"მოკლედ, თავისუფალი ვარ" - კვირის პალიტრა

"მოკლედ, თავისუფალი ვარ"

რურუა სტურუათი ისტორიაში შევიდა...

ერთი პირობა ვიფიქრე, საერთოდ არაფერს დავწერ-მეთქი. მარტო იმაზე კი არა, როგორ მოაწერა კულტურის მინისტრმა რურუამ ხელი რობერტ სტურუას გათავისუფლების ბრძანებას, საერთოდ კულტურაზეც... რა საჭიროა! ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებისთვის რობერტ სტურუა ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანია და არა - დიდი რეჟისორი, კულტურაზე რაღა უნდა წერო? სადაც კითხვებს სვამენ და პასუხები არ ესმით, სადაც სპექტაკლებზე სიარული მოდური აღარ არის და შოუების დადგმა (მხოლოდ შოუების! თორემ შოუს თავისი ადგილი აქვს, სპექტაკლს - თავისი) ითვლება ხელოვნებად, იქნებ ჯობს, წერო მხოლოდ ისტორიულ ფაქტებსა და გმირებზე, რომლებიც სიმართლეს ეწირებოდნენ... მაგალითად, როგორც დიმიტრი შევარდნაძე, კატეგორიული უარი რომ თქვა მეტეხის ტაძრის დანგრევაში მონაწილეობაზე. თუმცა, იქნებ არც ეს არის საჭირო, რადგან, ბერიასი არ იყოს, დავანგრევთ ყველაფერს, ოღონდ ჩვენივე ხელითა და ინიციატივით.

სტურუამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" ერთი საოცრად მოწყენილი ფოტო გამოაქვეყნა: თავდახრილი ზის მაგიდასთან. იქვე რამდენიმე წინადადება დაწერა თავის გათავისუფლებაზე:

"არ გეგონოთ, რომ ასე ვარ, როგორც ამ სურათში მხედავთ, - ეს რეპეტიციაა... მე კი ვქეიფობ, მძინავს, ხილს ვჭამ (მგონი, ზედმეტიც მივირთვი...) მოკლედ, გამათავისუფლეს, თავისუფალი ვარ, სვაბოდაზე!..

THE FREEDOM ! - ეს ქართველი ამერიკელებისათვის... ერთადერთი, რაც მიღრღნის ტვინს: როგორ გადავზიდო ამდენი წიგნი სახლში? რ.ს."

უნებურად გამახსენდა - შალვა ნუცუბიძეს  რომ ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხეთ საბჭოთა რელსებზე გადასვლაო, უპასუხა, "ბაგაჟი" მქონდა ძალიან მძიმე და იმიტომო. მას სხვა დროსაც უთქვამს: თქვენ რომ საბჭოთა მატარებელში ცარიელი შეძვერით, მე ჩემი მძიმე ტვირთის გამო გარეთ დავრჩიო... ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა: თავისი მძიმე ტვირთის გამო დარჩა რუსთაველის თეატრის გარეთ რობერტ სტურუა.

KvirisPalitra.Geრობერტ სტურუას არ გაუჭირდება, სადმე ღირსეულ ადგილზე იმუშაოს. მას თეატრის მთავარ რეჟისორად იწვევდნენ ადრეც, მიიწვევენ ახლაც... ცხადია, საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამბობენ, უკვე შესთავაზეს ლონდონის სამეფო თეატრში მთავარი რეჟისორის  ადგილიო; მოსკოვიდანაც დაურეკა "ეტ სეტერას" თეატრის პროდიუსერმა დავიდ სმელიანსკიმ... და ძალიან ცუდი, რომ გავუშვებთ.

წლების წინ გაცილებით სოლიდურ ანაზღაურებაზე ამბობდა უარს, არ მიდიოდა სხვაგან მთავარ რეჟისორად და საქართველოში რჩებოდა - რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. რჩებოდა, ვიდრე რურუამ სტურუა თეატრიდან არ გაუშვა. საზოგადოებრივ ქსელებში უკვე გაჩნდა განცხადებები - ამ ნაბიჯით ნიკა რურუა ისტორიაში შევიდა და თავი უკვდავყოო, რადგან როცა საქართველოს კულტურაზე ისაუბრებენ, ცხადია, რობერტ სტურუას გვერდს ვერავინ აუვლის და მასაც ყოველთვის ახსენებენ, როგორც დიდი რეჟისორის თანამდებობიდან გამათავისუფლებელს.  კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ უაღრესად "გონივრული" განცხადება გააკეთა: ""სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელთაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს... მიმაჩნია, რომ ტირაჟირებულ ქსენოფობიას მწვანე შუქი არ უნდა აენთოს დემოკრატიულ ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ ეს საქართველოს თავის თავზე ერთხელ უკვე ნაგემი აქვს. ერების დაყოფა კარგ და ცუდ ერებად, ადამიანების დაყოფა კლასებად - ეს იყო, რასაც აკეთებდნენ თვის დროზე ბოლშევიკები და ეს იცის ბატონმა სტურუამ, ის იცნობდა ბოლშევიკებს, ამას აკეთებდნენ თავის დროზე ნაცისტები"."

ნიკა რურუას მიაჩნია, რომ "ჩვენი დაუძინებელი მტერი ამით აუცილებლად ისარგებლებს, ამის საშუალება თუ ექნება":

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ ადამიანს, რომელსაც ასეთი ღირებულებათა სისტემა აქვს, არ ეკავოს საკვანძო სახელმძღვანელო პოზიცია, ეს არის და ეს. ზოგადად, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი არ უქმდება და ეს პოსტი არც რუსთაველის თეატრში გაუქმდება."

ვერაფერს იტყვი, ლოგიკური გადაწყვეტილებაა! რასიზმი და ქსენოფობია მართლაც საშინელი სენია და სახელმწიფო ამით სნეულს თავზე ხელს ვერ გადაუსვამს, მაგრამ... არსებობს ერთი მაგრამ: მე თავად ვესწრებოდი რობერტ სტურუასთან შეხვედრას  2011 წლის 13 ივნისს. კიდევ კარგი, იქ ვიყავი და მოვისმინე, რაც თქვა, თორემ ხომ ვერასოდეს მივხვდებოდი, რამხელა განსხვავებაა მის ნათქვამსა და ამ ნათქვამის ინტერპრეტაციას შორის. რეჟისორი ამბობდა, რომ რასიზმი საშინელი სენია, რომ ამას უნდა ვებრძოლოთ...

- ერთ ჩემს სპექტაკლში მთავარი გმირია ებრაელი მევახშე, რომელსაც ამცირებენ და უნდა, შური იძიოს სხვებზე... ადამიანურია... იქ არიან იტალიელი, პოლონელი, გერმანელი პერსონაჟები. გადავწყვიტე, ცოტა განმევრცო ტექსტი და მოვძებნე, რას წერდნენ, მაგალითად, ფრანგებზე გერმანელები, გერმანელებზე - რუსები... საშინელი სურათი მივიღე! კაცობრიობა ავადაა ამ სენით და ამას დაფარვა კი არა, აღიარება სჭირდება. ექიმმა უნდა იცოდეს სნეულების სახელი, რომ უმკურნალოს. თუ ვიტყვი, მე ზანგი არ მიყვარს-მეთქი, ეს არ არის გასაკვირი. არ მიყვარს იმიტომ კი არა, რომ ზანგია, იმიტომ, რომ ცოტა განსხვავებულია... ეს ბუნებაშიც დევს. პირველად რომ სამტრედიაში წავედით მე და მამა მატარებლით, ორი ქათამი წავიყვანეთ (სხვათა შორის, დავათვრეთ, რომ მატარებლით წაგვეყვანა, მაშინ ასე იყო - ცოცხალ ქათამს ვერ გადაიყვანდი). სამტრედიაში ეს ქათმები საქათმეში შეუშვეს და დამხვედრმა ქათმებმა ჩანისკარტება დაუწყეს... უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს რასიზმი შავკანიანებშიც. პირველად რომ 1968 წელს ვაშინგტონში ჩავედი, ბარში დავსხედით. იქ იყვნენ ლიტველებიც და ამერიკელი შავკანიანებიც. ჩვენ "მარლბოროს" ვეწეოდით. გვგონია, რომ ვართ ამერიკაში და ამერიკელებივით... ზანგებმა პური დაფშვნეს, ქაღალდის ხელსახოცში შეახვიეს და ცხვირთან მოგვიტანეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით "რაშენ"... თქვენ ეს მოსწიეთო... თვალთმაქცობა საჭირო არ არის, ეს არსებობს და ამას დამალვა კი არ სჭირდება, ბრძოლა უნდაო, - თქვა რეჟისორმა.

რამდენიმე დღეში ატყდა ერთი ამბავი, სტურუამ გამოაცხადა, ზანგები არ მიყვარსო. თუ ყველაფრის ასეთ "თარგმანს" გვაწოდებენ და მერე ამის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს, ცხადია, რობერტ სტურუა კი არ არის რასისტი, არამედ ყველანაირად ცდილობენ, ასეთად წარმოაჩინონ და შეაძულონ არა მარტო ჩვენს ხალხს - მსოფლიოსაც!

რატომ? მიზეზი შეიძლება ორი იყოს: ერთი შემოქმედებაში იმალებოდეს, მეორე - მის საზოგადოებრივ პოზიციაში. სხვა არც არაფერი გააჩნია რეჟისორს... შემოქმედების გამო მისი ყბად აღება უნდა გამოირიცხოს, რადგან ამაყად აცხადებენ სტურუას გამკრიტიკებლები, მის სპექტაკლებზე არც დავდივართ და არც ვივლითო. რამდენადაც ვიცი, არც კულტურის სამინისტროდან და არც პრეზიდენტის აპარატიდან მართლაც არავინ დასწრებია სტურუას სპექტაკლებს. მკითხავთ, რა აუცილებელიაო... სულაც არ არის აუცილებელი, იქნებ საჭიროც კი არ არის, მაგრამ ჩვენ იმდენი პომპეზური კონცერტი და პრემიერა გვინახავს, თუნდაც სულ ბოლო - ბათუმში გამართული "ქეთო და კოტესი"... ეს სტურუას თემას შეიძლება არ ეხებოდეს, მაგრამ მაინც...

ამას წინათ გოგი გვახარიამ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა პოსტი: "ქეთო, კოტე და მთელი ქვეყანა". წერილის დასასრულ მინდა, ამ პოსტიდან რამდენიმე ციტატა მოვიყვანო. ხელოვანის, თანაც მტრად შერაცხილი ხელოვანის დასაცავად ვინ რა უნდა თქვას, თუ რომელიმე რეჟისორის რომელიმე ნამუშევარსაც კი ვერ აფასებენ თამამად. რატომ? "თეატრმცოდნეები, არტკრიტიკოსებიც ბლომად გვყავს. ეგაა, რომ ძალიან რთული და სახიფათოც კი გახდა საქართველოში ხელოვნების კრიტიკა. უწინ კრიტიკულს იტყოდი რამეს და დიდი-დიდი  მხატვარი (ან რეჟისორი) დაგხვედროდა სადარბაზოსთან, დიდი-დიდი, სახეში ეხეთქა და შეეგინებინე. ახლა... ახლა, შესაძლოა, მთელი ერის მოღალატედ შეგრაცხონ, რუსეთისგან დაფინანსებულად,„ბოღმად, შურიანად... ახლა, შესაძლებელია, მთლად საქართველოს პრეზიდენტმა დაუქნიოს თითი კრიტიკოსს, რადგან იგი არა მარტო არტკრიტიკოსი გახდა, არამედ ავტორიც - მხატვარი, რეჟისორი, რესტავრატორი"

და კიდევ: დღეს აღმშენებლობის რელსებზე გადავიდა "შორს წასული", "დიდი ნაბიჯებით წინ მორბენალი საქართველო". ისევ გოგი გვახარიას სიტყვით: "ესაა დღეს ის საქართველო, რომელიც ტელევიზორში ჩანს, რომლის შესახებ წერენ საქართველოს ჟურნალ-გაზეთები. დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო, ნინო, ნიკა, თამრიკო... დოი, სოფო,  ნინო, ნიკა, თამრიკო"...

მათ შორის რობერტ სტურუას ადგილი არ არის! როგორც უკვე ვთქვით, "ვერ შეეტია" (მძიმე ტვირთის გამო, ცხადია) აღმშენებლობის გზაზე მდგარ მხიარულ ეშელონში.