რადიო "პალიტრა" სამი წლისაა! - კვირის პალიტრა

რადიო "პალიტრა" სამი წლისაა!

აგვისტოს რადიო "პალიტრა" სამი წლის ხდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ქვემეხები ქუხდა, საომარი მდგომარეობა იყო და უახლოესი მომავლის განსაზღვრაც კი ჭირდა. როგორც წესი, ასეთ დროს ბევრი მედიასაშუალება იხურება, რადიო "პალიტრამ" კი ტყვიების ზუზუნში, 2008 წლის 17 აგვისტოს, დილის რვის ნახევარზე, პირველი საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო მომავლისკენ სვლა.

მანამდე იყო უბრალოდ სიხშირე FM 103,9 - რადიო მხოლოდ ჰიტებით, გემოვნებიანი მუსიკით, რომელიც ნელ-ნელა იჩვევდა მსმენელს, აკვირდებოდა მის გემოვნებას, რათა ერთ დღესაც განსაკუთრებული, სწორედ მისთვის მოსაწონი სახით წარსდგომოდა საზოგადოებას. საინფორმაციო გამოშვებებითა და საავტორო გადაცემებით”გამდიდრებული” რადიო "პალიტრის" დაბადება 2008 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობის მოთხოვნილება ოპერატიულ ინფორმაციაზე, რადიო "პალიტრა" ეთერში დაგეგმილ დროზე ადრე გავიდა და პირველივე წუთებიდან ფორსმაჟორულ რეჟიმში მოუხდა მუშაობა.

"ჩვენი გზა ძნელი იქნება. ინფორმაციის მოპოვებისა და მიწოდების გარდა, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გვიწევს  ბრძოლა იმისთვისაც, რომ ქართულ ვებსაიტებზე აგრესორი ქვეყნის ჰაკერების შემოტევა მოვიგერიოთ. ამიტომ დღეს რამდენიმე სერვერზე დევს  "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდი, რომ გაუძლოს დატვირთვას," - სამი წლის წინ ამბობდა რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ცანავა. იმ დროს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" რადიო "პალიტრის" ინფორმაციით მკვებავი მთავარი არტერია იყო.

KvirisPalitra.Geთამარ ცაგარეიშვილი, საზოგადოებრივი პროგრამების დირექტორი: "ცხადია, იმ დროს ეთერში პირველად გასვლა პროფესიული თვალსაზრისით სარისკო იყო, მაგრამ ფაქტია, ვინც რისკზე არ მიდის, საქმესაც ვერ აკეთებს. არ ვიცოდით, რას შევძლებდით და როგორ. ალბათ, ვიღაცას მარტივად ეჩვენება რადიოს მუშაობა, შესაძლოა, ეგონოს, რომ ყველაფერი იოლად, ღილაკებზე ხელის დაჭერით კეთდება. სინამდვილეში ეს არის უმძიმესი საქმე. თუმცა, ჩვენ ძლიერი ვიყავით, რადგან ვეყრდნობოდით დიდი გამოცდილების მქონე საინფორმაციო სააგენტოს - "ინტერპრესნიუსს".

ახლა სამი წლის რადიო 35-40 წლის ადამიანს ჰგავს - გამოცდილს, მოაზროვნეს,  მიზანსწრაფულს, განვითარებისკენ მიდრეკილს, თავისი მიღწევებით დაუკმაყოფილებელს, რომელიც იმედიანად  უყურებს მომავალს.  რადიო "პალიტრა"  ერთგულია ორი პრინციპის - მორალურის და ეთიკურის".

KvirisPalitra.Geეკა ბურჭულაძე, საინფორმაციო განყოფილების რედაქტორი:  "კარგად მახსოვს პირველი დღე, 17 აგვისტო. მე და ეკა ვეფხვაძე, საინფორმაციოს წამყვანი, ძალიან ვნერვიულობდით. ინფორმაცია ეთერში გადიოდა ყოველ ნახევარ საათში 24 საათის განმავლობაში; ზოგჯერ ყოველ ხუთ წუთში გვიწევდა მსმენელისთვის საგანგებო ინფორმაციის მიწოდება.

შემდეგ იყო 2009 წლის 6 მაისის აქციები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან... დილამდე ვიმუშავეთ. ვცდილობდით, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჩვენგან მიეღო მოსახლეობას. ეს იყო ღამისთევების ეპოქის დასაწყისი რადიო "პალიტრაში". ამის შემდეგ ყველაზე რთულად გადავიტანეთ ე.წ. "მოდელირებული ქრონიკა" და ბოლოს, 2011 წლის 26 მაისი.

ღამის 2 საათზე გავიგეთ, რომ ჩვენი კორესპონდენტი მალხაზ ჭკადუა დაკავებული იყო. ორი საათის განმავლობაში ვერ ვახერხებდით მისი ადგილსამყოფელის დადგენას. როდესაც დარეკა და თქვა, მალხაზი ვარო, ეს ჩემთვის, შვილების დაბადების შემდეგ, პირველი უდიდესი სიხარული იყო".

საქართველოში რადიოს სამი  კატეგორია არსებობს: გასართობი, გასართობი-საინფორმაციო და რადიო "პალიტრა". არც ერთ რადიოს არ აქვს ამდენი საავტორო გადაცემა და ტოქშოუ. რადიო

"პალიტრა" არის საინფორმაციო-შემეცნებით-გასართობი ხასიათის. ამასთან, ძალიან ოპერატიულია და ინტერნეტით "პალიტრა TV"-ის მეშვეობით აჩვენებს კიდეც.

რა განაპირობებს მის მაღალ რეიტინგს? ექსპერტების შეფასებით, წარმატების მიზეზია  ყოველ ნახევარ საათში ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება, მსმენელისთვის საინტერესო, აქტუალური თემატიკა და პროფესიონალ ავტორთა  გუნდი. რადიო "პალიტრა"დილის გადაცემიდანვე,  ლაშა გაბუნიასა და თამთა კვარაცხელიასთან ერთად, ინფორმაციული პალიტრით იზიდავს მსმენელს.  შემდეგ იწყება საინტერესო ავტორების საინტერესო გადაცემები.  ყოფილი დიპლომატი კოტე ჟღენტი, მამუკა არეშიძე, ჯაბა სამუშია, თამარ ცაგარეიშვილი, გია მურღულია, დაჩი გრძელიშვილი, დიანა ტრაპაიძე, მერაბ მეტრეველი, შალვა რამიშვილი, გიორგი კალანდაძე ზრუნავენ, რომ დღე რადიო "პალიტრასთან"  ერთად ყოველთვის საინტერესო იყოს, გაშუქდეს ყველა ის აქტუალური და თავისუფალი თემა, რომლებიც, შესაძლოა, აღელვებდეს მსმენელს. თითქმის ყველა გადაცემაში ჩართულია ინტერაქტივი და მაყურებელი რეკავს პირდაპირ ეთერში. ეს საშუალებას იძლევა, გაირკვეს, როგორია მათი დამოკიდებულება ამა თუ იმ პრობლემისა და მოვლენისადმი. სწორედ ამ კვლევების შესაბამისად ხდება ცვლილებებიც  სამაუწყებლო ბადეში. იქმნება  გადაცემები, რომლებიც უფრო აქტუალური და ბაზრისთვის ადეკვატური იქნება.

ამ პრინციპით გაჩნდა ახალი გადაცემა წამყვან ბექა ყურაშვილთან ერთად -"საუბრები კოცონთან", რომელიც სასიამოვნო მოსასმენია მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, ნადირობა და ბუნება. ასევე საინტერესოა მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რა ხიბლი აქვს ყოველივე ამას.

KvirisPalitra.Geნინო ქვარიანი, რადიო "პალიტრის" დირექტორი: "სექტემბრიდან რამდენიმე ახალი გადაცემა გავა რადიო"პალიტრის" ეთერში. "სახალხო დარბაზი" ერქმევა ტოქშოუს, რომელსაც თამარ ცაგარეიშვილი გაუძღვება. ესტაფეტა გადმოგვცა ”გაზეთმა "კვირის პალიტრამ", სადაც ეს დარბაზობა იმართება ხოლმე. თემას შემოგვთავაზებს მსმენელი და მისი განსჯის პროცესში მთავარი მოქმედი პირიც თავად იქნება. გადაცემა "საქმე" ერთსაათიანი და ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდება როგორც ბიზნესსექტორის, ასევე რიგითი მსმენელისთვის.

ვქმნით ახალ გადაცემას "რადიო ბლოგერი",  რომელსაც ახალგაზრდა წამყვანები გაუძღვებიან. განიხილება სოციალურ ქსელებში ყველაზე საინტერესო თემა. ჩვენი წამყვანები შეეცდებიან, კვირის აქტუალური თემა შეარჩიონ და საუკეთესო ბლოგერთან ერთად განიხილონ ეთერში. ვფიქრობთ, ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდობისთვის და ალბათ, არა მარტო მათთვის.

კიდევ ერთ ახალ გადაცემაში ლაშა გაბუნია ისაუბრებს დიდ ბიზნესზე, ბრენდებზე, ცნობილ ადამიანებზე, მათ  ისტორიებზე. შევეცდებით, გავარკვიოთ, რა არის მნიშვნელოვანი წარმატებისთვის - გენიალური იდეა, სწორი ტაქტიკა თუ კიდევ სხვა რამ.

რადიო არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.  რადიოს ძლიერებას განაპირობებს პროფესიონალთა გუნდი. დიდი მადლობა აქტიურ მსმენელს, რომელიც მუდმივად ჩვენს გვერდითაა და გვეხმარება ამ პროცესში - რეკავს ეთერში, მონაწილეობს თემების განხილვაში, რომლის დროსაც ზოგჯერ ისეთი საკითხი წამოიჭრება, ყველაზე თავშეკავებული მსმენელიც კი ვერ უძლებს ცდუნებას და მსჯელობაში ერთვება.

რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის წარმატებას ასევე  განსაზღვრავს ე.წ. საინფორმაციო ოთახი, ინტეგრირებული”ნიუსრუმი,” რომელიც ქმნის ახალი ამბების ბაზას, როგორც ინტერპრესნიუსისთვის, ისე რადიო "პალიტრისა" და ”ინტერნეტტელევიზია "პალიტრა TV"-ისათვის.”

რადიო "პალიტრის" წარმატების საიდუმლოს თავად ”პალიტრელები”ასე ხსნიან:

KvirisPalitra.Geდაჩი გრძელიშვილი: "რადიო "პალიტრა" არის ძალიან დიდი შემოქმედებითი თავისუფლება და ობიექტურობა. უკვე ჩვევად   მექცა ის, რომ ვუსმენ მხოლოდ რადიო  "პალიტრას". არა იმიტომ, რომ პალიტრელი ვარ,  არამედ იმიტომ, რომ ვიცი - მოვისმენ ობიექტურ, სანდო, სრულყოფილ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ ამ მიზეზების გამო რადიო "პალიტრა" ძალიან პოპულარულია ემიგრანტ ქართველებშიც. ისინი უსმენენ მას ინტერნეტის მეშვეობით - www.palitratv.ge".

KvirisPalitra.Geმერაბ მეტრეველი: "მე ტელევიზიიდან მოვედი რადიოში, რადგან იქ იყო ცენზურა,  აქ, ამ ჰოლდინგის ან რადიოს უკან კი არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ დგას. ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილი იყო, რადგან მინდა ვემსახურო ჟურნალისტიკას და არა პოლიტიკას. თუ პოლიტიკოსობა მომინდება,  წავალ პოლიტიკაში. ამიტომაც მედიასახლი "პალიტრა" და რაღა თქმა უნდა, რადიო "პალიტრა" არის ერთადერთი თუ არა, ძალიან იშვიათი გამონაკლისი მედიაბიზნესისა, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე და არა - ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამიტომაც მე აქ ვარ და არავის პოლიტიკურ ინტერესებს არ ვემსახურები".

KvirisPalitra.Geშალვა რამიშვილი: "რადიო "პალიტრა" ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან. ეს არის თავისუფალი ადამიანების რადიო, სადაც არანაირი ცენზურა და პოლიტიკური გავლენა  არ არსებობს. ვფიქრობ, ამ თავისუფლებას განაპირობებს მფლობელების შეხედულება მედიაზე. მათ მიაჩნიათ, რომ  საზოგადოებრივად და კომერციულად წარმატებული მედია მხოლოდ მაშინ იარსებებს, თუ გუნდში იმუშავებს ნიჭიერი ხალხი, რომელსაც პიროვნული და შემოქმედებითი თავისუფლება ექნება. სწორედ ასეთი ხალხია აქ შეკრებილი. რადიო "პალიტრა" არ არის მხოლოდ რადიო. ეს არის ძალიან დიდი და მძლავრი მედიასახლის ნაწილი, შესაბამისად, მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სხვადასხვა გაზეთიდან, ჟურნალიდან და საინფორმაციო სააგენტოდან, რაც არც ერთ სხვა რადიოს არა აქვს. ამიტომაც სხვა რადიოები, მით უფრო - გასართობი, რადიო "პალიტრის" კონკურენტები ვერ იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ამ ტიპის კონკურენციაში ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით. ჩვენთან მალე მაუწყებლობა გადავა ციფრულ დიაპაზონზე და  კიდევ უფრო მეტ მსმენელს შეეძლება მისი მოსმენაც და ხილვაც. მოგეხსენებათ, "პალიტრა ტვ" გადასცემს რადიოჩანაწერების ვიდეოვერსიებსაც.  ვუსურვებ რადიო "პალიტრას" დაფარვის ზონის ძალიან გაფართოებას".

KvirisPalitra.Geდიანა ტრაპაიძე: "ეს არის თავისუფალი სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. სწორედ ეს არის რადიო "პალიტრის" წარმატების ფორმულაც. რადიო "პალიტრასთან" ურთიერთობა ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდში დავიწყე - როდესაც ტელეიმედიდან წამოვედი. ეს იყო ახალი სახელი მედიასივრცეში და ჩემთვის უცხოც, რადგან რადიო განსხვავდება ტელევიზიისგან, ბევრად უფრო ინტიმურია. ძალიან საინტერესოა ჩემთვის აქ მუშაობა. სტუმრებისა და თემების შერჩევისას ისეთი თავისუფალი ვარ, რომ გადაცემა "რეზიუმე", რომელიც ჩემს მოსვლამდე არსებობდა, ზოგჯერ ჩემი საავტორო გადაცემა მგონია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს სრულიად ახლებური საინფორმაციო სტრუქტურა, ნიუსრუმი, სადაც შემოდის  რადიო "პალიტრაც". საინფორმაციო გამოშვების რედაქტორების -  ეკა ვეფხვაძისა და ეკა ბურჭულაძის მეშვეობით ყველა ახალი ამბავი სწრაფად მიგვაქვს მსმენელამდე. ყოველ ნახევარ საათში სრულიად განახლებული ინფორმაციები გადის ეთერში, რაც იმის შედეგია, რომ რადიო "პალიტრა" დამოუკიდებლად კი არ მუშაობს, არამედ მიბმულია საინფორმაციო ქარხანაზე, რომელიც არსებობს ინტეგრირებულ ნიუსრუმში. ამ ადამიანების, მთელი შემოქმედებითი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს იმას, რომ  ჩემი აზრით, რადიო "პალიტრა" ყველაზე ინფორმირებული რადიოა ქართულ მედიასივრცეში".”

"პალიტრას" უსმენენ ყველგან, ნებისმიერ დროს. მასთან მეგობრობენ. ამიტომაც უამრავი მილოცვა მიიღო ნიუსრუმმა რადიო "პალიტრის" სახელზე, მათ შორის, ცნობილი ადამიანებისგანაც.

გიორგი თარგამაძე, პარლამენტარი: "მინდა, ქართველ მსმენელს ვუსურვო, რომ ჰქონდეს ისეთი მედიასაშუალება, რომელიც ახერხებს, აკონტროლოს ელიტა, პირველ რიგში -  პოლიტიკური ელიტა და კლასი. რადიო "პალიტრა" სამი წლის განმავლობაში კარგად უძღვება ამ საქმეს და ვისურვებდი, რომ უფრო მეტად გააფართოოს მაუწყებლობა".

ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი: "რადიო "პალიტრა" ძალიან კარგი რადიოა, ბევრი პროფესიონალი მუშაობს, აქვს ძალიან საინტერესო გადაცემები, ბევრია დისკუსია, რაც ძალიან გვაკლია მედიაში. არის დამოუკიდებელი მედიასაშუალება. მინდა, წარმატება ვუსურვო მთელ ჰოლდინგს".

რამაზ საყვარელიძე: - "რადიო "პალიტრამ", ისე, როგორც  მთელმა გაერთიანება "პალიტრამ", შექმნა შესანიშნავი მედიაკლიმატი საქართველოში. რადიო "პალიტრა" არის ის, ვინც მოგდევს მანქანით მგზავრობის დროს, გხვდება კომპიუტერში, ანუ ყველგან შეგიძლია მოიძიო და ყველას შეუძლია, მოიძიოს. რადიო "პალიტრა" ძალიან შინაურია და გიხარია, როდესაც შენს ოჯახში შემოდის".

როდესაც რადიო "პალიტრა" პირველად გავიდა ეთერში, ვუსურვეთ, რომ სულ მალე პირველს ეუწყებინა სრულიად საქართველოსთვის  მშვიდობის დამყარება. მშვიდობა დამყარდა. ვუსურვებთ რადიო "პალიტრას", რომ მომავალი დაბადების დღისთვის მას უკვე ჰქონოდეს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს გაერთიანების შესახებ და მისი მოსმენა არა მხოლოდ ინტერნეტის, არამედ რადიომიმღების საშუალებით შეგვეძლოს ცხინვალსა და სოხუმში.