"სულაც არ მწყინს, თავგასიებულს რომ მეძახიან" - კვირის პალიტრა

"სულაც არ მწყინს, თავგასიებულს რომ მეძახიან"

"თავგასიებულ გურამს" და "დემოკრატიის შუქურას" - ვანო ჯავახიშვილს თავის "რეზიდენციაში" შევხვდი. "იუმორის ბიჭები" სულ გადარბენაზე არიან, ანუ ოთახიდან ოთახში გადი-გამოდიან, ზოგი წერს, ზოგი ახალ სცენარზე ფიქრობს, ზოგიც ცეკვავს ან მღერის - ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი თუხთუხებს, შემდეგ კი  ბიჭები  სხდებიან და იწყება მუშაობის საინტერესო პროცესი."დემოკრატიის შუქურას" ბავშვობაზე, ოჯახზე, სამსახურსა და მეგობრებზე დაველაპარაკე.

იყო "ბნელი და უკუნი"

- 9-10 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთს მიჰყვა ისტორიული მნიშვნელობის ფაქტები. 9 აპრილი, შემდეგ ეროვნული მთავრობა, პრეზიდენტის გაძევება, სამაჩაბლოს, თბილისისა და აფხაზეთის ომები. მერე იყო "ბნელი და უკუნი", ანუ როცა დღე-ღამის განმავლობაში ორი საათით მოსული შუქი დიდი სიხარული გახლდათ.  "კარენოი" თემქელი ვარ  და შუქ-წყლის ფუფუნებას გაორმაგებულად ვიყავით დანატრებული.

ჩემი ბავშვური ოცნება ველოსიპედ "დესნა-2"-ს დასტრიალებდა და იმდენად მინდოდა მქონოდა, სიზმარშიც კი ვხედავდი. მამამ ორჯერ წამიყვანა  მაღაზიაში, სადაც  გადანახული უნდა ჰქონოდათ ველოსიპედები (რა თქმა უნდა, მომატებული ფასით), მაგრამ არ დაგვხვდა. მერე, მეზობელს შევეცოდე და "ორლიონოკი" მაჩუქა.  ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა.

ჩემი ნიჭი მაშინ "გაბრწყინდა", როცა სკოლის გამოსაშვებ ბანკეტზე მასწავლებლებლებს მივბაძე და პაროდიები გავაკეთე.  ძალიან მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია და სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განვაგრძე.

მერე  უნივერსიტეტის "მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" წევრი გავხდი. იქ გავიცანი "ზესტაფონსკი", ნიკა გრიგოლია. მალე ქართული ნაკრები კრასნოდარში გავემგზავრეთ "კავეენში" მონაწილეობისთვის.  რეპეტიციის შემდეგ ქალაქში გავისეირნეთ. რუსებმა ამრეზით გვკითხეს, - რატომ ჩამოხვედით ქართველები, რა გინდათო. გავბრაზდი, მაგრამ მაინც სიცილით მივუგე - აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ რუსები დაგამარცხოთ-მეთქი. მართლაც, გავიმარჯვეთ და შინ მთავარი პრიზით - "ზაფხულის თასით" დავბრუნდით. მერე იყო "იურმალა-2002". იქ "გრან-პრი" არ აგვიღია, მაგრამ ჟიურიმ აღიარა, რომ საუკეთესო მუსიკალური ნომერი ქართველებს ჰქონდათ.

KvirisPalitra.Geდამეგობრებული "კავეენშჩიკები"

დამეგობრებულმა "კავეენშჩიკებმა" გადავწყვიტეთ, ერთად გვეკეთებინა საქმე. ასე აღმოვჩნდით "რადიო-105"-ში. 100-100 ლარი გვქონდა ხელფასი, მაგრამ თვეები გადიოდა და ვერ ვიღებდით. ნიკა გრიგოლია ყველაზე ჭკვიანი გამოდგა. ყოველდღე 10-10 ლარს სესხულობდა უფროსისგან, ფულის დაბრუნებაზე თავს არ იწუხებდა. გავიდა ოთხი წელი. მერე მივედით "რუსთავი 2"-ის პროექტში "ჩვენი ეზო". იქიდან დაიწყო ყველაფერი.

განუმეორებელი გურამი და ნანული

სხვადასხვა სასაცილო თვისება ამ ორ ადამიანში გავაერთიანეთ და მივიღეთ მუდამ ხალათში გახვეული, მოჩხუბარი ცოლი, ნანული (მიშა ანდღულაძე) და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ბრიყვი, თავგასიებლი ქმარი - გურამი.  სულაც არ მწყინს,  "თავგასიებულს" რომ მეძახიან. იქვე ამატებენ, - ტელეეკრანზე გიჩანს ცოტა დიდი, თორემ ცხოვრებაში კოკროჭინა თავი გაქვსო. ჩემზე მე თავად ვიგონებ სასაცილო გამონათქვამებს, "დემოკრატიის შუქურაც" მე დავირქვი.

ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. რეჟისორები მიშა ანდღულაძე და ნიკა არაბიძე გახლავთ, ჩვენი მუსიკალური ხერხემალი კი - თამუნა ლეკვეიშვილია. იგი მეორე ბავშვს დეკემბერში ელოდება და ახლავე ვნერვიულობთ, რა გვეშველება საახალწლო კონცერტების დროს.

ოჯახი

ჩემი მეუღლე თამუნა მურუსიძე  ზღვაზე  გავიცანი. ძალიან გამიმართლა. გვყავს 3 წლის ნიკოლოზი, რომელიც უსაშველოდ მოუსვენარია და  სასაცილოდ გამოთქვამს სიტყვებს. ამას წინათ, ძალით დაახველა, რომ ჩვენი ყურადღება მიექცია. ვკითხეთ, -  რატომ ახველებო. სერიოზულად მოგვიგო: ბევრი სიკატეი შევწიე და იმიტომ მახელებსო, ანუ ბევრი სიგარეტი მოვწიეო. მეუღლე ჟურნალისტია, მაგრამ არ მუშაობს. არც მინდა, ამ პროფესიას მიჰყვეს, რადგან ძალიან ემოციური ადამიანია, ჟურნალისტობა კი ცივ გონებას და დღეღამურ მუშაობას გულისხმობს.

"ნიჭიერის" კურიოზები

"ნიჭიერი" სახალხო პროექტია და  ხალხის აზრიც უნდა გაითვალისწინო. თუ მკაცრად შეაფასე, შეიძლება ბევრი უკმაყოფილო დარჩეს. მუცლით მოცეკვავე კაცი რომ დავიწუნე, ბევრი დამეთანხმა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მისაყვედურეს - ორიენტაციის გამო არ შეიძლება ადამიანის დისკრედიტაციაო. ძალიან ბევრი გვახალისა ქუთაისელმა კომპოზიტორმა, რომელმაც  თავისი ნაწარმოები შეგვისრულა. ეს ნომერი ტელეეთერით არ გასულა, რაზეც გული მწყდება. სამივემ "არა" ვუთხარით. ის კი დადგა სცენაზე და ქუთაისური კილოკავით დაგვიწყო: - ე, ბიჭო, გადამიყვანეთ შემდეგ ტურში, რა იყო, რა მოგივათო... დავიხოცეთ სიცილით. მთელი ათი წუთი "გვახვევდა",  ძლივს გაიყვანეს სცენიდან.

პროექტი ახალი დაწყებული იყო, კახელი ნათესავი რომ დამიკავშირდა ახმეტიდან - ბიჭო, ვანო, ერთი კარგი იდეა მაქვს და უნდა გითხრაო. დავცქვიტე ყურები, ნეტავ რა უნდა მითხრას-მეთქი. ის კი მეუბნება, - ჩემი ძმისშვილი ხომ იცი, რა კარგი ბიჭია, მშრომელი, ოჯახის მუჭუჭი, შეძლებული მშობლებიც ჰყავსო. მერე-მეთქი? მერე და, ეს სოფო ნიჟარაძე გასათხოვარია, ჩემი ძმისშვილიც დასაქორწინებელია და გავურიგოთ, კაი საქმე იქნებაო. ლამის სკამიდან გადავვარდი, იმდენი ვიცინე. გოგო  ბურგერთან, ბოჩელისთან და მსოფლიოს სხვა ვარსკვლავებთან ერთად მღერის და ამ დროს "ოჯახის მუჭუჭ" ახმეტელ ბიჭს ურიგებენ. როგორია? სოფოს მოვუყევი და მანაც ბევრი იცინა, დედამისიც იქ იყო და შვილს ჰკითხა, ახმეტაში როდის მიდიხარო.

ბეწვის ხიდი

ძალიან ძნელია იუმორისტული გადაცემა აკეთო, თანაც მუდმივად მრავალფეროვანი. აუცილებელია, რომ მიმდინარე მოვლენებიც შეაფასო, თან ისე, "არც მწვადი დაწვა, არც შამფური". როცა პოლიტიკური პროცესები პიკს აღწევს, ოპოზიციასაც ვაკრიტიკებთ და ხელისუფლებასაც, მაგრამ ეს ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს, რადგან შეიძლება რომელიმე მხარე ან მათი მომხრე ხალხის ნაწილი გაგვინაწყენდეს.  ვცდილობთ, ვიყოთ ზომიერები და კარგი იუმორი შევთავაზოთ მაყურებელს. იუმორი ხომ პრობლემების დაძლევაში ეხმარება ადამიანებს.

KvirisPalitra.Ge

ვანოს ბიუსტი - თემქის სიამაყე

თბილისში, თემქის დასახლებაში, პოლიციის შენობის წინ მდებარე პარკში რამდენიმე დღით იუმორისტ ვანო ჯავახიშვილის ბიუსტი დადგეს - სახელწოდებით "თემქის შუქურა".ამ ბიუსტით "ნანუკას შოუმ" თემქის სიამაყე შოუმენს საჩუქარი გაუკეთა.