შუში(ა)ს მუღამი და აირაპეტიანის ვანქი - კვირის პალიტრა

შუში(ა)ს მუღამი და აირაპეტიანის ვანქი

გეზს სტეფანაკერტთან ახლოს მდებარე ქალაქ შუში(ა)სკენ ვიღებთ. გაგიკვირდებათ, ალბათ, რატომ დავწერე მისი სახელი ასე უცნაურად. საქმე ის გახლავთ, რომ აზერბაიჯანული ვერსიით ამ ქალაქს, რომელიც ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი იყო 1823 წლამდე, შუშა ჰქვია, სომხური ვერსიით კი - შუში.

სომხური ვერსიით, დასახლებამ სახელი სოფელ შოშისგან მიიღო, აზერბაიჯანული ვერსიით კი - აზერბაიჯანული სიტყვა “შუშა-სგან, რაც მინას ნიშნავს. ხალხში გავრცელებული ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ბარდის (მხარეა ყარაბაღში) მმართველმა ფანახ-ალი-ხანი სანადიროდ მიიპატიჟა. გზად დღევანდელი შუში(ა)ს ტყეებსა და ხეობებში გაიარეს. შესანიშნავი ბუნებით მოხიბლულ ხანს უთქვამს: “რა ზღაპრული ადგილია, რა სუფთა და გამჭვირვალე ჰაერი, მინისა გეგონება. აქ შეიძლება უმშვენიერესი ქალაქის დაარსებაო. ასეც მომხდარა - დაარსებულა ქალაქი შუშა.

შუში(ა) იმითაც არის საინტერესო, რომ XIX საუკუნეში ის პრაქტიკულად რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი კულტურული ცენტრი, მეტიც, ნამდვილი “მუსიკალური მექა იყო: აზერბაიჯანელი ფოლკლორისტები აქ აარსებდნენ სასწავლებლებს და მოზარდები აზერბაიჯანული ზეპირი მუსიკალური ხელოვნების ძირითად ჟანრს - მუღამს ეცნობოდნენ. მართალია, თბილისური “ქუჩურ-სვეტური” გაგებით მუღამი” სულ სხვა რამეს ნიშნავს (ალბათ, ლინგვისტური კვლევა-ძიება სჭირდება იმის გარკვევას, რატომ და როდის შეიძინა ამ სპარსული წარმოშობის სიტყვამ ჩვენთან ასეთი მნიშვნელობა), მაგრამ ფაქტია ისიც, რომ იუნესკომ 2003 წელს მუღამს კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებს შორის სათანადო ადგილი დაუმკვიდრა.

ოდესღაც კულტურის ცენტრად მონათლულ შუში(ა)ში სულ რაღაც 6 ათასი კაცი ცხოვრობს, ძირითადად, ომის დროს აზერბაიჯანიდან წამოსული სომხები, მიტოვებული სახლების ჭიშკრებზე ნახავთ ომისდროინდელ წარწერებს: "დაკავებულია, პირველი ასეული, არამ არმენი"...

თუ შუში(ა)ს ყარაბაღის ომის საშინელებათა მეისტორიედ მოვიხსენიებთ, მაშინ სოფელ ვანქს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ამ აუღიარებელი რესპუბლიკის თანამედროვეობის სავიზიტო ბარათი.

ვანქის დათვალიერებისას რამდენიმე ასოციაცია გამიჩნდა: ის რაღაცით ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ჭორვილას ჰგავს, ცოტათი "პოტიომკინის სოფლის" შთაბეჭდილებას ტოვებს, სახედრების სიმრავლით ტიპურ კახურ სოფელსაც მოგაგონებთ...  მოკლედ, ვეცდები ჩემი ასოციაციები გაგიზიაროთ...

სოფელი ომის დროს საკმაოდ დაზარალდა. შუში(ა)ს მსგავსად, ამ დრომდე ნაომარ-ნახანძრალი იქნებოდა, რომ არა ვანქელი ბიზნესმენი ლევონ აირაპეტიანი, რომელსაც, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რუსეთში დიდძალი ფული მოუხვეჭია. ასაკში შესული ხან მოსკოვის, ხან ნიუ-იორკის და ხან ლოს-ანჯელესის ფეშენებელურ სასტუმროებში ცხოვრობს. სწორედ აირაპეტიანმა იკისრა ომის შემდეგ სოფლის აღდგენა: დააგო გზები, ააშენა სკოლა, საბავშვო ბაღი, რესტორნები და სასტუმრო. ვანქელებს და მათ სტუმრებს ზოოპარკიც კი გაუხსნა. არაფერს ვამბობ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადზე. აირაპეტიანი თანასოფლელებს ქორწინებისას ფულს ჩუქნის. ეხმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. მოკლედ, მზე ვანქში ლევონ აირაპეტიანთან ერთად ამოდის და ჩადის.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად გამართულია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი - დასაქმებული, შუახანს გადაცილებულები მაინც ჩივიან, რომ ვანქში ცხოვრება ჭირს: აირაპეტიანი კი გვეხმარება, მაგრამ აბა, ყველას ხომ ვერ დაასაქმებსო.

სხედან ვანქელები სოფლის ცენტრში. აქეთ - საგანგებოდ მოწყობილი აუზი; მის ზემოთ - რესტორანი, "ტიტანიკს" რომ ეძახიან; სოფლის შესასვლელში ლომები გეგებებიან - ლომს ცოტა ზევითაც, სხვა რესტორნის შემოგარენშიც გადააწყდებით: ისე ოსტატურად გაუჭრიათ და მოუხატავთ კლდე, გეგონებათ, უზარმაზარი ლომი დაგყურებთ ზევიდან. არც წარწერა დავიწყებიათ: "ფრთხილად, არ გააჯავროთ, ავი ლომია"... საერთოდ, ქანდაკებები ვანქის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა.

KvirisPalitra.Geროგორც ჩანს, ლევონ აირაპეტიანი ჩვენი ივანიშვილისგან განსხვავებით, საკმაოდ ამბიციური ადამიანია - სკოლისთვის მამამისის სახელი მიუნიჭებია და ეზოში მშობლის ბიუსტი დაუდგამს, რესტორან “ტიტანიკში” კი - თავისი ბიუსტი. ერთ კაფეს "ვან გოგი" ჰქვია, სკოლის ეზოში კი - პანოზე, სომხური ანბანისა და კირილიცას ასოებია ამოტვიფრული...

აირაპეტიანის სახელს უკავშირდება ვანქში მდებარე X საუკუნის მონასტრის - განძასარის რეაბილიტაციაც. უნიკალური ძეგლი იმითაც არის საინტერესო, რომ ადგილობრივების რწმენით, სწორედ მის საძირკველშია იოანე ნათლისმცემლის თავი დამარხული.

KvirisPalitra.Geლამის დამავიწყდა ვანქსა და კახურ სოფელს შორის პარალელის გავლება: აქ სახედრები დიდ პატივში ჰყავთ, ძეგლიც კი დაუდგეს, მერე რა, რომ ცოტა უხერხული ძეგლია... ყოველწლიურად მათი მონაწილეობით შეჯიბრება  იმართება. გამარჯვებულს ისევ და ისევ ლევონ აირაპეტიანი 2.000 აშშ დოლარს ჩუქნის.

2010 წელს ვანქში ალბანოც ჩასულა და ვანქელებისთვის ძველი ჰიტები შეუსრულებია.

მგონი, ზემოჩამოთვლილი საკმარისია იმისთვის, რომ ვანქელებს თავი მოსწონდეთ, სხვა სოფლის მკვიდრნი კი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ - სულ ამ ვანქზე რატომ ლაპარაკობენო?! სამწუხაროდ, ვანქისგან განსხვავებით, სხვა დასახლებებს ლევონ აირაპეტიანის მსგავსი ქველმოქმედები არა ჰყავთ...

მთიან ყარაბაღში სხვაც ბევრი რამ ვნახეთ - მოვიარეთ მაღალმთიანი სოფლები, სამთო-გადამმუშავებელი კომბინატი “"ბეიზ მეთალზი", ვესტუმრეთ მარტუნის რაიონის ახალგაზრდების სადისკუსიო კლუბს და ა.შ., მაგრამ ყველაფერს ვერც ფოტოკამერით გადაიღებ და ვერც გადმოსცემ. თუმცა, გარწმუნებთ, ვიტოვებ სწორედ იმდენ დეტალს, რამდენიც ყარაბაღში ხელახლა ჩასასვლელად არის საჭირო.

ყარაბაღის კონფლიქტი

შუში(ა)ში აზერბაიჯანელები და სომხები ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ისტორიკოსები წერენ, რომ 1905-1906 წლებში მეფის რუსეთმა ორ ხალხს შორის ურთიერთობის გასამწვავებლად დაიწყო სომეხი ეროვნების წარმომადგენელთა დანიშვნა სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე და ეს ხდებოდა არა მარტო შუში(ა)ში, არამედ აზერბაიჯანსა და სომხეთის იმ ქალაქებშიც კი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა  აზერბაიჯანელი იყო. 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დროებითმა ნაციონალურმა საბჭომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა გამოაცხადა, რომლის სუვერენიტეტი გავრცელდა ყარაბაღზეც.

თუმცა მხარის სომეხმა მოსახლეობამ ამაზე უარი თქვა. 22 ივლისს გაიმართა ყარაბაღელი სომხების პირველი ყრილობა, რომელმაც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამ პერიოდის დოკუმენტებში ჩნდება პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ შუში(ა)ში სომხებმა მაჰმადიანი მოსახლეობის დარბევა დაიწყეს. აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ყარაბაღის დამორჩილება თურქული სამხედრო შენაერთების დახმარებით სცადა. ნური-ფაშამ ყარაბაღელ სომხებს ულტიმატუმი წაუყენა. თუმცა სომეხთა ყრილობამ ამ პირობის შესრულებაზე უარი თქვა, შედეგად კი 1918 წლის სექტემბერში შუში(ა) აზერბაიჯანულ-თურქულმა სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს, განაიარაღეს სომხები და ადგილობრივი ინტელიგენციის დიდი ნაწილი დააპატიმრეს. წლის ბოლოს, ანტანტის წინაშე თურქეთის კაპიტულაციისა და აზერბაიჯანში ინგლისის ჯარების შეყვანის შემდეგ, ყარაბაღის პოლიტიკური სადავე ისევ სომხური ნაციონალური საბჭოს ხელში გადავიდა, თუმცა დროებით: ინგლისელებმა ყარაბაღს მმართველად აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დანიშნული ხოსროვ-ბექა სულთანოვი დაუმტკიცეს... მუდმივი წინააღმდეგობა და პოლიტიკური თამაშები იმით დასრულდა, რომ 1920 წლის მარტის მოვლენების შედეგად ყარაბაღის უმთავრესი ქალაქის მოსახლეობა 67 ათასიდან 9 ათასამდე შემცირდა - ზოგი დახოცეს, ზოგი გადაასახლეს, ზოგიც დააპატიმრეს...

და მაინც, ქალაქის ისტორიის ყველაზე საშინელი ფაქტები XX საუკუნის ბოლოს უკავშირდება. 1991 წლის 2 სექტემბერს მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 23 სექტემბერს - სომხეთმა, 18 ოქტომბერს კი აზერბაიჯანმა. 1991 წლიდან ქალაქი სომხების ბლოკადაში აღმოჩნდა. 1991-1992 წლებში შუში(ა)დან ინტენსიურად იბომბებოდა სტეფანაკერტი. 1992 წლის გაზაფხულისთვის სწორედ ეს ქალაქი იყო ერთადერთი დასახლებული პუნქტი მთელ მთიან ყარაბაღში, სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობდა. ამავე წლის 8 მაისს სომხებმა აიღეს შუში(ა), შეტევის დროს სომხური სამხედრო ნაწილები მძიმე არტილერიას იყენებდნენ. ქალაქს დღემდე ეტყობა ომის კვალი.

მალხაზ ჭკადუა, "ინტერპრესნიუსი"