მთის შვილები... - კვირის პალიტრა

მთის შვილები...

ყველამ იცოდა როგორი გულის ბიჭები მიდიოდნენ მწვერვალებისკენ

ოთხივე ჭაღარაა. დიმიტრი შარაშენიძემ და ბესიკ ბაქრაძემ შვიდი ათეული უკან მოიტოვეს, ვანო ჯაფარიძე და რამაზ შენგელია კი ცოტათი ჩამორჩებიან. ეს სულაც არ უშლით ხელს, საერთო ბევრი ჰქონდეთ. ამ "ბევრს" ერთი სიტყვა შეიძლება დავარქვათ - მთა.

KvirisPalitra.Geსაუბრის მიზეზი სასიხარულოა - ცნობილ მთამსვლელს, გივი ქართველიშვილს 75 წელი შეუსრულდა. თავად იუბილარს არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ურჩევნია, საქმეს ჩუმად აკეთებდეს. მისი მეგობრები, აბა, როგორ არ იტყვიან სათქმელს, როცა ქართული ალპინიზმის ისტორიაში ფასდაუდებელია სპორტის დიდი ორგანიზატორის, შესანიშნავი მთამსვლელისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღმზრდელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გივი ქართველიშვილის ღვაწლი. სხვათა შორის, ვანო ჯაფარიძის წიგნი, მთამსვლელობის ისტორიაზე, არ დაიწერებოდა, რომ არა გივი ქართველიშვილი - მეგობარი თბილისიდან გაუტაცია, გუდაურში ჩაუკეტავს და იძულებით დაუმთავრებინებია წლების წინ დაწყებული სამუშაო.

- მისი განსაკუთრებული ღვაწლი მთამსვლელობაში, უპირველესად, იმით უნდა შეფასდეს, რომ მან შექმნა მტკიცე, მონოლითური გუნდი "განთიადი", რომელმაც არნახულ შედეგებს მიაღწია. გივი ქართველიშვილმა და მისმა გუნდმა (თამაზ ბაქანიძე, ბესიკ და ნუგზარ ბაქრაძეები, თენგიზ ბერიშვილი, ირაკლი გელდიაშვილი, რომან გიუტაშვილი, გოგი ზუმბაძე, დევი თარხნიშვილი, ტარიელ ლუკაშვილი, ჯემალ ქელეხსაშვილი, დიმიტრი შარაშენიძე, თამაზ შარაშენიძე, მურად ჭიჭინაძე) 1965 წლიდან მოყოლებული, მოიპოვა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი. მათ ჩაუყარეს საფუძველი საქართველოში უძნელესი მე-6 კატეგორიის სირთულის მწვერვალების დალაშქვრას, მსგავსი მიღწევები საქართველოში არავის ჰქონია, - მეუბნება ვანო ჯაფარიძე.

ალპინიზმი ქართველებს თითქოს სისხლში ჰქონდათ გამჯდარი. რას არ მიაღწევდნენ, მაგრამ ვინ აცლიდა... 1958 წელს ნეპალის მეფემ გაიცნო ქართველები და ისე მოეწონა ისინი, რომ დაჰპირდა, ევერესტზე ასვლის ნებას მოგცემთო. საბჭოთა რუსეთმა: რუსებსაც თუ წაიყვანთ ექსპედიციაში, წახვალთო... ნეპალის მეფე გაჯიუტდა, - მე მარტო ქართველებს ვეპატიჟებიო. რუსებმა ტიბეტში პოლიტიკური არეულობა მოიმიზეზეს და უარი უთხრეს ექსპედიციაზე.

ქართველი მთამსვლელები მარტო სპორტული ინტერესის გამო კი არ იპყრობდნენ მწვერვალებს, რაღაც უთქმელი პრინციპიც ჰქონდათ: კავკასიონის მთების შვილებს ნამდვილი "მთების შვილობა" უნდოდათ. გივი ქართველიშვილმა ეს შვილობა შეძლო. ბევრი უნდა დაეთმინა და ბევრზე ეფიქრა. პირობები საკმაოდ მძიმე იყო. ახლა რამაზ შენგელიასაც ეცინება, რომ იხსენებს, როგორი თოკები ჰქონდათ - დასველების შემდეგ იყინებოდა და ვერ მოხრიდი, გადატყდებოდა... ჩასაცმელიც გვიჭირდა. მზეზე რომ გამოვყრიდით ნესტიან ბათინკებს, უცხოელები თუ გამოჩნდებოდნენ, გივი დაიძახებდა, - არიქა, ბათინკები კარავში შევყაროთო... სირცხვილი იყო, ვინმეს ენახა.

აბა, უცხოელებს დატანჯული, ჩაუცმელი ქართველები ხომ არ დახვდებოდნენ, მწვერვალისკენ რომ "მიბობღავენ", მთის ლაღი შვილები უნდა ენახათ. ისინი ნამდვილი მასპინძლები უნდა ყოფილიყვნენ: მხარგაშლილები, ხელგაშლილები. ამისთვის გივი ქართველიშვილი ყველაფერს აკეთებდა. მისი  გუნდი ყველასგან გამორჩეული იყო. თუ ვინმეს გაუჭირდებოდა, საშველად პირველები გარბოდნენ.

KvirisPalitra.Ge- გივის  გვერდით თითქოს სასწაული ხდებოდა. ერთხელ კიშტი-ჯერობში ვიდექით. მყინვარი დნებოდა და მდორედ მოდიოდა. გივიმ მოიფიქრა და - მყინვარის პირას  მიწა ამოვთხარეთ. დავაწყვეთ ქვები, მივუერთეთ ბალონით გაზი, რომელიც  წამოღებული გვქონდა და საუნა გაკეთდა, - ამბობს რამაზ შენგელია.

- ეგ საუნა მართლა საოცარი იყო, - იხსენებს დიმიტრი შარაშენიძე, - ენგელსის პიკიდან ნოვოსიბირსკელები დაბრუნდნენ. დაქანცულები მოდიოდნენ, რთული გზა იყო ძალიან. გივიმ: აბა, ზურგჩანთები დაყარეთ, უნდა ვისადილოთო, - დაუძახა დაღლილებს, - მაგრამ ვიდრე სუფრას გავშლი, საუნაში მიბრძანდითო. გაოცდნენ - რა საუნა, რის საუნაო... მერე გახარებულებმა მიაშურეს ცხელ ტბორს და კარავში სუფრას შემოუსხდნენ. გვითხრეს: - ბიჭებო, თქვენ თუ ღმერთები არა, ნახევარღმერთები ნაღდად ხართო.

მთაში შიშზე არ ფიქრობ, - მიყვებიან ჭაღარა მთამსვლელები, - პამირის მთიანეთში, აბალაკოვის პიკზე ასვლისას დაგვაღამდა. თოვა დაიწყო. გავჩერდით. დილით გავიღვიძეთ. სად ვზივართ, იცი? ძაბრის ყელში. თოვლი რომ დაიძრეს, თან ჩაგვიტანს. სასწრაფოდ გავუდექით გზას. სამ საათში გავედით მთავარ ქედზე... მაშინ არც გივის უთქვამს რამე საშიშროებაზე, არც სხვას...

დიმიტრი შარაშენიძე: -  მწვერვალ ჯიგიტზე ვართ. საშინელი ამინდია. ეგეთ ამინდში სხვა დროს მთაში აღარც ვყოფილვართ. 15 დღე ვიარეთ. ერთ ადგილზე შევჩერდით. სამნი ავედით ცოტა ზემოთ გასაჩერებლად: გივი, გოგი ზუმბაძე და მე. ტარიელ ლუკაშვილი, თამაზ ბაქანიძე და მურად ჭიჭინაძე ოდნავ ქვემოთ დარჩნენ. კარავიც ვერ გავშალეთ, ისეთი ადგილი იყო. ქარი ტრიალებდა... გამახსენდა, რომ 28 აგვისტო იყო  გივის  დაბადების დღე. ვუთხარი: - იკისრე მაინც რამე, შე კაი კაცო, 40 წლის გახდი. ხვალ გაგვითენდება თუ არა, არ ვიცით-მეთქი... დისციპლინის მეფემ - კარგი, დავლიოთო. სპირტი გვქონდა მათარით - მოყინული კიდურების დასაზელად. მათარის სახურავში ჩამოასხა... რა გამოვიდოდა - 7 გრამი. დავლიეთ. ასე მეორედ... მერე ისე გავხალისდით, გოგი ზუმბაძემ დაიწყო სიმღერა. ქვემოდან გვეკითხებოდნენ - რა ამბავიაო.

მთაში ყველა იცნობა, ის აფერისტობის უფლებას არ მოგცემს, უცებ გამოგცდის... გივი გამოცდილი და შეფასებულიც იყო, ამიტომაც მთიელებს  განსაკუთრებით უყვარდათ. იცოდნენ, როგორი გულის ბიჭები მიდიოდნენ მწვერვალებისკენ და სათანადო სითბოსა და სიყვარულს ატანდნენ. სამწუხაროა, რომ ეს სითბო ბარში არავის შერჩა მთამსვლელებისადმი, თორემ მათი მუზეუმი ვერეს ბაღში არ განადგურდებოდა. შავბნელ წლებში მუზეუმის მასალებს ცეცხლს უკეთებდნენ... გურამ თიკანაძის ფოტოებიც კი ცეცხლს მისცეს. უნდა გენახათ, როგორ იბრძოლა გივიმ მუზეუმის აღსადგენად...

P.S. საერთოდ, წამი ბევრის მთქმელია,  გააჩნია, სად დგება და რისი მომტანია ეს წამი... მთამსვლელებიც იმიტომ გადიან ურთულეს გზას, იმ რამდენიმე წამს მიეახლონ, მწვერვალზე რომ იდგებიან ხელებგაშლილები... ეს არის წამი აღზევებისა და ყველაფრის გადაფასებისა, ეს არის წამი, რომელსაც ვაჟკაცური დახვედრა უნდა. და თუ სიცოცხლეც ერთი წამია, გივი ქართველიშვილი მართლაც ვაჟკაცურად დაუხვდა ამ წამს, ღირსეულად დაიწყო და ღირსეულად გააგრძელა... მას და მის ჭაღარა მეგობრებს მოაქვთ მთამსვლელობა არა როგორც სპორტის სახეობა, არამედ როგორც "მთის ბუნებითი შვილობა" მომავალ თაობებამდე. ეს ქართული სულის გადარჩენის ტოლფასია.