"ორივე მხარე მაინც მესამემ გვიმსხვერპლა" - კვირის პალიტრა

"ორივე მხარე მაინც მესამემ გვიმსხვერპლა"

როგორ "წამლავდნენ" ქართველები ოსებს(?!)

2008 წლის აგვისტოს ომიდან 3 წელი გავიდა. ფიზიკური იარები თითქოს მოშუშდა, სულიერი იარები - არა, მაგრამ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გავლებული ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დარჩენილები ივიწყებენ პოლიტიკას, სამაგიეროდ "არ ივიწყებენ იმ სიკეთეს, რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ და ისევ ერთმანეთისკენ მიილტვიან", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსის" ხელმძღვანელი მეგი ბიბილური. "ამ მოგონებებს ერთად შევკრავთ და წიგნად ვაქცევთ. მიგვაჩნია, რომ ეს ისტორიაა, რომელიც არ უნდა წაიშალოს. ის მომავალ თაობებს უნდა წაადგეს მშვიდობის განმტკიცებაში." მეგი ბიბილური უკვე შეგროვებულ მასალას ექსკლუზიურად აცნობს"კვირის პალიტრას". ყურადღებას იქცევს ერთი ამბავი.

ომამდე რამდენიმე დღით ადრე, თაკარა ივლისის მიწურულს, ნიქოზიდან ცხინვალში სავაჭროდ ჩასული ქალები ოსმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. იმავე საღამოს  რუსულ და ცხინვალის ადგილობრივ ტელეარხებზე სიუჟეტი გავიდა, სადაც მოთხრობილი იყო, თუ როგორ აღკვეთა ცხინვალის მილიციამ ქართველების მიერ ოსების მოწამვლის ფაქტი. რუსი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, თურმე ნიქოზელები გაფუჭებულ პროდუქტს აბარებდნენ ცხინვალელებს.“დაზარალებულ მოსახლეობას კი“დამნაშავეების ლინჩის წესით გასამართლება სურდა. ქართველები ისევ ოს სამართალდამცველებს დაუხსნიათ განსაცდელისგან და ადმინისტრაციულ საზღვრამდე უსაფრთხოდ მიუცილებიათ. კადრში ჩანდა ქალების პროდუქტით დატვირთულ ურიკებიანი კოლონა, რომელსაც ადგილობრივ მილიციასთან ერთად ერთ-ერთი რუსული ტელეკომპანიის ჟურნალისტები მიაცილებდნენ.

ლია შატაკიშვილი ერთ-ერთი იყო იმ, ვითომ "დამნაშავეთა", კოლონაში. მან იცის, რა მოხდა სინამდვილეში: "აგვისტოს ომამდე ცხინვალში ქალები უსაფრთხოდ გადავდიოდით. ჩვენ მოსავალს ვყიდდით, ცხინვალელები კი პროდუქტს იმარაგებდნენ. ამ ვაჭრობამ წლების განმავლობაში ისევ დაგვაახლოვა.  დღესასწაულებზე შინ გვეპატიჟებოდნენ. მშვიდობა თანდათან მყარდებოდა.  ბავშვებიც ქართულად გველაპარაკებოდნენ. როცა პატარებს ვეკითხებოდი, ქართული ვინ გასწავლათ-მეთქი, პაპამ და ბაბომო. ეს პასუხი მომავლის იმედს გვაძლევდა.

იმ დილით გამშვებ პუნქტზე ჩვეულებრივზე მეტი სამშვიდობო ჯარისკაცი იდგა, მაგრამ უპრობლემოდ გაგვატარეს, თუმცა, ცხინვალში  უსიამოვნო სიურპრიზი გველოდა. ის იყო,  კლიენტის სახლთან შევჩერდით, რომ სამხედრო მანქანა გაჩერდა და გაყოლა გვთხოვა. ვიკითხეთ, რა ხდებოდა. არაფერი გვიპასუხეს. მანქანაში ჩაგვსხეს. მეორე ავტომობილში ჩვენი პროდუქტი ჩააწყვეს და მილიციის სამმართველოში მიგვიყვანეს, სადაც 35-მდე მოვაჭრე  ქართველი ქალი  დაგვხვდა.  სამსაათიანი ლოდინის შემდეგ დაკითხვა დაიწყო. გვეკითხებოდნენ ვინაობას,  ეროვნებას, ცხინვალში ყოფნის მიზეზს. რიგებად მოწყობილნი,  ცხვრებივით მივყვებოდით მილიციელებს. ერთ-ერთი მილიციელი ქალი იყო. ოთხი ვარსკვლავი ჰქონდა სამხრეებზე. გაბრაზებული, თავისიანებს ეჩხუბებოდა, გაუშვით ეს ხალხი, რას სჩადიხართო?! მოგვიანებით გამოგვიცხადეს, საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო ჯარიმას გამოგიწერთ და გაგიშვებთო. გამეცინა, საელჩოსთან მიმიყვანეთ, ვიზა უნდა ავიღო, რომ აღარ დამაჯარიმოთ-მეთქი.

ოსურმა მილიციამ ჯარიმის სახით 200-200 რუსული მანეთი მოითხოვა. ერთმანეთში მოვიძიეთ ფული და ჯარიმა გადავიხადეთ. გვეგონა, ამის შემდეგ მაინც გაგვიშვებდნენ, არადა, ყველაზე შეურაცხმყოფელი და მძიმე განსაცდელი თურმე წინ გველოდა.”

მილიციის შენობიდან გამოსულებს გამოგვიცხადეს, ნიქოზისკენ ვერ გაგიშვებთ, გზა ჯარისკაცებმა გადაკეტესო.

მილიციამ ორ მწკრივად დაგვაყენა ქალები.  დატუსაღებულებს გვერდით სამხედროები, წინ და უკან კი მილიციის სირენებჩართული მანქანები მიგვაცილებდნენ. შუადღე იყო, მზე  საშინლად აჭერდა. ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა გაოცებული გვიყურებდა და ცდილობდა, ჩვენი დატუსაღების მიზეზი გაეგო.

დავინახე შეგროვილ ხალხს როგორ გამოეყო ერთი ჩემი კლიენტი ჟუჟუნა. ქალი მილიციელს მივარდა,  ან ის გამაგებინე რა ხდება, ან არადა ის ქალი გაუშვიო და ჩემზე ანიშნა. კაცმა ურჩია, ხმა არ ამოეღო, საქმე რომ არ გაერთულებინა.

კოლონა ნიქოზის საპირისპირო მხარეს დაძრეს. არაფრის გამო გამასხარავებულებმა და შეურაცხყოფილებმა ვიფიქრეთ, რომ ცხინვალის საპყრობილეში მივყავდით. არაქათგამოცლილები ძლივს მივღოღავდით.

ერთი  ქალი გვერდზე გადგა, დაღლილსა და გათანგულს სახეზე უსასოობა აღბეჭდვოდა, მერე ხელები აიფარა და ღრიალი აღმოხდა. მუხლებზე დაეცა და თავი ჩაქინდრა. ჩაიმუხლა და ტირილი დაიწყო. გზას ვეღარ განვაგრძობ და ვერც ტვირთს ვათრევო. ახალგაზრდა ოსი სამხედრო მიუახლოვდა,  მხარში შეუდგა, მეორე ხელით კი  ურიკა წამოიღო.

გავბედე და ბიჭს ვკითხე, ჩვენი მოკვლის ბრძანება რომ მოგცენ, რას იზამ-მეთქი? ამას არაფრით ჩავიდენო. ისეთი თვალებით შემომხედა, წამითაც  არ შემპარვია ეჭვი მის გულწრფელობაში. მერე ისიც გვითხრა, აქ იმიტომ ვართ, რომ უსაფრთხოდ მიგაცილოთო. თუ ასეა, ეს სპექტაკლი რაღა საჭიროა, ჩვენითაც ხომ გავიგნებდით გზას-მეთქი? მე მეტი არაფერი ვიციო, - მხრები აიჩეჩა.

თამარაშენამდე მიგვიყვანეს და დაგვტოვეს. მთელი იმ ხნის განმავლობაში თან დაგვდევდა რომელიღაც რუსული ტელეარხის ჟურნალისტების ჯგუფი. მოგვიანებით ტელევიზიით  ის კადრები ვნახე, მწკრივებად დაყოფილებს, გაუბედურებულებს ცხინვალის ქუჩებში რომ "მიგვაცილებს" ოსური მილიცია.  მივხვდი, ვინც ამღვრევდა ჩვენსა და ოსებს შორის წყალს, მაგრამ - რა? ორივე მხარე მაინც გვიმსხვერპლა მესამემ".