"მწუხარე სახის რაინდის" "მამა" - მიგელ დე სერვანტეს საავედრა - კვირის პალიტრა

"მწუხარე სახის რაინდის" "მამა" - მიგელ დე სერვანტეს საავედრა

მასთან მათემატიკაც კი "სტყუის"...

საბედნიეროდ, ის ისეთივე ჯიუტი გამოდგა, როგორიც "მწუხარე სახის რაინდი, მახვილგონიერი იდალგო, დონ კიხოტ ლამანჩელი"!

რა ვქნა, იქნებ ვინმემ პლაგიატობაში ჩამითვალოს, მაგრამ იძულებული ვარ ბატონ გურამ დოჩანაშვილს მოვუბოდიშო და კიდევ ერთხელ საკმაოდ დიდი ამონარიდი მოვიყვანო მისი უკვდავი მოთხრობიდან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"; მით უმეტეს, რომ დღეს გენიალურ სერვანტესზე უნდა ვისაუბროთ და დოჩანაშვილის ლიტერატურის მოყვარული პერსონაჟის მიერ "დონ კიხოტის" ავტორის დახასიათებაზე უკეთესი მე არ წამიკითხავს. მაშ ასე, მათემატიკოსებთან ბოდიში და აი, რას ბრძანებს ვასილ კეჟერაძე: "ხომ ცნობილია, რომ მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, მაგრამ ყოველთვის არაა ასე. ერთ უხეშ მაგალითს მოგიყვანთ... ვთქვათ, დგანან ერთად უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი და გვერდით კი უდგას ეს ჩვენი ნაცნობი, ვიგინდარა, წეღან რომ დაგიხასიათეთ... ჰოდა, ჩამოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ - რამდენი კაცი დგას ქუჩაში? - იტყვის: "ორი"... აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ "ორი" - ის და ის - ესე იგი - ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება"...

ასეა, ბატონო, ლიტერატურაში ასეთი უზუსტობა არასოდეს მოხდება, რადგან აქ ყველაზე ზუსტი "საზომი" და "მზომელი" მოქმედებს: დრო და მკითხველი!

დრო საკმარისზე მეტი გავიდა - 400 წელიწადზე მეტი, ხოლო მკითხველი - უამრავი მილიონი და იქნებ მილიარდიც...

ასე რომ, მიგელ დე სერვანტეს საავედრა უკვე სამუდამოდ "ამოვარდა მათემატიკური ლოგიკიდან" და არასოდეს იქნება არც "ერთი პლუს ერთის" ნაწილი და არც ერთ-ერთი თუნდაც ყველა დროის უდიდეს მწერალთაგან - მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი "სადღაც გვერდით", "ჩვეულებრივ გენიოსთაგან" მოშორებით და იქიდან ირონიული ღიმილით გამოსცქერის საუკუნეებს.

მისი დონ კიხოტი კი ისევ ისეთი შემართებით დაათოხარიკებს ძვალტყავა როსინანტს და სანჩოც, ისევ გუბერნატორობის მოიმედე, ოფლში გახვითქული მიაჩანჩალებს ერთგულ სახედარს მოწყალე ბატონის კვალდაკვალ.

არადა, არავინ იცის, როგორ და რატომ დაიწყო ამ რომანის წერა სერვანტესმა - უამრავი ბიოგრაფი, რომლებსაც თითქოს მისი ცხოვრების ყოველი წუთი გამოკვლეული აქვთ, დღემდე ვერ თანხმდება: ერთნი ამბობენ, რომ მას უბრალოდ დაცინვა უნდოდა იმ სარაინდო რომანების მოდისა, რაც იმდროინდელ ესპანეთში სუფევდა; მეორენი აღშფოთებით პასუხობენ, რომ უამრავ ჭირგამოვლილი და ცხოვრებისეული სიბრძნით დატვირთული მწერალი, თანაც უკვე სოლიდურ ასაკში, სულაც არ იფიქრებდა ასეთი გრანდიოზული მხატვრული ტილო შეექმნა და ამდენი პერსონაჟი (რომანში 670 პერსონაჟია!) დაეხატა ასეთი უმნიშვნელო მიზნისათვისო.

ცხოვრებისეული გამოცდილება და ბობოქარი თავგადასავალი კი მართლაც თავსაყრელად ჰქონდა - ლიტერატურის ისტორიაში ალბათ, ვერც გავიხსენებთ ამ დონის სხვა ავტორს, რომლის ბიოგრაფიაშიც ერთად იქნება თავმოყრილი: ომი, ხეიბრობა, მეკობრეთა მიერ დატყვევება, მონად გაყიდვა, უპურისფულობა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კიდევ სამი პატიმრობა (მათ შორის - ვალებისა და ფინანსური დანაშაულის გამო), სიცოცხლის ბოლოს რაღაც რელიგიურ ორდენში გაწევრება მხოლოდ იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგ მათ აეღოთ საკუთარ თავზე დაკრძალვის ხარჯები (თუმცა, საფლავი მაინც დაიკარგა).

ჰო, მართლა - ცნობილ ადამიანთა ბიოგრაფიების კირკიტა მკვლევრებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს ერთი დამთხვევა - სერვანტესიც და შექსპირიც 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენო. დიდხანს ასე ეგონათ და ამ ფაქტში მავანნი რაღაც სიმბოლურსაც ხედავდნენ; ეგ კი არა, იუნესკო 23 აპრილს "წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს" აღნიშნავს და სწორედ სერვანტესისა და შექსპირის გარდაცვალების დღეს უკავშირებს ამას, მაგრამ ახლახან ვიღაც უფრო გამჭრიახმა აღმოაჩინა: მიუხედავად იმისა, რომ ორივენი 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ, ეს მაინც სხვადასხვა დღეს მოხდა, რადგან იმ დროს ესპანეთი უკვე გრიგორიანულ კალენდარზე (ანუ ახალ სტილზე) იყო გადასული, ხოლო ინგლისი ჯერ კიდევ იულიუსის (ძველი სტილი) კალენდრით სარგებლობდა.

ასე რომ, სერვანტესს არც ეს უბრალო დამთხვევა აღარ აკავშირებს სხვებთან - იგი არც ამაში ჰგავს ვინმეს. სერვანტესი - სერვანტესია! "მწუხარე სახის რაინდის" "მამა" და, შესაძლოა, მისი პროტოტიპიც, რადგან როდესაც წიგნის გამოსვლისთანავე (მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა) მთელი ესპანეთი სიცილით კვდებოდა დონ კიხოტის "სისულელეებზე" და ავტორს ქება-დიდებას ასხამდა, რა სასაცილო ტიპი დაგიხატავსო, გულდაწყვეტილი სერვანტესი ამაოდ ცდილობდა აეხსნა მათთვის, რომ "მახვილგონიერი იდალგო" მხოლოდ მაშინ იყო სასაცილო ან დასაცინი, როდესაც ძველ რაინდებსა და რაინდულ ტრადიციებზე ლაპარაკობდა, დანარჩენში კი იმავეს ამბობდა ადამიანებსა და მათ ურთიერთობებზე, რასაც ავტორი ფიქრობდა, მაგრამ ამაოდ.

წარმატება კი მართლაც არნახული ხვდა წიგნს - იმ დროისათვის წარმოუდგენელი იყო, რომ პირველი გამოცემა რამდენიმე კვირაში სრულად გაიყიდა და ზედიზედ ოთხჯერ კიდევ გამოიცა; მაშინვე ითარგმნა ფრანგულად და როგორც საფრანგეთის ელჩს უთქვამს მაშინ ავტორისთვის, მისთვის აუხსნელი, საყოველთაო პოპულარობა მოუპოვებია იქ... მაგრამ სერვანტესისთვის ამას მხოლოდ მორალური კმაყოფილება მოჰქონდა, - ის ისევ ღატაკად რჩებოდა, ახალგაზრდობიდანვე "პროფესიონალი რომანტიკოსი და არაპრაგმატიკოსი" ვერასოდეს ახერხებდა ფულის დაგროვებას.

დაგროვებას ვინ ჩივის: თურქებთან გმირული ბრძოლა, ხელის დაკარგვა, ტყვეობაში თანამემამულეებზე ზრუნვა, რამდენჯერმე გაქცევის მცდელობა, ბოლოს თავის დაღწევა... ამ ყველაფრის გამო სამეფო კარის მადლობა და ჯარის საინტენდანტო ნაწილში თითქოსდა "თბილ ადგილზე" სამსახურის დაწყება - სერვანტესმა მაინც ვერ ისწავლა ფულის ყადრი. "დონ კიხოტის" გამომცემლები გამდიდრდნენ, ავტორი კი მევალეებს გაურბოდა... მერე სულ "დაიკარგა", თანაც ისე დაიკარგა, რომ მავანმა წიგნების მბეჭდავმა ვიღაც სხვას შეუკვეთა "დონ კიხოტის" გაგრძელება, დააწერინა და დაბეჭდა კიდეც! საბედნიეროდ, პირველი ნაწილის გამოსვლიდან ათი წლის შემდეგ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 70-ს მიღწეულმა მწერალმა მაინც გამოსცა რომანის მეორე ნაწილი, თუმცა დიდებით ტკბობა ვეღარ მოასწრო.

"50 წიგნის" პროექტის ფარგლებში "დონ კიხოტი" ორ წიგნად გამოვა, ესე იგი, ორი კვირის შემდეგაც ისევ სერვანტესსა და მის შედევრზე ვისაუბრებთ,

ამიტომ დღეს აღარ შევჩერდით ბიოგრაფიულ დეტალებზე, მაგრამ ერთი კი აუცილებლად უნდა ვთქვათ: ესპანეთის (და, შესაძლოა, არა მხოლოდ ესპანეთის) ყველა დროის უდიდესი დრამატურგი ლოპე დე ვეგა სერვანტესს "ესპანეთის ყველაზე ცუდ მწერალს" უწოდებდა; მეგობრები, დები და თანამებრძოლები ურჩევდნენ, თავი დაენებებინა "ჯღაბნისთვის" და "საქმე" ეკეთებინა; ხოლო იმ ცხოვრების გზაზე, რომელსაც ამ წერილის გაგრძელებაში დავუბრუნდებით, უამრავი მომენტი იყო, როდესაც სერვანტესს თითქოს "კეთილისმყოფელთათვის" უნდა დაეჯერებინა.

საბედნიეროდ, ის ისეთივე ჯიუტი გამოდგა, როგორიც "მწუხარე სახის რაინდი, მახვილგონიერი იდალგო, დონ კიხოტ ლამანჩელი"!