რა ხდება "მედიაპალიტრაში"? - კვირის პალიტრა

რა ხდება "მედიაპალიტრაში"?

შემოწმების 70-ე(!) დღე

რატომ შეიცვალა საგადასახადოს ტაქტიკა?...

უკვე მესამე თვეა, რაც "მედიაპალიტრის" ექვს დამოუკიდებელ ორგანიზაციაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა არაგეგმური შემოწმება დაიწყო. შემოწმების პირველ ეტაპზე, "მედიაპალიტრის" ოთხ სტრუქტურაში ერთდროულად, სასაქონლო-მატერიალური ღირებულებების ინვენტარიზაცია მიმდინარეობდა. ინვენტარიზაციის პროცესში დალუქული იყო საწყობები, სადაც შემოსავლების სამსახურმა ასეულობით დასახელებისა და მილიონობით ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღწერა. ინვენტარიზაციის პარალელურად, შემოსავლების სასამხურმა "მედიაპალიტრაში" ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლაც დაიწყო. ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტი 29 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა შემოწმების ვადა კიდევ ერთი თვით გაიხანგრძლივა. 28 ივლისს ცნობილი გახდა შემოწმების პირველი ნაწილის - ინვენტარიზაციის ოფიციალური შედეგები, რომლის თანახმადაც შემოწმებულ ორგანიზაციებში მხოლოდ ძალზე მცირე ცდომილებები აღმოჩნდა.

"მედიაპალიტრის" ფინანსური განყოფილების წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით მსგავსი სურათი იქნება ფინანსური დოკუმენტაციის რევიზიის შედეგადაც, ვინაიდან, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა აღმოჩენილი არ არის. როგორც ჩანს, სწორედ იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური სანქციების დასარიცხად საფუძველი არ აქვთ, ბოლო პერიოდში საგადასახადოს თანამშრომლების ტაქტიკა აშკარად შეიცვალა. მაგალითად, თუ ადრე დაკავებულები იყვნენ ფინანსურø დოკუმენტაციის შესწავლით და ამავე დროს ცდილობდნენ კორექტულები ყოფილიყვნენ, ახლა გაცილებით გაღიზიანებულები და აგრესიულები ჩანან. ამა თუ იმ კომპანიისგან ითხოვენ ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც მას საერთოდ არ ეხება, შემოსავლების სამსახურში სათითაოდ იბარებენ პასუხისმგებელ პირებს (მათ შორის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც "მედიაპალიტრაში" უკვე აღარ მუშაობენ) და უტარებენ გამოკითხვებს, რომლებიც დაკითხვას უფრო ჰგავს - ერთ ადამიანს 3-4 მაკონტროლებელი ჯვარედინ კითხვებს უსვამს, თემიდან თემაზე გადახტომით, სავარაუდოდ, ცდილობენ რაიმე ისეთი ათქმევინონ, თუნდაც აბსურდული, რაც შემდეგ უფრო "მძიმეწონიან" სტრუქტურებს "მედიაპალიტრაზე" სერიოზული ზეწოლის საბაბს მისცემს.

შემოსავლების სამსახურის ერთმა ნაცნობმა თანამშრომელმა, რომლის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ გავამხელ, აღნიშნა: თქვენ ხომ იცით, რომ ეს ჩვეულებრივი საგადასახადო შემოწმება არ არის, არსებობს დავალება, რომლის შესრულებასაც საგადასახადო ნებისმიერი საშუალებით ეცდებაო...

P.S. "მედიაპალიტრა" იმედს იტოვებს, რომ დაინტერესებული სტრუქტურები უარს იტყვიან "დაუკრეფავში გადასვლაზე" და შემოწმების ობიექტურ შედეგებს წარმოადგენენ!

"მედიაპალიტრა" მადლობას უხდის დიპლომატებს, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, აგრეთვე, რა თქმა უნდაá უბრალო მკითხველს იმ ყურადღებისათვის, რასაც მათგან ვგრძნობთ. ჩვენ მომავალშიც მოგაწვდით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას შემოწმების შესახებ.