გვიშტიბში დარჩა - კვირის პალიტრა

გვიშტიბში დარჩა

ცოტა ხნის წინ ქართველი საზოგადოება შესანიშნავ ქართველ მწერალს, ოტია იოსელიანს გამოეთხოვა. მწერალი, მისი ანდერძის თანახმად, საკუთარი სახლის ეზოში დაკრძალეს.

ოტია იოსელიანმა სიკვდილის შემდეგაც არ ისურვა მშობლიური კერიიდან მოწყვეტა, საიდანაც მთელი სიცოცხლე  ჯიუტად არ იცვლიდა ფეხს და თავის გზაკვალარეულ თანამემამულეებსაც იმავეს მოუწოდებდა. თავისი ოფლით მოწეულს ჭამდა და სვამდა. მჭადით საზრდოობდა, პურს თავს არიდებდა, რაკი თავად ხორბალი ვერ მოჰყავდა.

სტუმრებსაც გვიშტიბში იღებდა, სადაც მათ არა მხოლოდ საკუთარი ხელით მოყვანილი ნატურალური პროდუქტით, არამედ თავისი განუმეორებელი”იუმორითაც უმასპინძლდებოდა.

ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია. სხედან, თურმე, საუბრობენ. უცებ ოტია წამოდგა, ეზოში გავიდა, იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და დაიქადნა:

- ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას, ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდებიო, თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა. მისდევს უკან შეშფოთებული დოჩანაშვილი, იცის მისი უცნაური ხასიათის ამბავი, ეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ აფიცებს - შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადაათქმევინოს განზრახული, სთხოვს, მე მაპატიეო იმისი ავკაცობა. არაფერმა გაჭრა და მიდიან ხეხილში ასე,  ჯაჯგურით. ბოლოს ღობის ძირას მოყელყელავე ალუბალს მიადგნენ. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება:“

- დღეს ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას, მაგრამ იცოდე,  გაისადაც თუ არ დაისხამ, ვეღარაფერი გიშველისო.

KvirisPalitra.Geჭამე? იმღერე!

- გთხოვთ, რამე შეგვისრულოთ, - ასეთ მიმართვას წვეულებაზე მოხვედრილი ვერც ერთი მუსიკოსი ვერ გადაურჩება ხოლმე და საზოგადოებას სულ არ აინტერესებს, არის თუ არა მაესტრო სიმღერისა და დაკვრის ხასიათზე.

ასე იყო ფრედერიკ შოპენის დროსაც. ერთ საზეიმო მიღებაზე, როდესაც სტუმრები სუფრიდან წამოიშალნენ, მასპინძელმა როიალისკენ მიუთითა შოპენს. ეტყობა, იმედი ჰქონდა, რამდენიმე ნაწარმოებს შეგვისრულებსო დესერტად. შოპენი ჯერ უარზე იდგა, მერე კი, მასპინძლის სიჯიუტით გაღიზიანებულმა, განაცხადა:

- ბატონო ჩემო, მე ხომ თითქმის არაფერი მიჭამია!

ასე და იქნებ უარესადაც აბეზრებდნენ თავს ცნობილ რუს ბარდს ვლადიმირ ვისოცკის. ერთხელაც ვისოცკის სუფრასთან ერთი გენერალი გადაეკიდა,  გინდა თუ არა, დაუკარიო. მომღერალმა იუარა.  გენერალი არ მოეშვა - შენი საქმე ეგ არის, უარს როგორ მეუბნებიო. მაშინ ვისოცკიმ საპასუხოდ სთხოვა,–შენ ხომ სამხედრო ხარ, მოდი, ერთი-ორი  გაისროლეო.

ლადო გოგუაძე