ფარდის უკან ანუ შენიშვნები სპექტაკლის დღიურებიდან - კვირის პალიტრა

ფარდის უკან ანუ შენიშვნები სპექტაკლის დღიურებიდან

იცით, რამდენი სართული აქვს რუსთაველის თეატრს? იტყვით, ორი ან სამიო... ამ დროს, არც მეტი, არც ნაკლები რუსთაველის გამზირიდან მეხუთე სართულზე შედიხართ! სართულების რაოდენობის ცოდნას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თეატრი გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ისიც, რაც თეატრში ხდება - გაცილებით ღრმაა, ვიდრე ის, რასაც წარმოდგენის მსვლელობისას ადევნებთ თვალს.

ვენ ცოტ-ცოტა მაინც გვსმენია კულისების ამბების შესახებ. ისიც ვიცით, მსახიობები როგორ იმპროვიზებულად თამაშობდნენ. მაგალითად, "ხანუმაში" სიკოსა და ნიკოს დიალოგი უსასრულოდ გრძელდებოდა ხოლმე. მაყურებელი სცენიდან არ უშვებდა საყვარელ მსახიობებს - რამაზ ჩხიკვაძეს და ეროსი მანჯგალაძეს.

ერთხელ ეროსის ორკესტრის ხელმძღვანელთან, ლევონ ოჰანეზიანთან პირდაპირ სცენაზე გაურჩევია "დინამოსა" და "არარატის" საფეხბურთო მატჩი.

იმპროვიზებულად ჩნდებოდა ახალი სახეები სცენაზე, ისე, როგორც მაგალითად, ქოსიკო გაჩნდა "ჭინჭრაქაში".

KvirisPalitra.Geრამაზ ჩხიკვაძე დანიშნული იყო საკანდელიძის დუბლიორად "ჭინჭრაქაში". მერე ყველაფერი შემთხვევით მოხდა. - "დილას წელკავი დამეტაკა, წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე, - მოდი, ქოსიკოს როლს მოვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს. წელში ოთხად მოხრილი და ათჯერ მოკაკული, კვნესით, ტკივილისგან უნებლიე წამოყვირებით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე ჩავჯექი. ქოსიკოს პირველი სიტყვები ასე დამჯდარმა წამოვიკნავლე. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: - განაგრძე რეპეტიცია, იჯექი მანდ. დაიწყე... კარგია ეგ რადიკულიტიცო. მე მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნაც. ასე დავტოვეთ სპექტაკლში ჩემი წელკავიც, მიმკვდარი ხმით ლაპარაკიც და ასე დაიბადა ქოსიკოს ნიღაბი".

თეატრში ახალგაზრდები უფროს მსახიობებს ცოცხალ ლეგენდებივით უყურებდნენ, ხან სცენაზე თამაშიც კი უჭირდათ მათთან. მაგალითად, ჯემალ ღაღანიძეს ძალიან გაუჭირდა აკაკი ხორავასათვის ცხვირში ხელთათმანების გაკვრა. ეს იყო სპექტაკლი "რღვევა".

"პოტიომკინის აჯანყებაზე იყო. კაპიტანს თამაშობდა ხორავა, მე - მეზღვაურს, - იხსენებს ჯემალ ღაღანიძე, - მენშევიკს განასახიერებდა გაგუა. ავად გახდა... არადა უკვე გამოცხადებულია სპექტაკლი. გაქანდა-გამოქანდა ვასაძე და - ჩააცვით ღაღანიძესო. გამიხარდა, მაგრამ ვერ გავიაზრე, რომ ხორავასთან მაქვს სცენა. გამოვედი. სცენაა ასეთი: ამ მენშევიკს მეზღვაურები სტვენით ხვდებიან, ამასხარავებენ. კაპიტანი ჯერ გემზე არ არის. უცებ იღება კაიუტის კარი და თეთრებში გამოწყობილი მთასავით კაცი, ხორავა გამოდის. ჭრაჭუნა ტუფლები უყვარდა. მოდის ჩემკენ - ჭრაჭა-ჭრუჭით. მე უნდა ვუყვირო და ხელთათმანი ცხვირზე გავკრა, მაგრამ როგორ გინდა ეს გააკეთო?! გავაქანებ ხელს და ცხვირის ნაცვლად ქამართან გავკრავ-გამოვკრავ. დაიძახებს ვასაძე: "სტოპ! არა, შვილო, ცოტა ზემოთ". დავიწყებთ. ისევ "სტოპ!"... მერე თვითონ ხორავამ მომკიდა ხელი და გამაკეთებინა ეს მოძრაობა..."

მკითხველმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ყველა სპექტაკლს ჰყავდა თავისი წამყვანი და მორიგე. წამყვანი პასუხს აგებდა მსვლელობაზე. მორიგე, რომელიც მუდმივად იცვლებოდა, ვალდებული იყო, სპექტაკლების დღიურში ჩაეწერა შენიშვნები და მითითებები. ეს არის სრულიად სხვა მხარე თეატრის ცხოვრებისა, თანაც ფართო საზოგადოებისათვის ძალიან უცნობი. გთავაზობთ რამდენიმე ამონაწერს 1973-75 წლების სპექტაკლების დღიურებიდან. თქვენ სრულიად ახლებურად  დაინახავთ საყვარელ მსახიობს და რეჟისორს.

KvirisPalitra.Ge1973, 28 მარტი. რ. სტურუა "საბრალდებო დასკვნა". მორიგის მაგიერ რ. სტურუა:

"კავსაძემ არ შეასრულა დადგენილი მიზანსცენა, რამაც იმოქმედა სცენის ხარისხზე. მსახიობმა ბორის წიფურიამ თქვა ტექსტი, რომელიც წინა სპექტაკლზე ამოღებული იქნა, აგრეთვე რამაზ ჩხიკვაძემ არ ამოიღო ტექსტიდან "ქურდების ავტონომიური რესპუბლიკა".

1974, 23 თებერვალი. რ. სტურუა, "ყვარყვარე". სპექტაკლის მორიგე ეროსი მანჯგალაძე:

"სპექტაკლმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა მაინც იგრძნობოდა, რომ "ყვარყვარე" დილის სპექტაკლად არ გამოდგება (ბავშვების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) ძირითადად, შენიშვნა არ მაქვს...

საერთოდ, ამ სპექტაკლს უკეთესი ფინალი სჭირდება, რისი გაკეთებაც, მე მგონი, ჯერჯერობით გვიან არ არის."

1974, 28 სექტემბერი. გოგი ქავთარაძის "რომეო და ჯულიეტა". მორიგე ლია თოხაძე:

"დღევანდელი სპექტაკლი სავსე იყო მოულოდნელობებით. სპექტაკლი დავაგვიანეთ ათი წუთით იმის გამო, რომ მიკროფონი დაწყების წინ გაფუჭდა.

აივნის სცენის დროს სინათლე უადგილო ალაგას ჩაქრა. დღეს "ვოდიაშჩები" უმისამართოდ ანათებდნენ, განსაკუთრებით პირველი მოქმედების ფინალში. მეორე მოქმედების დროს რეკვიზიტმა დააგვიანა ჭიქების გამოტანა. მეორე მოქმედებაში ტიბალტის სცენაზე არ გამოვიდა მსახიობი გ. ჩხარტიშვილი. სიცხე ჰქონდა 39. ამან ხელი შეუშალა სპექტაკლს.

"პალავიკი" ძალიან სრიალებს. I მოქმედებაში მსახიობ მ. ჯანაშიას დაუსხლტა "პალავიკზე" ფეხი და დაეცა.

შემოქმედებითი შენიშვნები თითქმის არ მაქვს".

1974, 4 ოქტომბერი. რობერტ სტურუას "ყვარყვარე". მორიგე კახი კავსაძე:

"ტექნიკური მხარე სპექტაკლისა იყო იდეალურ დონეზე. მაგრამ ეს არის პროვინციული თეატრი, არავითარი პროფესიონალიზმი. მე ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს და ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მგონი, ამ შენიშვნების ჩამოთვლა და მისი ვითომ გასწორება საქმეს ვერ უშველის. მსახიობებს დაავიწყდათ, რას თამაშობენ, ვის თამაშობენ. ძალიან საწყენია!!!

III მოქმედება კარგი იყო. მომეწონა. თითქოსდა მოიგონესო ყველაფერი. გამოფხიზლდნენ და ცოცხალი ადამიანები ნელ-ნელა გამოჩნდნენ სცენაზე. ამას ყველაფერს სერიოზული დაკვირვება სჭირდება!!! ეს ყველაფერი, რაც წინ ვთქვი, ჩვენი თეატრის საერთო სენია და თუ ამას დროზე არ გამოვუცხადეთ ბრძოლა, კარგ სპექტაკლებს დიდხანს ვერ შევინარჩუნებთ!!! საწყენია!!!"

1974, 8 ოქტომბერი. რობერტ სტურუას "ხანუმა". მორიგე მედეა ჩახავა:

"წარმოდგენა ჩატარდა ნორმალურად. შენიშვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ მორიგე ზის სრულიად არანორმალურად. საჭიროა გამოიყოს მუდმივი ადგილი მორიგისათვის.

და კიდევ, სასურველია მასობრივი სცენის მონაწილეები ფინალში უფრო საინტერესოდ იყვნენ დასაქმებულები სცენაზე".

1975, 4 იანვარი. რობერტ სტურუას "საბრალდებო დასკვნა". მორიგე ედიშერ მაღალაშვილი:

"სპექტაკლი ჩატარდა უფრო თავშეკავებულად, ვიდრე ეს ჩემი ბოლო მორიგეობის დროს იყო. პირველად ვნახე საკანდელიძე შოშიას როლში. კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო რაც შეეხება ელდარ სახლთხუციშვილს, თუ შეუძლია ურეპეტიციოდ ასეთი დიდი როლის თამაში, მიეცეს რეპეტიციები და მე მგონია, კარგ შედეგს მივიღებთ".

1975, 8 იანვარი, რობერტ სტურუას "ღალატი". მორიგე ბელა მირიანაშვილი:

"წარმოდგენა ძალიან კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მსახიობი თავს უფლებას აძლევს, "თავისუფლად" მოიქცეს სცენაზე".

1975, 20 თებერვალი. რ. სტურუას "ღალატი". მორიგე ბელა მირიანაშვილი:

"პირველ მოქმედებაში სცენაზე გაირბინა კატამ!!! ნუთუ არაფერი არ ეშველება?

ფარდის დასაშვებად ფინალში არც ერთი მუშა არ იყო თავის ადგილზე".

P.S. თეატრი აისბერგივითაა, ცოტა ჩანს, ბევრი - არა. ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა, ცალი თვალით რომ შეიჭყიტო ფარდის უკანაც - დაფარულ სამყაროში.