ნობელის კომიტეტი: "დონ კიხოტი" - ყველა ხალხისა და ყველა დროის საუკეთესო წიგნი... - კვირის პალიტრა

ნობელის კომიტეტი: "დონ კიხოტი" - ყველა ხალხისა და ყველა დროის საუკეთესო წიგნი...

გამოჩენილი პოლონელი პოეტი, ფილოსოფოსი და მწერალი-სატირიკოსი სტანისლავ-ეჟი ლეცი ამბობდა: "ნებისმიერ უბადრუკს, რომელიც ვენტილატორს ებრძვის, თავი დონ კიხოტი ჰგონია..."ამ ფრაზით კარგად ჩანს, რომ "დონკიხოტობა", როგორც მოვლენა, როგორც ადამიანთა ქცევის ფორმა, არა სიგიჟესთან, არა რაინდული რომანების კითხვისაგან გონებადაბინდული კაცის ახირებასთან, არამედ კეთილშობილებასთან და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდება და ლეცის მიერ ნახსენები "უბადრუკებიც" სიამოვნებით მოირგებდნენ "კეთილშობილი გიჟის" ნიღაბს, მაგრამ როგორც იტყვიან - "ეგრე სად არი?!" დონკიხოტობა რომ "დაიბრალო" ან "დაგაბრალონ", მხოლოდ "ვენტილატორთან ბრძოლა" არ კმარა.

მართლაც ძალიან ცოტაა მსოფლიო ლიტერატურაში ისეთი პერსონაჟი, რომლის სახელიც ყველა ენაში სრულფასოვან ეპითეტად დამკვიდრებულიყოს და დღეს ქართველს, ესპანელს, ინდოელსა თუ ამერიკელს ერთნაირად ესმის დონკიხოტობის არსი...

დონ კიხოტი კი არა, თვით მისი როსინანტიც სინონიმად იქცა - გავიხსენოთ რამდენი ჯაგლაგი "შეგვხვედრია" ჩვენი "სამკითხველო კარიერის" მანძილზე. ზოგიერთის აღწერას თითქმის მთელ გვერდსაც კი უძღვნიან ავტორები, მაგრამ არც ერთი არ "გვახსოვს" ისე, როგორც როსინანტი. ერთი კრიტიკოსი წერდა, - მსოფლიო ისტორიის მანძილზე ყველაზე ცნობილი ცხენები ალექსანდრე მაკედონელის ბუცეფალი და დონ კიხოტის როსინანტი არიანო. არადა, ბუცეფალი მართლა "ისტორიული პერსონაა", როსინანტი კი მხოლოდ მისი ავტორის გენიამ "გაასულიერა".

ისე, აგერ უკვე მე-18 ავტორის ნაწარმოებს ვბეჭდავთ "50 წიგნის" პროექტის ფარგლებში და ვინმემ შეიძლება ირონიულად შეგვნიშნოს, - მეთვრამეტედვე ამბობთ, ეს ყველაზე დიდია, ეს გენიალურია, ასეთი არავინ ყოფილაო! ცხადია, ეს მთლად ასე არ არის, რადგან არავინ გაგვიიდეალებია დაუმსახურებლად (ან კი რას შემატებდა ან დააკლებდა ჩვენი ქება თუ კრიტიკა გენიოსებს), მაგრამ უკვე გამოქვეყნებული ავტორების დაკნინება სულაც არ იქნება, თუკი ერთ ფაქტს გავიხსენებთ: 2002 წელს, ნობელის კომიტეტმა მსოფლიოს 54 ქვეყნის 100 გამოჩენილი მწერლისაგან შექმნილი ჟიური ჩამოაყალიბა, რომელსაც ერთადერთ "მარტივ" კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: "რომელია მსოფლიოს ყველა ხალხისა და ყველა დროის საუკეთესო წიგნი?"

არცთუ მცირე უპირატესობით "დონ კიხოტმა" გაიმარჯვა! თუმცა, ცხადია, ვერანაირი კონკურსი თუ ჟიურის გადაწყვეტილება ვერ შეედრება მკითხველის სიყვარულს და სხვა შედევრების ავტორთა, ასევე გენიოსთა შეფასებებს, რომელთაგან მხოლოდ დოსტოევსკის აზრის მოყვანაც საკმარისია: თუკი ოდესმე მამაზეციერი ჰკითხავს კაცობრიობას, რა გააკეთე, რატომ არ უნდა ვინანო, რომ ეს ქვეყანა და ადამიანი შევქმენი, საკმარისია, მას "დონ კიხოტი" ვაჩვენოთო!...

ალექსანდრე დიუმა კი ასე ახასიათებდა თავის უსაყვარლეს პერსონაჟს - დ,არტანიანს: "წარმოიდგინეთ დონ კიხოტი თვრამეტი წლის ასაკში." ესე იგი, იმას, რომ დონ კიხოტს ყველა მკითხველი უნდა იცნობდეს, დიუმა აქსიომად თვლის და თანაც მასთან დ,არტანიანის შედარებით აღფრთოვანებას გამოხატავს ახალგაზრდა გასკონელით.

"დონ კიხოტის" პირველი წიგნი ხომ უკვე ხელთ გაქვს, მკითხველო, - გადაშალეთ 25-ე გვერდზე და გაიხსენეთ, რას ამბობს "მწუხარე სახის რაინდი":

"- ნეტა იმ დროსა და იმ საუკუნეს, როცა საქვეყნოდ ცნობილი გახდება ჩემი გმირული ღვაწლი, ღირსი იმისა, რომ მომავალ თაობათა სახსოვრად ბრინჯაოში ჩამოასხან, მარმარილოში გამოკვეთონ და ტილოზე გადაიტანონ!"

აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ გენიოსებმა, რამდენად თავმდაბლებიც უნდა იყვნენ, ყველაზე უკეთ იციან, რომ გენიოსები არიან! დონ კიხოტმა (სერვანტესმა) კინოსა და ტელევიზიის შექმნა ვერ იწინასწარმეტყველა, თორემ ბრინჯაოში ჩამოსხმასა და ტილოზე გადატანაში მაშინვე დარწმუნებული იყო და არც შემცდარა: არც ერთი ლიტერატურული თუ მითოლოგიური წყაროს არც ერთ პერსონაჟს არ "დაუსაქმებია" იმდენი ფერმწერი, მოქანდაკე, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, რეჟისორი, მსახიობი თუ არქიტექტორი, რამდენიც დონ კიხოტს, სანჩო პანსასა და მათ ერთგულ როსინანტსა და ვირს: ყველა დროის უდიდეს მხატვარ-ილუსტრატორად მიჩნეულმა გუსტავ დორემ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარა დონ კიხოტის მარშრუტი, რომ "რამე არ შეშლოდა" და 300-ზე მეტი(!) ბრწყინვალე ილუსტრაცია შექმნა; ფერწერაში თვით ფრანსისკო გოიამ, სალვადორ დალიმ და პაბლო პიკასომ უკვდავყვეს "თანამემამულე"; მინკუსის ბალეტი "დონ კიხოტი", უამრავი მიუზიკლი, დრამატული სცენის სპექტაკლი თუ კინო და ტელეეკრანიზაცია და ქანდაკებები, ქანდაკებები, ქანდაკებები... საოცარია ის რაოდენობა და მრავალფეროვნება, რომელიც დონ კიხოტის ქვის, ბრინჯაოსა თუ სხვა მასალისგან შექმნილ ფიგურებშია - მადრიდში, "ესპანეთის მოედანზე" მდგარი კლასიკური სტილის ძეგლებიდან დაწყებული და თუნდაც ჩვენთან, დასავლეთ-აღმოსავლეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ძირულას ხეობაში, ერთ-ერთი რესტორნის წინ მდგარი "ქართველი" KvirisPalitra.Geდონ კიხოტით დამთავრებული. აქ მხოლოდ დასახელებისთვისაც კი არ გვეყოფა ადგილი, რომ ჩამოვთვალოთ ყველა ძეგლი მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ ინტერნეტის საძიებო სისტემაში  უბრალოდ მიუთითეთ და თქვენც ისეთივე გაოცება გელით, როგორიც მე განვიცადე...

და მუზეუმები. საოცარი მუზეუმები ესპანეთში, რომლებიც ხელუხლებლად ინახავენ ლამანჩელი რაინდის ეპოქის სულს: 2002 წელს, ქალაქ სიუდად-რეალში "დონ კიხოტის მუზეუმი" გაიხსნა. სიუდად-რეალი სწორედ ლამანჩის, დონ კიხოტის მშობლიური მხარის შუაგულში მდებარეობს. მე ბედნიერება მქონდა, ეს მუზეუმი დამეთვალიერებინა - უამრავი წიგნი, მსოფლიოს ყველა ენაზე დაბეჭდილი (მათ შორის ქართულადაც); ერთ-ერთ დარბაზში კი ხელუხლებლად შემონახული იმდროინდელი სტამბა - დონ კიხოტის პირველი გამოცემის ანაბეჭდებით...

კიდევ ერთი მუზეუმი ტობოსოშია - დულსინეას მშობლიურ ქალაქში (თუმცა, როდესაც იქ რაინდის სატრფო ცხოვრობდა, მხოლოდ პატარა სოფელი იყო). როგორც ამბობენ, ეს მუზეუმი ქალაქის ხელისუფალთა მადლობაა დულსინეასადმი, რომელმაც ქალაქი დანგრევას გადაარჩინა: როდესაც ნაპოლეონის არმია ესპანეთში შეიჭრა, ერთ-ერთი იერიშის დროს ფრანგ გენერალ დიუპონს მოახსენეს, რომ მათ წინ სწორედ დონ კიხოტის სატრფოს მშობლიური დაბა იყო. დონ კიხოტის "ფანმა" გენერალმა არ ისურვა, რომ ისტორიაში ასე შესულიყო და საარტილერიო შეტევა გააუქმა!

ასეა, ცნობილი გამონათქვამი: "როდესაც ზარბაზნები გრიალებენ, მუზები ჩუმდებიანო", გენიოსებთან არ მართლდება...