"ვაი, ჩვენს პატრონს"
25-07-2011
გოგი გვახარია: "მე პრეზიდენტისთვის  "დესერტი" ვიყავი"

მაია მანია: "ვწუხვარ, რომ გენიალურ, მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეულ დედაქალაქს ვკარგავთ"

თამარ ამაშუკელი: ”ამას ჰქვია კიჩი, მეგობრებო!”

გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტის რისხვა იმ ჟურნალისტებმაც დაიმსახურეს, რომლებსაც ქვეყნის თავკაცის სიტყვებით რომ ვთქვათ, თავი განათლებული ჰგონიათ. ამალით გარშემორტყმულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტები გააშაყირა.

კონტრასტი თვალში საცემი იყო: ერთ მხარეს გზების თუ ქალაქების აღმშენებელი პრეზიდენტი (მეხოტბეთა თანხლებით), მეორე მხარეს მონური აზროვნების ჟურნალისტები, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში ჩარჩნენ და ქვეყნის
წინსვლა და განვითარება არ უხარიათ. ამ "გაუგებრობაში" რატომღაც "ცხელი შოკოლადის" ჟურნალისტი თამარ ამაშუკელი და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარიაც მოხვდნენ.

"რას გაუმარჯოს?"

მომიტევეთ შედარებისთვის (შეიძლება ვინმე გაღიზიანდეს), მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსი გამახსენა: "ვის გაუმარჯოს? რას გაუმარჯოს? ესეც არ იცი? ვაი, შენს
პატრონს!"  
სააკაშვილმაც ამ ემოციური ფრაზით - "ვაი, შენს პატრონს" - გამოხატა გულისწყრომა იმის გამო, რომ ჟურნალისტებს არ მოსწონთ ის, რაც პრეზიდენტს მოსწონს (მოგვიანებით თამარ ამაშუკელმა რადიო "პალიტრასთან" განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვებმა შეურაცხყო, გოგი გვახარიამ კი ჩათვალა, რომ სააკაშვილი იწყევლებოდა).

"წყევლამ და შაყირმა" ჟურნალისტებს შოკი, პრეზიდენტის ზურგს უკან ამოფარებულ გუნდს კი სიამოვნება მოჰგვარა. ამ უკანასკნელთაგან ბევრს სახეზე დამცინავი ღიმილი აუთამაშდა მაშინ, როცა ქვეყნის პირველი პირი გვახარიას აშაყირებდა.

საინტერესოა, ნეტავ რამდენ მათგანს ჰქონდა წაკითხული მართლაც ინტელექტუალი გვახარიას წერილები? თვალში საცემი იყო, რომ პრეზიდენტის ენამახვილობამ ვერონიკა ქობალია ძალიან გაახალისა. არადა, გვახარიას ბლოგი, არც მეტი, არც ნაკლები (სათაურით "უსიყვარულო პროტესტების სერია საქართველოში"), "საყოველთაო კოცნის~ აქციას აკრიტიკებდა და არა ქალაქის განაშენიანებას. გვახარიას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც სახელოვანი წინაპრისგან არ გვსმენია, "მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში".

გოგი გვახარია (ამონარიდი გადაცემა "რეზიუმედან". სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე): "ეს სტატია არ იყო რიყის პარკზე. ის ეხებოდა ყალბ თეატრალურობას ჩვენს ცხოვრებაში და საუბარი იყო საპროტესტო გამოსვლებზე. ჩემი აზრით, ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციის ერთ ნაწილს უნდა სწყენოდა ეს ფაქტი. ახალგაზრდებსაც, რომელთა საპროტესტო გამოსვლებს ყალბი ხასიათი აქვს. ისინი  უფრო იპრანჭებიან და სცენაზე გრძნობენ თავს საპროტესტო აქციების დროს, ვიდრე რეალურად აწუხებთ პრობლემა. ჩემდა მოულოდნელად, პრეზიდენტმა კომენტარი რიგით განაშენიანებაზე გააკეთა. საქმე ის არის, რომ ის მართლაც ამაყობს ინფრასტრუქტურით ქვეყანაში, რადგან ვერ იამაყებს დემოკრატიის განსაკუთრებული ხარისხით. ამაყობს იმით, რომ გზები გაკეთდა, ქალაქი გასუფთავდა, გალამაზდა და... ვიღაცამ კრიტიკული შენიშვნა გამოთქვა ამგვარი აღმშენებლობის მიმართ?! პირველ რიგში, თამარის სტატია მაქვს მხედველობაში, რადგან, ჩემი აზრით, თამარი უფრო დაზარალებულია. მე პრეზიდენტისთვის  უფრო "დესერტ"ვიყავი (სტილი დაცულია)".
KvirisPalitra.Ge
რადგან მთავარი ლუკმა სააკაშვილისთვის თამარ ამაშუკელი აღმოჩნდა, მას დავუკავშირდით: 

- პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რაც ქვეყანაში კეთდება, მისი შემოქმედებაა. ისეა ჩართული ამ არქიტექტურულ პროცესებში, ჰგონია, დიდ საქმეს აკეთებს. ამიტომაც, როცა ვინმე აკრიტიკებს, მძაფრი რეაქცია აქვს. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილმა განსხვავებული აზრი წაიკითხა და დაკარგა ადეკვატურობის შეგრძნება.

- სხვათა შორის, გოგი გვახარიამ  თქვა, რომ ამ თემით სხვა პრობლემები გადაიფარა.
- შეიძლება ასეც იყო. იმ დღეს ფოტოგრაფების ბედი წყდებოდა. ისე, ძნელი დასაჯერებელია, სააკაშვილი ყველა დეტალს წინასწარ თვლიდეს.

ჩემი სტატიები ყოველთვის ქალაქის  არქიტექტურულ და ურბანულ განვითარებას ეხება და, ძირითადად, კრიტიკულია. მე ამ საქმის სპეციალისტი ვარ და ვწერ საკუთარ მოსაზრებებს, რომელიც ვიღაცისთვის მისაღებია ან მიუღებელია, თუმცა ის, რაც პრეზიდენტისგან მოვისმინე, ჩემი გალანძღვა იყო და არა გაკრიტიკება.

- ახლა ტურისტული სეზონია და მგონი, პრეზიდენტმა ამ ფრაზის გამო გისაყვედურათ: "სულ რომ ათასობით პიაცა ჩადგან ძველ, ნესტიან, კოფეთი გაჟღენთილ ბათუმში, არ გამოვა მისგან არც ნიცა და არც რომი".
- სამწუხაროდ, კონტექსტიდან ამოღებული ეს ამონარიდი ვერ გამოხატავს  წერილის არსს. ის სწორედ იმაზეა დაწერილი, რომ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობა, რაც თბილისს, ბათუმს, სიღნაღს, ქუთაისს აქვს და არ უნდა ვცადოთ მათი სხვა ქალაქებად გადაკეთება. მაგალითად, ბათუმში, ერას მოედანზე, მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ქალაქისთვის სრულიად უცხო, უცნაური, დიდი, შემზარავი და ფერადი გუმბათი დაადგეს. როგორც ჩანს, შენობა ვიღაცას არ მოსწონდა და მისი გალამაზება მოისურვეს. ამას ჰქვია კიჩი, ბატონებო!და კიდევ ერთხელ ვიტყვი: თუ ცდილობ სხვა ქვეყანას დაამსგავსო შენი ქვეყანა, ე.ი. შენი არ მოგწონს, ისეთი არ არის, როგორიც გინდა იყოს. ქვეყნის სიყვარულში არავის ვედავები, შეიძლება მეც მიყვარდეს საქართველო და მასაც, უბრალოდ სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგენია მისი განვითარება.

- თამარ, პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ამგვარი აზროვნება ნიშნავს დარჩე "რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის საქართველოში". თქვენი აზრით, რატომ დაგაკავშირათ "რუსეთის საქართველოსთან"?
- იმიტომ, რომ შენდება ახალი საქართველო, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ამის თქმისთვის არ უნდა გავილანძღო. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ კოლექტიური აზროვნება, რაც სწორედ საბჭოთა მენტალიტეტისთვის იყო დამახასიათებელი.

"არათუ კიჩი, ტუფტაცაა"
და მაინც, რატომ გვინდა საქართველოში გვქონდეს მაინცდამაინც პარიზი, ნიცა, რომი, დუბაი, სინგაპური? ცუდია თუ კარგი, როცა სხვა ქალაქებთან მსგავსებას ვეძებთ?

მაია მანია, ხელოვნებათმცოდნე: "ბევრი რამ შენდება და კეთდება. ზოგი რამ მომწონს, ზოგიც - არა, მაგრამ იმას, რაც ციხისუბანში მოხდა, ძალიან განვიცდი. დანგრეულია იქაურობა, უკვე ძველის აღდგენის შანსიც აღარ არის. მალე ახალი მშენებლობები დაიწყება. ჩემს გულისტკივილს საფუძვლად არავითარი პოლიტიკური მოსაზრება არ უდევს. უბრალოდ, ვწუხვარ იმის გამო, რომ მთლიანად მოიშალა სიძველე, ავთენტურობა. გასაგებია, რომ ახალმა მშენებლობამ ხალხს ოპტიმიზმი ჩაუსახა, მაგრამ თბილისისთვის დამახასიათებელი თვითმყოფადობა და სიძველე იკარგება. ამის შენარჩუნება ძველ  უბნებში აუცილებელი იყო. ციხისუბანს ვეღარ KvirisPalitra.Geდავიბრუნებთ, მორჩა, დანგრეულია!

- არის თუ არა კიჩი ის, რაც ძველ უბნებში შენდება?
- კიჩია, აბა, რა! მეტიც, კიჩი კი არა,  ტუფტაა, ფუყე. სწორად გამიგეთ, იმის მომხრე არა ვარ, რომ ადამიანი დაიღუპოს ძველისძველ სახლში, თავზე ჭერი ჩამოექცეს. უბრალოდ ვამბობ, თუ ამდენი ფული იხარჯება, 5-ოდე სახლის რესტავრაცია გააკეთე. ერთ რესტავრირებულ სახლს თუ მაჩვენებთ ციხისუბანში, ხელებს ავწევ! ერთი სახლია (#18) დარჩენილი, ნამდვილი სიძველის ნაშთია. ხელოსანს ვკითხე, ამას ხომ არ დაანგრევთ-მეთქი? ჯერ "პრიკაზი" არა გვაქვსო. ძველი ტიპოლოგიის სახლებია დანგრეული ისტორიულ კალასა და აბანოების უბნებშიც.

- თუ ვცდილობთ, დავემსგავსოთ პარიზს, რომს, ნიცას - კარგი არ არის?..
- თუ პარიზის ან რომის ნახვა მინდა, წავალ და ვნახავ. ისე კი დასაძრახი არ არის, თუ ადამიანი მხატვრულად და გადატანითი მნიშვნელობით ამბობს, რომ საქართველოში უნდა იყოს რომი ან პარიზი. აი, თუ პროფესიულ დონეზე განვიხილავთ ამ საკითხს, მაშინ თბილისი უნდა იყოს თბილისი, მისთვის დამახასიათებელი თვითმყოფადობითა და ავთენტურობით, სივრცითი მოხაზულობით.

ვწუხვარ, რომ გენიალურ, მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებით გამორჩეულ დედაქალაქს ვკარგავთ.

Irina
28 ივლისი 2011 09:55
რედისონი კი არ ააშენეს არამედ "მედეა"გაარემონტეს :)
ფასადი შეუჩვალეს.რა გჭირთ ხალხნო?!რას ატყუებინებთ ამ ჩოჩორს თავს?! არავინ აღარ დარჩა ვინც სიმართლე იცის?!
ზარალამ მხედრიონს მიტმასნულმა მიითვისა ივერი,მედეა (გვერდები არ მეყოფა ჩამოსათვლელად კიდევ რამდენი ობიექტი და ტერიტორია)ფასადები შეუცვალა,ანუ გაარემონტა და რედისონები ააშენაო!თან ბლუ :) სასაცილოა რომ არავინ არ უსწორებს
GUNCI
27 ივლისი 2011 17:19
ეკა პროპესიული დონე))) რომელ ენაზე საუბრობთ ვერ გავიგე. არის კიდე საქართველოში ეგ ენა?
sasha
27 ივლისი 2011 11:43
თავიდან გადაცემას რომ უყურე,გავიფიქრე ვერონიკა პირდაპირ ხალათით ხომ არ ჩავიდა ფოიეში ?!
შემთხვევით გუშინ მაღაზიაში ყურადღება მიიპყრო რაღაც ნივთმა,საიდან მეცნობა ეს ხალათი გავიფიქრე და გამახსენდა რომ მსგავსი,მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე ძლიერ მინისტრზე ვნახე ტელევიზორში,გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ჩემი აზრით ცერემონიაზე ეს ხალათი დაუშვებელია რომ გეცვას!(მერე რა რომ ნომრიდან სულ რაღაც 30 წუთით ჩადიხარ)კი გასაგებია რომ სულ რაღაც $14000 (თოთხმეტი ათასი)ღირს,მაინც უადგილოა.

მაგრამ მართლა კარგი ხარისხის და ძალიან სწრაფად გასახდელი კაბა იყო,იმსახურებს მაინც შექებას

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები