"დაწყებულია სკოლების ლიკვიდაცია-ოპტიმიზაცია" - კვირის პალიტრა

"დაწყებულია სკოლების ლიკვიდაცია-ოპტიმიზაცია"

"ძველ დირექტორებს იმიტომ ათავისუფლებენ, რომ ისინი მანდატურები არ არიან"

"ეს უცოდინარი და თავცარიელი მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებსაც "წარჩინებით" აბარებენ"

"ვარდების რევოლუციიდან" დღემდე 1200 სკოლა დაიხურა"

ექსპერტების თქმით, განათლების სისტემაში მძიმე ვითარებაა: დაგეგმილია, რომ 72 ათასი სკოლის მასწავლებლიდან 25 ათასი დარჩეს, სკოლების რაოდენობა კი ათასამდე შემცირდეს. განათლების სისტემის მუშაკებს საგანგაშოდ მიაჩნიათ სკოლებით ძალოვანი სტრუქტურების დაინტერესება. "განათლების ლიგის" პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა:

- მინდა იმ თემაზე ვისაუბრო, რაც აქამდე არსად გამიხმაურებია. მოგეხსენებათ, საატესტატო გამოცდები CAT-ის პროგრამით ჩატარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამართული არ ყოფილა. მოსწავლეებს ბოლომდე არ ცდიდა, გამოცდა 15 წუთში წყდებოდა და მოსწავლეებმა, რომლებიც 10-იანზე იყვნენ მომზადებული, 9,2 და 9,5 შეფასებები მიიღეს, რაც მათთვის ჩაჭრის ტოლფასი იყო.

- ვინ დაადგინა, რომ პროგრამაში პრობლემა იყო?

- თავად ვაკვირდებოდი გამოცდებს,  ათასში ერთმა ბავშვმა მიიღო 10-იანი შეფასება.  როდესაც ჩანდა, რომ ბავშვი კარგად პასუხობდა კითხვებს, პროგრამა წყვეტდა გამოცდას და მოსწავლეს ეუბნებოდა, მინიმალური ზღვარი გადალახეთო და წერდა 9 ქულას და არა 10-ს. მოსწავლეების 98%-მა, რომელიც 10-იანზე იყო მომზადებული, ვერ მიიღო უმაღლესი შეფასება. CAT-ი ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ ამათ არ ჰქონდათ გამართული, სრულფასოვნად არ დაიტვირთა საინფორმაციო ბაზა და პროგრამა მოსწავლის სრულყოფილად გამოცდის საშუალებას არ იძლეოდა. აგვიხსნან, რატომ წყვეტდა გამოცდას პროგრამა? ვეჭვობ, არ უნდოდათ ბევრი 10-იანი დაწერილიყო და იმიტომ.

- რატომ არ უნდოდათ, ბევრ მოსწავლეს მიეღო 10-იანი?

- ეს ამათი სტილია. რატომ სპობენ განათლებისა და მეცნიერების სისტემას, რატომ არ აფინანსებენ მთავრობა და გიგი თევზაძე სამეცნიერო დაწესებულებებს?

- თქვენ ამას წინათ ლაპარაკობდით რეიტინგულ სიებზე, - სკოლები, რომელთა მოსწავლეებმა წარჩინებით ჩააბარეს გამოცდები, მოწინავე სკოლებად მაინც არ დასახელდნენო.

- საქართველოს კანონმდებლობა ხელისუფლებას ავალდებულებს სკოლების რეიტინგული სია  საატესტატო გამოცდებიდან მოკლე პერიოდში გამოაქვეყნოს. ამათ გამოყვეს 20 საუკეთესო სკოლა და დააჯილდოეს კიდეც, მაგრამ ამ ოცეულში არ არიან ის სკოლები, რომელთაც რეიტინგში მოწინავე ადგილები აქვთ.

ხელისუფლებას ხომ ჰყავს კარის მუსიკოსები, მსახიობები, მომღერლები, მხატვრები? განათლების სისტემაშიც ჰყავთ ფავორიტი დირექტორები, რომლებიც გამოცდების შედეგების გამო ვერა და ვერ ხვდებოდნენ წარჩინებული სკოლების სიაში, მაგრამ ხელისუფლებისთვის მთავარი პირადი სიმპათიაა.

ამიტომ დამალეს რეიტინგები და ე. წ. ელიტურ დირექტორებს ჩამოურიგეს ჯილდოები.

- ამბობენ, განათლების სისტემაში უშიშროება შევიდაო. შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს?

- სკოლებში კარგა ხანია შესული არიან უშიშროება, იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა. რა სავალდებულოა, გენპროკურორის მოადგილემ ან მთავარმა პროკურორმა სკოლა-სკოლა იარონ და რაღაც პროექტები გააკეთონ.

7 წლის წინ, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა და  ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებს იღებდნენ, მაშინვე დავიწყეთ საპროტესტო გამოსვლები. თავიანთი კანონები რომ გაეტანათ,  ძალოვანი სტრუქტურები ჩაერივნენ საქმეში. ყველა სკოლის დირექტორს მიაკითხეს სახლში, ზოგს სკოლაში, ზოგი გამოიძახეს და უთხრეს, რომ კანონები უნდა მოეწონებინათ. მერე კი მანდატურის ინსტიტუტი აამოქმედეს. შეიძლება მითხრან, ცუდს რას ვაკეთებთ, სამართლებრივ განათლებას ვაძლევთ მოზარდებსო, მაგრამ არ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურების ასე შეჭრა განათლების სისტემაში.  რა აუცილებელია მოსწავლეებთან ურთიერთობა ჰქონდეთ პროკურატურას, უშიშროებას და წერა-კითხვის უცოდინარ მანდატურებს.

- ბევრი მანდატური სკოლის დირექტორად დაინიშნა.

- ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფო გახდა. მეტიც, მანდატურების გადირექტორებით ზეპოლიციურ სახელმწიფოს მივიღებთ.

რატომ გახდა საჭირო სკოლებში მანდატურების შეყვანა? იმიტომ, რომ პროფესიონალი დირექტორები სკოლებიდან გაყარეს და დანაშაულებმა იმატა. ახლა მანდატურების საშუალებით ძალით დააბრუნეს ბავშვები სკოლაში და ჟანდარმებივით ადგანან თავზე. სკოლის დირექტორი განათლების სისტემის ხერხემალია და ამათმა მოყვანილმა არაპროფესიონალებმა, რომლებიც რევოლუციის დროს დროშას აფრიალებდნენ, განათლების სისტემა გაანადგურეს.

სკოლებში მანდატურების შესვლის შემდეგ მასწავლებლების მასობრივად დასმენა დაიწყო, - მოსწავლეები მანდატურებთან "დანოსებს" წერდნენ. ეს ყველაფერი შაშკინთან მიდიოდა და არაერთი დამსახურებული მასწავლებელი დაითხოვეს. ეს გასაკვირი აღარც არის მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელობა სასჯელაღსრულების სისტემიდან მოვიდა, მანამდე კი განათლების მინისტრად გენპროკურორის ყოფილი მოადგილე გვარამია იყო.

- რის საფუძველზე აცხადებთ, რომ სკოლის დირექტორებისა და ათასობით მასწავლებლის დათხოვნა იგეგმება?

- ძველ დირექტორებს იმიტომ ათავისუფლებენ, რომ ისინი მანდატურები არ არიან. პოლიციურ სახელმწიფოს არაპოლიციელი სკოლის დირექტორები აღარ შეეფერება.  დაწყებულია სკოლების ლიკვიდაცია-ოპტიმიზაცია. როგორც ვიცი, ამ ზაფხულს 38 სკოლის ლიკვიდაცია აქვთ განზრახული. მიზეზად სკოლების მცირე კონტინგენტი დასახელდება.  ამათი კრიტერიუმებით 300-ბავშვიანი სკოლაა მცირეკონტინგენტიანი..

"ვარდების რევოლუციამდე" 3201 სკოლა იყო - 1200 სკოლა უკვე დაიხურა. სექტემბრიდან გადაწყვეტილია კლასების გაერთიანება. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, მასწავლებელთა კი მცირდება. ეს ძალიან დაბლა დასწევს განათლების ხარისხს. განათლების სამინისტროს სიტყვიერი მითითებით, პედაგოგის დატვირთვა 21 საათს უნდა შეადგენდეს. ვისაც არ ექნება, დაითხოვენ.

დაგეგმილია, რომ 25 ათასი მასწავლებელი დარჩეს. მასწავლებლებს პოლიტიკური მოტივებით დევნიან. თუ ხარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რაც გინდა, გააკეთე, თუ გინდა, დედა აგინე მოსწავლეებს, ხელუხლებელი ხარ. ყველა დაბალკვალიფიციური და კორუმპირებული მასწავლებელი "ნაციონალურ მოძრაობაში" შევიდა და ამის წყალობით წარჩინებულ მასწავლებლებად გამოაცხადეს. ეს უცოდინარი და თავცარიელი მასწავლებლები სასერტიფიკაციო გამოცდებსაც "წარჩინებით" აბარებენ. რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, ყველგან მწვანე შუქი აქვთ ანთებული.

- მასწავლებლების შვებულების შემცირების მიზეზი რა გახდა?

- რადგან შვებულებაში მყოფ მასწავლებლებს ვერ გაათავისუფლებდნენ, შვებულების ვადა შეამცირეს. უნდათ ეს პრობლემა ამ ზაფხულშივე მოათავონ. მასწავლებლები ამდენ ხანს რომ არ გაუშვეს შვებულებაში, ეს შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. მასწავლებლის შვებულება 48-დღიანი უნდა იყოს.