მზით გაგეცვითოთ! - კვირის პალიტრა

მზით გაგეცვითოთ!

"სანამ ანბანს ვისწავლიდი, ჩეჩა და დართვა ვისწავლე"

მისი მოქსოვილი თუშური ხალიჩები და ფარდაგები სამეფო ოჯახებისა და ელჩების საცხოვრებლებს ამშვენებს. მის სახელოსნოში ყოველ კვირას სტუმრად მიდიან დიპლომატები. დიასახლისიც დაუზარებლად ჩეჩს მატყლს, ართავს ძაფს, ქსოვს ლამაზ-ლამაზ ორნამენტებს, ახვევს ხინკალს, აცხობს კოტორს (თუშური ხაჭაპური) და არასდროს კეტავს სახლის კარს. ეს მრავლისშემძლე თუში ქალბატონი, ტრადიციული ხელსაქმის დიდოსტატი ლილი მურთაზაშვილი, თუშეთში მოგზაურობისას გავიცანი. ბარში დაბრუნებული ალვანში ვესტუმრე თუშ მქსოველს. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ულამაზესი ფერები ოსტატურად ჩაუწნავთ ფარდაგებში, ხალიჩებში, წინდებში, ჩითებში, ქუდებში. თვალები ამიჭრელდა, ვეღარ ვხვდებოდი, რით გამეჩერებინა მზერა და რას მივფერებოდი. რამდენიმე წლის წინ თუშები ჩიოდნენ, ჩვენი გოგონები ხელსაქმეს აღარ სწავლობენ და უძველესი ხელოვნებაც თანდათან იკარგებაო. ახლა თუშები ამბობენ, რომ ქალბატონმა ლილიმ და მოხალისეებმა ეს განძი დაკარგვას გადაარჩინეს. თუშმა ქალებმა ბებიებისა და დედებისგან გადმოცემული ცოდნა გაიხსენეს, ძველისძველი ფარდაგები სკივრებიდან ამოალაგეს და მივიწყების პირას მისული ტრადიცია გააცოცხლეს.

ლილი მურთაზაშვილი: - 68 წლის ვარ, 4 წლისამ ვისწავლე მატყლის ჩეჩა და ძაფის დართვა. ბოლო ოთხი წელია ეს საწარმო გავხსენი. სახელოსნო-მუზეუმის ფუნქციას ასრულებს, სადაც ყველა დასათვალიერებლად მოდის, მაგრამ პირველივე ჯერზე უთუოდ გაიყოლებენ ხოლმე რაიმეს. მეორედ მირეკავენ და შეკვეთას მაძლევენ, ესა და ეს მინდაო.

2006 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის მსოფლიო ბანკმა გრანტები გასცა. მე ტრადიციული ხელსაქმე ავირჩიე. მოვამზადე პროექტი სახელწოდებით, - "მექსოვა მზითვის ჩითი, ფარდაგი". ეს სიტყვები თუში პოეტი ქალის, ანა იმედიძის ლექსიდანაა. ჩემი მიზანი იყო ძველი თუშური ორნამენტის აღდგენა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. პროექტი მომიწონეს და ასე გავხსენი ეს სახელოსნო. შემდეგ, როდესაც "რუსთავი 2"-ზე ახალი პროექტის "იდეა, ფული და ერთი შანსის" კონკურსი გამოცხადდა, იქაც ვცადე ბედი. კომპანია "ჯეოსელის" გენერალურმა დირექტორმა ოსმან თურანმა და კომპანია "ავერსის" დირექტორმა პაატა კურტანიძემ დამაფინანსეს. ამასთან, გავხდი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" წევრი და მას შემდეგ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელთან, ტურისტების ნაკადი არ წყდება. ჩემს ოჯახში ყოველ წელს ტარდება სახალხო ფესტივალი. პირველად თაფლის არყის ფესტივალი ჩატარდა, მეორე წელს ფარდაგის ფესტივალს ვუმასპინძლე, მესამედ, წელს კი ფესტივალს "ფიროსმანის ფერები" ერქვა. მომავალი წლისთვის საერთაშორისო ფესტივალს ვგეგმავთ კვლავ ფიროსმანის მოტივებზე.

თავდაპირველად საწარმოში მხოლოდ შვიდი ქალი ვმუშაობდით, დღეს უკვე 70-ზე მეტი ვართ. ჩვენს მოქსოვილ ნივთებს თან ჩვენი ფიქრები მიჰყვება მყიდველთან. როდესაც თუში ქალი ქსოვს, თავის ნაფიქრალს ხელსაქმეში დებს, ღიღინებს, ჩურჩულებს, იღიმის, ცრემლიც სდის, ხან სიხარულის, ხან მწუხარების. ამიტომაც, როცა ჩვენს მოქსოვილ ჩითებს, წინდებს თუ სხვა რამეს იცვამთ, იცოდეთ, მატყლის თბილ ძაფთან ერთად ჩვენი ფიქრებიც გათბობთ.

მახსოვს, ბავშვობაში საჩეჩლისა და სართავის ხმაში მეძინებოდა. ვიღვიძებდი და ისევ ის ხმა ისმოდა. დედა და ბებია გამუდმებით შრომობდნენ. მახსოვს მათი სახეები, ფიქრიანი, მოკუმული ტუჩებით, მოგუდული ღიღინით, რომელშიც დიდი სევდაც იყო და სიხარულიც. დაამთავრებდა ბებია ქსოვას და იტყოდა, მზით გაეცვითოსო. სულერთია, ვისთვის მოქსოვდა, კეთილი სურვილები ყველასთვის ემეტებოდა. ღმერთმა დღეგრძელყოსო, დაამატებდა დედა... ეს სიტყვები ხშირად მახსენდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძაფის დართვას ვიწყებ და ვფიქრობ, ვისთვის რა მოვქსოვო მზით გასაცვეთი.

- ყოველთვის თუშეთში ღებავთ მატყლს?

- უმეტესად იქ ამაქვს. ბებია მასწავლიდა, მთაში უკეთესად იღებება მატყლიო. მაშინ არ ვიცოდით, რომ მთაში ულტრაიისფერი სხივების სიჭარბე ჟანგვის ხარისხს აუმჯობესებს. საღებავებად მცენარეებს ვიყენებ. ამერიკელმა სპეციალისტმა ჩამიტარა ტრენინგი ფერების მიღებაზე. უნდა გენახათ, როგორ წვალობდა. არადა, ჩემთვის ეს საქმე უმარტივესი იყო. ასე რომ, მასწავლებლად ჩამოსული  მოსწავლედ იქცა.

ჩემს საწარმოში, ძირითადად, ფიროსმანის ფერები ფიგურირებს. ფიროსმანი შვიდ ძირითად ფერს იყენებდა. შემდეგ ტონალური შეხამებებით ქმნიდა სხვა ფერებს. უმეტესად ვიყენებთ შავს, ყავისფერს, თეთრს, ლურჯსა და ძალიან მუქ წითელს. შავს ვიღებთ დაფნის ფოთლითა და ჟანგით, ლურჯს იფნისა და ნაცრის შერევით, ყავისფერს - თრიმლის, ხახვისა და დეკის შერევით და ა.შ.

აი, ეს ფარდაგი, გზაკვალა, დედამთილის ძმამ მაჩუქა. რომ გამოიანგარიშა, ვისგან იყო მოქსოვილი, 200 წელი გამოუვიდა, მეტი ხნის წინაც შეიძლებოდა მოექსოვათო, თქვა.

ცოტა ხნის წინ ჰაბსბურგის დინასტიის (ავსტრია) წარმომადგენელი, პრინცესა ლოტა რინგელი მესტუმრა და ისეთი ფარდაგი იყიდა, რომელშიც ყველა თუშური ორნამენტი მქონდა ჩასმული. მის გაყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ ასეთ სტუმარს უარი ვერ ვუთხარი.

- ალბათ, ბევრი მყიდველი გყავთ.

- საქმე ის არის, რომ უფრო საგამოფენოდ ვქმნით პროდუქციას. თუ დამთვალიერებლები შეგვიკვეთენ რამეს, მერე მათთვის ვქსოვთ. არიან ისეთებიც, ვინც ნახავს თუ არა მისთვის მოსაწონ ფარდაგს ან სხვა ნივთს, სწორედ მისი ყიდვა უნდა. ასეთი დაჟინებით უცხოელები გამოირჩევიან. ორი დღის წინ იტალიელები და ბელგიელები ხელსავსე გავიდნენ აქედან. მალე ლიტვაში მიგვიწვევენ გამოფენაზე.

მატყლისა და სახელდობრ თუშური მატყლის განსაკუთრებული თვისებები ცნობილია. დიდი ხნის წინ გერმანელმა პროფესორმა ეგერმა იმოგზაურა საქართველოში და შემდეგ მონოგრაფია დაწერა, სადაც წერს, რომ თუშური მატყლი ერთადერთია მთელ მსოფლიოში, რომელიც ღრუღეროიანია და 20-ზე მეტ დაავადებას კურნავს, სითბო-სიცივეს იდეალურად არეგულირებს. ზაფხულში რომ გეცვას მატყლის მოქსოვილი მაისური, ღრუ ღეროების წყალობით ოფლს ვერ იგრძნობთ.

p.s ქალბატონ ლილისთან სტუმრობისას ვინატრე, ნეტავ ალვანში ვცხოვრობდე, შეგირდად დავუდგებოდი-მეთქი.