მამა გაბრიელი: "ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!" - კვირის პალიტრა

მამა გაბრიელი: "ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!"

შენ თუ ხედავ, ღმერთიც ხომ ხედავს და შენ რასაც ვერ ხედავ, იმასაც ხომ ხედავს უფალი?

ვინმეს გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ მესია და პატრიარქზე ძალიან გვიყვარს სამშობლო?

გახმაურებული რელიგიის კანონის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. ვინც იცის, რომ ეკლესიური ცხოვრება უპირველესად მორჩილებას გულისხმობს, მშვიდად მიიღო ყოველივე, ხალხის ერთმა ნაწილმა კი იმედგაცრუებად შეაფასა ვითარება.

კაცმა რომ თქვას, პარლამენტის მიერ სტახანოვური წესით მიღებულ-დამტკიცებულმა კანონმა ხალხს რაღაც სარგებლობა მაინც მოუტანა - ქართველები, დიდი ხანია, ასეთი ერთსულოვანნი არ ვყოფილვართ (თუნდაც ერთი დღით!) და სინოდის სხდომის წინადღეს, ვინც ქაშვეთიდან სამებისკენ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა, თითქმის ყველა დედაეკლესიისა და სამშობლოსთვის გულანთებული იყო. სინოდის სხდომისა და განჩინების გამოქვეყნების შემდეგ კი ზოგიერთ ქართველში განწყობა შეიცვალა - ერთი დღის წინ ხელისუფლებას განიკითხავდნენ, მეორე დღეს კი ეკლესიის კრიტიკას მიჰყვეს ხელი. არადა, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ– ეს იყო დიდი ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებმაც სამებისკენ მიმავალი გზა ანთებული სანთლებითა და გულწრფელი სიყვარულით გაიარეს...

უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა დიმიტრი უზნაძემ, რომელმაც განწყობის თეორიის აღმოჩენით მსოფლიო გადაატრიალა და რომლის შესახებ ლამის ყოველ ქადაგებაში გვახსენებს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, საოცრად ზუსტად შეაფასა ქართველთა ხასიათი:

"ქართველს აკლია დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს. მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა... ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქავს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემაც უმალვე ქრება"...

საოცარი შეფასებაა! სხვათა შორის, არა მარტო მიზნისკენ სწრაფვა გვაკლია, არამედ, როგორც პატრიარქმა ქადაგებაში აღნიშნა, ანალიტიკური აზროვნების უნარიც, თორემ სიყვარულით ანთებული გული ერთ დღე-ღამეში არ გაგვინელდებოდა.

მოდი, ახლა სათქმელი ცივი გონებით ვთქვათ: ამ ქვეყანაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უპირობო ავტორიტეტით და განუზომელი სიყვარულით სარგებლობს. ავტორიტეტი, უპირველესად, ნდობაა, ხოლო ხალხის სიყვარული (რომელიც უფლის ნების გარეშე არ მოდის!) - ამ ნდობის გვირგვინი. მისი გვჯერა, რადგან უწმინდესმა ისეთ განსაცდელებში გამოატარა ერი და ეკლესია, რომელსაც ბევრი ვერ გაუძლებდა. თუ გიყვარს და ენდობი, მაშ, რატომ განიკითხავ? ვინმეს გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ვართ მესია და პატრიარქზე ძალიან გვიყვარს სამშობლო? თუ ჩვენ უკეთ ვხედავთ საფრთხეს ჩვენი ეკლესიისთვის და უწმინდესს საამისო ხედვა აკლია?

უმრავლესობას და მეც მათ შორის, სრულიად გულწრფელი სურვილი გვქონდა, რომ ერთ დღეში, ერთი ხელის მოსმით გვეხილა გაბრწყინებული საქართველო(?!) და რაკი ვერ ვიხილეთ, განტევების ვაცის ძებნა დავიწყეთ: სინოდმა გვიღალატაო; პატრიარქი ყველაფერზე დუმს და ეშინიაო...

უფალო, შენდობას ვითხოვ თუნდაც გამეორებისთვის ამ განკითხვისა...

არადა, მიზეზი იმისა, რომ განკითხვაში ჩავცვივდით და ანთებული გულები გაგვინელდა, უპირველესად, ჩვენი მცირედ მორწმუნეობაა(!). საეკლესიო დღესასწაულებზე ტაძრებში ტევა არ არის, მაგრამ რა ბედენაა! გარეთ გამოსულებს ყველაფერი ეკლესიის კარიბჭესთან გვავიწყდება და ისევ წარმართები ვხდებით. აგვიჩემებია, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ და საქართველო გაბრწყინდებაო. რით გაბრწყინდება, ქართველებო, ივერია - ბევრი მხართეძოზე რომ არის წამოგორებული და ტელევიზორით ელოდება ამის გამოცხადებას? თუ რესტორანში ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების თქმით და ჭიქების ჭახა-ჭუხით?

ქვეყანა მრევლის სიმრავლით კი არ გაბრწყინდება, არამედ მორწმუნეთა ეკლესიური ცხოვრებით, ჭეშმარიტი ღვთისმოშიშობით! სინოდის განჩინების შემდეგ პატრიარქმა ასე გვაკურთხა: - გააძლიერეთ ლოცვები მშვიდობისათვის და დღეში ერთხელ სახარების თითო თავი იკითხეთო... გულზე ხელი დავიდოთ (ანთებულ და მჯიღდარტყმულ გულზე!), რამდენმა ჩვენგანმა აღასრულა პატრიარქის კურთხევა? რა იოლია სხვისი  განკითხვა და როგორ გვეძნელება საკუთარი გულების მართვა... დიდი ლოცვებისა და კანონების კითხვას ვინ ჩივის, 7-გზის ლოცვების წაკითხვაც არ გვახსენდება, არადა, ერთ წამს წარმოიდგინეთ, მთელი საქართველო რომ დადგეს თუნდაც ერთი დღე სალოცავად, რა მადლი და წყალობა გველის უფლისგან...

ასე ვიტყოდი მათ გასაგონად, ვინც სინოდის განჩინება უკან დახევად შეუფასა პატრიარქს:

ჩვენი მხცოვანი უწმინდესი მოიქცა ისე, როგორც "კავკასიურ ცარცის წრეში" ხდება - ნამდვილი მშობელივით, რომელმაც ვერ გაიმეტა ბავშვი გასაგლეჯად და იმიტომ კი არ დაუთმო დედას, რომ ძალა არ ეყო და მისი ბედი არ ანაღვლებდა, არამედ იმიტომ, რომ გადაერჩინა. ეს არის სიბრძნე და არა - განკითხვა!..

მინდა შეგახსენოთ მამა გაბრიელის (ურგებაძის) სიტყვებიც, იმ მამა გაბრიელისა, რომელსაც სიცოცხლეში ბევრი შეშლილად რაცხდა და დღეს ეს მსაჯულებიც” კი დამხობილნი არიან იმ სასწაულების სახილველად, ლამის ყოველდღე რომ ხდება ამ საოცარი ბერის განსასვენებელთან: "ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!"

დასასრულ, იმ ე.წ. ქართველების გასაგონად, რომელთაც არც ეკლესიის დაძახების სწამთ, არც ღმერთის, არც ხატის და ცხოვრების მიზანი მხოლოდ 30 ვერცხლის მოპოვება ჰგონიათ: ივერია ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც იფარავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ის მას არასოდეს მიატოვებს. სხვათა შორის, დედა მარიამის კუთვნილი მიწის გოჯის გასხვისებაც უდიდესი ცოდვაა და სანამ დროა, გულისხმაყოს მავანმა(!)...

P.S. ივერია მაშინ გაბრწყინდება, როცა ანთებული გული კი არ ჩაქრება, არამედ ჩაიფერფლება ღვთისა და მამულის სიყვარულში...