიც. მთიდან ხევსურის სამგორში ჩამოსახლება სიკვდილზე უარესი იყო. ბევრმა ვერ გაუძლო და ხანჯლით გამოიჭრა ყელი. უკან უნდოდათ გაქცევა - მილიციას შეკრული ჰქონდა გზები, მთისკენ არ უშვებდნენ, ტყე-ტყე მიიპარებოდნენ ხოლმე. მიდიოდა მილიცია და დაბრუნებულებს სახლებს უწვავდა. ახლა გამოდის საბჭოთა ინტელიგენცია და ისე ლაპარაკობს, ვითომ ეს ფაქტები არ არსებობდეს. შევარდნაძის დროს მახსოვს, რა დღეში იყვნენ ვითომ მესაზღვრეები. ქისტებისაგან უნდა დაგიცვათო და ხან ვის შეაწერდნენ, ცხვარი დაგვიკალითო, ხან - ვის. აევსოთ მოთმინების ფიალა  ხევსურებს, - ვის სჭირდება თქვენი დაცვაო და გამოყარეს... ახლა სხვა დროა, იმედი გაჩნდა. საზღვარზე ხევსურებიც დგანან. ხელფასი აქვთ. სამსახურის საშუალება რომ გაუჩნდა, რამდენი დაბრუნდა მთაში! ხელფასებმა, სამხედრო საქმემ დააბრუნა. ერთი მეზობელი მყავს, მოხუცი ქალია, ორი ჯოხით დადის. იტყვის ხოლმე, - ვერ გამიგია, რა უნდა ამ ხალხს... იძახიან, არა გვაქვსო და სხედან ხელდაკრეფილები. მე პენსია მაქვს, ადრე როდის მქონდა მაგდენიო... სინათლე მაქვს, ადრე არა მქონიაო... ორი ჯოხით დავდივარ და მაინც ცოტ-ცოტა საქმეს ვაკეთებ, მოსავალი მომყავს და მშიერი არ ვარ. მაგათ რა სჭირთო... აი, ეს ხდება ხევსურეთში... მთელი სიცოცხლე მთისკენ გავრბოდი, ასეა ყველა მთიელი...

P.S.. გიგი ხორნაულს თავისი ხელით მოყვანილი სარჩო შეაქვს ოჯახში. მასთან ვინ აღარ ყოფილა სტუმრად... ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: - ასეთი გემრიელი არაფერი გაგვისინჯავსო. მართალია, შენი ხელით მოყვანილი ალალი ლუკმა ყველასთვის განსაკუთრებულია. მწერალმა, მეცნიერმა და გამოცდილმა მეფუტკრემ ერთი წერილი დაწერა ფუტკრებსა და მათ ცხოვრებაზე. ასე ამთავრებს: "უნაკლო არაფერია სამყაროში და ამ ღვთიური მწერების ერთადერთი უარყოფითი თვისება ქურდობაა, დაუნდობელი ძარცვა თავისი თანამოძმეებისა. აი, ამ თვისებით კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს ფუტკრები და ადამიანები. სულ რომ პირთამდე თაფლით სავსე სკა ჰქონდეთ, როგორც კი ღალიანობა შეწყდება, მზვერავი ფუტკრები სხვა საფუტკრეებს უსუნსულებენ, ზვერავენ, ხომ არ არის სადმე სუსტი ოჯახი. ასეთს თუ აღმოაჩენენ, წაიყვანენ ლაშქარს, ფუტკარს გაჟუჟავენ და მთელ თაფლს თავის სკაში გადაზიდავენ. თუმცა ქურდობაში ფუტკრების "წამქეზებელი" ისევ და ისევ ადამიანია. რომ არა მისგან დაშვებული შეცდომები, ფუტკარს არ გაუჩნდება ქურდობის სურვილი - როცა სკაში თაფლი არ არის და ფუტკარი საფუტკრეში მეფუტკრის დაუდევრობით დაღვრილ თუნდაც ერთ წვეთ თაფლს წააწყდება, ხელდება და ცდილობს, სხვის სკაში შეიჭრას და მოიტაცოს თაფლი. თუ ქურდობა გაჩნდა საფუტკრეში, მისი ჩაქრობა ისევე ძნელია, როგორც ტყეში გაჩენილი ხანძრისა. საბოლოო შედეგი კი საფუტკრის სრული განადგურებაა. ეს "ხანძარი" გადადის მეზობელ საფუტკრეებზეც და არც იქ დარჩება ფუტკრის ნასახი.

ხომ არის მსგავსება უგუნურ, ძარცვა-გლეჯის მიზნით ატეხილ მსოფლიო ომებთან? ამაზე მიგვანიშნებს ფუტკრების ცხოვრება, მაგრამ ფუტკრების ცხოვრება კი არა, თვით ღვთის პირით მოლაპარაკეთაც არ უგდებენ ყურს 21-ე საუკუნის დემოკრატები. ღვთისა და ღვთიური მწერებისა მხოლოდ ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ"...

მეც ამ სიტყვებით დავასრულებ...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?