"ქართული პარტიის" განადგურების ავტორი კიწმარიშვილია" - კვირის პალიტრა

"ქართული პარტიის" განადგურების ავტორი კიწმარიშვილია"

"ლევანი გიჟი ხომ არ არის, გეგმა გაეცა და შვილები 26 მაისს დასარბევად განწირულ აქციაზე დაეყენებინა?"

"სოზარს თუ უნდა, ღირსება არ შეელახოს, სიმართლე თქვას"

"საქართველო, როგორც სახელმწიფო, ნელ-ნელა რუკიდან იშლება. აქ ქართველი ხალხის აწმყოსა და მომავლის ადგილი აღარ დარჩა. საქართველო გააფთრებული ბრძოლის ასპარეზად იქცა და ამას ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული ძალა, რომლის ერთი ნაწილი რუსეთის სამსახურშია, მეორე კი - აშშ-ის. ეს პრობლემა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გაუთავებელი შიდადაპირისპირებები", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომელიც პარიზში "ქართული პარტიის" წევრების შეხვედრას ესწრებოდა.

- პარიზში ირაკლი ოქრუაშვილმა დამპატიჟა. თვითმფრინავის ბილეთებიც საფრანგეთიდან მომივიდა, თორემ "ქართული პარტიის" შეკრებაზე მე არაფერი მესაქმებოდა...

- ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისი დაბრუნების გეგმა გაჩეჩილაძემ გაყიდა.

- ირაკლი ლაპარაკობს საერთო გეგმის გაცემაზე, რომლითაც ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა უნდა მიეყენებინათ. ამ გეგმის ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება ყოფილიყო მისი ჩამოსვლა. არც ერთ ნორმალურ ადამიანს აზრად არ მოუვიდოდა ირაკლისთვის ეკითხა, რა გზით აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. ცხადია,  ლეგალური გზით ოქრუაშვილის საქართველოში მოხვედრა შეუძლებელი იყო.

- "ქართულმა პარტიამ" წარმოადგინა თვითმფრინავის ბილეთები, რომლითაც ოქრუაშვილი და კოტე გოგელია უნდა ჩამოსულიყვნენ.

- აი, ეს არის სწორედ კიწმარიშვილის ხელწერა. მთელ ამ საქმეში ნათლად გამოჩნდა მის პროპაგანდაზე  და სიყალბეზე აგებული "ნაციონალური მოძრაობის" აზროვნება. კიწმარიშვილი ცდილობდა, "ქართული პარტია" გაეხლიჩა და ერთმანეთისთვის მოეცილებინა ორი ძლიერი ფრთა - ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, მათ გარშემო შეკრებილი საზოგადოება და ირაკლი ოქრუაშვილი, სოზარ სუბარი და ის ჯგუფი, რომელიც მათი მხარდამჭერების სახით იყო წარმოდგენილი "ქართულ პარტიაში". კიწმარიშვილმა ამას მიაღწია. კოკა გუნცაძე ჩამოსცილდა "ქართულ პარტიას", მთელი ფინანსური წყაროები, რომელსაც ერთხანს გუნცაძე აკონტროლებდა, კიწმარიშვილის ხელში გადავიდა. თანხები, რომელზეც ოქრუაშვილი ლაპარაკობს, ეროსისთან არის მოსაკითხი.

-  კიწმარიშვილს რატომ უნდოდა "ქართული პარტიის" გახლეჩა?

- კიწმარიშვილის არასოდეს მჯეროდა და ამიტომაც ცოტა განცალკევებით ვიდექი "ქართული პარტიისგან", მიუხედავად იმისა, რომ იქ იყვნენ ჩემი მეგობრები და ჩემთვის საიმედო კაცი სოზარ სუბარი. საფრანგეთში მოვისმინე, რა გზით აპირებდა "ქართული პარტია" სააკაშვილის მოცილებას და საიდუმლო არაფერი ყოფილა. სახალხო ამბოხება თავისთავად გამორიცხავდა საიდუმლოებას, რაც შეიძლებოდა მერაბიშვილს ან სააკაშვილს ეყიდათ. იქ იყო გია გაჩეჩილაძეც და ვილაპარაკეთ ""საკანი #5"-ის" მსგავს გადაცემაზე. ლაპარაკი ამ გეგმის გაყიდვაზე უსამართლო და შეურაცხმყოფელია არა მარტო ლევან გაჩეჩილაძისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც წლების განმავლობაში მასთან ერთად იბრძოდა. როდესაც 50 ათასი კაცი რაღაცის გაკეთებას აპირებს, როგორ შეიძლება ეს საიდუმლო იყოს? მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ისმინება და ყველგან შადიმანები არიან ჩანერგილი. ოქრუაშვილმა ეს ინფორმაცია შეიძლება მიიღო მერაბიშვილისაგან (რასაც არ დაიჯერებდა) ან საკუთარი პარტიიდან. გამოვრიცხავ, რომ ოქრუაშვილს გუნცაძემ და სუბარმა უთხრეს რამე, რჩება კიწმარიშვილი. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ვიღაცის ნალაპარაკებს იმეორებდა და ეს "ვიღაც" კიწმარიშვილია.

- ოქრუაშვილმა თქვა, რომ გაჩეჩილაძემ 25 მაისის შემდეგ ვალები გაისტუმრა, რომ მისი შენახვა ძვირი ჯდებოდა.

- რას ნიშნავს ლევანის შენახვა? როგორც ირაკლის განცხადებაში მოვისმინე, თვითონ პარტიის დაფინანსებაში არ მონაწილეობდა. პრეტენზია პარტიის დამფინანსებელს, კოტე გოგელიას უნდა ჰქონდეს. მაგრამ მისგან ჯერ არაფერი ისმის. ოქრუაშვილს ლევანისთვის რაიმე თანხა თუ აქვს მიცემული პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად, უნდა თქვას. ლაპარაკია 5 მილიონზე, რომელიც თითქოს ლევანს გადასცა მერაბიშვილმა თუ სააკაშვილმა. კარგად ვიცი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ჰაერში ფულს არ გადაიხდიან.

- ოქრუაშვილმა თქვა, რომ გაჩეჩილაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად ვიდეოფაილებს გამოაქვეყნებს.

-  აქაც კიწმარიშვილის ხელწერას ვხედავ. რაკი არ ვიცოდით, რომ ჩვენი შეხვედრები იწერებოდა, ე. ი. ფარულად იწერებოდა. ამას კიწმარიშვილის გარდა ვერავინ მოიფიქრებდა.

ვიცი, რატომაც უტევენ გაუთავებლად  გაჩეჩილაძეს, - იმიტომ, რომ  მან სააკაშვილს სილა გააწნა, არჩევნები  მოუგო და როგორც პოლიტიკოსი, მიწასთან გაასწორა.

ირაკლი 4 წელია ქვეყანას მოწყვეტილია და არ იცის, აქ რა ხდება. გაპონები "ქართულ პარტიაში" ეროსი კიწმარიშვილის გარდა, სხვებიც არიან და ირაკლის არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

- ბოლო განცხადების შემდგომ ხომ არ გიცდიათ ირაკლი ოქრუაშვილთან საუბარი?

-  კარგად ვიცოდი, რომ არანაირი მრისხანების დღე არ იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი საპნის ბუშტი იყო, რომელიც ირაკლის თბილისიდან მისდიოდა. ირაკლის რამდენიმე წერილი გავუგზავნე კიდეც. მერე ჩვენ შორის წერილობითი კავშირიც შეწყდა და მივხვდი, საითაც გადაიხარა სასწორი. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული პარტია" გაერთიანებაზე ლაპარაკობდა და ამისთვის გუნცაძე და გაჩეჩილაძე  ყველაფერს აკეთებდნენ, ფარული ძალები ყველანაირად ცდილობდნენ,  ერთობა არ შემდგარიყო. თუ გაერთიანება უნდოდათ, რატომ კეთდებოდა განცხადებები, რაც გაერთიანებას ხელს უშლიდა.

- "სახალხო კრებასთან" რომ ვერ გაერთიანდნენ, ოქრუაშვილმა ლევან გაჩეჩილაძე დაადანაშაულა, - ბურჯანაძე დააჯერა, რომ რუსეთის გზით შემოვდიოდიო.

- ბურჯანაძემ ამას პასუხი უკვე გასცა. ის არ არის ისეთი ადამიანი, რომლის გაპამპულავება იოლია. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, რაც მის ოჯახს შეხვდა, ბურჯანაძე მაინც იმავე გზას ადგას, რაც სწორად მიაჩნია. მისი გამბედაობა ჩემთვის სამაგალითოა.

- როგორც ამბობთ, ლევან გაჩეჩილაძეზე შეტევა სააკაშვილს სჭირდებაო და ეს არ იცის ოქრუაშვილმა?

- სწორედ ამაშია ირაკლის პასუხისმგებლობა. საზოგადოებამ ოქრუაშვილის განცხადება ცილისწამებად და უღირს საქციელად აღიქვა. ოქრუაშვილმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. ირაკლის შეუძLლია თავისი შეცდომები დაინახოს და გამოასწოროს. ის ლევანის ღირსებას შეეხო და ეს შეცდომა გამოსასწორებელი აქვს.

ეროსი კიწმარიშვილი მთელი ცხოვრება სააკაშვილზე მუშაობდა და რატომ შეიცვლიდა ნირს? "ქართული პარტიის" გახლეჩისა და განადგურების ავტორი კიწმარიშვილია.

- ოქრუაშვილის ბრალდებას ლევან გაჩეჩილაძემ მხოლოდ ერთი წინადადებით უპასუხა, მართალი ვარო, მაგრამ მეტის თქმა მოუწევს სიმართლის დასამტკიცებლად.

- ვეთანხმები ლევანს, რომ ამ ამბავში ჩარევას აზრი არა აქვს.  Yმოვუწოდებ სოზარ სუბარს, თუ უნდა, ღირსება არ შეელახოს, სიმართლე თქვას. სილაში თავის ჩაყოფა არ გამოვა. სოზარი პარტიის თავმჯდომარეა და არ იცის პარტიას რა გეგმები ჰქონდა? სოზარს ვერ დავუკარგავ ვაჟკაცობას და მისგან, როგორც მართალი კაცისგან, ამ ამბის ახსნას ველოდები. რაც შეეხება კიწმარიშვილს, ვირთხების ადგილი მიწაშია და ამიტომაც იმალება, მაგრამ ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას.

ისეთი თანხების აღებას აბრალებენ ლევანს, უმდიდრესი კაცი უნდა იყოს. ვინც მისი ოჯახის და პირადი მდგომარეობა იცის, ამის არაფერი ეტყობა.

გაუგებარია, კაცი ბრძოლაში სულ წინა ხაზზე იყოს, მისი ძმა საავადმყოფოში მიჰყავდეთ წარამარა ნაცემი, შვილები ცხვირპირდანგრეულები ჰყავდეს და ხელისუფლებას ურიგდებოდეს.

მე ფაქტების მჯერა. ფაქტი კი ის არის, რომ როდესაც ქართველი ხალხი ბოროტებას დაუპირისპირდა, ლევანი და მისი შვილებიც იქ იყვნენ. ლევანი გიჟი ხომ არ არის, გეგმა გაეცა და შვილები 26 მაისს დასარბევად განწირულ აქციაზე დაეყენებინა? ფულის გამო შვილების სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე?! გია ახლაც ვერ დგება ფეხზე. 25 მაისის ღამის მერე გინახავთ? სასიკვდილოდ იყო ნაცემი. ხომ უნდა დაფიქრდეს კაცი, რა მისცა ამდენი ლევანს ვანომ, ოჯახი, სინდისი და კაცობა რომ გაეყიდა?

თუ ლევანისაგან ვანო მერაბიშვილმა და სააკაშვილმა გეგმა იყიდეს, ამას პირდაპირ იტყოდნენ და არ დასჭირდებოდათ სულელური ლაპარაკი რუსულ ტანკებზე. ამ გეგმას ხომ გამოსამზეურებლად იყიდდნენ და რაც გამოამზეურეს, კარგად ვნახეთ. ისიც უცნაურად მეჩვენა, 26 მაისს გაყიდულ გეგმაზე 26 ივლისს რომ განაცხადა ოქრუაშვილმა. არ არის ისეთი კაცი, ამდენ ხანს მოეთმინა სათქმელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში შეჩენილი ჰყავდა ეროსი, თორემ შუა ივლისში ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს ვინ აკეთებს?..

ერთი მუჭა ხალხი ვიბრძვით ქართული ინტერესის დასაცავად და ჩვენზე მოდის მთელი ლაფი და სისასტიკე. ჩვენ არც ერთ სქემაში არ ვჯდებით - არც რუსულში და არც ამერიკულში. ყველა წავიდოდით საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ქვეყნის სიყვარული გვაკავებს. ისედაც გამწარებული მაქვს სიცოცხლე, ბოლომდე ვიბრძოლებ და ისე არ მოვიქცევი, რომ შთამომავლობამ ჩემს საფლავზე მოშარდოს.