ახალი თაობის სალარო-აპარატები - კვირის პალიტრა

ახალი თაობის სალარო-აპარატები

"შემოსავლების სამსახურს მეწარმეების "გამოსაჭერად" სიარული აღარ მოუხდება"

"დიდი სიურპრიზები "დიდ საჩუქრებთან" ერთად"

"მართალია, მეწარმეების ნაწილს აპარატებს უფასოდ დაურიგებენ, მაგრამ მათი რეგისტრაცია 290 ლარი დაუჯდებათ"

"ხაფანგი თუ არნახული ხელგაშლილობა" -  დაახლოებით ერთი წლის წინ ამ სათაურით გამოვაქვეყნეთ სტატია, რომელიც მთავრობის ახალ ინიციატივას - მეწარმეებისთვის GPRS სისტემის სალარო-აპარატების უფასოდ დარიგებას შეეხებოდა. ხელისუფლების მიერ მეწარმეების წინაშე დადებული პირობა მაშინაც უცნაურად მოგვეჩვენა, ამიტომ ფინანსთა სამინისტროს დიდმოხელეებს რამდენჯერმე ჩავეკითხეთ, მართლაც უსასყიდლოდ დაურიგებდნენ თუ არა მეწარმეებს ახალ, ძვირად ღირებულ აპარატებს. პასუხი ყოველთვის დადებითი იყო, არადა პირობა არაერთხელ დაირღვა.

რამდენიმე წლის წინ სალარო-აპარატის გამოყენება ყველა იმ გადამხდელისთვის გახდა სავალდებულო, ვინც მომხმარებელთან ანგარიშს ნაღდი ფულით ასწორებს. აპარატის არქონა ან გამოუყენებლობა სოლიდური ჯარიმით ისჯება, ამიტომ ზოგმა სესხი აიღო, ზოგმა განვადებით გამოიტანა, ზოგმაც ბოლო კაპიკი  დახარჯა აპარატის შესაძენად. ახალი სალარო აპარატების დარიგების თუ სავალდებულო შესყიდვის შემდეგ მეწარმეებს ძველების გადაყრა მოუწევთ. GPRS სისტემის სალარო-აპარატის გამოყენებისას ინფორმაცია მაშინვე გადაეცემა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზას. კონკრეტული ოპერაცია ავტომატურად მიეწოდება შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ სერვერს და ინახება.

საგადასახადო მაკონტროლებლები ირწმუნებოდნენ, რომ სერვერზე ინფორმაციის თავმოყრა მეწარმეს ბიზნესის მართვას გაუადვილებს. მაგალითად, ის ნებისმიერ დროს შეძლებს, შევიდეს მონაცემთა ბაზაში და ნახოს, როგორ ვაჭრობს, როდის ჰქონდა ყველაზე დიდი ან მცირე შემოსავალი.  თუმცა სისტემის დანერგვიდან სარგებელს მაკონტროლებლებიც ელიან, კერძოდ, კონტროლის პროცედურების გამარტივებას - შემოსავლების სამსახურს მეწარმეების "გამოსაჭერად" სიარული აღარ უნდა მოუხდეს და  კონკრეტული ბიზნესის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას სამსახურიდან გაუსვლელად შეძლებს.

თბილისში ახალი სალარო-აპარატების დარიგება პირველი მარტიდან იგეგმებოდა და წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს პირობა არ შესრულებულა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ ტენდერის საფუძველზე ბულგარეთში რეგისტრირებული კომპანია Daisy Technology-სგან 13 მილიონი ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 100 ათასი GPRS სისტემის აპარატი შეიძინა. თანხა ბიუჯეტიდან უნდა დახარჯულიყო, თუმცა აშკარა იყო, რომ 100 ათასი სალარო-აპარატი ასობით ათასი რეგისტრირებული მეწარმისთვის  საკმარისი არ იქნებოდა და "საჩუქრის" გარეშე ბევრი დარჩებოდა. ამიტომ გამოცხადდა, რომ სალარო-აპარატებს უსასყიდლოდ მხოლოდ იმ მეწარმეებს გადასცემდნენ, ვისი წლიური ბრუნვაც 250 ათას ლარს არ აღემატება, დანარჩენებს კი 150 დოლარად შეფასებული აპარატის ყიდვა მოუწევდათ. ანუ ამჯერადაც ხელისუფლებამ სიტყვა გატეხა და თავდაპირველად მიცემულ პირობას არ ან ვერ ასრულებს.

გვიანია "თითზე კბენანი", ხელისუფლებას უკვე ნათქვამი აქვს, რომ მეწარმეების ნაწილს მაინც ახალი თაობის სალარო-აპარატებს უფასოდ გადასცემს, მაგრამ არც 13-მილიონიანი ხარჯი ეთმობა და რაიმე სახით სურს ამ თანხის კვლავ მეწარმეებისგან ამოღება. 100 ათასი ერთეული სალარო-აპარატი ფინანსთა სამინისტროში უკვე რამდენიმე თვეა დასაწყობებულია, მაგრამ ხელისუფალთ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ გადასცენ მეწარმეებს.   ცოტა ხნის  წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მართალია, აპარატებს უფასოდ დაარიგებდნენ, მაგრამ მათი რეგისტრაცია მეწარმეებს 290 ლარი დაუჯდებოდათ(!). ამასთან, ის მეწარმეები, რომლებიც თავად შეიძენენ ახალ აპარატებს 150 დოლარად, რეგისტრაციის ხარჯისგან არ გათავისუფლდებიან და 290 ლარის გადახდა მათაც მოუწევთ. ეს ციფრი ერთობ საეჭვოა - სწორედ ასეთია ახალი სალარო-აპარატის ფასი  დღგ-ის ჩათვლით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი სალარო-აპარატების გადაცემა პირველი აგვისტოდან დაიწყებოდა, მაგრამ შემოსავლების სამსახურში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სამაგიეროდ იმას ამბობენ, რომ სალარო-აპარატების მეწარმეებისთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები ახლა ზუსტდება და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ეჭვგარეშეა, რომ შემოსავლების სამსახური ბიზნესმენების ონლაინრეჟიმში გაკონტროლებაზე უარს არ იტყვის, ამიტომ ქვეყნის მთავარი ფინანსური უწყებისგან "დიდ საჩუქრებთან" ერთად, დიდ სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ.

მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე:

- ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ამ სალარო-აპარატით ჩატარდება, პირდაპირ აღირიცხება შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში. ერთი მხრივ, მაკონტროლებლები აცხადებენ, რომ ახალ სისტემაზე გადასვლა მათ ხარჯებს შეუმცირებს, ანუ იმ ხალხს, ვინც მეწარმეების შესამოწმებლად დადიოდა, ამის გაკეთება აღარ მოუწევს. ხოლო მეორე მხრივ, ახალი სისტემის დანერგვით ბიზნესის ადმინისტრირება უნდა გამარტივდეს. მე კი ვფიქრობ, რომ GPღშ სისტემის დანერგვა სახელმწიფო უწყების ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. წარმოიდგინეთ ათეულობით და ასეულობით ათასი გადამხდელი საქართველოს მასშტაბით. ახლა მეწარმეებს გამორჩევის პრინციპით, რიგრიგობით ამოწმებენ. ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ მონაცემთა ბაზაში სერვერზე ინფორმაციის ძალიან დიდი მოცულობა მოიყრის თავს, იმდენი, რომ მის შემოწმებას საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსი დასჭირდება. შესაბამისად, ამ სტრუქტურაში თანამშრომლების დამატება დასჭირდებათ და სახელმწიფოსაც ხარჯი გაეზრდება.

გარდა ამისა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება შეცდომების გამოსწორება. მოგეხსენებათ, სალარო-აპარატით სარგებლობისას ადამიანი შეცდომასაც უშვებს, შესაძლოა, უნებლიეთ სხვა ღილაკს დააჭიროს თითი. თუ ახლა შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია, ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, რადგან ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ბაზაში ავტომატურად აისახება. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ამ სიახლით მეწარმეთა დაჯარიმების შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდება და ბიზნესის ტოტალური კონტროლი განხორციელდება.

დღეს სალარო-აპარატის შეძენა დაახლოებით 180-200 ლარი ჯდება, მისი რეგისტრაცია კი 10 ლარს არ აჭარბებს. ჩემთვის გაუგებარია, თუ საბოლოოდ ასე გადაწყდა, რატომ უნდა გადაიხადოს მეწარმემ ახალი სალარო-აპარატის რეგისტრაციისთვის 290 ლარი. გამოდის, რომ რეგისტრაციის საფასურის საბაბით მეწარმეს სალარო-აპარატის ღირებულების გადახდას სთხოვენ. ასევე, იყო დაპირება, რომ ვისი ბრუნვაც წელიწადში 250 ათას ლარს არ აჭარბებს, სალარო-აპარატები უსასყიდლოდ გადაეცემოდათ. ასეც უნდა გაკეთდეს, რადგან ამ კატეგორიაში ხვდებიან ის პირებიც, ვისი ყოველთვიური შემოსავალი ზოგჯერ 100-200 ლარს არ აღემატება. ძალიან ძნელია, შემოსავლების სამსახურის კაპრიზის გამო, ერთი თვის შემოსავლის დაკარგვა და სალარო-აპარატის რეგისტრაციის არნახულად მაღალი გადასახადის გადახდა. თუ მცირე და საშუალო ბიზნესს ამ თანხას გადაახდევინებენ, ცხადია, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.