გახდება თუ არა 033 ფასიანი - კვირის პალიტრა

გახდება თუ არა 033 ფასიანი

უსასყიდლოდ შეიძლება მაშველებიც ვეღარ გამოიძახოთ

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გადაკეთდა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სამსახური, დედაქალაქში არსებული სხვა კერძო სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მსგავსად, არის  კერძო კომპანია. თუმცა ახალი კერძო კომპანია ინარჩუნებს სახელმწიფოსთან ურთიერთობის პარიტეტულ საწყისს,  ანუ სახელმწიფო აღარ აფინანსებს ბიუჯეტიდან, მაგრამ მისი, როგორც სსიპ-ის პაკეტის ნახევრის მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მთავრობას ასევე განზრახული ჰქონია სსიპ-ად გადააკეთოს მერიის ”საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რაც ალბათ, იმას ნიშნავს, რომ თუ გაჭირვებაში ჩავარდით, უსასყიდლოდ მაშველების გამოძახებაზე არც უნდა იფიქროთ!

ამბობენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური  ფასიანი 2012 წლიდან გახდებაო. "კვირის პალიტრა" მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა და გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტება სთხოვა.

-  გახდება თუ არა სასწრაფო დახმარება ფასიანი და როდიდან?

- სასწრაფო სამედიცინო დახმარება ფასიანი არ გახდება. მსგავსი ინფორმაცია საიდან გავრცელდა, ჩვენთვის უცნობია, ჩვენ ამ ფაქტს არ ვადასტურებთ.

- რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

- აღნიშნული სფერო მოითხოვს განვითარებას, სწორედ ამიტომ გადაწყდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება. შედეგად, თბილისელების მომსახურების ხარისხი  გაიზრდება.

- და თუ მაინც სასწრაფოს გამოძახება ფასიანი გახდება, რა ეშველება სოციალურად დაუცველ ფენას, რომელსაც ექიმის გამოძახება არ შეუძლია და მისი ბედი სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზეა დამოკიდებული?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, სასწრაფო სამედიცინო მომსახურება ფასიანი არ გახდება და შესაბამისად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ისევე, როგორც ყველა სხვა კატეგორიის თბილისელი, უფასოდ ისარგებლებს სასწრაფოს მომსახურებით.

P.S. თბილისელებს კარგად გვახსოვს, როგორ გვარწმუნებდნენ მერიის წარმომადგენლები, რომ ქალაქში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა არ გაძვირდებოდა, თუმცა... ვეჭვობთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია 033-ის ფასიან მომსახურებაზე შესაძლოა მართალი გამოდგეს!