"ეს მთელმა საქართველომ უნდა თქვას წინასწარ" - კვირის პალიტრა

"ეს მთელმა საქართველომ უნდა თქვას წინასწარ"

"ამათ არა აქვთ სიკეთის რწმენა და სხვისა აღიზიანებთ"

"ეს დაწყევლილი ჯაჭვი უნდა გაწყდეს"

"ადრე ხალხი ლავრენტი ბერიას საპყრობილეებში იყო გამომწყვდეული, ახლა ამათ საპყრობილეებში არიან"

"საქართველო ჩვენთვის სამშობლოა, ამ ხელისუფლებისთვის კი პროექტი"

პოეტმა დათო მაღრაძემ ცოტა ხნის წინ ებოლიში გამართულ პოეზიის მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე ისე გაიმარჯვა, თავად არც წარუდგენია ლექსები. იტალიელმა პოეტმა ეჯიდიო ფუსკომ (რომლის მეუღლე, ნუნუ გელაძე, მაღრაძის ლექსების მთარგმნელია) სიურპრიზი გაუკეთა, - იტალიურად ნათარგმნი მისი ლექსების კრებული კონკურსზე წარადგინა და არც უთხრა. თუ ვინიცობაა, ფინალისტებში არ მოხვდა, გული არ დასწყდესო. ეს ამბავი მას შემდეგ გაუმხილა, რაც დათო მაღრაძე ოც ფინალისტს შორის დასახელდა.

KvirisPalitra.Ge- ფინალისტები ქალაქ ებოლიში მიგვიწვიეს, სადაც გამარჯვებულები უნდა დასახელებულიყვნენ. ებოლი ისეთივე არქიტექტურული შედევრია, როგორიც იტალიის არაერთი ქალაქი. შუა საუკუნეების სასახლეში გაიმართა გრანდიოზული დასკვნითი შეხვედრა. ფინალისტების გამოცხადება მეოცედან დაიწყეს. ერთი მესამე პრემია გაიცა, ორი - მეორე. ერთი პირველი პრემია გაუცემელი იყო და მე ვიყავი დაუსახელებელი... მივხვდი, რომ გავიმარჯვე. როდესაც  გამომაცხადეს, იხუმრეს, ნობელის პრემიის გადაცემის გენერალურ რეპეტიციას გავდივართ და დათო მაღრაძეს ვანიჭებთ პირველ პრემიასო. ებოლის მერმა გადმომცა პირველი პრემია. ბანკეტი გამიმართეს და მკითხეს, ვის დაპატიჟებო. ცხრამეტივე ნომინანტს-მეთქი და ყველამ ერთად ვიზეიმეთ.

ეგზიუპერისა არ იყოს, ყველა ადამიანშია ჩაკლული მოცარტი და ჩაკლულ მოცარტს როგორ მოემსახურები, ის არის შენი მსახურების წესი. ჩვენ გადარჩენა-არგადარჩენის ზღვარზე ნაცხოვრები ერი ვართ და პოეტსაც მეტი დატვირთვა მიენიჭა ამ ქვეყანაში, ვიდრე ჩვეულებრივ, ნორმალურ ქვეყნებში, სადაც სულ ზღვარზე არ არის სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის ბედ-იღბალი.

მამაკაცს თავისი ვალდებულებები აქვს ქალის, შვილების, წინაპრის, მომავლის წინაშე. მამაკაცის უპირველესი მოვალეობა "ზნენი სამამაკაცონია" და არა ლექსი და ნახატი. ამას არ გავურბივარ, მაგრამ სახელმწიფო სამსახური განწყობილებებზე მოქმედებს, სულიერი, ემოციური შეუთავსებლობა ახლავს ლექსის წერას და სახელმწიფო სამსახურს.

არიან ადამიანები, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ. არ მიმაჩნია, რომ ქვეყნის მსახურების მხოლოდ ეს ასპარეზი არსებობს. თავს არ ვადრი, მაგრამ გოგებაშვილზე დიდი სამსახური ვინ გაუწია ქართველ ერს? ის არც მინისტრი ყოფილა და არც პარლამენტარი, გიმნაზიაში პედაგოგობდა. პედაგოგიურ მუშაობაზე მეც არ ვამბობ უარს, მაგრამ დღევანდელი ვითარების გამო ჩემთვის დახურულია უმაღლესი სასწავლებლები. სტუდენტები თავიანთი სურვილით რომ მიწვევენ, ადმინისტრაცია ჩემს დანახვაზე დაცვას აყენებს კარში, მაგრამ მაინც შევდივარ და ველაპარაკები სტუდენტებს.

- რატომ არ გიშვებენ სტუდენტებთან?

- ამ ხელისუფლების მომხრე არა ვარ, ეს არის მიზეზი. ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ლუგანოს, ვენეციისა და რომის უნივერსიტეტებში შეხვედრებს მიწყობენ, საკუთარ სამშობლოში კი კარში დაცვას მიყენებენ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებს არ დაველაპარაკო. ეს კი უსუსურ რეჟიმზე მეტყველებს...

- ყველაზე ძალიან რა არ მოგწონთ?

- ის, რომ ბოლო ათწლეულში ყველა თაობა იწყებდა წინა თაობის, ანუ მშობლების სასამართლოს. ეს დაწყევლილი ჯაჭვი უნდა გაწყდეს. პრეცედენტი უნდა შევქმნათ იმისა, რომ ჩვენს წინა თაობას ზნეობრივი სასამართლო არ მოვუწყოთ. როდესაც ადამიანის ბედი არა გაქვს განცდილი, არ იცი, რა ყოფაში უწევდა შენს მშობელს მოღვაწეობა, ისეთები, რომელთაც არაფერი ღვაწლი არ მიუძღვით,მოსამართლის მანტიით ევლინებიან მშობლებს. ეს არის ზნეობრივი კატასტროფა. როგორ შეიძლება ერთი თაობა დამნაშავე იყოს და მეორე - კარგი. ზოგჯერ არსებობს ისეთი გაუსაძლისი ყოფა, როდესაც ადამიანები ცდილობენ მხოლოდ, თავი გადაირჩინონ, შვილები გაზარდონ და წინაპარს პატივი სცენ. ზოგიერთებს საპყრობილეში ნაწამები ხალხის ბედი არა აქვთ განცდილი და მორალისტებად გვევლინებიან, ამან როგორ დაწერა ჩვენება ან როგორ მისცა თვითაღიარებაო. ეს დღევანდელ დღესაც ეხმიანება, როდესაც ვხედავთ, როგორ ახდენენ აღიარებითი ჩვენებების ტირაჟირებას. წარმოიდგინეთ, რამდენი თვითაღიარება ედო ლავრენტი ბერიას მაგიდაზე... ადრე ხალხი ბერიას საპყრობილეში იყო გამომწყვდეული, ახლა ამათ საპყრობილეში არიან.

კომუნისტური რეპრესიების დროს ზოგი მანჯურიის აგენტობას აღიარებდა, ზოგსაც ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი გაჰყავდა. მაშინდელიც და ახლანდელიც ერთი და იგივე ხელისუფლებაა. სამშობლოს ღალატი ყველაზე ადვილი დასაბრალებელია, მაგრამ ამ დროს სამშობლოს ღალატი იდეაში არ არსებობს.

ზოგჯერ ყველაზე ღირსეულ შვილებს სამშობლო თვითონ ღალატობს ხოლმე. ილია ჭავჭავაძეს უღალატა სამშობლომ წიწამურის ტყეში, უღალატა მიხეილ ჯავახიშვილსა და ტიციან ტაბიძესაც. არსებობს სასამართლოზე წარმოთქმული მიხეილ ჯავახიშვილის ბოლო სიტყვა: "თქვენ შეგიძლიათ მომსპოთ, მაგრამ მე მოვასწარი და ქართულ მიწაზე ისეთი მუხა დავრგე, რომელსაც  ვეღარ მოსპობთ".  ზოგი კითხულობს, გჯერათ თუ არა ამ აღიარებითი ჩვენებებისო. როგორ შეიძლება იმ ადამიანების დავიჯეროთ, რომლებიც ამბობენ, რომ აგვისტოს ომი მოიგეს?

- სამი წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. მის რეალურ შედეგებზე მინდა გკითხოთ და არა იმაზე, რასაც გვეუბნებიან.

- ამის პასუხად გეტყვით: სტუდენტებმა გამიმხილეს თავიანთი იდეა, უნდათ ენდი გარსიას ვარსკვლავი გახსნან გორში, ზუსტად იქ, სადაც მთავარსარდალმა "უმაგალითო მხნეობა" გამოიჩინა. ამით ყველაფერია ნათქვამი.

- ქართველი საზოგადოება აღაშფოთა ეკლესიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამ. იქნებ ეს შეშფოთება გადაჭარბებული იყო და სინამდვილეში ეკლესიას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა?

- ქართული კულტურა ქრისტიანული კულტურაა. ამ კულტურასთან ხედავს ქართველი კაცი თავისი ქვეყნის შვილობისა და სულიერების იდენტიფიკაციას. ქართველი კაცი ხედავს, რომ განზრახული აქვთ შექმნან ადამიანი მეხსიერების გარეშე, რომელიც ამ კულტურას მოწყვეტილი უნდა იყოს. თუ კულტურული მემკვიდრეობის ხსოვნა არის და თავისი სულიერი თავგადასავალი ახსოვს ერს, ის ახალ ჯიშად ვერ გამოდგება. როდესაც ხელისუფლებას სურს შექმნას ახალი ქართველი მეხსიერების გარეშე, ამისგან არის განპირობებული ეკლესიასა და ქართულ ტრადიციებზე შეტევა. ცდილობენ, ეს ყველაფერი გამოცხადდეს მარგინალურად და მოდური იყოს ადამიანი მეხსიერების გარეშე. საქართველო ჩვენთვის სამშობლოა, ამ ხელისუფლებისთვის კი პროექტი. პროექტს კარგად ემსახურება ადამიანი მეხსიერების გარეშე, რადგან პროექტს არ სჭირდება ადამიანის განცდა და სულიერი თავგადასავალი. მთავარია, ადამიანმა ენჯეოს ენა, კომპიუტერი და ინგლისური იცოდეს, ქართულის ცოდნა არ არის საჭირო.

ინგლისურიც კარგია, რუსულიც და გერმანულიც, მაგრამ ისინი არასოდეს იქნება მშობლიური ენისა და კულტურის საპირწონე. ადამიანის სულიერი საყრდენი მშობლიური კულტურაა. ნაცია, ერი ამით იცნობა. თუ ადამიანი ქართველია, ის ძველია. ახალი ქართველი არ არსებობს. ძველი მოძველებულს არ ნიშნავს. კონიაკი რომ ძველდება, ფასს მაშინ იძენს და ასეა ერიც. მოძველებულია ამათი იდეა - ადამიანის ახალი ჯიშის შექმნა. ლენინს უნდოდა ეს და არ გამოუვიდა, მერე ჰიტლერმა მოინდომა და ახლა ამათ უნდათ. ეს ფუჭი და ტრაგიზმით სავსე ცდაა და რაკი მეორდება, უკვე ტრაგიკომიკური ფარსის იერს იძენს.

ერთხელ დიდ გერმანულ კულტურაზე ესაუბრებოდა ჟურნალისტი გენიალურ მწერალს, თომას მანს და ჰკითხა, სად იყო დიდი გერმანული კულტურა, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკებში ხალხს აწამებდნენ ან გაზის კამერებში ხუთავდნენო. თომას მანმა უპასუხა, მე სადაც ვიყავი, იქ იყო გერმანული კულტურაო. ამის თქმა თომას მანისთანა ადამიანებს შეუძლიათ.

- ხელისუფლების აღტყინებასა და საჩვენებელ მხიარულებაში ვერ მონაწილეობს ქართველი საზოგადოება, რომელიც შეფიქრიანებული ადევნებს თვალყურს იმას, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება.

- იმიტომ, რომ ეს რეჟიმი ყველა სეგმენტს შეეხო. ჩვენი ყოფა ღია ტოტალიტარიზმისკენ დაიძრა, მაგრამ ის, რასაც კლავენ, არ მოკვდება. უკვდავის მოკვლა განიზრახეს ამაოდ. თავისუფლების წყურვილს ადამიანში ესენი ვერასოდეს მოკლავენ და ამ "ქართულ დემოკრატიასაც" აეხდება ფარდა. შეიძლება აქ, საქართველოში მეორე გუანტანამო მიიღოს დასავლეთმა. მაგრამ იმედს მაძლევს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადება, ყველას, ჩვენი მტერი იქნება თუ მოყვარე, ვინც დიქტატორულ რეჟიმს დაამყარებს თავის ქვეყანაში, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ნუ ექნებაო. ამ განცხადებას მალევე მოჰყვა მეორე, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ დამფუძნებელ მამებსო. ობამამ ამ განცხადებით მარტო პოლიტიკური სიბრძნე კი არა, შემოქმედებითი ტალანტი გამოამჟღავნა. მან იგრძნო ახალი ეპოქა - ძე შეცდომილის მამის სახლში დაბრუნების ეპოქა. ეს მარადიული წრეა. ადამიანის ყოფა არის გზა მამის სახლიდან მამის სახლისკენ.

ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჯერი ახლა გარე სამყაროზეა. ვის დაუჭერს მხარს - თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს თუ მოძალადე რეჟიმს?

26 მაისს ადამიანები რომ დახოცეს, 28 მაისს უფრო მეტი ხალხი გამოვიდა საპროტესტოდ. ჩვენ ვცოცხლობთ. არ გავქრებით. ამ რეპრესიების, დეპრესიების, მკვლელობებისა და წამების ფონზე ქართველმა საზოგადოებამ მოახერხა და არ გახდა ამ სიბილწის, წარღვნის თანაზიარი.

ერსაც და ბერსაც ერთნაირად უნდა გვახსოვდეს: იმან, ვისაც ჩვენი სარწმუნოებით მივდევთ, ერთი პერანგი შემოიხვია და ისე ავიდა ჯვარზე:

"ის მიდის ჯვრისკენ თეთრი პერანგით

- ჯვარს აცვი! -

ისმის ანჩხლი კიკინი

და მოსროლილი ვით ბუმერანგი

ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით.

ირევა ხალხი, როგორც ამინდი,

ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი,

მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი,

ის მიდის ჯვრისკენ თეთრი პერანგით.

...ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს

უსაფრთხოება მიაქვს კეისის,

ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ,

ხან საკუთარი აირვეისით

და საფინანსო გაწეულ რისკებს

თან გაკოტრების ახლავს შიშები,

მივალთ... მივდივართ... მივიმღერთ ჯვრისკენ,

ჩვენი საბანკო ანგარიშებით.

იერუსალიმს აღდგომა მოდის,

დელეგაციის საუბარს ვისმენ,

- ბარგის წონაზე მოგიხდით ბოდიშს -

და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ.

ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით. ("თეთრი პერანგი")

რადგან ამ ყოფაში ყველას განსაცდელი გველის, საქართველოს მოსახლეობამ პრევენცია უნდა გავაკეთოთ და დავწეროთ: "სრულიად ჯანსაღ მდგომარეობაში ვაცხადებთ, არ ირწმუნოთ ჩემი თვითაღიარება იმის მერე, რაც დამაკავებენ. ეს იქნება შეთითხნილი, მოგონილი მათი ვერსიების თანახმად, მაგრამ შეიძლება ისეთ დღეში ჩამაგდონ, რომ მაღიარებინონ" - ეს მთელმა საქართველომ უნდა თქვას წინასწარ.

ამათ არა აქვთ სიკეთის რწმენა და სხვისა აღიზიანებთ. მე ოპტიმისტი ვარ, რადგან სიკეთის მჯერა საცოდავია ის, ვისაც სიკეთის რწმენა აქვს დაკარგული. მე ძველი ვარ, რადგან ქართველი ვარ. რამდენი საუკუნეა მოვდივარ და ამიტომ მჯერა სიკეთის. კაცობრიობის ისტორიაში ვერც ერთმა რეჟიმმა ვერ მოკლა ადამიანის თავისუფლების წყურვილი. ვერც ახლა მოკლავენ. ჯვარცმას ყოველთვის აღდგომა მოსდევს.