საზამთრო
14-08-2009
საზამთრო ზაქროს ოჯახის ერთადერთი იმედი და გადამრჩენელია. ადრე ვენახიც ჩინებული ჰქონდა, მამა-პაპისგან მოსდგამდა მევენახეობა, მაგრამ რაც ყურძენს ტყემლის ფასი დაედო, ვეღარ გასწვდა ვაზს: დაურჩა შეუწამლავ-მოუვლელი.
ახლა იმდენ ღვინოსაც ძლივს წურავს, რომ მტერ-მოყვარეს ამყოფინოს, თორემ გასაყიდზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ დარჩა საზამთროს იმედზე. არც მისი გაყიდვაა იოლი საქმე, ამიტომ ზაქრო ხშირად უხასიათოდ დგას დახლთან და ისე ილანძღება, იშვიათი მყიდველიც გვერდს უვლის და ქოქოლას აყრის:

- მაგ მწარე ენის პატრონი საზამთროსაც შხამიანს მოიყვანდიო!..

განსაკუთრებით უცხოელები არ ეხატება გულზე, დადიან და მარტო ბუნებას კი არა, ადამიანებსაც ისე შეჰყურებენ, თითქოს ზოოპარკში გამომწყვდეული მაიმუნები იყვნენ. ამიტომაც იყო, "საქებარ" სიტყვებს არც მათთვის იშურებდა.

- ბიჭო, დააყე პირში ეგ შენი დასამიწებელი ენა, სანამ პატრულს ვირის აბანოში არ ჩაუყუდებიხარო! - ურჩიეს თანასოფლელებმა.

ერთხელაც ერთი
გერმანელი სტუმარი მოადგა ზაქროს დახლს და ყველაზე დიდ, ჩაშაქრულ საზამთროს დაავლო ხელი.

- გემოვნება კი კაი გქონია, შე შობელძაღლო, შენა! - ვერ შეიკავა თავი ზაქრომ.

თარჯიმანმა, - სტუმარი საზამთროს ფასს კითხულობსო!

- უთხარი, მაგისთვის 100 დოლარს კაპიკი არ დააკლდება! - არხეინად უპასუხა ზაქრომ.

- რა, ყაჩაღობაა? - შეიცხადა თარჯიმანმა.

- შენი რა მიდის, უთხარი! თუ არ უნდა, იაფად სხვასთან მოიკითხოს! - არ შეეპუა ზაქრო.

თარჯიმანმა თავი მოიქექა და გერმანელს ფასი თავის ენაზე უთხრა, იმანაც, - გუუდ, გუუდო! - და საფულიდან ასდოლარიანი ამოიღო. მერე საზამთრო იღლიაში ამოიდო და თავისიანებს შეუერთდა...

ზაქროს ენა ჩაუვარდა თითქოს, იდგა და ისე გასცქეროდა უცხოელებს, ვითომ მიუვარდებოდნენ და ფულს ხომ წაართმევდნენ, ცხვირ-პირსაც ჩაუნაყავდნენ...

იმათ კი, იქვე მოძებნეს სუფთა ადგილი, საზამთრო დაჭრეს და გემრიელად მიირთვეს, თან ზაქროსკენ იცქირებოდნენ და ზეაწეულ ცერა თითს აჩვენებდნენ კმაყოფილების ნიშნად...

- ბიჯოო, ნამდვილია ეგ ფული?! - შეანჯღრია ზაქრო მეზობელმა.

მანაც მზეზე გახედა ფულს და რომ დარწმუნდა, ნამდვილი იყო, კახურად "ჩააგვირისტა" გინება.

- რას ერჩი, 100 დოლარს მთელი წლის მოსავალში ვერ იღებს ზოგი, შენ ერთი საზამთრო გაყიდე ასე სარფიანად და შეგრჩა, იმ შტერი გერმანელის მზეს უნდა იფიცებდე! - შეუძახა მეზობელმა.

- ერთ საზამთროში რომ 100 დოლარს მისცემს, სწორედ იმას ვერჩი. ჯერ ისედაც აღარ ვწერივართ კაცებში და ამით მთლად მოგვიღეს ბოლო. რას აკეთებს ასეთს იმ თავის ქვეყანაში, რომ ამდენი ფული აქვს! - ისევ აიწყვიტა ზაქრომ.

- შენ ხომ სუ უმადური ხარ! - ვერაფერი გაუგო მეზობელმა.

ზაქრო როდის-როდის ჩაცხრა და უცებ ცრემლები გადმოსცვივდა. მეზობელს გული გაუსკდა, ატირებული არასოდეს ენახა:

- რა იყო, რა უბედურება გეტაკა!

- ახლა ტირილიც ამიკრძალე! მეტირება და ვტირი, ვაა! - ხელი აიქნია და ბაზრის ჭიშკართან მოთამაშე ბავშვებს გასძახა, მოდით, საზამთრო წაიღეთ, ყველას ის გერმანელი გეპატიჟებათ!..

ბავშვებიც დაერივნენ საზამთროს და ერთ წუთში გაასუფთავეს დახლი. ბედნიერი პატარების დანახვაზე ზაქროსაც მოეშვა გულს და როგორც იქნა, გაიღიმა: - თქვენ კი გენაცვალოთ, ზაქრო!..

ბაზარმაც შვებით ამოისუნთქა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?