წინ მარადისობაა! - კვირის პალიტრა

წინ მარადისობაა!

ღმერთს ებარებოდეთ ბატონო ოთარ

"რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათდა უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს უნდათ თუ არა, მიწაში სძინავთ", - ეს სიტყვები წაკითხვის მერე არაერთხელ გამხსენებია, ყოფილი ფერებითა და ხმებით სავსე დედამიწაც წარმომისახავს თვალწინ და გულიც ამომჯდომია, რადგან სხვანაირად ვერ წავიკითხავდი ყველაზე მართალ ფიქრსა და განცდას, ქართველი კლასიკოსის, ოთარ ჭილაძის კალმით უკვდავყოფილს.

დრო ძველებურად გადის, საათს საათი მისდევს, დღეს - დღე. ვინ იცის, რამდენმა ფერმა და ხმამ ჩაიარა გაშლილ ხელისგულში, თითებს შორის... ჩამოიცალა ქვიშასავით და მდინარიდან პეშვით ამოღებული წყალივით. რამდენჯერ დასწყდებოდა გული 76 წლის მანძილზე ბატონ ოთარს დრო-ჟამით "ყოფილად" ქცეულ ხმებსა და ფერებზე...

და წერდა! წერდა სიცოცხლის სიყვარულით -  ადამიანებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, გოდორში ჩასახულ უბედურებასა და  თავისუფლების შეგრძნების ბედნიერებაზე...

უყვარდა ძლიერ ფეხზე მდგარი ულამაზესი ხეები. თვითონაც ყოველთვის ძლიერად იდგა მიწაზე, რომელიც ათას სიცოცხლეს იკრავდა გულში.

შექმნილ სიტუაციაზე არაერთხელ უკითხავს, ახალგაზრდები რას ფიქრობთო... თქვენ უნდა ამბობდეთ სათქმელს, უნდა წერდეთ გაზეთში სიმართლეს. ვცდილობთ და მაქსიმალურად ვიცავთ ობიექტურობას-მეთქი, ვპასუხობდი. კიდევ მეტია საჭირო. თუ საჭიროა, ძალიან მკაცრებიც უნდა იყოთ, სიმართლეს თვალი არასოდეს აარიდოთო. და მერე, დიდხანს ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდებოდა...

ყოველთვის სინდისი მქენჯნიდა, როცა დარეკვისას, ან შეხვედრისას ეტიკეტით გათვალისწინებულ კითხვას ვუსვამდი: როგორ ბრძანდებით, ბატონო ოთარ... პასუხი ვიცოდი - ისე, როგორც საქართველო. ბოლო წუთამდე არაფერი შეცვლილა...

გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ სულ უკანასკნელ ინტერვიუში ბატონმა ოთარმა გვითხრა: "სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერ გამოიგონებ და ვერც სურვილისამებრ აირჩევ - ღმერთის საჩუქარია - და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, გვევალება კიდეც, გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაც სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს... ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და  ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც... ყველაფერი, რითიც საკუთარ ვინაობას ადასტურებს და მეობას წარმოაჩენს ადამიანი. ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად, მარადიულ ცეცხლში, მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გაგვფანტოს ქარმა, არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მიგვამატოს ცად და მიწად. ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს - წინ მარადისობაა!"

ოთარ ჭილაძე უკვე მიემატა მშობლიურ ცასა და მიწას ცად და მიწად... კიდევ ერთხელ გადაიქცა ქართულ კლასიკად ქცეული ფერები და ჟღერადობა მარადისობად.