ქალბატონებო და ბატონებო, გლოვაში დებო და ძმებო - კვირის პალიტრა

ქალბატონებო და ბატონებო, გლოვაში დებო და ძმებო

პატიებას გთხოვთ, სიბერით დავრდომილობის გამო ვერ გესწრებით, მაგრამ ალბათ გჯერათ, რომ სულითა და გულით თქვენთან ვარ.

ქართველი ერის მარადისობას შესწირეს თავი ჩვენმა ბიჭებმა. ასე იყო მუდამ, მთელი ისტორიის მანძილზე. საქართველო მუდმივი ომების ქვეყანა არის და საფიქრებელია - იქნება კიდეც. თქვენი ბიჭები და ჩემი ირაკლი რომ დაიღუპნენ აფხაზეთში, მე პარლამენტის წევრი ვიყავი. იმდენ დეპუტატსა და ჩვენს მამულს მივმართე სიტყვით, რომ ახალი არაფერი მომხდარა, ჩვენი წინაპრების უმრავლესობამ მომხდური მტრის მოგერიებაში განუტევა-მეთქი სული. მართლაც არაფერი მომხდარა იმის მეტი, რომ ორი ინსულტი გადავიტანე, მაგრამ მაღალმა ღმერთმა აგერ უკვე ოთხმოცდარვა წლის სიცოცხლე მარგუნა. ალბათ ის წლები დამიმატა, რომელიც ჩემს ირაკლის წაართვეს რუსებმა. ამჟამად უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სახელდობრ რუსების იმპერიამ წამოიწყო ეს ომი.

მინდა გაგამხნევოთ თქვენ და ჩვენი გმირი ბიჭების სული იმით, რომ სამი ათასი წელიწადია ვართ და ვიქნებით, რამდენ ხანსაც ინებებს ღმერთი.

მაღალო ღმერთო, სამოთხეში ამყოფე საქართველოსთვის თავშეწირული ჩვენი ბიჭები!

ხოლო შემდგომ თაობებს გულმხურვალედ შევთხოვ, დაიცვან გულითა და საქმით ჩვენი ერი და ქვეყანა.

ქართველნო, დაიცავით საქართველო, თუნდ ახალი მსხვერპლის ფასად!

ღმერთო, დაგვიფარე და გამარჯვება გვიბოძე ამ არეულ-დარეულ ქვეყნიერებაში!

ჭაბუა ამირეჯიბი

თბილისი 27.09.2009