ვანახოთ კლასი! - კვირის პალიტრა

ვანახოთ კლასი!

ვერ გავიზიარებ ჩემი კოლეგების აღფრთოვანებულ პათოსს იმის თაობაზე, თითქოს მიშა ფოტორეპორტიორების საქმეში დამარცხდა. გინდათ შეგახსენოთ ის ხალხი, ვინც არ აღიარა დანაშაული?! ნორა კვიციანი, მაია თოფურია და ე.წ.„გიორგაძის მომხრეები, ვახტანგ მაისაია, მერაბ რატიშვილი. ისინი ახლაც ციხეში სხედან. რა, არ ხორციელდებოდა მათზე ზეწოლა? არ არიან აბსურდული ბრალდებებით დაჭერილი?

კარგია, რომ ფოტორეპორტიორები სახლში გაუშვეს, მაგრამ ცუდია, რომ მათ დაიბრალეს დანაშაული. არადა, სულ ცოტა ხანიც უნდა გაეძლოთ, სულ რაღაც ერთი თვე, სანამ ეს მიშას ხუშტურის გამო შეკერილი საქმე არ დაიშლებოდა. ვერ მიიყვანდა პროკურატურა ამ საქმეს სასამართლო განხილვამდე. არანაირი სამხილი მათ არ მოეძევებოდათ. ახლა კი მიშამ იცის, ნებისმიერ კაცს უმიზეზოდ დაიჭერს, ციხეში ჩასვამს, აღიარებინებს და ასე დაზაფრულს გამოაგდებს ციხიდან. ვინმეს გიფიქრიათ იმაზე, რომ ფოტორეპორტიორების ჩვენებების საფუძველზე შეიძლება კიდევ ვიღაცები დააკავონ?! აგერ, უტიაშვილი უკვე ოფიციალურად აცხადებს ამას. ეს მართლაც უნდა მოიმოქმედოს ვანომ, თორემ მთელი საპროცესო გარიგება  უბანძდება.

ასეა თუ ისე, დარწმუნებული ვარ, რომ დაპატიმრებები გაგრძელდება. მიშას, უბრალოდ, არ შეუძლია სხვაგვარად - ჯაშუშების დევნა პარანოიად ექცა. სახელმწიფოს დანიშნულება ახლა ხომ რუსეთთან პერმანენტული ომია, ხან - ცივი, ხან - ცხელი, ხან - სადაზვერვო. ზოგჯერ საინფორმაციოც. და რაკი დარწმუნებული ვარ, რომ გლდანის ციხეს პოლიტპატიმრებით სავსე კიდევ ბევრი„"ვარონკა" მიადგება, გადავწყვიტე, მოკლედ მოგაწოდოთ ციხეში გადარჩენის კურსი. უფრო სწორად, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.

ციხე ის ადგილია, რომელსაც დანტეს ჯოჯოხეთის კარიბჭეზე ამოტვიფრული სიტყვები უნდა ამშვენებდეს.“მართლაც, როგორც კი გადააბიჯებ ამ ზღურბლს, უნდა წარმოიდგინო, რომ მოკვდი. ხომ მოკვდები როცა იქნება? ჰოდა, უნდა ჩათვალო, რომ ეს უკვე შეგემთხვა. "რა დასანანია," - უნდა გაიფიქრო, - "მაგრამ რა ვუყოთ?! მე მოვკვდი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება".

დიახ, ცხოვრება გრძელდება, რადგან უეცრად აღმოაჩენ, რომ სუნთქავ, გწყურია, გშია. ხვდები, რომ ცოცხალი მკვდარი ხარ. ამ დროს უნდა გახსოვდეს, რომ  ციხე არ არის სენტიმენტების ადგილი. არ უნდა "გათბობდეს" შენი გმირობის განცდა. არ უნდა გახსენდებოდეს ოჯახი, ქალის სიყვარული, სამშობლო და მისთ. მკაფიოდ, ცალსახად, მთელი ენერგიის კონცენტრაციის შედეგად უნდა გადაწყვიტო, რომ მოკვდი! არ შეიძლება, "იგმირო"... არ უნდა გქონდეს ვინმეს იმედი - პატრიარქის, ხალხის, მეგობრების, პარტიების და ასე შემდეგ. ამაზე ფიქრიც კი გასუსტებს. მერე ელოდები ამ მხარდაჭერის ნიშნებს... მერე ელოდები შენი დამჭერების რეაქციას ამ ნიშნებზე. ამ შემთხვევაში, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოს, იმედი შენი კი არა, შენი მტანჯველების მოკავშირეა. უნდა მოერგო ციხეს... ციხის კაცი უნდა გახდე, გრძნობებჩაკლული... არც დეპრესიული და არც მხიარული, არც უტყვი, მაგრამ არც ყბედი.

ერთხელ ჩვენთან, რუსთავის მეექვსეში, 10 სული ბიზნესმენი მოიყვანეს და კარანტინში შეყარეს. ცხადი იყო, რაც უნდოდათ - საპროცესოების გაფორმება დიდი ფულის ფასად. ამათი საკნის გვერდით, ტუალეტებს რომ წმენდენ, ისეთი მსჯავრდადებულების საკანი იყო. ისინი, ადმინისტრაციის დავალებით, ყოველდღე ტეხდნენ დებოშს. ციხურად, მრავალსართულიანად აგინებდნენ ერთმანეთს - ჩხუბის სცენებს გაითამაშებდნენ ხოლმე. ზემოთ პატიმრები უკვე მიჩვეული ვიყავით ასეთ კონცერტებს. გვიკვირდა, რა სჭირდათ ქათმებს ამისთანა?! კარანტინში მყოფი ბიზნესმენები კი იზაფრებოდნენ. ორ კვირაში მოაწერა ყველამ საპროცესო გარიგებას ხელი. მახსოვს, რა კმაყოფილი იყო მაშინ ციხის უფროსი.

ასეთი ვირიშვილობა ყოველდღე ხდება ციხეში. მაგრამ უნდა ჩათვალო, რომ ეს ჩვეულებრივი პონტია, როცა ბადრაგი, შენი სოციალური წრისგან შორს მყოფი ადამიანი გეუხეშება და შარვლის ჩახდას გთხოვს, უნდა დაიკიდო. უნდა იფიქრო, რომ ეს სასჯელია, რომელიც შენი ცოდვებისთვის მიიღე. სხვაგვარად გატყდები და ამას ციხის ხალხის მახვილი თვალი აუცილებლად შეამჩნევს. არ არსებობს, ციხის გამოცდილების მქონე კაცმა ვერ დაინახოს, რომ პატიმარი ღრმა დეპრესიაშია. ასეთებზე ზეწოლა ძლიერდება და შეიძლება, ერთ საათში საბედისწერო გარდატეხა მოხდეს. ამიტომ მშვიდად უნდა იყო... არც ძალიან მხიარულად (ეს ისტერიულობის მანიშნებელია) და არც დათრგუნვილად.

არ მინდა, ჩემი რჩევები დაგჭირდეთ, მაგრამ თუ გეწვიათ ეს უბედურება და ციხეში აღმოჩნდით, გახსოვდეთ: თქვენ უკვე დაგემართათ ის, რისაც მიშას და მის "სასტავს" სიკვდილზე მეტად ეშინია. ამიტომ მშვიდად, მეგობრებო!.. ვანახოთ კლასი!..