ღარიბი ქველმოქმედი
14-08-2009
გარდაცვლილს იმხელა პროცესია მიაცილებდა, მოძრაობა კარგა ხნით შეფერხდა. რადგან მეჩქარებოდა, ტაქსის მძღოლს თანხა გადავუხადე, დარჩენილი მანძილის გავლა კი ფეხით გადავწყვიტე. უნებურად ჭირისუფალთა რიგებში აღმოვჩნდი...

თავიდან ვიფიქრე, რომ ვინმე "დიდ კაცს", ან საზოგადო მოღვაწეს მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე, მაგრამ როცა უამრავი მაწანწალა ბავშვი დავინახე, მუჭის სიმსხო ცრემლებს რომ აღვარღვარებდნენ, მართლაც დავიბენი. გვერდით მდგომ შუახნის მამაკაცს ვკითხე, - კი მაგრამ, ვინ გარდაიცვალა ასეთი, რომ ამდენმა ხალხმა შეიწუხა მისთვის თავი?!

- ეგა, ანგელოზი იყო!
გარეგნულად ჩვეულებრივ კაცს ჰგავდა, მაგრამ ვისაც უნდა ჰკითხო, გეტყვის, რომ ჩვეულებრივი კაცი იმის მეასედს ვერ შეძლებდა, ეგ რომ სიკეთეს თესავდა. აქ ყველა მისი "მევალეა".

- მდიდარი ქველმოქმედია?

- მდიდარი, არა! - ხელი ჩაიქნია ჩემმა თანამგზავრმა, - ეჭვიც არ მეპარება, ნახევრად მშიერი იძინებდა. ზაქრო ერქვა. ბავშვობიდან
ინვალიდი ყოფილა. ინსტიტუტიც ჰქონია დამთავრებული, მაგრამ რაც მე ვიცნობ, პატარა ჯიხური ჰქონდა ჩადგმული კორპუსებს შორის და ფეხსაცმელების შემკეთებლად მუშაობდა. რამდენს უფასოდ უკეთებდა. იტყოდა ხოლმე, - ჩემთან მდიდარი არ მოვა, გაჭირვებული თუ ინდომებს ძველი ფეხსაცმლის შეკეთებასო! ჰოდა, ყველას ასე ეუბნებოდა, რაც გიღირს და შეგიძლია, ის გადამიხადეო!.. მდიდარ მეზობლებს კი სულ ეხვეწებოდა, ნახმარი და დაპატარავებული ფეხსაცმელი არ გადაეყარათ. შეაკეთებდა, გაალამაზებდა და აი, იმ მაწანწალა ბავშვებს ჩააცმევდა ხოლმე შიშველ, შემცივნულ ფეხებზე, ახლა რომ საკუთარ ბაბუასავით დასტირიან...

ორსართულიანი სახლი დარჩა მშობლებისგან. ბევრმა ურჩია გაეყიდა, მაგრამ არ შეელია: - მამაჩემის სახლი რომ გავყიდო, ვერ შევირგებ იმ ფულს და საიქიოშიც ვაწყენინებ მშობელს, ყველა აგური მის ხელში გავლილ-ნაფერებიაო.

მარტო მაინც არ ცხოვრობდა. აი, იმ პატარა ბიჭს ხომ ხედავ?! - დამანახვა წინა რიგში მდგომი შვიდიოდე წლის ბიჭი, ტირილისგან ცხვირი რომ დასივებოდა, - ეგ და დედამისი მამამისმა მიატოვა... ვითომ სამუშაოდ წავიდა რუსეთში და დაიკარგა, ოჯახს კი უამრავი ვალი დაუტოვა. მევალეებმაც სახლიდან გამოყარეს და რაც გააჩნდათ, გაუყიდეს. ქუჩაში ეძინათ ორი ღამე. ეს რომ ზაქრომ გაიგო, გულში ჩაიკრა ახალგაზრდა ქალი, მამად მიმიღე, შენი ბიჭი კი შვილიშვილი იქნება ჩემი. ნუ გეშინიათ, ღმერთი არ გაგვწირავსო! ორი წელია ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ლაპარაკ-ლაპარაკში სასაფლაომდეც მივაღწიეთ და იქ რაც ვნახე, იმის მეასედსაც ვერ გადმოვცემ. ლამის ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ ზაქროსგან ერთხელ მაინც მიუღია ისეთი მხარდაჭერა, სასიცოცხლო მნიშვნელობა რომ ჰქონდა მათთვის იმ წუთში...

უკან რომ ვბრუნდებოდით, ის ჭაღარა კაცი წამომეწია:

- ქელეხზე არ მობრძანდებით?

- არა, მე დღეს პირველად გავიგე გარდაცვლილის შესახებ...

- არც ჩვენ ვართ მისი ნათესავები... უბნელმა ბიჭებმა გაუკეთეს ქელეხის სუფრა. ამბობენ, - ზაქროს სიკეთე და კაცობა რომ არა, ვინც ვართ, ვერ ვიქნებოდით, ქუჩა ჩაგვყლაპავდაო!... ცხონებულს მხოლოდ ის უთხოვია მათთვის: ჩემი ქელეხიდან მშიერი არავინ გაუშვათო! სიკვდილის წინაც სხვებზე ფიქრობდა! - ამოიხვნეშა კაცმა და ლამის გული ამოაყოლა.

...მე კი, ეჭვიც აღარ მეპარებოდა, რომ ზოგჯერ მართლაც იღებენ ანგელოზები კაცის იერს და ცოდვილ ცხოვრებას გვიმსუბუქებენ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?