"უფალს ვთხოვ, ნუ წამართმევს პატარებს!.." - კვირის პალიტრა

"უფალს ვთხოვ, ნუ წამართმევს პატარებს!.."

"ამ პატარა ხელებით, ჩვენს თავს ვეღარ ვერევით..."

"გამარჯობათ, ქალბატონო იზო. გაგიკვირდებათ, რომ გწერთ, მაგრამ მეტი გზა არ დამრჩენია. ძალიან მინდა "კვირის პალიტრას" დავუკავშირდე. მყავს ორი ავადმყოფი პატარა. ორივე ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ჩემი შვილები მძიმე ავადმყოფები არიან. ერთადერთი, რაც შეიძლება, მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაა. ამას სოლიდური თანხა უნდა, მე კი უმძიმესი სოციალური პირობები მაქვს. ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, რომ რამენაირად მივაწვდინო ხმა თქვენს გაზეთს. იქნებ შეძლოთ ჩემი პატარების დახმარება. გემუდარებით, არ გამწიროთ..."

- ეს წერილი ბელა უბილავამ არმაზიდან  გამომიგზავნა. არ დავახანეთ და მე და ჩვენი გაზეთის ფოტორეპორტიორი არმაზისკენ გავეშურეთ.

ფრთებმოტეხილი ბეღურები

არმაზში ჩასულებს ასაკოვანი მამაკაცი მოგვიახლოვდა. დაინტერესდა, ვის ეძებთო. ვუთხარით, ვის  სანახავადაც ვიყავით ჩასული. სახე მოეღრუბლა და ჩვენი მეგზურობა ითავა.

რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და დავინახეთ - ბელას ხელში 4 წლის ლამაზი ბიჭუნა აეტატებინა და ჩვენს შესახვედრად მოდიოდა. ეს ჩემი უმცროსი შვილი გიგაა, მარიამი სახლში დავუტოვე მეზობელსო, გვითხრა. KvirisPalitra.Geხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ერთოთახიან ბინაში შევდივართ, სადაც უამრავ ნივთს შორის სავარძელზე უცნაურად მოკალათებულ ეშხიან გოგონას ვხედავ. დანახვისთანავე ისე შემომცინა, გულისკარი გამეხსნა.

ეს ჩემი მარიამიაო, ისე მითხრა ბელამ, გული ამოაყოლა. გოგონას ხალისიან, სიცოცხლით სავსე სახეს არაფრით ესადაგებოდა მისი მოღვენთილი, ცალ მხარეს გადახრილი სხეული და უღონოდ დაშვებული, გათოშილი ფეხები. უმოძრაობისაგან ფეხები უცივდებაო, - მითხრა დედამ. მარიამი შავი, დიდრონი, საოცრად ჭკვიანი თვალებით ისე მიყურებდა, ვივარაუდე -  შენ ბევრი ლექსი გეცოდინება-მეთქი. საყვარლად ატიტინდა,  დედიკოს დაწერილი ლექსები ვიცი და წაგიკითხავთო:

"ეს პატარა ხელები,

დედიკოს ნაფერები,

სუფთაა და უმანკო, ვით

თოვლის ნამქერები,

ამ პატარა ხელებით რამდენ

ტკივილს ვერევით,

სიცოცხლის გზას ვიკაფავთ,

სიკვდილს ისე ვერევით.

ეს პატარა ხელები უსაზღვროდ

ნაფერები,

ჩვენი დედიკოს ცრემლით

ბევრჯერ დანასველები,

ამ პატარა ხელებით ჩვენს თავს

ვეღარ ვერევით,

ოცნებებიც გაგვირბის

სევდაც აღარ გველევის,

ეს პატარა ხელები დედიკოს

ნაფერები,

ღმერთო, არ გაგვიცივო, დედას

ვერ შეველევით".

სასტიკი განაჩენი

ზუგდიდელმა ბელა უბილავამ და თბილისელმა ბონდო ზარიძემ ტელეფონით გაიცნეს ერთმანეთი. ერთ დღეს შეხვედრაც დათქვეს. ბელა თბილისში ჩამოვიდა და იმ დღესვე "გაიპარნენ". ბონდოს მშობლებმა პრობლემების გამო თბილისში ბინა გაყიდეს და სოფელ ხეკორდში დასახლდნენ.

ბელა უბილავა: "ფეხმძიმობისას არანაირი პრობლემები არ მქონია.  მარიამი გაგუას კლინიკაში დაიბადა. ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვი იყო. 5-6 თვის რომ გახდა, შევამჩნიე, რომ სხვა ბავშვებივით აქტიური არ იყო. 7 თვისას ენტეროვირუსი შეხვდა. დიდხანს იავადმყოფა. 1 წლისა მხოლოდ 6 კილოგრამს იწონიდა. მიუხედავად ამისა, ექიმები ვერაფერს ატყობდნენ. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილის თავს რაღაც ხდებოდა. ამასობაში გიგაზეც დავფეხმძიმდი. მარიამი წლის და ერთი თვის რომ იყო, ჟვანიას კლინიკაში მივიყვანე. ელექტრომიოგრაფია (კუნთოვანი ქსოვილების გამოკვლევა) რომ გაუკეთეს, ექიმს ორჭოფობა შევატყვე. რომ გაიგო, მეორეზეც ფეხმძიმედ ვიყავი, ჩაილაპარაკა, ნაყოფი უკვე დიდიაო. მოგვიანებით მივხვდი, რომ გენეტიკურ დაავადებაზე ეჭვობდა და ამიტომ შეშფოთდა, ჩემი ფეხმძიმობის ამბავი რომ გაიგო. ბავშვის მოცილებაზე არაფერი უთქვამთ, მაგრამ რომც ეთქვათ, ბავშვს მაინც არ მოვიშორებდი. მარიამს მასაჟები დაუნიშნეს. 6 თვე სახლში ყოველდღე დაგვყავდა მასაჟისტი, რაც დიდ ხარჯთან იყო დაკავშირებული. ყველაფერი გავაკეთეთ გოგონას გამოსაჯანმრთელებლად, მაგრამ  მდგომარეობა, გამოკეთების ნაცვლად, მძიმდებოდა. ბავშვს იმუნიტეტი დაუქვეითდა და უბრალო გაცივებაც კი ურთულდებოდა. ამასობაში გიგაც დაიბადა. 1 თვის იყო გიგა, როდესაც მარიამს მორიგი გამოკვლევა დაუნიშნეს.  მეუღლემ წაიყვანა და  დაბრუნებულმა, თვალცრემლიანმა მამცნო ექიმების განაჩენი - ჩვენი მარიამი სამუდამოდ ინვალიდი დარჩებაო. მუხლი მომეკვეთა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა.

KvirisPalitra.Geყველა ორგანოს მაცოცხლებელი კუნთია. კუნთი ამუშავებს გულსაც და ფილტვსაც. მარიამს კუნთები რომ მოდუნებული ჰქონდა, ნახველს ვერ იღებდა, იგუდებოდა. წლინახევრის რომ იყო, ისე გაურთულდა მდგომარეობა, აპარატზე შეაერთეს. ექიმმა გამოგვიცხადა - დღეებიღა აქვს დარჩენილიო.

მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ. ეს განსაცდელი, ალბათ, იმიტომ მომივლინა უფალმა. არმაზში, ჩვენი სახლიდან 1 კილომეტრის მოშორებით, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა და თებერვლის თოვლჭყაპში გზა ეკლესიამდე დაჩოქილმა გავიარე. დაჩოქილმავე სამჯერ შემოვუარე ეკლესიას და ჩემი შვილის გადარჩენა შევთხოვე უფალს. სახლში რომ დავბრუნდი, ხელები და მუხლები გადაყვლეფილი, დასისხლიანებული მქონდა, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. მითხრეს, რაც წასული ხარ, მარიამს არც კი უტირიაო. იმ დღის მერე ბავშვი უკეთ გახდა. ამის მერე ვიწამე ღმერთი და მჯერა, არ გამწირავს. ეტყობა, ეს ჩემი ჯვარია. მე ყველაფერს გავუძლებ, მაგრამ ბავშვების სიცოცხლისთვის ბრძოლას  დიდი თანხა სჭირდება...

გიგამ ფეხი რომ აიდგა, უცნაურად დადიოდა. ექიმი მასაც ვერაფერს ატყობდა, მაგრამ  ეს დაავადება - კუნთების მოდუნება და განლევა, ისეთი   ყოფილა, რომელიც სხვადასხვა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. თუ ჩვილს გამოუვლინდა, მაქსიმუმ სამ წლამდე ცოცხლობს.

რადგან მარიამს ეს გენეტიკური დაავადება აღმოაჩნდა, თბილისში ექიმმა მითხრა, გიგაც შეამოწმეო. მიოგრაფია გადავუღეთ და... მასაც ეს დაავადება აღმოაჩნდა. დიაგნოზი რომ მითხრეს, ყოველგვარი იმედი გადამეწურა. ხელი ჩავიქნიე - საშველი არ ყოფილა, განწირული დედა ვყოფილვარ-მეთქი. ბავშვები სახლში დავტოვე და გავიპარე - მატარებელს ჩავუვარდები და ჩემი შვილების უბედურებას ვერ ვუყურებ-მეთქი. მეზობლებმა მომაბრუნეს და მარტო აღარ მტოვებდნენ.

რა მექნა, არ ვიცოდი. მეუღლეს ვეხვეწებოდი, ყველაფერი გავყიდოთ და შვილები გადავარჩინოთ-მეთქი. მართლაც ყველაფრის გაყიდვა დავიწყეთ და დავრჩით ასე უპოვარნი.

მარიამმა ჯდომა რომ შეძლოს, კორსეტი სჭირდება. 2-ჯერ დავამზადებინეთ, მაგრამ მოზარდია და ყოველ 6 თვეში სჭირდება გამოცვლა. თუ კაცი გყავს, ყველგან გზას გაიკვლევ, მე კი არავინ მყავს. იმის საშუალებაც არ მაქვს, ტელეფონში თანხა ჩავრიცხო და ვინმეს დავურეკო. გადავწყვიტე, ფაცებოოკ-ით დავკავშირებოდი ადამიანებს და დახმარება მეთხოვა. კომპიუტერი არ მაქვს. ფაცებოოკ-ზე ტელეფონით შევდივარ და შველას ვითხოვ...

საზღვარგარეთ 2 ათასი ევრო ჯდება რბილი და კომფორტული კორსეტები. აქ დამზადებული 500 ლარი ღირს და ბავშვს კანს უყვლეფს, მაგრამ ჩვენ ასეთი კორსეტიც სანატრელი გვაქვს.

კორსეტი რომ ჰქონდეს, მარიამი ჯდომას შეძლებდა. მის გარეშე ბავშვი ხელით მიჭირავს, რადგან სკამზე ცურდება, ტანს ვერ იჭერს. ძალიან იოფლება და მაისურს ყოველ საათში ვუცვლი. სარეცხი მანქანა არ მაქვს და ყოველდღიურად იმდენი სარეცხი მიგროვდება, ხელები მეყვლიფება.

ზამთარში ხელები მისკდება და სისხლდენის შესაჩერებლად სკოჩს ვიხვევ თითებზე. რადგან ორივე ბავშვზე ასეთი დიაგნოზი დაისვა, გვითხრეს, გენეტიკური ანალიზი გაგვეკეთებინა. ოჯახის ყველა წევრმა გერმანიის ლიმბახის კლინიკაში უნდა გავგზავნოთ სისხლის გამოსაკვლევად. გიგას მდგომარეობა რომ მაინც გაირკვეს, გვეცოდინებოდა, როგორი ჩარევა და მკურნალობა იქნება მისთვის ეფექტური. იქნებ გიგა მაინც გადავარჩინო, მაგრამ გენეტიკურ ანალიზს ვერ ვაკეთებთ - 6 ათასი ლარი სჭირდება. რა არ გავაკეთე, სად არ მივედი, მაგრამ მცხეთის მერიაშიც და გუბერნიაშიც უარი მითხრეს - პოლისი ხომ გაქვთო. პოლისი კი გვაქვს, მაგრამ ბავშვებს ძვირად ღირებული მედიკამენტები სჭირდებათ და ამას პოლისი არ აფინანსებს. გამოდის, რომ განწირულები ვართ...

KvirisPalitra.Ge6 წელია, აქ ვცხოვრობთ და გაზი არ გვქონდა შემოყვანილი, ამ სიცხეში შეშის ღუმელზე ვამზადებდი სადილს. გასულ სამშაბათს შემომიყვანა გუბერნიამ გაზი. აქამდე რაიმეს თხოვნა  მეუხერხულებოდა და ამიტომ სახლიდან ყველაფერი გავყიდეთ, მაგრამ ახლა გასაყიდიც აღარაფერი დაგვრჩა. გიგას ორთეზი  (ფეხისთვის) სჭირდება. თითო ცალი 90 ლარი ღირს და ვერ ვყიდულობ.

ეს ეტლი მუნიციპალიტეტმა მომცა, მეორე ეტლი რომ მომცენ, სად დავდგა, არ ვიცი.  მარიამს სკოლა უწევდა, მაგრამ ვერ წავიდა. ის თავისნაირ ბავშვებთან უნდა იყოს, განსხვავებულ პირობებში, ასეთი სკოლა კი მხოლოდ თბილისშია და აქედან როგორ ვატარო...

ერთხელ დილით წყალს ვეზიდებოდი ეზოდან და მარიამს შემთხვევით გიგა დასტაკებია. ბავშვი ტახტზე გადავარდა და რომ ვეღარ ამოახველა, იგუდებოდა. სახლში რომ ამოვედი, თვალები გადატრიალებული ჰქონდა და ჩემი მეუღლე გამწარებული ყვიროდა. გადასხმის აპარატის ზონდი გადავჭერი, ფილტვებამდე ჩავუშვი და პირით ამოვუღე ნახველი ბავშვს. როგორც იქნა, გონზე მოვიყვანე. მას შემდეგ, ზონდი სულ მზად მაქვს. ბავშვებისთვის ექიმიც ვარ და ფსიქოლოგიც, არადა, პროფესიით ჟურნალისტი ვარ(!).

ფინეთში, ორტონის კლინიკაში მარიამის დიაგნოზის მქონეებს ხერხემალში უდგამენ რკინას. ეს ოპერაცია ორ ეტაპად კეთდება. პირველ ეტაპზე 10 ათასი ევრო ჯდება გამოკვლევა. მეორე ეტაპზე მარტო ოპერაცია - 44 ათასი ევრო. 20 დღე  უნდა ვიყოთ კლინიკაში და ამასაც ხომ თანხა სჭირდება?!

ჩვენი ოჯახის შემოსავალი ბავშვების 70-70-ლარიანი პენსია და 102-ლარიანი სოციალური დახმარებაა. მეუღლე უმუშევარია. ახლა სათევზაოდ არის წასული, რომ თევზი დაიჭიროს და გაყიდოს. დამატებით 100 ლარიც რომ დამინიშნონ, ჩემთვის შეღავათი იქნება.

კბილები აღარ მაქვს. საშინელი ნევროზი დამემართა.

ბავშვებისთვის ხილის ყიდვას როცა ვახერხებთ, რომ ვუთლი, მე კანს ვჭამ. ბავშვებს კი ჰგონიათ, რომ ხილის კანი მიყვარს...

ამას წინათ მაკა ასათიანს მივწერე "ფეისბუკზე" წერილი. ჩემი მდგომარეობა მოვუყევი. არ ველოდი და პასუხი მივიღე - თქვენმა ამბავმა შემძრა, მითხარით, როგორ დაგეხმაროთო. დამეხმარეთ, რომ შვილებს სიცოცხლე გავუხანგრძლივო-მეთქი. რამდენიმე დღეში დამირეკეს. არმაზში ვართ და თქვენთან მოსვლა გვინდაო. ახალგაზრდა ქალი აღმოჩნდა. არ უთქვამს, ვინ იყო. სახლში რომ შემოვიდა  და ბავშვები ნახა, 2 ათასი დოლარი გადმომცა და მითხრა - მაკა ასათიანის ახლობელი ვარო. არ ველოდი ამხელა თანხას. მეზობლები მეუბნებიან, ამ თანხით სარეცხი მანქანა იყიდეო, მაგრამ მინდა ბავშვებისთვის ვიყიდო ინვენტარი. კომპიუტერიც მჭირდება, რომ ჩემი შვილების ამბავი ყველას გავაგებინო და ვიბრძოლო, მაგრამ...

გული მწყდება, რომ ჩემი შვილებისთვის სამყარო ამ ერთ ციცქნა ოთახშია ჩაკეტილი.

KvirisPalitra.Geპატარების ოცნება

გამომშვიდობებისას მარიამმა და გიგამ საკუთარი ნახატები მისახსოვრეს. ფლომასტერები არ გვაქვსო  და კალმით დამიხატეს: გიგამ - მანქანა, მარიამმა კი - ლოგინში მწოლიარე გოგონა.

რაზე ოცნებობთ-მეთქი, ვკითხე პატარებს. გიგამ ზოოპარკში წასვლა და სათამაშო ავტომობილი ინატრა. მარიამმა კი - მინდა სოფო ნიჟარაძე ვნახო, ნანუკა ჟორჟოლიანი გავიცნო და "შუა ქალაქის" გმირებს შევხვდეო. ის იყო, წამოსვლას ვაპირებდი, რომ მარიამმა  ხელზე ხელი მომკიდა და მუჭში ციცქნა სათამაშო გოგონა ჩამიდო. დიდრონი შავი თვალები მადლიერებით და იმედით ჰქონდა სავსე. იმ იმედით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია და ისიც ელოდება, ელოდება სიყვარულით გამთბარ სასიცოცხლო "კორსეტს".

P.S. რომ მაცილებდა, ბელამ მითხრა, ერთხელ მარიამმა მკითხა,  დედა, რომ დადიხარ, როგორია? ღმერთი შენ ხომ ყველაფერს გისრულებს, სთხოვე ღმერთს, რომ ერთხელ მაინც გამატაროსო. მერე კი ფიქრებში წასულმა ჩაილაპარაკა: თუ ეს მძიმე ჯვარი უნდა ვატარო, დაე, ასე იყოს. ავაგორებ და ჩავაგორებ ამ ეტლს, ოღონდ მარიამმა იცოცხლოს. უფალს ვთხოვ, ჩემი პატარები არ წამართვას და ყველაფერს გავუძლებ:

"მე ვიბრძოლებ სიცოცხლისთვის,

ცხრა მთას გადაგატარებთ.

სიკვდილს აღარ დაგანებებთ,

გლოცავთ, როგორც ამტანებს.

ბევრს არ ვითხოვ, დავჯერდები,

ამ ეტლითაც გატარებთ,

უფალს ერთს ვთხოვ,

მხოლოდ ერთს ვთხოვ -

ნუ წამართმევს პატარებს!.."

ვიდეოსიუჟეტი ამ თემაზე იხ. palitratv.ge-ზე

იქნებ დავეხმაროთ მარიამს და გიგას. გთავაზობთ მათ რეკვიზიტებს:

სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"

ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502

მიმღების დასახელება: ბონდო ზარიძე

მიმღების ანგარიშის ნომერი:

GE47BG 0000000280794400