"ირაკლის ელოდება ან ციხე, ან ტყვია, ან გამარჯვება" - კვირის პალიტრა

"ირაკლის ელოდება ან ციხე, ან ტყვია, ან გამარჯვება"

მაშინ, როდესაც "ქართული პარტიის" ყოფილი და ახლანდელი წევრები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ, პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დუმდა. მან დუმილი "კვირის პალიტრასთან" დაარღვია:

- ლანძღვაზე პასუხის გაცემა სწორი არ არის. როდესაც ფაქტებზეა ლაპარაკი, ისინი ან უნდა დადასტურდეს, ან უნდა უარყო. ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს პასუხად რაც მოვისმინეთ, მხოლოდ ლანძღვა იყო. გოგა ხაინდრავას აინტერესებდა ჩემი პასუხი ამ ყველაფერზე. ჩემი პასუხია: ვარ "ქართული პარტიის" თავმჯდომარე და ვაგრძელებ მუშაობას.

- ამბობენ, გაჩეჩილაძეს პარტიიდან ბევრი გაჰყვაო.

- წავიდა თბილისის რაიონული თავმჯდომარეების უმეტესობა. რეგიონების ხელმძღვანელებიდან მხოლოდ კახა მიქაიამ დატოვა პარტია, მაგრამ ახალი წევრებიც მოვიდნენ...

არასერიოზულია გოგა ხაინდრავას ნათქვამი, თითქოს ეროსი კიწმარიშვილმა აიძულა ირაკლი, ასე ელაპარაკა. გოგამ კარგად იცის, რომ ვერავინ აიძულებს ირაკლის ის თქვას, რისი თქმაც არ მიაჩნია საჭიროდ. რატომღაც მოდური გახდა ეროსიზე ჯოხის გადატეხა. დაიწერა, რომ პარტიიდან მიდის, რაც სიმართლე არ არის. ეროსიმ დიდი შრომა გასწია "ქართულ პარტიაში". დამანახოს ვინმემ, რომ მასზე მეტი გაუკეთებია.

ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა "რუსთავი 2" - თავისუფალი სიტყვის საზომი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასევე დიდ შრომას ეწევა როგორც "მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი. მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ტელევიზია ფეხზე დამდგარიყო და მიუკერძოებელ, სანდო საინფორმაციო საშუალებად ჩამოყალიბებულიყო. ამავე დროს "მაესტროს" აბსოლუტურად თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკა აქვს. იყო შემთხვევები, როცა უახლოესი მეგობრებიც გადაემტერნენ იმის გამო, რომ "მაესტროზე" რაღაც სიუჟეტი გავიდა მათზე. ეროსი ვერ უხსნიდა, რომ არ ერეოდა  ჟურნალისტების საქმიანობაში. იმისთვის, რომ "მაესტროს" ყველაზე მძიმე წუთებში გაეძლო, ეროსიმ სახლიდან იაფად გაყიდა კაკაბაძის ნახატები. დღეს ეს ტელევიზია რამდენიმე დამოუკიდებელ მედიასაშუალებასთან ერთად არის გარანტია, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს.

- ეთანხმებით ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებებს?

- როდესაც ირაკლიმ ეს განაცხადა, პარიზში ვიყავით მეც და ეროსიც. ეს იყო შეჯერებული პოზიცია. როგორც ირაკლიმ თქვა, მალე ამ თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურება...

- ოქრუაშვილი ამბობს, ვიდეოფაილებსაც წარმოვადგენთო. "ქართულ პარტიაში" ერთმანეთზე აკეთებენ ფარულ ჩანაწერებს?

- რადგან ირაკლიმ რაღაც თქვა, ამას დაადასტურებს კიდეც.

- ითქვა, რომ ოქრუაშვილის განცხადების შემდეგ ოფისში გაჩეჩილაძე მოვიდა და თქვენთან შეხლა-შემოხლისას იტკინა ფეხი.

- ეს აბსურდია. ლევანი 22 მაისის მიტინგის მერე არ მინახავს.

- გოგა ხაინდრავა, რომელიც ესწრებოდა "ქართული პარტიის" ლიდერების შეხვედრას, ამბობს, რომ იქ ლაპარაკი არც ყოფილა იმაზე, რა გზით შემოვიდოდა ოქრუაშვილი საქართველოში.

- როდესაც გოგა პარიზში იყო, მაშინ სულ არ ყოფილა ლაპარაკი არც 25 მაისსა და არც მრისხანების დღეზე. მე ვიცი, როგორ შემოდიოდა ირაკლი საქართველოში 2008 წელს. ახლაც დაახლოებით იმავე გზით აპირებდა შემოსვლას, მაგრამ ამის ინტერვიუში თქმა არ გამოვა.

- ეს იცოდა ლევანმაც?

- დაახლოებით ერთი და იგივე ვიცოდით ყველამ. ის, რომ ირაკლი რუსებთან ერთად შემოვიდოდა, აბსურდია. მერაბიშვილმა იმარჩიელოს, როგორ და საიდან შემოვიდოდა... ზოგჯერ შეიძლება დაკავება იყოს სწორედ იმ მუხტისთვის საჭირო, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგა. 2008 წელს ირაკლი საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში იყო, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებაზე ითქვა, რომ პარტიების უმეტესობა წინააღმდეგი იყო მისი შემოსვლისა. მიაჩნდათ, რომ სააკაშვილს პრეზიდენტობის დღეები დათვლილი ჰქონდა და ეტყობა, არ უნდოდათ, გამარჯვებაში კიდევ ვიღაც ჰყოლოდათ მოწილე. ირაკლი მაშინ რომ შემოსულიყო, სხვანაირად წავიდოდა პროცესები. ირაკლის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ მას ელოდება ან ციხე, ან ტყვია, ან გამარჯვება.

დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავით, რომ ირაკლი ოქრუაშვილი და კოტე გოგელია 25 მაისს თბილისში იქნებოდნენ, გამოდის, გიჟები ვყოფილვართ მეც, ირაკლიც, ეროსიც და კოტე გოგელიაც, რომ 25 მაისამდე 3 დღით ადრე, 22 მაისს მათი ჩამოსვლა გაგვეხმაურებინა. ხელისუფლებამაც იცოდა, რომ სანერვიულო ჰქონდა და ამიტომ გამოაცხადა სრული მობილიზაცია საზღვრების პერიმეტრზე.

მათი ჩამოუსვლელობის მიზეზი იყო შეუთანხმებლობა აქციის ორგანიზატორებთან, როცა 23 მაისს ნინო ბურჯანაძემ ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა და პარალელური მიტინგი დანიშნNა. ამის შემდეგ ერთადერთი სწორი, მაგრამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება პროცესიდან გასვლა იყო... საქართველოში საპროტესტო ელექტორატი არ გამქრალა, რაც ცხადი შეიქნა "რელიგიათა სტატუსის შესახებ" კანონის განხილვისას. საზოგადოება მზად არის დღესვე შეცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება, თუკი დაინახავს ძალას, რომელიც გაუძღვება. მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, "ქართული პარტია" არის ძალა, რომელსაც შეუძლია  ხელისუფლება შეცვალოს.

- წელსვე რომ ჰპირდებოდით ხალხს სააკაშვილის შეცვლას?

- წელი ჯერ არ დამთავრებულა. ერთი თვის წინ სააკაშვილმა კინაღამ დაკარგა ხელისუფლება, როდესაც ეკლესიას დაუპირისპირდა. წინ ექვსი თვეა და კაცმა არ იცის, რა მოხდება.

- ბრიუსელში კონფერენციის ჩატარებას რა მიზნით აპირებთ?

- ეს არ არის პარტიული ღონისძიება. ეროსი და რამდენიმე პირი არიან ორგანიზატორები. კონფერენციის მიზანია იმ პირთა შეკავშირება, ვისაც გავლენა აქვთ ქვეყანაში და მის გარეთ, რათა ქვეყნის გადარჩენის საერთო პლატფორმა ჩამოვაყალიბოთ. მაგრამ პრესაში ისეთი გვარები დასახელდა, გამიკვირდა.

- სიაში იყო ბოკერიას მეუღლე.

- ჰო, ამან მეც გამაკვირვა. როცა ეროსის ვკითხე, მართლა ხომ არ აპირებს თამარ ჩერგოლეიშვილის მიწვევას, გაიცინა, პასუხი არ გაუცია.

- ამბობენ, რომ პარტია დატოვა კოტე გოგელიამ.

- გოგელია "ქართულ პარტიაშია", მასთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს. მას ოფიციალური პოზიცია იმიტომ არა აქვს, რომ საქართველოს მოქალაქე არ არის, თორემ ფაქტობრივად პარტიის თანათავმჯდომარეა.

- ბოლოს და ბოლოს, გაჩეჩილაძე რატომ წავიდა პარტიიდან?

- თვითონ თქვას.

- კოკა გუნცაძე?

- როდესაც ირაკლის კოკასთან კითხვები გაუჩნდა და მასთან საუბარი მოინდომა, პარიზში ჩასვლას კოკამ პარტიიდან წასვლა ამჯობინა.