სიცხით გათანგულები - კვირის პალიტრა

სიცხით გათანგულები

რა ხერხს მიმართავენ ქართველი ქალები სიცხისგან თავის დასაღწევად

ივლისის მიწურულს თაკარა მზით შეწუხებულ საქართველოს მოსახლეობას ახლა მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს - რა გველის აგვისტოში, რა ნიშნულს მიაღწევს თერმომეტრი ან როდის აგრილდება ცოტა ხნით მაინც.

ერიდეთ მზის დაკვრას

ჰაერის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით მოქმედებს მოხუცებზე, ქრონიკულ ავადმყოფებზე, ბავშვებზე; დაბალი შემოსავლის მქონე პირებზე და ყველაზე, ვისაც ბინაში კონდიციონერი არ აქვს დამონტაჟებული.

ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არსებობს: როგორმე მოერიდეთ მზეს და ფიზიკურ დატვირთვას. შეეცადეთ, ცხელი პერიოდი გაატაროთ საცხოვრებელი სახლების ყველაზე დაბალ სართულებზე ან სარდაფებში, სადაც სიგრილეა. ამასთან, მოიმარაგეთ და სვით რაც შეიძლება ბევრი სითხე, მათ შორის - მინერალური წყალი.

თბილისელი ქალბატონების ერთმა ნაწილმა, რომლებმაც მეუღლეებს დღემდე ვერ გადააწყვეტინეს კონდიციონერების დადგმა, თურმე სიცხისგან თავის დაღწევის შემდეგ ხერხს მიმართა - დადიან თბილისში მომრავლებულ უზარმაზარ სავაჭრო ცენტრებში, სადაც კონდიცირების უმაღლესი ტექნოლოგიების წყალობით ძალიან გრილა და ერთბაშად ორმაგ სიამოვნებას იღებენ - დროს მრავალფეროვნად, მაღაზიებში სიარულსა და ახალი, სასურველი ნივთების შეძენაში და თანაც სიგრილეში ატარებენ, საღამოს კი მათი მეუღლეები იღებენ მზის დარტყმას. როგორია, ყოველდღე ცოლი ახალ-ახალი შენაძენით ხელდამშვენებული რომ დაბრუნდება შინ და კიდევ ერთხელ შეგახსენებს, რა გახდა ერთი კონდიციონერიო! ისე, მართლა, რა გახდა ერთი კონდიციონერი, რომელიც, ქართული ხელფასების ოდენობის  მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულაც არ არის იაფი...

თბილისში სიცხისგან გაბეზრებული საზოგადოების ის ფენა, რომელსაც არც კონდიციონერის შეძენის თავი აქვს და ვერც ზღვაზე, მთაში ან საცურაო აუზებზე დადის, ქალაქში ბოლო ხანს მომრავლებული შადრევნების იმედად არის დარჩენილი და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამბობენ, რომ შადრევნები არ ჰყოფნით. მოკლედ, მცხუნვარე ზაფხული მოწმობს, რომ "შადრევან პირველად" წოდებული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ თავისი თვალის გასახარად არ აკეთებს შადრევნებს...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,  ჯემალ დოლიძე:

- ბატონო ჯემალ, რამ გამოიწვია ასეთი სიცხე საქართველოში?

-  რამდენიმე დღეა, ცხელი  ჰაერი ვრცელდება ეგვიპტიდან და სირიიდან. ამიტომაც ატმოსფეროც გაჭუჭყიანებულია. სამხრეთიდან შემოსულ ცხელი ჰაერის ნაკადს თან მოჰყვება მტვერი. შეამჩნევდით, ამის გამო, ცა, ფაქტობრივად, არ არის ლურჯი. გაზეთის გამოსვლის დროისთვის უკვე გადავლილი იქნება ტემპერატურის პიკი დასავლეთ საქართველოში და ტემპერატურა 5-6 გრადუსით დაიწევს. თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში კი სიცხე პიკს 1 და 2 აგვისტოს მიაღწევს. კოლხეთის დაბლობზე ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს. შესაძლოა, 42-43 გრადუსზეც ავიდეს. იგივე მოხდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, უფრო კახეთსა და ქვემო ქართლში.

- თბილისში როდის აგრილდება?

- 4 აგვისტოდან ნორმალური ზაფხულისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა გვექნება თბილისშიც. შესაძლოა, წვიმაც მოვიდეს...  საქართველოში რომ აგრილდეს, ჩრდილოეთიდან ან დასავლეთიდან უნდა დაგვიბეროს. არასასურველია რუსეთიდან პოლიტიკური ჰაერის გადმოადგილება, მაგრამ მეტეოროლოგიურად რუსეთიდან მონაბერს სიგრილე მოაქვს.

- როდის იყო თბილისში ყველაზე ცხელი ზაფხული?

- ჩემი მუშაობის პერიოდში ყველაზე ცხელი ზაფხული მახსოვს შარშან - 2010, 2000 და 1966 წელს. შარშან ნალექი იყო, წლევანდელისგან განსხვავებით. 2000 წელს კი მთელი აგვისტო თაკარა იყო და 42-43 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა.

როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან

სითბური დაკვრა სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. თერმოსარეგულაციო სისტემა ვეღარ მუშაობს,  ორგანიზმი ოფლის გამოყოფას წყვეტს და სხეულის ტემპერატურა იმატებს. მოსალოდნელია ტვინის დაზიანებაც.

სითბური დაკვრის ნიშნებია: ცხელება (ზოგჯერ 400ჩ და მეტიც კი); გონების დაბინდვა, ცნობიერების დაკარგვა; მშრალი, ცხელი, წითელი კანი; ჩქარი, ზედაპირული სუნთქვა;  სუსტი პულსი; გულყრა. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს წააწყდით, გადაიყვანეთ გრილ ადგილას, გახადეთ ტანსაცმელი, სხეულზე წაუსვით სველი ნაჭერი, ყოველ 15 წუთში ერთხელ, სვენებ-სვენებით დაალევინეთ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი. თუ დაშავებული აღებინებს ანდა გონება დაკარგა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, სასწრაფოს მოსვლამდე კი ფეხები შემაღლებულზე დააწყობინეთ, სხეულზე სველი ზეწრები შემოახვიეთ. თუ საშუალება გაქვთ, იმ წერტილებში, სადაც მსხვილი არტერიები კანთან ახლოს გადის (მაჯებთან, კოჭებზე, იღლიებში, კისერზე) ნაჭერში გახვეული ყინულის პარკები დააწყვეთ.

ნუ მისცემთ ავადმყოფს სიცხის დამწევ საშუალებას, ისინი ვერაფერს არგებს და შესაძლოა, ზიანიც მიაყენოს.

ნუ დაუზელთ სხეულს ალკოჰოლით. ის კანის ფორებს დაახშობს და ტენის აორთქლებას (შესაბამისად, გაგრილებას) გააძნელებს.  ნუ დაალევინებთ ალკოჰოლის ან კოფეინის შემცველ სითხეს. ასეთ სასმელს შარდმდენი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს.

ექიმების რჩევით, თაკარა სიცხეში უნდა ვსვათ უბრალო მინერალური წყალი. ვატაროთ ღია ფერის მსუბუქი, ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი. სიცხეში ვერიდოთ ფიზიკურ აქტიურობას.

გავრცელებული ინფორმაციით, 2003 წელს ევროპაში ცხელი ტალღების დროს 35.000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 14.800– - საფრანგეთში.