წელს ახალ წესებს თქვენც უნდა დაემორჩილოთ! - კვირის პალიტრა

წელს ახალ წესებს თქვენც უნდა დაემორჩილოთ!

ბათუმში გაგანია ზაფხულია და ბათუმელები დამსვენებლებს ელიან. ხელისუფლება ამბობს, რომ რეგიონში ტურისტების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ბათუმში სეზონი ექვს თვეს გრძელდება და ამ ქალაქში ყველაზე კარგი ზღვაა მსოფლიოში. ნიცასა და ბარსელონაზეც რომ უკეთესია ბათუმი(?!), ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ პრეზიდენტმა ეს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა 20 ივლისს, როცა ბათუმის ცენტრში ოფიციალურად სასტუმრო "რედისონ ბლუ" გახსნა. სასტუმრო "რედისონ ბლუ" სინამდვილეში არ მუშაობს.

KvirisPalitra.Geსასტუმროში სულ 168 ნომერია, მაგრამ ამჟამად არც ერთი არ მუშაობს. "სტუმრებს, სავარაუდოდ, აგვისტოს მეორე ნახევარში მივიღებთ", - გვითხრა სატელეფონო საუბრისას "რედისონის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერმა ნატალია ლუჩანინოვამ. პრეზიდენტის წითელი ლენტი საეჭვო მას შემდეგ გახდა, რაც სასტუმროსთან მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა (ვინაობის გამხელა არ ისურვა) კომენტარი მოგვცა:

- ალბათ, პრეზიდენტს ევროპელებისთვის უნდოდა მოეწონებინა თავი... არადა, სასტუმროს პირველ სართულზე იმ დღეს კონდიცირების სისტემაც მოიშალა და ლიფტშიც გაიჭედნენ პარლამენტარები. გაგვაფრთხილეს, არავინ არ უნდა გაიგოს, რომ სასტუმრო არ გახსნილაო.

რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმში ენრიკე იგლესიასის კონცერტიც გაიმართა. პრეზიდენტი დაესწრო, მაგრამ მხოლოდ იმ მონაკვეთს, როცა სოფო ნიჟარაძე მღეროდა. რა დაუჯდა ბიუჯეტს მსოფლიო მეგავარსკვლავის ჩამოყვანა, ინფორმაცია აჭარის მთავრობაში არა აქვთ.

ვაჟა დიასამიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე:

- გვინდა განვითარდეს ტურიზმის ალტერნატიული სახეობები: ღვინის ტურიზმი, ბიზნესტურიზმი. ტურისტებს შევთავაზებთ დელფინარიუმში დელფინებთან ერთად ბანაობას. ასევე ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას აჭარის მთაში.

- რამდენი ტურისტი ეწვია უკვე აჭარას?

- დღეისათვის (5 აგვისტო) აჭარაში 650 ათასი კაცია ჩამოსული. გასული წლის ამავე დროს 450 ათასი ვიზიტორი გვყავდა. შეინიშნება ირანელი ტურისტების რიცხვის ზრდა. ყველაზე მეტი მაინც თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეა. პრობლემაა მომსახურება და ნაწილობრივ ფასებიც, თუმცა ბათუმში დასვენება დიდად არ გაძვირებულა. ჩვენი გათვლებით, აჭარაში საშუალოდ დღეში 60-70 ლარად ნორმალურად დასვენება შეიძლება.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა კითხვის ნიშნებს აჩენს:

- ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლის განმავლობაში 2 მილიონი ტურისტი ესტუმრა ქვეყანას, რაც 39%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ამავე წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ თითოეული ტურისტი საქართველოში ერთ კვირას რჩება  და დღის განმავლობაში დაახლოებით 300 დოლარს ხარჯავს. გამოდის, თითოეულს 2.000 დოლარი მაინც დაუხარჯავს, ეს ჯამში 4 მილიარდ დოლარზე მეტია. თუკი ამ ციფრს გამოვაკლებთ მგზავრობის ხარჯს, დაახლოებით 3 მილიარდი მაინც უნდა დახარჯულიყო ჩვენს სასტუმროებსა და რესტორნებში, მაგრამ ტურისტების 40%-იანი მატების მიუხედავად, სასტუმროებისა და რესტორნების შემოსავალი მხოლოდ 20 მილიონი ლარით გაზრდილა ოფიციალურად(?!). ოფიციალური ინფორმაციაა ისიც, რომ როცა ტურისტების რაოდენობას 2 მილიონამდე მიუღწევია, საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 900 კაცით შემცირებულა. გამოდის, ან ამდენი ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, ან იმდენი არ დაუხარჯავს, რამდენსაც მთავრობა ითვლის.

მთავრობისგან გათვლილი ვადებისა და დაპირების მიუხედავად, ბათუმის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა არ დასრულებულა. რამდენიმე ქუჩაზე ქვაფენილი დაიგო, წყლისა და KvirisPalitra.Geკანალიზაციის სისტემები ქალაქის ძველ ნაწილში შეიცვალა, მაგრამ კანალიზაცია ისევ ზღვაში ჩადის. სამაგიეროდ, ისევ იცვლიან მისამართს ძეგლები და ობიექტები: ყინულის სახლი ახალ ბულვარში გადავიდა, ეშმაკის ბორბალი - ალი და ნინოს ქანდაკებასთან, მთავრობა - საავადმყოფოების შენობებში და ა. შ.

ბათუმის შემოსასვლელთან ჯერ კიდევ დგას დიდების მემორიალი, რომელსაც საკრებულოს გადაწყვეტილებით მალე ფერიის სასაფლაოსთან გადადგამენ. აქ საბაგირო გზა უნდა მოეწყოს. ზღვისკენ მიმავალი ქუჩებით სიარული ისევ ძნელია, მაგრამ ამ გზაზე ბევრგან იგრძნობთ, რომ ქალაქი შენდება.

ახლა პლაჟის ამბებიც უნდა გიამბოთ, ცხელი სიმინდის სურნელით...

"ცხელი სიმინდი, ცივი სასმელები, მზესუმზირა" - ნაცნობ "ლოზუნგებს" ბათუმის პლაჟზე ისევ გაიგონებთ. ოღონდ სიმინდით მოვაჭრეთა ხმაში ძველებური რიხი აღარ შეინიშნება და პლაჟზეც წელს აჩქარებული ნაბიჯებით დადიან.

- ორი სიმინდი, დეიდა, თუ შეიძლება, - მიმართავს მოვაჭრეს ახალგაზრდა წყვილი. მოხუცი მოვაჭრე ქურდივით აქეთ-იქით აცეცებს თვალებს, მერე უსწრაფესად იღებს ჩანთიდან სიმინდს, ტოვებს მარილთან ერთად, ართმევს ორლარიანს და გარბის.

- რა ხდება? - კითხულობს წყვილი.

- რა ხდება და აგვიკრძალეს მუშაობა! - მითხრა იმ მოვაჭრე ქალმა, როცა გამოვედევნე და ხვეწნა-მუდარის შემდეგ საუბარზე დავითანხმე. უფრო სწორად, დავარწმუნე, რომ საზღვაო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელი ან საგადასახადო სამსახურის თანამშრომელი არ ვიყავი: "წლებია დავდივარ ამ თაკარა სიცხეში და შარშან ზაფხულის დალეულს გამოგვიცხადეს, თქვენი აქ სირბილი აქოურობას არ უხთებაო. გავმართეთ აქციები და მიტინგები, მარა ვინ მოგვისმინა? მეიკლა მთავრობამ თავი, არ ეკადრება ჩვენს ნიცას და ბარსელონას დამსგავსებულ ბათუმს თქვენი ამფრათ მუშაობაო. წითელ პერანგებში გამოწკეპილი ხალხი ვაჭრობს წელს პლაჟზეო. შარშან ხომ თქვეს, აკრძალულია ყოლიფერნაირი ვაჭრობა პლაჟზეო, თურმე, წითელპერანგიანებიზა შეიძლება. აი, სამთავრობო ბიზნესი. დააარსეს კომპანია, ეიყვანეს ახალგაზრდები და დაასაქმეს, აგინი მოწესრიგებული ივლიანო. მე რეიზა ვერ ვივლიდი ვითომ მოწესრიგებული? მაინც დავდივარ, მარა დამსვენებელივით გამოწყობილი. ვინმემ ეჭვი რომ არ ეიღოს, სუმკაც საზაფხულო შევარჩიე, თორემ ვედრო თუ დამინახეს, ხომ დევიღუპე?!"

სიმინდით მოვაჭრე მართალი აღმოჩნდა. თუკი ქალაქის ხელისუფლებისთვის გასული წლის ზაფხულის ბოლოს ყოვლად მიუღებელი იყო ფეხით მოსიარულეთა ვაჭრობა, წელს ეს მისაღები გახდა, ოღონდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირდებიან და სახელმწიფო გადასახადს გადაიხდიან. წელს პლაჟზე ვაჭრობისთვის მხოლოდ ერთი ფირმაა დარეგისტრირებული: "დიმიტრი ფხაკაძე". ის სეზონურად დასაქმებულ ახალგაზრდებს გაყიდული პროდუქციის ღირებულების 15%-ს უხდის. ისინი მხარზე სალარო-აპარატებჩამოკიდებული დადიან და ჰოლივუდური ღიმილით გთავაზობენ 2-ლარიან სიმინდს, თანაც ქვითარსაც მოაყოლებენ.

წელს ახალ წესებს თქვენც უნდა დაემორჩილოთ: დამსვენებელს ბულვარში პიკნიკის მოწყობა, ასევე ნახევარ ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმლის შეტანა ეკრძალება(?).

წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში, ხეების გაჩეხა დაიწყეს. ბულვარის ცენტრალური ნაწილი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ვერა ქობალიას უწყებას გადასცა, ამ უწყებამ ქონება რკინიგზის დეპარტამენტს გადაულოცა.KvirisPalitra.Ge ამ უკანასკნელმა კი თავის შვილობილ კომპანიას და მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაც დაიწყო. საპროტესტო აქციების დროს ბულვარის შემოსაზღვრულ ნაწილს იმაზე მეტი პოლიციელი იცავდა, ვიდრე მოქალაქე იყო გამოსული პროტესტის გამოსახატავად. ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ მაშინ ბათუმელებს უთხრა, რომ "ხეები ბულვარში ამორტიზებული იყო"(!).

ჯაბა ანანიძე