ოტია იოსელიანი პარტიზანი იყო - კვირის პალიტრა

ოტია იოსელიანი პარტიზანი იყო

ერთხელ შემისწორა, კოდორის ხეობა კი არა, დალის ხეობაო. მაშინ პირველად ვნახე სევდიანი ოტია... ნეტავ თუ მოვესწრები დალის ნაკვალევზე, მის ხეობაში გავლასო...

"ჩვენმა რაზმმა 27-ე ლეგიონერი დაკარგა"

ქართველ საზოგადოებაში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ახლახან გარდაცვლილი მწერალი ოტია იოსელიანი პარტიზანული შენაერთის, "თეთრი ლეგიონის" ოფიციალურ წევრად ითვლებოდა. მწერლის გაპარტიზანების ამბავი მისმა ყოფილმა მეთაურმა და უმცროსმა მეგობარმა, "თეთრი ლეგიონის" მეთაურმა ზურაბ სამუშიამ მიამბო.

"დიდხანს მხოლოდ შორიდან ვიცნობდი ოტია იოსელიანს, როგორც მწერალსა და საინტერესო პიროვნებას.ჩვენი დაახლოება ერთმა ცნობილმა მოვლენამ განაპირობა: 1996 წლის 23 ნოემბერს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. 2 ნოემბერს ქუთაისში ბრიფინგზე საგანგებოდ განვაცხადე, აფხაზებო, მოგიწოდებთ, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ აბსურდულ ე. წ. არჩევნებში და უარი თქვით თვითმარქვია ხელისუფლებაზე. მე, ზურაბ სამუშია, აფხაზეთის მკვიდრი, ჩვენი ეროვნული ლაშქრით, ანუ”თეთრი ლეგიონით" პასუხისმგებელი ვარ, რომ  დაუნდობელი პარტიზანული ომი გამოვუცხადო თვითმარქვია ხელისუფლებას-მეთქი.

23 ნოემბერს დავარბიეთ ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის საარჩევნო უბნები. მეორე დღეს ჩემმა პრესსამსახურის უფროსმა ალექსანდრე შენგელიამ დამირეკა, ოტია იოსელიანს უნდა შენთან შეხვედრაო. ასეთი პიროვნების შემოხმიანება დიდი პატივი იყო და ვესტუმრე თავის სახლში, სოფელში. ეს იყო ჩემთვის ისტორიული დღე. ბატონმა ოტიამ თბილად მიმიღო და მხარი დაუჭირა ჩვენს პარტიზანულ მოძრაობას. გამომშვიდობებისას თავისი რამდენიმე წიგნი მომცა, ბიჭებს გადაეცი, თავისუფალ დროს წაიკითხონო. ერთიც მე მაჩუქა ავტოგრაფით. როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მკითხა, წიგნის კითხვა გიყვარსო? რა თქმა უნდა, ორი უმაღლესი განათლება მაქვს და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად ვმუშაობდი სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში-მეთქი. არ გეტყობაო. წიგნს რომ გაჩუქებენ, უნდა გახსნაო.  გავხსენი და ვხედავ, წიგნში ფულია. ეს რა ფულია-მეთქი? ბიჭებს თუთუნი უყიდეო. მე ვხედავ თქვენში იმ დიდ სულსა და თანადგომას, რომელიც შემართებას გაგვიასკეცებს-მეთქი. არ მაცალა სამადლობლის თქმა, ხელი ამიქნია, წადი, ბოვშვებს (პარტიზანებს გულისხმობდა) მიმიხედეო.

ამის შემდეგ ვიფიქრე, შემეთავაზებინა მისთვის "თეთრ ლეგიონში" გაწევრება. ასეც მოხდა, მაიორის წოდებით, საპატიო წევრად მივიღეთ. მახსოვს, ჩვენი წევრობის ორდერი რომ გადავეცით, ცალი თვალით წაიკითხა და როგორც სჩვეოდა, ნახევრად ირონიულად თქვა: ბოშო, ოტია იოსელიანი ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი, ამ ბიჭმა (ჩემზე თქვა) კი "გამაბოზაო". რა თქმა უნდა, ამას დიდი მხიარულება მოჰყვა. ოტიამ კი ორდერს აკოცა. ის "თეთრი ლეგიონერი", პარტიზანი იყო, რასაც ყოველთვის აღნიშნავდა. ერთხელ გურიაში ჩატარდა საზოგადოებრივი შეკრება და ოტია გამოვიდა როგორც "თეთრი ლეგიონერი". მერე  სუფრასთან მიგვიწვიეს. თამადამ პირველად მშვიდობის სადღეგრძელო თქვა. ოტიამ ხელი დამარტყა ბეჭებზე, არაა აქ ჩვენი ადგილიო. რატომ-მეთქი, გავიკვირვე. რა გვინდა აქ, ნახე, რა სადღეგრძელოთი იწყებენ, მშვიდობას გაუმარჯოსო. წამოდგა და  თამადას მიმართა, თქვენ გაიხარეთ, იდღეგრძელეთ, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან სუფრაზე სადღეგრძელოებს მშვიდობის კი არა, გამარჯვების სადღეგრძელოთი უნდა იწყებდეთ, ეს სჭირდება ჩვენს ერსო.

ერთხელაც ქუთაისის მერმა ნუგზარ ფალიანმა მიგვიწვია სკოლაში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. ფალიანმა სთხოვა, სუფასთან დაბრძანდითო, ოტიამ გადმომხედა და რიხით თქვა, როგორ უნდა დავჯდე, როდესაც ჩემი მეთაური დგასო. ასე ცდილობდა გამოეჩინა, რომ ლეგიონერი იყო.  ერთხელაც შევარდნაძემ მოინახულა. ოტიამ მიხმო, ის ჩამოდის და მოდიო. შემოვიდა შევარდნაძე დაცვით და თანმხლები პირებით. ოტია კიბის მესამე საფეხურზე იდგა. არც განძრეულა. სანამ ედუარდი მასთან მივიდოდა, თაფლის არაყი მიაწოდეს, იმანაც დალია. დგას ოტია მუნდშტუკით და ნაფაზს ნაფაზზე ურტყამს. შევარდნაძემ ჰკითხა, ოტია, რატომ გამიბრაზდი ასე, ცალი ფეხით ხომ არ შემოვსულვარ შენს სახლში, მეორე ჭიქას რატომ არ მისხამო? ოტიამ უთხრა, მეორეს დამსახურება უნდა, დამსახურებაო.  კი მაგრამ, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ვიყავი, ხომ გაფინანსებდიო, არ დარჩა ვალში ედუარდი და ამ დროს გავიგე, რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ წლების განმავლობაში. თუმცა, ოტიამ უთხრა, ის კი არ არის საქმე, ჩემთვის რა გიკეთებია, არამედ ის, რას უკეთებ ქვეყანასო.

ოტიას სახლის გვერდით სტალინის აგარაკია. ყური მოუკრავს, რომ მის გასხვისებას აპირებდნენ ყაზახ ინვესტორებზე. მაშინ ოტია დაიმუქრა: ნუ დაავიწყდება ერს, ბერსა და ხელისუფლებას, რომ მე პარტიზანი ვარ და როგორც კი ვნახავ, აქ ვინმე შემოვა, ავაფეთქებო.

ყველა ომს თავისი აზრი აქვსო, ამბობდა ოტია. უაზრო ომი არ არსებობს, მით უფრო, თუ ომი შენი სახლ-კარის დასაცავად ან დასაბრუნებლად გამართეო. ტკივილად გაჰყვა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ერთხელ შემისწორა, კოდორის ხეობა კი არა, დალის ხეობაო. მაშინ პირველად ვნახე სევდიანი ოტია. ქალღმერთი დალი იქ, იმ ხეობაში ნადირობდა და ჩვენ, სვანები, უძველესი ქართველები იმ ხეობიდან ვთხზავდით ულამაზეს მითოლოგიას. ნეტავ თუ მოვესწრები დალის ნაკვალევზე, მის ხეობაში გავლასო.”

მისი დაკრძალვის დღეს ვთქვი, რომ ჩვენმა რაზმმა 27-ე ლეგიონერი დაკარგა. რიგით მერვე ოქროს მედალს გავცემთ მის სახელზე, ოტიას გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოებთ ამ მედლით. მას არ გაუსროლია ტყვია, სანგარშიც არ მჯდარა, მაგრამ მისი სიტყვა იმავეს ემსახურებოდა, რასაც ჩვენი ლეგიონის პრინციპები.