"აბსურდის თეატრი, სადაც რობიკოზე "დიდი" რეჟისორები გამოჩნდნენ" - კვირის პალიტრა

"აბსურდის თეატრი, სადაც რობიკოზე "დიდი" რეჟისორები გამოჩნდნენ"

"ჩვენში დიდ ადამიანებს ყოველთვის ებრძვიან"

გასულ კვირას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. "რეჟისორი - სტურუა, მხედრიონელი - რურუა" - ეს წარწერა მათ კულტურის სამინისტროს შესასვლელში გააკრეს.

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი: - ჩვენში დიდ ადამიანებს ყოველთვის ებრძვიან. კაცი რაც უფრო გამორჩეული და ღირსეულია, მით უფრო ებრძვიან, ხოლო იგივე კაცი თუ თან არავის ეპირფერება, უკვე მტრადაც არის მიჩნეული. არადა, ხელისუფლებას რომ ჰკითხო, გეტყვის, კომუნისტურ გადმონაშთებს ვებრძვიო. კი მაგრამ, რობიკო სტურუა მთელი ცხოვრება კომუნისტურ უბედურებებს არ ებრძოდა? ამ ხელისუფლებასა და კომუნისტებს შორის მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ბევრია, განსხვავება კი, იცით, რა არის?! კომუნისტები ებრძოდნენ ფაშისტებს, ესენი კი ებრძვიან გენიალურ ადამიანებს, რომლებიც ვერ გახდნენ მონები და ვერც ვერასდროს გახდებიან!

მე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა, რობიკო და კიდევ არაერთი ჩვენი თაობის ადამიანი ერთი საძმო ვიყავით... განა კომუნისტური რეჟიმის პირობებში არ დაიბეჭდა "ცისკარში" ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია"?!.. ამ ჟურნალს წლების მანძილზე ვრედაქტორობდი. რეჟიმი ხელისუფლებისადმი პირფერობისაკენ მაშინაც უბიძგებდა შემოქმედ ადამიანებს. შემოქმედისთვის ძალა ღვთისგან ბოძებული ნიჭია. ადრე გამოსადეგ კაცს ბრძოლას ტყუილად არავინ დაუწყებდა. დღეს კი ყველას, ვინც ხელისუფლების მოსაწონ სიტყვას არ ამბობს, ხმალამოღებული ებრძვიან.

დღევანდელ დღეს ოღონდ ვინმემ ვინმე ჩაუშვას და ძმას ძმის გაყიდვაში მილიონს უხდიან... ახლა რაც ხდება, არ ვიცი, რა სახელი დავარქვა. ეს რა უბედურებაა?! ვერ უნდა მიხვდე, რომ რობიკოსთან ან ჭაბუა ამირეჯიბთან ბრძოლა წამგებიანია?! ესენი ვერ ხვდებიან და სწორედ ეს არის ჩვენი უბედურება.

ამ აქციაზე მოსვლით სხვებთან ერთად მეც კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დედალი კაცი არ ვარ და ყოველთვის ვიტყვი იმას, რაც ჭეშმარიტებაა, უკან არ დავიხევ...

ლევან ანჯაფარიძე, კინორეჟისორი: - როცა რობიკო სტურუას ომს უცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად დემორალიზებულია სახელმწიფო. ყველაზე მეტად, იცით, რამ გამაკვირვა? უშიშროების მდივნის ცოლმა დაწერა "ფეისბუკში" - რობერტ სტურუას ამგვარი ფორმით დასჯა საკმარისი არ არის, ვისურვებდი, მისი ცხოვრების ბოლომდე, რუსთაველის თეატრში ღამურებს ეფრინათო... ამას რაღა კომენტარი უნდა?! ღმერთმა დასაჯა ამის დამწერი, გააშიშვლა და ხალხს არა მხოლოდ მისი, მთელი ხელისუფლების სახე დაანახა. ახლა კი ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული - აიტანს ერის საუკეთესო შვილების ასე აბუჩად აგდებას?! მისი გადასაწყვეტია... რობიკო იმიტომ გვიყვარს, რომ ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ამიტომ ჰყავს ბევრი გულშემატკივარი. რა ვქნათ, თუ ეს სიმართლე ზოგ-ზოგიერთებს გულზე ხვდებათ. ხელისუფლებამ რობიკოს მოხსნით კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა ისტორიაში.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ერთი დიდი აბსურდის თეატრი მოქმედებს, სადაც რობიკოზე "დიდი" რეჟისორები გამოჩნდნენ... მაგრამ მათ არც ისეთი ძალა აქვთ, რომ შეგვეშინდეს...