"ფეხს დავკრავ, გადავფრინდები, ბახტრიონ გალავანზედა..." - კვირის პალიტრა

"ფეხს დავკრავ, გადავფრინდები, ბახტრიონ გალავანზედა..."

საქართველოდან ქართველთა აყრა და მათ ადგილას უცხოტომელთა ჩასახლება ოდითგან გახლდათ მტრის მზაკვრული გეგმა-ხვანჯი. გამორჩეულად ვერაგი შაჰ-აბას პირველის სისასტიკეს ნახევარ მილიონამდე ქართველი ემსხვერპლა, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გადაგვაშენა. ისე ჩავიდა სამარეში, რომ საქართველოს მოდრეკა ვერ შეძლო,

თუმცა მისი დაწყებული საქმე მისმა მემკვიდრეებმა განაგრძეს. სპარსეთის ხელმწიფეთა რისხვა განსაკუთრებით ქართლ-კახეთს ატყდებოდა თავს. ქართლს კიდევ არა უჭირდა, რადგან მე-17 საუკუნის II ნახევარში ქართველი მაჰმადიანი მეფენი განაგებდნენ და აყრა-გადაშენების საფრთხე ნაკლებად ემუქრებოდა. კახეთი იყო უმძიმეს ვითარებაში. ირანის შემოსევებისგან სვეგამწარებული კახეთის მეფე თეიმურაზ პირველი იბრძოდა, სანამ პირში სული ედგა, მაგრამ სხვა კუთხეებისგან მოწყვეტილ, სისხლდაწრეტილ სამეფოს მარტოდმარტო არ ძალუძდა გამკლავებოდა გამუდმებულ შემოსევებს. სპარსელები უკვე თავის სახანოდ თვლიდნენ კახეთის მადლიან მიწას, იქ მეფობა გააუქმეს და მეზობელი საბეგლარბეგოების მმართველებს მიუზომეს. თეიმურაზის ლტოლვილობისას, თითქოს არაგვის ბატონს, ზაალ ერისთავს უბოძეს კახეთი საგანგებო რაყამით, მაგრამ ფარატინა ქაღალდი რა ბედენა იყო, როცა კახეთის ფაქტობრივი მმართველი განჯის გამგებელი სელიმ ხანი გახლდათ. მას ირანის შაჰისგან ნაბრძანები ჰქონდა, კახეთში მომთაბარე ელი-თურქმანები ჩაესახლებინა. მაოხარ ლაშქრობებს გადარჩენილი კახელები ისევ უნდა აეყარათ და მათ ნაცვლად გადამთიელები დაესახლებინათ. უთავოდ დარჩენილი ქვეყანა აშკარა კატასტროფის წინაშე დადგა - პირისაგან მიწისა უნდა აღგვილიყო. არც იმედის სხივი მოჩანდა კახეთის ჩაწკვარამებულ ცაზე...

ღმერთო, რამდენ საგულისხმოს გვასწავლის ჩვენი მრავალტანჯული მატიანე!

სელიმ ხანმა კახეთში 15 ათასი ელი-თურქმანიც ჩამოიყოლა და კახელი კაცის ნაჯაფარი მარჯვენით აყვავებულ მიწაზე დააფუძნა. ცხადი იყო, თვალხარბ მომთაბარეებს ინჩიბინჩი არ გაეგებოდათ ჩვენებური ბაღ-ვენახებისა და დაუნდობლად ჩეხდნენ და კაფავდნენ საქართველოს სიმბოლოს - ვაზს. მტრის მიზანიც სწორედ ეს იყო, გავერანებულ ადგილებში კახელი რას გახდებოდა და აიყრებოდა. ირანის ხელშეწყობით ელები საოცრად მალე მრავლდებოდნენ და კალიასავით ედებოდნენ ქართულ სოფლებს. 15 ათას თურქმანს მალე კიდევ 15 ათასი მოჰყვა, მერე კიდევ და კიდევ... 80 ათასი ოჯახი ჩაასახლეს. დააქციეს და გააჩანაგეს ისედაც დაქცეული ბარაქიანი კახეთი...

ამდენის მოთმენა აღარ შეეძლოთ. უმეფოდ დარჩენილთ გამოუჩნდნენ მოთავე მამულიშვილები და გამალებული მზადება დაიწყეს დიდი აჯანყებისთვის. ჯერ ხალხი აუჯანყდა მტერს, შურისმაძიებელ რაზმებად დანაწილდა და დაერია მომთაბარეებს. მერე კახელ ძმებს მთაც ჩამოეშველა. თუშებს ზეზვა გაფრინდაული ჩაუდგა სათავეში, ხევსურებს - ნადირა ხოშარეული, ფშავლებს - გურგენ ჭინჭარაული... მოსვენება არ ჰქონდა ქართული სისხლის დამაქცევრებს კახეთის მიწაზე. სადაც მოასწრებდნენ, იქ უთენებდნენ შავ დღეს თურქმანებს ქართველი მამულიშვილები.

თუმცა ეს კიდევ არ იყო საყოველთაო აჯანყება. ცალკეული დარტყმები, მართალია, ასუსტებდა მტერს, მაგრამ საქმეს მაინც ვერ შველოდა. მომხდური თავის შავბნელ საქმეს მაინც აკეთედა. საჭირო იყო მთელი კახეთის გაერთიანება მათ ამოსაწყვეტად და მოსაშორებლად. მოთმინების ფიალა უნდა ავსებულიყო, დაჭიმული ძაფი უნდა გაწყვეტილიყო და: ერთ დღეს თურქმანებმა გზად ქართველი ხუცესი შეიპყრეს, წამოესივნენ, ხელ-ფეხი შეუკრეს და "შეამთხვიეს საქმე სიბილწისა"... ანაფორაშემოძარცული და გამწარებული ხუცესი დუშეთში ზაალ ერისთავს ეახლა, არაგვის ბატონს თავისი უბედურება ამცნო და დაანამუსა: "ამის მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც, ვინათგან შენდა რწმუნებულ არს კახეთიო"...

ასეთი მკრეხელური მძლავრობის მოთმენა ყოვლად აუტანელი იყო და ზაალ ერისთავმაც თავისთან შემოიყარა ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, ალავერდელი ეპისკოპოსი და ზეზვა გაფრინდაული. გადაწყდა ამოწყვეტა მომთაბარეებისა და კახეთის სრული გათავისუფლება. ალავერდელმა სახარებაზე დააფიცა ერის ბედზე მოფიქრალნი...

1659 წელი... ორ ნაკადად დაიძრა აჯანყებულ ქართველთა ლაშქარი. ბიძინა ჩოლოყაშვილი კახელებით ალავერდისკენ დაეშვა, ქსნის საერისთავოს რაზმები, შალვა და ელიზბარის მეთაურობით, ბახტრიონის ციხეს შემოეწყვნენ ფარულ მოალყეებად. მათთანვე დაიბანაკეს არაგველებმა ზაალის ვაჟის, - ზურაბ ერისთავის სარდლობით და ზეზვა გაფრინდაულის მთიელებმაც...

P მამლის პირველ ყივილამდე გასრულებული ჰქონდათ ბახტრიონის მოიერიშე ქართველებს სამზადისი. ზეზვა გაფრინდაული მთიელთა ჯგუფით უჩინრად შეეპარა ციხის გალავანს. ჩქამგაუღებლად აცოცდა მთავარ გოდოლზე, რამდენიმე ვაჟკაცი აიყოლია,G გუშაგები თავყირა აფრინა და "ბახტრიონ გალავანს გადააფრინდა ერთი ფეხის დაკვრით". განგაში ჩავარდა ციხეში. ვიდრე ძილს თავს წაართმევდნენ ყიზილბაშნი, მანამდე უნდა მიესწროთ ალაყაფის საკეტურებამდე მთიელებს. სატევრების ნაპერწკალთა ალში გაიტანეს სისხლიანი ბილიკი ზეზვამ და მისმა ვეფხვებმა. ალაყაფიდან რამდენიმე ადლი აშორებდათ, როცა ახალი რაზმი გამოუსია ციხისთავმა. ოთხი მხრივ წამოუარეს თავგანწირულ ქართველებს. მიუტრიალდნენ ზეზვასანნი და ოთხივ მხრივ დაეძგერნენ გაალმასებულნი. მიაწვინ-მოაწვინეს ნახმლევ-დახანჯლული ყიზილბაშები. მოასწრო ზეზვამ ბოლო ნახტომიც, სატევარი ჰკრა წინ შემოფეთებულ წითელჩალმოსანს და ალაყაფს საკლიტური აჰყარა. შემოცვივდნენ ქართველები და რისხვა ღვთისა დასცეს გადამთიელებს. ციხის ბურჯები წაართვეს, სათოფურებიდანაც დაიფრინეს და მერე შიდა ეზოშიც მყარად გაიდგეს ფეხი. ძლივს გაასწრო სიკვდილს ბახტრიონის ციხისთავმა რამდენიმე ასეულ რაზმელთან ერთად, ალავერდისკენ გაქუსლეს იქაურ ციხეში თავშესაფარებლად. მიჰყვნენ გამგელებული ქართველები.

ბიძინა ჩოლოყაშვილს უკვე გაეტეხა ალავერდის ციხე, ყიზილბაშთა დიდი ნაწილი ამოეჟლიტათ ქართველებს და ახლა გადარჩენილნი ბახტრიონისკენ მოქროდნენ თავპირისმტვრევით...

ზუსტად ალავერდსა და ბახტრიონს შორის, ალვანის მინდორზე შეეგება სიკვდილს გამოქცეული ყიზილბაშობა და ერთმანეთს "მიახარეს" თავსდამტყდარი უბედურების ამბავი. გასაქცევიც აღარსად ჰქონდათ, ყოველი მხრიდან ზარდამცემი ყიჟინით მოქროდნენ ხმალამოგელვებული ქართველები. წამოესივნენ ყიზილბაშებს, დაეძგერნენ, დაბალთეს, დაჩეხეს, დაასიკვდილეს მტერი - ქართველთა გამამწარებელი და მაოხარი. ერთი მოამბე რომ მოამბეა, ისიც კი არ გაუშვიათ ცოცხალი შურისმგებლური სალტიდან...

"გაწყვეტილა" უწოდა ხალხმა იმ ადგილს, სადაც გორებად დაახვავეს ქართველებმა მტრის ამოწყვეტილი ლაშქარი...

სწრაფად დაანაწილეს გამარჯვებით გალაღებული ქართველობა მოთავეებმა, ისევ რაზმეულებად დაეწყვნენ და კახეთში ჩასახლებულ თურქმან-ელებს დაეცნენ ანაზდად. პირწმინდად მოსრეს 80 ათასამდე მომთაბარის ოჯახი და ერთბაშად აზღვევინეს განუკითხავად ამოწყვეტილი და გამწარებული ქართველების სისხლი...

კახეთი, ეს მერამდენედ, გადაურჩა გადაშენებას!..

...შემურული პირისახით და განწირული ბღავილით შელასლასდა ისპაჰანის სასახლეში სელიმ ხანის ავის მთხრობელი შათირი. ირანის ხელმწიფეს წარუდგა და მოახსენა თავს დამტყდარი უბედურება. შაჰ-აბას მეორემ მდუმარედ მოისმინა ყოველივე, ჯალათებს ნიშანი მისცა, შათირი იქვე გაათავებინა და ვაზირნი იხმო სათათბიროდ. ასე დაასკვნეს - შეუძლებელ არს კახეთის გადაშენება და არც ჩასახლებულ თურქმანებს მიიღებენ კახნიო. ისევ თეიმურაზ მეფის მოძებნა და მისი კვლავ გამეფება მოინდომეს!..

მთლად შურის უძიებლად და დაუსჯელადაც არ ეგებოდა კახეთის აჯანყების დატოვება. დიდი ლაშქრობა ვერ გაბედეს, მაგრამ მოთავეების მოსპობა კი მტკიცედ გადაწყვიტეს. ზაალ ერისთავით დაიწყეს და იმდენი ქნეს, ქართლის მეფის ხელით საიქიოს გაისტუმრეს. მერე ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ჯერიც დადგა. იცოდნენ უებრო მამულიშვილებმა, შაჰთან რომ არ წასულიყვნენ, ადრე თუ გვიან, ისევ ქართველ ხალხს აზღვევინებდა ირანის ურჯუკი ხელმწიფე მათ ურჩობას. ამიტომ, უყოყმანოდ გადადეს თავი და თავისი ფეხით ეახლნენ განჯა-ყარაღაჯის ბეგლარბეგს, მურთუზ ყული ხანს. მაშინვე ბორკილგაყრილნი გაგზავნა ისპაანს ბეგლარბეგმა კახეთის გმირები...

წარუდგინეს შაჰ-აბას მეორეს ბიძინა, შალვა და ელიზბარი. სიტყვის დაძვრაც არ ინება ირანის მბრძანებელმა და ისევ ვაზირთუპირველესმა ბრძანა: - უკეთუ გინდათ სიცოცხლე, ახლავ უნდა დააგდოთ ქრისტეს სჯული და მაჰმადს ეთაყვანოთო...

ვინ იცის, რამდენ ქართველს მოუსმენია იმ დასაქცევ მტრის საბუდარში ეს სიტყვები. ზოგს ნაზრახი სიცოცხლე აურჩევია, ზოგს მოწამებრივი აღსასრული. იქვე, ერთ წამში წყდებოდა მუდამ ბედი კაცისა...

მშვიდი ღიმილით გადახედეს ერთმანეთს განწირულებმა. ბიძინა ჩოლოყაშვილმა მშვიდადვე დაძრა უკვდავი სიტყვა: - ძმებო, ნუ შევშინდებით, რამეთუ სიკვდილი დაბადებიდანვე თან გვახლავს, ვერც ვერავინ წინააღუდგების სიკვდილსა. და რაკი უნდა მოვკვდეთ, ბარემ მოვკვდეთ ქრისტესთვის და საქართველოსთვის და სამარადჟამოდ დავიმკვიდროთ სასუფეველი!..

ამაყად გამოუცხადეს ირანის "მზეზე მაღალ" შაჰს ურყევი ნება ქრისტეს ერთგულებისა გმირებმა...

მანაც აღარ დაახანა და ქართველი ვაჟკაცები თურქმანებს მიუგდო საწამებლად, სწორედ მათ, ვისაც ქართველთა გადაშენება არ დაანებეს სამთა გმირთა...

მიესივნენ მხეცებივით და აწამეს უსასტიკესად: "იწყეს მოჭრად თვითოეულთა ასოთა, ყოველნივე თითნი ხელისა და ფეხისანი მოჰკვეთეს სახსარ-სახსარ. მერმე მაჯა-იდაყვნი, მხარნი, და ფერხნი კოჭებიდგან მუხლებამდე და ესრეთვე თეძონიცა..."

აკაფულნი და აჩეხილნიც არ დაინდეს, ისარნი დააყარეს, ტყვიებით დაადუღეს, იატაგანებით კარგა ხანს ბალთეს, ვიდრე მკლავი არ მოეღალათ...

ბიძინა ჩოლოყაშვილის სხეულის ნაშთები ევროპელმა მისიონერებმა ჩუმად გაიტაცეს და უცნობ ადგილას პატივით დაკრძალეს, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა ნაწილები კი მათმა მეუღლეებმა გამოიხსნეს, საქართველოში ჩამოასვენეს და იკორთის მონასტერში მიაბარეს მიწას...

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სამივე გმირი წმინდანად შერაცხა და საუკუნო შარავანდით შეამკო.

მათ მიერ გადარჩენილმა კახეთმა და სრულიად საქართველომ კი დაუვიწყარ სანთლად აინთო ბიძინას, შალვასა და ელიზბარის ხსოვნა...

ასეა, იჟამებიან წლები... აღარავის ახსოვს მათი ვინაობა, ვინც ღალატით, სულმოკლეობითა და მედროვეობით შენაპყარმა კარი გაუღო გადამთიელის მიზნებს ქართველთა გადასაშენებლად. ვინ ოქროთი წარიწყმიდა სული, ვინ - მოძმის უბედურების ხარჯზე აიშენა პირადი ბედნიერება, მაგრამ საქართველოს ნაცვლად თავად გადაშენდნენ ისე, რომ არათუ ლოცვა, წყევლაც კი სანატრელი გახდომიათ შთამომავალთაგან. მათი ხვედრი ხომ წყევლაზე ასჯერ უარესია - დავიწყებულად გადაშენება...

ღმერთო, რამდენ საგულისხმოს გვასწავლის ჩვენი მრავალტანჯული მატიანე!..

ჩავიხედოთ მის ფურცლებში, რათა შეგვეძლოს გარჩევა გმირობისა და ღალატისა, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი სულების გადასარჩენად.