"მისით აღტაცებული იქნებიან, თუმცა მის მიბაძვას ვერავინ შეძლებს" - კვირის პალიტრა

"მისით აღტაცებული იქნებიან, თუმცა მის მიბაძვას ვერავინ შეძლებს"

ელ გრეკოს შემოქმედებას სამი საუკუნის მანძილზე ეყარა მტვერი. მხოლოდ მეოცე საუკუნეში აღმოაჩინეს იგი თავიდან და მან კუთვნილი ადგილი დაიკავა უდიდეს მხატვართა გალერეაში.

KvirisPalitra.Geგენიალური მხატვარი ელ გრეკო, იგივე დომინიკოს თეოტოკოპული, 1541 წელს დაიბადა კუნძულ კრეტაზე,  სოფელ ფოდელეში, ქალაქ კანდიის მახლობლად, ბერძენი ვაჭრის გეორგიოს თეოტოკოპულის ოჯახში. იტალიასა და შემდეგ ესპანეთში მხატვარს წარმომავლობის გამო დომინიკო გრეკოს, ანუ ბერძენ დომინიკოს ეძახდნენ. იმ დროს კრეტული სკოლა  პოსტბიზანტიური ხელოვნების ცენტრი იყო და ელ გრეკომაც თავდაპირველად ხატწერა აითვისა,  რამაც განაპირობა კიდეც მისი ხატვის ტექნიკა.

1566 წელს მხატვარი ვენეციაში, ტიციანთან სწავლობდა. სხვა კრეტელი მხატვრებისაგან განსხვავებით, ელ გრეკომ არსებითად შეცვალა თავისი სტილი და მალე გაითქვა სახელი ტრადიციული რელიგიური თემების ახალი და უჩვეულო ინტერპრეტაციებით. ამ პერიოდის ნამუშევრებს კოლორიტის მხრივ ტიციანის გავლენა ეტყობა, ხოლო კომპოზიციური აგებისა და ნახატის პერსპექტივის მხრივ - ტინტორეტოსი. აქ შექმნა მან ცნობილი ნამუშევრები - "მოვაჭრეთა ტაძრიდან განდევნა" და "ბრმის განკურნება."

1570 წელს გადავიდა რომში, სადაც ელ გრეკო კარგად მიიღეს.  აქ მან შექმნა საკუთარი სტილი, თავისი მხატვრული შეხედულებებისა და იდეების დაცვით, თუმცა რომიდან წასვლამ მალე მოუწია. წასვლის მიზეზი კი ის გახდა, რომ ახალგაზრდა ბერძენმა საჯაროდ განაცხადა, - თუ მიქელანჯელოს "განკითხვის დღეს" ჩამოფხეკდნენ, იგი გაცილებით ღვთისმოსავ და შესაფერის ნახატს შექმნიდა და თანაც არანაკლები ოსტატობით! ეს განცხადება რომის მხატვართა წრემ შეურაცხყოფად მიიღო და კარდინალის მფარველობის მიუხედავად, დომინიკო იძულებული გახდა, 1576 წელს რომი დაეტოვებინა და ესპანეთში გამგზავრებულიყო.

1577 წელს ელ გრეკო მადრიდიდან ტოლედოში მიდის. ტოლედოს რამდენიმე ეკლესიის საკურთხევლისთვის მან შექმნა "მარიამის ამაღლება", "სამება", "ქრისტეს აღდგომა", "მოგვთა თაყვანისცემა", რომლებმაც სპეციალისტებისა და ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა საეკლესიო მოღვაწეთა პროტესტი გამოიწვია - ნახატები მათთვის გაუგებარი იყო... 1577-1579 წლებშივე ქმნის თავის პირველ შედევრს, "ესპოლიო", რომელშიც მან ერთადერთხელ დახატა ქრისტე კაშკაშა წითელი ფერის სამოსში. მსგავსი ფერი შემდგომში აღარასდროს გამოუყენებია.

“1578 წელს მხატვარს სატრფოსთან - ლამაზ არისტოკრატ ქალბატონ ჰერონიმა დე კუევასთან ვაჟი შეეძინა - ხორხე მანუელი. ელ გრეკოს ტოლედოში ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ ქალაქში, სადაც ეკლესია ყოვლისშემძლე იყო, უკანონო ვაჟს გვარიც მისცა. 1580 წელს მან მადრიდში დაასრულა უზარმაზარი ტილო - “"წმინდა მავრიკიუსის წამება," რომელმაც თამამი და უჩვეულო მხატვრული ხერხების გამო მეფე ფილიპე მეორის უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად, ჯიუტი ბერძენი სამუდამოდ დაბრუნდა ტოლედოში. 1586-1588 წლებში შექმნილმა "გრაფ ორგასის დაკრძალვამ" კი იგი დიდების მწვერვალზე აიყვანა.

90-იან წლებში მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი ქრისტეს ტანჯვამ დაიკავა. 1596-1600 წლებში ქმნის ტილოს "ქრისტეს ნათლობა", რომელშიც სინათლის ეფექტი აპოთეოზს აღწევს. ფიგურების პროპორციები წაგრძელებულია, ყველაფერი მოძრაობაშია  და იშლება ზღვარი მიწიერსა და ზეციურს შორის...

ელ გრეკო ასევე ქმნის შესანიშნავ პორტრეტებს. მხატვარი ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს ადამიანის შინაგან სამყაროს. ელ გრეკო სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უდიდეს პორტრეტისტად.

გვიანდელ პერიოდში მხატვარი  ესპანურმა მისტიკამ გაიტაცა. აპოკალიფსის თემას  ეძღვნება მისი ყველაზე უჩვეულო და თამამი სურათი "მეხუთე ბეჭდის მოხსნა" (1610-1611), სადაც "ფიგურები მკვეთრადაა დეფორმირებული, შუქი შემაშფოთებლად მოძრაობს, ფერები კი ისეთი  მკვეთრი და ლამაზია, რომ თითქმის ზეთის საღებავებით გადმოცემის შესაძლებლობასაც კი აღემატება". 1610-1614 წლებში ელ გრეკო ტოლედოს პანორამულ სურათს ქმნის, რომელზეც მისი საყვარელი ქალაქი უაღრესი სიზუსტითაა გადმოცემული.

ამ წლებში იგი უამრავ შეკვეთას იღებს, ბევრს ხატავს, თუმცა ხელგაშლილი მხატვარი ხარჯებს ძლივს აუდის.

მისი უკანასკნელი ნაწარმოებია 1613 წელს შექმნილი “"მარიამის ამაღლება".

მხატვარი უცნობი სნეულებით 1614 წლის 7 აპრილს გარდაიცვალა. ელ გრეკოს სიკვდილმა მის თანამედროვეებზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი-ერთი წერდა: "მომდევნო საუკუნეებში მისით აღტაცებული იქნებიან, თუმცა მის მიბაძვას ვერავინ შეძლებს"".

დრომ ამ სიტყვების ჭეშმარიტება დაადასტურა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ