უბერებელი და თანამდევი - სული საქართველოსი - კვირის პალიტრა

უბერებელი და თანამდევი - სული საქართველოსი

რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მისგან დახატული საქართველო ყოველთვის დარჩება ფიქრისა და განსჯის საგნად

28 ივლისიდან სერიით, "ჩემი რჩეული" ჟურნალ "გზასთან" ერთად მიხეილ ჯავახიშვილის შვიდტომეულის გამოსვლა დაიწყო

მიხეილ ჯავახიშვილი - წამებული მწერალი, რაინდი, საქართველოს სინდისი... მისი უკვდავი ქმნილებები მართლაც რომ დროში გამოიცადა. რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მისგან დახატული საქართველო თავისი წაღმართ-უკუღმართი ნაბიჯებით ყოველთვის დარჩება ფიქრისა და განსჯის საგნად. ის თანამედროვე მწერალია, მიუხედავად იმისა, რომ ცოტაც და მისი დახვრეტიდან საუკუნე გავა... ის არა მარტო თანამედროვე მწერალი, თანადროული მწერალიცაა, რადგან ასი წლის წინ წერდა იმაზე, რაც დღეს გვაქვს - უბრალოდ სახელები იყო სხვა... ტკივილი და სათქმელი იგივე.

პოლიტიკურ პერიპეტიებში ვინ იცის რამდენჯერ გაგვიკილავს მავანი - სავარძელი უნდაო. აკი, ასე ყოფილა სულ, აი თუნდაც XIX საუკუნის დასაწყისში შეთქმულებისას... რაზე საუბრობდნენ  ბრწყინვალე თავადები? მიხეილ ჯავახიშვილი წერს: "შეშფოთებული მეთაურები კარგა ხანს ჩურჩულებდნენ და არკვევდნენ, მზად ჰქონდათ ყველაფერი თუ კიდევ უნდა გადაედოთ. ბოლოს დაადგინეს, რომ ყველანიც მზად არიან და ყველაფერიც გამორკვეულია: რუსის ჯარს რომ განდევნიან, დროებითს მთავრობას შეადგენენ. სამხედრო მინისტრად ალექსანდრე ჭავჭავაძეს დანიშნავენ. ფინანსებისას - ნიკო ფალავანდიშვილს, შინაგან საქმეებისთვის კონსტანტინე მუხრან-ბატონი გამოდგება, ხოლო განათლების მინისტრობა იაგორა ჭილაშვილზეა ზედგამოჭრილი.

შემდეგ ბაგრატიონთა ტახტს აღადგენენ და ზედ მეფეს დასვამენ. მართალია, ტახტი რუსებმა წაიღეს, მაგრამ არა უშავს რა, ჯერჯერობით მდიდრულად მორთული სითაკანიც გამოდგება. მაგრამ რომელ ერთს დასვამენ ამ ტახტზე? ვის მოიწვევენ? მსურველი ბევრია: ბაგრატი, თამარი, ფარნაოზი, თეიმურაზი, მიხეილი, დიმიტრი, ოქროპირი, სოლომონ მეფის ჩამონავალნი: ვახტანგი, ტარიელი და კიდევ რამდენიმე კანონიერი და უკანონო მემკვიდრე ერეკლესი, გიორგისა და სოლომონისა.

ცხადი იყო, რომ რუსების განდევნის შემდეგ იმპერატორი ნიკოლოზი არც ერთ მათგანს არ გამოუშვებდა. მაშ ისიც ცხადი იქნებოდა, რომ იმ ტახტზე ალექსანდრე ბატონიშვილი უნდა ასულიყო და ყველაზე უკეთ ეს აუცილებლობა მისმა დისწულმა ალექსანდრე ორბელიანმა იცოდა. პირადად მას დროებითს მთავრობაში ერთი სკამიც არ დარჩა, მაგრამ ეს არაფერია: “საქმეს” სხვები აკეთებენ. ხოლო მომავალმა მინისტრებმა ისიც ძლივს იციან (გარდა ნიკო ფალავანდიშვილისა), რომ ორბელიანები, ერისთავები, ჩოლოყაშვილები, ჯავახიშვილები, მაჩაბლები, დოდაშვილი, რაზმაძე და კიდევ უამრავი შეთქმული მათთვის სამინისტრო კვერთხებს სჭედავდნენ, რომელიც მათ მჭედლებს შემდეგ ხუნდებად გადაექცეოდათ.

შეთქმულთა მეთაურები თავმდაბალნი არიან, რადგან მათ ისიც იციან, რომ ხვალინდელი ალექსანდრე მეფე პირუთვნელად განსჯის ყოველივეს და ყველა მათგანს ღირსეულ ალაგს მიუჩენს.

მართალია, ოქროპირსა და დიმიტრი ბატონიშვილებს რესპუბლიკისკენ ეჭირათ თვალი, რადგან ამათაც შეჰპაროდათ “ვოლტერიანობის ჭირი” და, უფრო კი იმიტომ, რომ ტახტის უდავო მემკვიდრე არ მოჩანდა, და ამიტომ ეშინოდათ ხელახლა არ შეეჭამათ ერთმანეთიც და საქართველოც. მაგრამ მათი ხმა შორეულ რუსეთიდან მეტად სუსტად მოისმოდა და შეთქმულებს ოდნავ ღიმილსაც კი ჰგვრიდა ხოლმე.

მაშ ესე: რესპუბლიკა საქართველოსთვის ნაადრევი ხილია და ძველებური მეფობაც უკვე დრომოჭმულია, ამიტომ ინგლისს მიჰბაძავენ და ორნაირ დარბაზს დააარსებენ. ზემო დარბაზის თავმჯდომარედ მეფე იქნება, ქვემო დარბაზი კი თვითონვე აირჩევს მეთაურს. თითო მაზრას თითო წარმომადგენელი ეყოლება, რომელსაც მხოლოდ თავადაზნაურობა, სამღვდელოება და მოქალაქენი აირჩევენ, ყმები კი კათაკმეველნი არიან და ისევ ყმებად დარჩებიან. მაზრას მეფის მიერ დანიშნული მდივანი განაგებს, რომელსაც რამდენიმე შემწე ეყოლება - თავადი, აზნაური, მღვდელი და მოქალაქე, გლეხი კი - გლეხი მუდამ ითმენდა და ახლაც კამეჩივით მოითმენს...

მაშ ეს საქმეც მოგვარებულია. დარჩა მხოლოდ “უმცირესი რამ”- როგორ განდევნონ რუსის ჯარი"...

ვაი და ვაი რომ მართლაც ასე იყო... მას მერეც ასე იყო, რაც  1832 წლის შეთქმულებიდან კარგა დრო გავიდა და რუსული ჩექმის ზომა და სიმძიმე ბოლომდე იგემა საქართველომ. მერეც, როცა საბჭოთა მთავრობა მოვიდა და მერეც, როცა "პერესტროიკამ" გადააკეთა... ახლაც, როცა თავისუფლები ვართ ისევ ასეა... მიხეილ ჯავახიშვილი, როგორც საქართველოს "მაჯაშისა შემტყობარი" ხედავდა ამ მანკიერ მხარეს, ხედავდა და წერდა...

ამიტომაც არის უბერებელი და თანამდევი სული საქართველოსი, მისი სინდისი და პატიოსნება...

საქართველო კი ისევ მოლოდინშია. ყველაფერი ნაწილდება და იყოფა - ფუნქციები, თანამდებობები. "ნანატრ დროებას კი უმცირესი რამ ისევ გვაშორებს"...

ამიტომაც მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება მართლაც რჩეულ და სამაგიდო წიგნებად ექცევა  მკითხველს.