"ოპოზიცია და ხელისუფლება ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ერთნაირად იტყუებიან" - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია და ხელისუფლება ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ერთნაირად იტყუებიან"

"თითო-ოროლა აფერისტობით გამდიდრდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გაჭირვებულია"

სასექტემბროდ ოპოზიცია აქტიურობის ახალ ტალღას გეგმავდა, მაგრამ შემოდგომის პირველი თვე ოპოზიციის დუმილსა და ქვეყნის პირველი პირების ყოველდღიურ სატელევიზიო გამოსვლებში გაილია. "პოლიტიკური პასიურობა - ოპოზიციის დაღლილობა თუ ხელისუფლების წარმატება?" - "კვირის პალიტრამ" ამ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად სახალხო დარბაზი მოიწვია.

ვენერა ამირეზაშვილი, 61 წლის, პენსიონერი: -  საზოგადოების პასიურობის მიზეზად იმედგაცრუება მიმაჩნია. არ ჩანს არც ერთი ოპოზიციური პარტიის პროგრამა. ხელისუფლებაში რომ მოვალთ, მერე ნახავთ რასაც გავაკეთებთო, ამბობენ. ეს "მერე" ხალხს რას აძლევს? ჯობია, ახლავე გვითხრან, რას აპირებენ და არა საარჩევნო კამპანიის დროს.

ალექსანდრე ქრისტესიაშვილი, 80 წლის, ინჟინერ-ტექნოლოგი: - პოლიტიკოსებისთვის მთავარია, თანამდებობები იშოვონ, ვის აინტერესებს ხალხი?  ხელისუფლებაც ასეთია და ოპოზიციაც. კარგად ვცხოვრობდით, დამოუკიდებლობის მოპოვებით უკეთესი გვინდოდა, მაგრამ უარეს დღეში კი ჩავცვივდით. თითო-ოროლა აფერისტობით გამდიდრდა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი გაჭირვებულია. აი, ეს მოგვიტანა დროშების ფრიალმა და მუშტების ქნევამ. რუსებთან რომ ასე არ დაგვძაბვოდა ურთიერთობა, უკეთ ვიქნებოდით, მაგრამ ძველი ყველაფერი დავანგრიეთ და ახალი ვერაფერი ავაშენეთ.

ეკატერინე ამონიშვილი, 27 წლის, გერმანისტი: - ოპოზიცია ჩუმად იმიტომ არის, ეტყობა, იმედიც აღარ აქვს, რომ ხალხი გაჰყვება.  ხალხი ხედავდა, მიტინგების შემდეგ ოპოზიციონერები "მარიოტში" ან შარდენზე რომ დადიოდნენ სავახშმოდ.

- უკაცრავად, მაგრამ აქ რომ ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს, გეტყოდათ, არ უნდა ვჭამოთო?

- კი, მაგრამ ხელისუფლებაზე რომ ამბობენ, ხალხის ქონებას ჭამსო, თავად საიდან აქვთ ამხელა დაფინანსება, რომ ძვირად ღირებულ რესტორნებში დადიან? ე. ი. ოპოზიციაც კარგად არის და არაფერი აკლია. ასეთი ოპოზიცია ხალხს როგორ გაუგებს?

ვახტანგ ბედიაშვილი, 73 წლის, პენსიონერი: - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში საქართველო აღმოჩნდა. მახსენდება, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების დროს ვილნიუსში როგორი აქციები იმართებოდა, - სამსახურის შემდეგ შეიკრიბებოდნენ რამდენიმე საათით და დაიშლებოდნენ. არც ქუჩები იკეტებოდა და  არც ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდებოდა. ზედმეტად რადიკალები ვართ.

ოპოზიცია და ხელისუფლება ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ერთნაირად იტყუებიან.

ვასილ კაველიძე, 56 წლის, ეკონომისტი: - თუ  ეს ცუდია და უნდა გადადგეს, უკეთესი ხომ უნდა მოვიდეს? დაგვანახვონ, ვინ გვყავს უკეთესი. ხალხს ოპოზიციის გაერთიანება უნდა, მაგრამ ვერ ერთიანდებიან, რადგან ყველას პირველობა სურს. რა არის ამხელა ამბიცია? ათად ვერ გავიგლიჯები, გაერთიანდნენ და საერთო კანდიდატს მივცემ ხმას. ოღონდ მანამდე გვითხრან, რას აპირებენ, თავიანთი პროგრამები გაგვაცნონ და თუ მომეწონება, გავყვები.

მარტო "გადადექის" ყვირილი საქმეს არ შველის.

რევაზ მეტრეველი, 63 წლის, ინჟინერი: - ოპოზიცია როგორ იაქტიურებს, როდესაც არ იცის, რა გააკეთოს?  თუ ქართველს ლიდერი არ ჰყავს, უჭირს საქმის გაკეთება.

- ოპოზიციას ლიდერები აკლია?

რევაზ მეტრეველი: - თუ ვინმესთვის გია გაჩეჩილაძეა ლიდერი, სტადიონი ხელში აყვანილი რომ შემოატარეს, ჩემთვის არ არის. ამ ხელისუფლების ყველა ქმედებას მეც არ დავეთანხმები, მაგრამ მიშამ თავის დროზე იმით გაიმარჯვა, რომ მთავრობის სხდომაზე კორუმპირებული ჩინოვნიკების სახლების ფოტოებს აფრიალებდა.

ხალხი ხშირად ცდება და ბრიყვდება. 1992 წელს გაგრა რომ დავკარგეთ, ზოგს უხაროდა, შევარდნაძეს დაჰბრალდებაო. ასევე უხარია ზოგიერთ ბრიყვს, სააკაშვილმა კოდორი და ახალგორი დაკარგაო.

ასეთ ოპოზიციას არაფერი გამოუვა. მხოლოდ ალასანიას შეხედულებები მომწონს, მაგრამ მას არა აქვს ქარიზმა და იმის გაკეთების რესურსი, რასაც ამბობს.

- ოპოზიციის ნაწილი დიალოგზე უარს ამბობს, ნაწილი კი სხვადასხვა კომისიაში საქმიანობასაც თანხმდება. რომელი პოზიცია იქნება შედეგიანი?

ვენერა ამირეზაშვილი: - ოპოზიცია უსათუოდ უნდა გაერთიანდეს და ერთი ლიდერი ჰყავდეს. თუ ის ხალხისთვის მისაღები აღმოჩნდება, ალბათ, მხარდაჭერის მოპოვების შანსი კიდევ ექნება. თუ ასე არ მოიქცევა, როდესაც დაუძახებს, ხალხი აღარ გამოვა.

სულ ვფიქრობ, ეგებ ოპოზიციაში ვინმე ხეირიანი გამოჩნდეს-მეთქი. ხან ფორუმზე ვფიქრობ, უფრო ეროვნული არიან-მეთქი, ხანაც ალასანიასაკენ გამექცევა ფიქრი. ასე ვიტანჯები და ვერაფერი გადამიწყვეტია.

ვასილ კაველიძე: - ზოგჯერ ამბობენ, ჯობს რამდენიმე ლიდერი იყოს და ვინც მოეწონებათ, იმას მისცენ ხმაო. ასე არაფერი გამოუვა ოპოზიციას. გაერთიანება აუცილებელია. მისაღებად მიმაჩნია ალასანიას პოზიცია. სწორი გადაწყვეტილებაა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაც და სხვადასხვა კომისიაში მუშაობაც. აბა, ხომ არ გაებუტება ხელისუფლებას და ეტყვის, არ გელაპარაკებიო? რადგან არჩევნები გვიახლოვდება, ოპოზიცია უნდა ეცადოს, ხელისუფლებასთან თანამშრომლობით სრულყოს საარჩევნო კანონმდებლობა. თუ ამ გზით არაფერი გამოვა, თუ არაფერი დათმო ხელისუფლებამ, თქვან და ამაზე ხალხიც და დასავლეთიც  გააკეთებს შესაბამის დასკვნას.

ვახტანგ ბედიაშვილი: - პოლიტიკოსებმა პასუხი უნდა აგონ ხალხის მოტყუებისთვის. აღარ ავირჩიოთ, ვინც მოგვატყუა. დამღალა ამდენმა ტყუილმა. პრეზიდენტმა განაცხადა,  ყველაზე იაფი ელექტროენერგია საქართველოშიაო და ლიტვასა და საფრანგეთს შეგვადარა. ელექტროენერგიის საკითხებზე 7 წელი ვმუშაობდი და კარგად ვიცი, რომ დსთ-ის ქვეყნებიდან ყველაზე ძვირად ჩვენ ვყიდით ელექტროენერგიას, მაშინ, როდესაც მისი წარმოება ყველაზე იაფი გვიჯდება. ასეთი სიყალბე არ უნდა გვესმოდეს პრეზიდენტისაგან. ასეთ მამალ ტყუილს რომ აკადრებ, ერი დაბეჩავდება, აბა, რა იქნება?

- ხელისუფლება ბოლო დროს ანგარიშს აბარებს საზოგადოებას და მოსახლეობასთან დიალოგს მართავს. არის ეს  ხალხის პრობლემების გაგებისთვის გადადგმული ნაბიჯი?

ეკატერინე ამონიშვილი: - რადგან ოპოზიცია ჩუმად არის, ხელისუფლებამ დრო იხელთა და პიარი დაიწყო. აქაოდა, ხალხს დავანახვოთ, რაც გავაკეთეთო. ხელისუფლებისთვის შეცდომებზე მითითება ძვირი დაუჯდა ირაკლი ოქრუაშვილს, ამიტომაც  მეეჭვება, რომელიმე ოპოზიციონერს გაუჩნდეს ხელისუფლების მხილების სურვილი. ალბათ, ამიტომაც ვერ აკრიტიკებენ საფუძვლიანად.

ალექსანდრე ქრისტესიაშვილი: - ოპოზიციაში ყველა ოქრუაშვილივით გასვრილი ხომ არ არის? ვინც პატიოსანია, იმან ამხილოს ხელისუფლება.

ვენერა ამირეზაშვილი: - ვუსმენ ამდენ ტყუილს, ვუყურებ ხელისუფლების  დადგმულ სპექტაკლებს და გულს ვასკდები.  არჩევნების იმედიც კი დავკარგე.

ეკატერინე ამონიშვილი:  - მთავარია, ხელისუფლებამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები შექმნას, ცხოვრების პირობები გაუუმჯობესოს ხალხს და აღარც საზოგადოება იქნება ასე პოლიტიზებული. თანდათან ვრწმუნდები, რომ ხალხზე არც ოპოზიცია იზრუნებს და არც ხელისუფლება. მე უნდა გავანძრიო ხელი და მივხედო საკუთარ თავს, მიტინგებზე დგომით რომ სამსახურს ვერ ვიშოვი, ესეც ვიცი. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, თუნდაც ის, - შვილის გაჩენა რომ გადავწყვიტო, სამსახურს დავკარგავ. ეს პრობლემა ჩემს ბევრ მეგობარს აქვს. ნორმალური შრომის კოდექსი უნდა გვქონდეს. კარგა ხანს გერმანიაში ვცხოვრობდი, იქ არავის აინტერესებს, ვინ არის ხელისუფლების პირველი, მეორე და მესამე პირი. მინდა აპოლიტიკურად, ნორმალურ პირობებში ვიცხოვრო, მქონდეს კარგი სამსახური, ჩემს შვილს კარგი განათლება მივცე. რატომ არ უნდა მქონდეს ამის შესაძლებლობა ჩემს სამშობლოში?

- საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისა და სააკაშვილის ბედს ტალიავინის კომისიის დასკვნა გადაწყვეტს. ზოგიერთი ოპოზიციონერიც ამის შესაბამისად აპირებს აქტიურობას.

რევაზ მეტრეველი: - სწორედ ამიტომ გავიხსენე, როგორ უხაროდათ ზვიად გამსახურდიას მომხრეებს გაგრის დაცემა. თუ ოპოზიცია ამ დასკვნის საკითხს წამოსწევს წინ, შევარდნაძის ოპონენტებივით სიბრიყვეს ჩაიდენს. ტალიავინის კომისიამ რუსებიც დაადანაშაულა და ამის გამო გადადგა პუტინი ან მედვედევი?

- მაგრამ საქართველოსაგან განსხვავებით რუსეთს ტერიტორიები არ დაუკარგავს.

ვენერა ამირეზაშვილი: - დღეს საქართველოს მტრები პუტინი და მედვედევი არიან. ქართველები მათ წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. რაკი ძნელბედობაა საქართველოში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთი აზრი უნდა ჰქონდეთ.

ალექსანდრე ქრისტესიაშვილი: - პრეზიდენტი რომ ომს დაიწყებს და ათასობით მოქალაქეს ლტოლვილად აქცევს, ეგ არის ჭკუა? ასეთ კაცზე როგორ უნდა ვთქვათ, ვაცალოთო? ვაცალოთ, რომ უარესი ჩაიდინოს? ყველაზე სწორი საქციელი სააკაშვილისგან ის იქნება, თუ თავად არ ჰყოფნის ჭკუა, ჭკვიან ხალხს დაეკითხოს და ისე მართოს ქვეყანა. მაგრამ თუ პრეზიდენტი ქვეყანას სწორი გზით ვერ წაიყვანს, უნდა გადადგეს და ადგილი მასზე უნარიანს დაუთმოს.

ეკატერინე ამონიშვილი: - შარშან, ომის დროს, ოპოზიცია ხომ არ დაუპირისპირდა ხელისუფლებას? ახლაც იგივე უნდა გააკეთოს. ზოგს ჰგონია, სააკაშვილი თუ გადადგება, მერე აგვეწყობა ცხოვრება...

ვენერა ამირეზაშვილი: - სწორედ მაშინ აგვერევა ქვეყანა, პრეზიდენტის სკამისთვის ჭიდაობას რომ დაიწყებენ. ის საოცნებო სკამი რომ ხელში შემოემტვრევათ, მაშინ აღმოვჩნდებით სავალალო მდგომარეობაში. გააკრიტიკოს ოპოზიციამ და აიძულოს, უკეთესად მართოს ქვეყანა. დარჩენილი დრო ოპოზიციამ საარჩევნო კანონის დახვეწას, გაერთიანებასა და ისეთი ერთიანი ლიდერის გამოკვეთას მოანდომოს, რომელიც  სააკაშვილზე კარგი მმართველი იქნება.

ყველაზე დიდი დახმარება საზოგადოებისთვის თქვენს გაზეთს შეუძლია. ყველას უყვარხართ ობიექტურობისა და ზომიერების გამო. რაც უნდა შეეშალოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არაფერი დამალოთ, მიაწოდეთ საზოგადოებას ისიც, რაც კულისებში ხდება. რომ დაწერთ მათ ნაკლზე, უთუოდ ეცდებიან გამოსწორებას და ეს მომავალი ხელისუფლებისთვისაც სიგნალი იქნება, - რამე თუ დავაშავე, ხალხი გაიგებს და გამიდგებაო.

მართალ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და ამიტომაც თქვენი დიდი იმედი გვაქვს.