წლის საინფორმაციო სააგენტოდ "ინტერპრესნიუსი" დასახელდა - კვირის პალიტრა

წლის საინფორმაციო სააგენტოდ "ინტერპრესნიუსი" დასახელდა

"სახე(ლ)ებმა" 2011 წლის სახეები და სახელები გამოავლინა და გამარჯვებულები დააჯილდოვა

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამომცემლობა "სახე(ლ)ებმა" 2011 წლის სახეები და სახელები გამოავლინა და გამარჯვებულები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ დასახელებული სახეები და სახელები ყოველწლიური გამოცემის მე-9 ტომში შევა. ღონისძიებაზე სულ 25 ნომინაცია იყო დაწესებული და, შესაბამისად, სხვადასხვა ნომინაციაშიც 25 ადამიანი დაჯილდოვდა.

საამაყო და სასიხარულოა, რომ წლის საინფორმაციო სააგენტოდ "ინტერპრესნიუსი" დასახელდა. IPN-ისა და მედიასახლ "პალიტრის" წარმომადგენელს, მედიასახლის კრეატიულ დირექტორს მარიკა დარჩიას ეს საპატიო ჯილდო საზეიმოდ გადასცეს.

როგორც გამომცემლობა "სახე(ლ)ების" მთავარმა რედაქტორმა ნანა აკობიძემ განაცხადა, "ინტერპრესნიუსი" ნომინანტად შეარჩიეს სწორედ იმიტომ, რომ ეს სააგენტო დღეს ყველაზე ოპერატიული და ობიექტურია. ნანა აკობიძემ სურვილი გამოთქვა, რომ წლების შემდეგაც "ინტერპრესნიუსმა" ეს სტატუსი არ დაკარგოს და გამორჩეულ მედიასაშუალებებს შორის მომავალშიც მოხვდეს.

მარიკა დარჩია: - ძალიან სასიხარულო იყო, რომ წლის საუკეთესო საინფორმაციო სააგენტოდ "ინტერპრესნიუსი" გამოცხადდა.  სააგენტომ სპეციალური პრიზი ობიექტურობისა და ოპერატიულობისათვის მიიღო. ჩატარდა აუქციონიც. გამარჯვებულებს აუქციონზე გასაყიდად რაიმე ნივთი უნდა წარედგინათ. ეს ამ ღონისძიების ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მხარე გახლდათ. აუქციონიდან შემოსული სოლიდური თანხა - 23 ათასი ლარი, ორი მიმართულებით განაწილდება: ნაწილი გადაეცემა სუბსიდიების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიების მიხედვით, საქართველოს ყველა რეგიონში ას წელს გადაცილებულ 75 უხუცესს, მეორე ნაწილი კი ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებულ პალიატიური მზრუნველობის ცენტრს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, აუქციონზე გაგვეტანა სრული ტომეული გამოცემისა "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ეს არის 50 წიგნისა და 60 ტომისაგან შემდგარი მაღალმხატვრულად გაფორმებული და მაღალი ხარისხის მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების სერია. ვაჭრობა დაიწყო 300 ლარიდან და წიგნები 1.000 ლარად შეიძინა ირაკლი გურჩიანმა - "ტოიოტას" დირექტორმა. რაც გამოცემული გვაქვს, უკვე გადაეცა მას, დანარჩენს, რასაც გამოვცემთ, შინ გავუგზავნით".

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ აუქციონზე შემოსული თანხა მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდება.

ნანა აკობიძე -"სახე(ლ)ების" ორგანიზატორი:

- კმაყოფილი ვარ, რომ საქველმოქმედო აუქციონზე უპრეცედენტო თანხა შეგროვდა. ეს ორმაგად სასიამოვნოა. შეგროვილი თანხა ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდება.

ას წელს გადაცილებული მოხუცები საქართველოს ყველა რაიონში არიან. მათი რიცხვი რვაასამდეა. ისინი ქართულ ტრადიციებს ინახავენ. "სახე(ლ)ები" ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მათი მრავალწლიანი ცხოვრების საიდუმლოზე გვიამბობს. საქველმოქმედო აუქციონზე შემოსული თანხის ნაწილი 75 უხუცესზე განაწილდება - თითო რაიონის თითო უხუცესზე.

რაც შეეხება პალიატიური მზრუნველობის ცენტრს, ეს მრავალპროფილიანი მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის შემსუბუქება, სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელ დღეებში როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. საქართველოში ორი პალიატიური ჰოსპისი მუშაობს:

ერთი - ონკოცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერიცვალების დედათა მონასტერში. მონასტრის ჰოსპისი 2003 წელს გაიხსნა და ამ ტიპის პირველი დაწესებულებაა საქართველოში. იგი უცხოელი პარტნიორების ფინანსური დახმარებითა და მრევლის შემოწირულობებით ფუნქციონირებს. მონასტერთან არსებულ კოლეჯში მოწყალების დებს ამზადებენ. აუქციონზე შემოსული თანხის მეორე ნაწილი კოლეჯს გადაეცემა, რათა მეტი მოწყალების და მოემზადოს მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად.

2011 წლის გამარჯვებული სახეები და სახელები ყოველწლიური გამოცემის მეცხრე ტომში შევა. სულ 25 ნომინაცია იყო დაწესებული. "საუკუნის სახელების" ნომინაციაში დაჯილდოვდნენ  თენგიზ არჩვაძე, ლიანა ასათიანი, ფრიდონ სულაბერიძე, ლიანა ისაკაძე, ზურაბ ნიჟარაძე, შოთა ნადირაშვილი, გურამ დოჩანაშვილი და გულიკო ჩაფიძე. მათ პარალელურად გამოცხადდნენ და საპატიო ჯილდოები გადაეცათ წლის სახეებსაც.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საუკუნის სპექტაკლად დასახელდა რუსთაველის თეატრის სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები", წლის ტელეპროექტი გახდა "რუსთავი 2"-ის პროექტი "ნიჭიერი",  წლის წიგნი გახდა "პრაიმ ტაიმის" მიერ გამოცემული "გმირი", წლის ბიზნესკომპანია - "ტოიოტა", წლის მედიასაშუალებად დასახელდა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი".

ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. რაც უფრო რთულია დრო, მით მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ ისევ იქმნებოდეს საინტერესო სპექტაკლები, იწერებოდეს წიგნები, ხატავდნენ მაღალი დონის სურათებს, ვითარდებოდეს ბიზნესი და არ გვავიწყდებოდეს მოყვასი, რომელსაც თანადგომა სჭირდება. და რაც მთავარია, ოპერატიულად და სიმართლით შეგვეძლოს ყველაფრის გადმოცემა. ამ თვალსაზრისით მედია საშუალებას უდიდესი ფუნქცია ეკისრება. ეს ფუნქცია კი ჩვენს რთულ დროში მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. მედიასახლ "პალიტრის" საინფორმაციო სააგენტოს, "ინტერპრესნიუსის" მიღებული ჯილდო ამიტომაც გვახარებს განსაკუთრებულად.