"სტურუას განადგურება აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ ეღირსებიან" - კვირის პალიტრა

"სტურუას განადგურება აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ ეღირსებიან"

"ჩვენი ერთობლივი ბრძოლა მძლავრ აქციად გადაიქცევა"

"თეატრის გახლეჩა უნდათ, მაგრამ თეატრი თავს შეაკლავს და არ დათმობს თავისუფლებას"

"შენა ხარ დემოკრატიის შუქურა, რომ ასეთ პატარა გამოცდებსაც ვერ უძლებ?"

"ჩვენ გულანთებულ ქართველებს დავუძახებთ, ვაჟკაცს, ქვეყნის მოყვარულსა და თავგანწირულ ადამიანებს"

"ჩვენი შეშინება გამორიცხულია, თეატრში შიში არ გავა. რა ბრძოლასაც შემოგვთავაზებთ, იმ ბრძოლას დავიწყებთ გონიერად, გააზრებულად. რუსთაველის თეატრი ორშაბათიდან იწყებს პრინციპულ, ვაჟკაცურ და სამართლიან ბრძოლას. ასეთ შეურაცხყოფას რუსთაველის თეატრი ვერავის აპატიებს", - მითხრა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რომელსაც რუსთაველის თეატრში შევხვდი:

-  როგორი სასაცილოც უნდა იყოს, საქართველოს ისტორიაში გადაიშალა ფურცელი - რურუამ მოხსნა სტურუა. ვეკითხები კულტურის  მინისტრს: სტურუას მოხსნის იდეა მის ტვინში დაიბადა თუ ზეწოლას ვერ გაუძლო? თუ მინისტრზე ზეწოლაა, თანავუგრძნობ, მაგრამ თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ მისი განცხადებაც და გამოქვეყნებული დოკუმენტიც იურიდიულად გაუმართავი და უკანონოა.

აგვიხსნას მინისტრმა რურუამ, მართალია თუ არა მოარული ხმა, რომ მისი ნასვამი "დირექტორი" აუზში ხალხს სცემდა, საფერფლეებს ისროდა და გაჰყვიროდა, სტურუას თავი მომიტანეთო.

თქვას, თუ  მისი "დირექტორისაგან" იყო ეს დაკვეთა. რატომ იგდებს თავს ცოდვაში, თქვას. რატომ შედის ისტორიაში ისე, რომ თავისი ხელით მოხსნა სტურუა?

ხელისუფლება და ზოგი ბრიყვი დეპუტატი ხელოვნებაში კი არა, საკუთარი გვარის წარმოშობაში ვერ ერკვევა და როგორ მსჯელობენ სტურუას შემოქმედებით კრიზისზე? თავი ვინ ამოწურა და ქვეყნის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვინ დააყენა, ეგ საკუთარ თავს ჰკითხონ.

უფრო მომეწონებოდა, მიზეზი არ ეთქვათ და რობერტ სტურუა ისე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ იმდენად მდარე, მწირი და უნიათონი არიან, თავიანთი აბსოლუტურად უმწეო არგუმენტების გამართლება უნდათ და სტურუას ქსენოფობიას აბრალებენ. თქვე გონებადახშულებო, სულბნელებო, სტურუას ერთი სპექტაკლი მაინც დამისახელეთ, სადაც ქსენოფობია იგრძნობა. მის ნებისმიერ სპექტაკლში გემოვნება, ესთეტიკა, სიკეთე, ჰუმანურობა, პატრიოტიზმია, სად დაინახეთ ქსენოფობია? ახალი მომხდარი იყო აფხაზეთის კონფლიქტი, როდესაც მოსკოვში გასტროლებზე ჩავიტანეთ "ლამარა" და გაოცდნენ რუსები, სპექტაკლში ჩეჩენი გმირი იჩო რომ ნახეს. გვეკითხებოდნენ, რა ძალა გყოფნით, ასე დადებითად წარმოაჩინოთ იმ ერის ადამიანი, ვინც ასევ გავნოთო? ამ საუბრით თავს კი არ ვიცავთ, გვინდა ფარდა ავხადოთ და ნიღაბი ჩამოვხსნათ ამათ ზრახვებს.

- და რა ზრახვებია ეს?

- რუსთაველის თეატრის დანგრევა უნდათ. როდესაც პირველ ნაციონალურ თეატრს დაანგრევენ, უამრავ ადამიანს გადაუვლიან. ამიტომ მოვალენი ვართ, წინ აღვუდგეთ, რათა ჩვენ უკან მდგომები, მომავალი თაობები გადავარჩინოთ, ქვეყანას არ მოვუკლათ პერსპექტივა. ამიტომ გვირჩევნია ეს დარტყმები ჩვენ მივიღოთ. ეს განსაცდელი ღვთის წყალობა და ბედნიერებაა. ეს თეატრი შპს არ არის და არც ვინმესია. რუსთაველის თეატრის ასე შეურაცხყოფა საზოგადოების შეურაცხყოფაცაა.

ეს ხელისუფლება ნიჭიერების მტერია. ნიჭი აღიზიანებთ, თავისუფალი ადამიანი მათთვის მიუღებელია. სტურუა XX საუკუნის კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა, რომელმაც ქართულ თეატრში უდიდეს სიმაღლეზე აიყვანა აზროვნება, იდეა, შინაარსი, მხატვრობა, მუსიკა. მისი დამსახურებაა, რომ ქართველებისთვის თეატრი თავშესაქცევად კი არა, ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. თეატრთან ერთად დაიწყო ქართველმა ხალხმა აზროვნება, დასკვნების გამოტანა, მომავალზე ფიქრი. სტურუამ მიანიჭა თეატრს აზროვნების, ფილოსოფიური ხედვის მაღალი კატეგორია, მასშტაბი. ქართული ენა, გენი, ფიქრი, წუხილი და ღიმილიც კი ზოგადსაკაცობრიო, მსოფლიო მასშტაბის გახადა. ხელისუფლებას სტურუას განადგურება, მოსპობა აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ ეღირსება, არ გამოუვა. ჰამლეტი, რომელსაც მე ვთამაშობ, ამბობს: "თქვენ შეგიძლიათ დამამსხვრიოთ, ამშალოთ, მაგრამ ჩემზე დაკვრას ვერ ეღირსებითო.

სტურუა თანამდებობის პირი კი არა, ის სიმდიდრე, ის ჯებირია, ვისაც ვერც ქართული და ვერც მსოფლიოს რეალობა და ხელოვნების ისტორია გვერდს ვერ აუვლის. რობერტ სტურუას რომ ავნო, იგივეა, ჩახვიდე იტალიაში და მიქელანჯელოს "პიეტას" მოსტეხო ხელი, სიქსტეს კაპელას რომელიმე ფრესკას მური წუსვა, მუზეუმში ფიროსმანის ტილო სამართებლით დასერო ან შეხვიდე ლუვრში და მოშარდო. ამ რანგის ხელოვანია საქართველოსთვის სტურუა და აი, ასეთი რანგისაა ამ ხელისუფლების საქციელი. სტურუა ერის ღირსება, მონაპოვარია და ეს ხელისუფლება ერის ღირსებას შეეხო. ვისაც სტურუას განადგურება უნდა, ის ქართულ თეატრს ანადგურებს.

ჩვენ ახმეტელის მემკვიდრეები ვართ და მოვალენი ვართ, თეატრი დავიცვათ. სანამ პირში სული გვიდგას, დავიცავთ კიდეც. რა გზაც ახმეტელმა გაიარა, იმ გზას (ოღონდ სხვა ფორმით) გადის რობერტ სტურუა. კულმინაციურ მომენტს სტურუაც ვაჟკაცურად შეხვდება, რადგან არც წინაპრისა და არც თეატრის ღალატი არ შეიძლება. თანამდებობის გამო ბრძოლასა და წივილ-კივილს რობერტ სტურუა არ აპირებს, მაგრამ მასზე შეტევით თეატრს ანგრევენ, საძირკველს აცლიან. სტურუა ერის მონაპოვარია და არა ამათი სწორი. დაფიქრდნენ, ვის უბედავენ ბრძოლას?! როგორ ბედავთ, რობერტ სტურუა თქვენი პარალელურიკლასელი ხომ არ გგონიათ?! ამ კაცს მსოფლიო აღიარებს უდიდეს რეჟისორად და ნებისმიერ თეატრში იწვევენ. მისი დადგმა და აზრები ეპოქაში ცვლის მიმდინარეობებს და ხელისუფლებას თეატრი რომც არ უყვარდეს და არ ესმოდეს, ამ რანგის ადამიანის პატივისცემა მაინც მართებს. შეიძლება გერმანელმა ბეთჰოვენი შეიძულოს, იტალიელმა - ვერდი ან  ფრანგმა - დიუმა? ამ დონეზეა სტურუას შემთხვევაში ლაპარაკი და ამ დროს ხელისუფლება ამბობს, მოსაკვეთი და გადასაგდებიაო. მერე ვინ ამბობს ამას? ესენი როგორ ლაპარაკობენ სტურუას ქსენოფობიაზე?

- ქსენოფობიას რობერტ სტურუას განცხადებებში ხედავენ და არა შემოქმედებაში.

- თუ სომეხი ხარ, რატომ მალავ, სირცხვილია?! ვინმემ ქართველი რომ დამიძახოს, შემრცხვება და ამის გამო უნდა ვეჩხუბო? ადამიანი ფრაზის, აზრის ან სიზმრის გამო სამსახურიდან უნდა გაათავისუფლო? "რიჩარდ III"-ში, როდესაც რიჩარდს უფლისწულების დახოცვა უნდა და ამაზე ეკითხებიან, ასეთი პასუხია, როგორ გეკადრებათ, მილორდ, ჩვენ ხომ თურქები არა ვართო. შექსპირი წერს ამას და ის ქსენოფობია? შავი ოტელო თეთრ დეზდემონას რომ ახრჩობს, რასისტია? "ვენეციელ ვაჭარში" შეილოკი ქრისტიანს გირვანქა ხორცს რომ აჭრის, ქსენოფობი ყოფილა შექსპირი?

იმ ფობიას რაღა ჰქვია, რომ გაიძახი, უფროსები უნდა ჩავრეცხოთ, ბულდოზერით გლეხებს გადავუაროთო? ან ამ ძეგლებს რას დაათრევთ აქეთ-იქით, მონუმენტებს აფეთქებთ და ამას ადამიანები ეწირებიან. საკუთარ პატრიარქს რომ ხელი ჰკარი და ვიღაცას ფიანდაზი დაუგე, ეს რა ფობიაა? საკუთარ ენას რაც დამართე, ის რა არის? პედაგოგები სკოლებიდან რომ გამოყარე და ვიღაც უცხოელი პედერასტები ჩამოიყვანე, ეს რა ფობიაა? ომი რომ დაიწყე და ამდენი ხალხი მიწაში ჩააწვინე, ეს რა ფობიაა? როგორ შეიძლება სახელმწიფო დამნაშავემ, კონსტიტუციისა და კანონების დამრღვევმა კაცმა, ქსენოფობობა დააბრალოს ადამიანს, ვინც მთელი სიცოცხლე ხელოვნებას დაახარჯა, საქართველოს სახელი გაუთქვა და მსოფლიოს აჩვენა, რა რანგში შეიძლება ავიდეს ქართველი კაცის ნიჭიერება. ქართველი კაცის ნიჭიერება რომ გძულს, ეს რა ფობიაა, კომპლექსებით, ფობიებითა და ბოროტებით დატენილო ხელისუფლებავ? თქვე უნიჭო ჩარჩებო, თითს ვისკენ იშვერთ? ხომ არ გგონიათ, თქვენი პოლიციითა და სპეცრაზმით ჩაკლავთ იმ სულს, რამაც საქართველო აქამდე მოიყვანა?

ამ თეატრის სცენაზე რომ ვდგავარ, მე სხვა მოვალეობა მაქვს, სხვანაირად მე ვერც ვიარსებებ და ვერც ვითამაშებ. მსახიობი თუ ქვეყნის ტკივილით არ სუნთქავს, ვერ აანალიზებს, რა უბედურება ხდება თეატრსა და მის ქვეყანაში, მისი ადგილი ხელოვნებაში არ არის. ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას, რათა სხვა გადავარჩინოთ და  შევინარჩუნოთ ის, რის წაშლასაც ცდილობენ. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ მომავალმა თაობამ თქვას, ჩვენი წინაპრები არაკაცები არ ყოფილანო. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენს ხელოვნებას, ისტორიას, ჩვენს სამშობლოსა და მის ღირსებას ვიცავთ.

ამ ხელისუფლებას წმინდა არაფერი გააჩნია. არც განათლება უნდათ, არც სპორტი, არც ხელოვნება, არც მედია, არც მედიცინა. ყველაფერი გაანადგურეს, მაგრამ ეკლესიასა და ხელოვნებას ვერ გაანადგურებენ. ყოველგვარი მეტიჩრობისა და მანჭვა-გრეხის გარეშე ვიბრძოლებთ. სამი ათასი დაგვიპირისპირდება? სამნი დავრჩებით და მაინც ექნება ბრძოლას აზრი. ორასი ათასი იქნებიან, ორნი დავრჩებით და მაინც ვიბრძოლებთ. ასეთია ჩვენი სულისკვეთება და მოსაზრება, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება.

- თეატრში ყველა ერთსულოვანია?

- ბევრი მსახიობი თბილისში არ არის. თვის ბოლოს ჩამოვლენ და საერთო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ თეატრს არა აქვს ისეთი ტრადიცია, რომ სხვას არ გაუწიოს ანგარიში. არადა, ხმა დადის, რუსთაველის თეატრში ინტრიგებიაო. ამ თეატრში არც ინტრიგებია და არ "გრუპიროვკები". აქ სამუშაო გარემოა და მიუხედავად იმისა, არიან განსხვავებული აზრის ადამიანები, არასოდეს მომხდარა, ვინმე ვინმეს წაჰკიდებოდეს, რეპეტიცია ჩაშლილიყოს ან სპექტაკლის ხარისხს რამე დამუქრებოდეს. რუსთაველის თეატრში ყოველთვის მაღალი იყო თავისუფლების ხარისხი. ამ თავისუფლების წართმევა და შიდადაპირისპირებით თეატრის გახლეჩა უნდათ, მაგრამ თეატრი თავს შეაკლავს და არ დათმობს თავისუფლებას. ძალიან დაისჯება შინაური თუ  გარეული, ვინც ამის გაკეთებას შეეცდება. აქ შეიძლება ვიღაცას ვიღაც არ ეპიტნავებოდეს, მაგრამ ქცევის მაღალი კულტურა გვაქვს და ვნებებს ყველა უმკლავდება, რათა არ დაირღვეს მთავარი - რეპეტიცია, სპექტაკლი და ადამიანური ურთიერთობები.

ამ ქსენოფობებმა საკუთარ ემოციებს, ჯანმრთელობასა და დავთარს გადახედონ. ვისკენ იშვერენ ხელს? მთელ მსოფლიოს ჩავაყენებთ საქმის კურსში, რომ "პრეზიდენტს" არ მოეწონა ხელოვანის გამონათქვამი და გაათავისუფლა. სად ყოფილა, გამონათქვამის გამო თეატრის რეჟისორი გაეთავისუფლებინოთ?!

სააკაშვილი ვერ ხვდება, ვის ებრძვის. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრმა ამ ხელისუფლებას გუნდრუკი არ უკმია, ამიტომ უპირებენ განადურებას. ამიტომ მოხსნეს სტურუა, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ე. წ. პრეზიდენტი ამბობდა, ბედნიერი ვარ, რომ სტურუას ეპოქაში ვცხოვრობო.

რას წარმოადგენს ეს ვინმე ოჩიაური, რომელიც ბედავს სტურუაზე ხმის ამოღებას და მისი შემოქმედების აწონ-დაწონას? ვინ არის ეს ნასრაძე-ნასარიძე, ეს ბლანჟეიანი ბეკეკა, თავხედი, უნიჭო, ამ ხელისუფლების დაქირავებული შნირი, ვინ ჩაუდო მას და მისთანებს პავლიკ მოროზოვის სული და გული?

შვილო, შე უზნეო, უზრდელო და უსახო, ხომ იცი, რომ მოგეკითხება ამის გამო და თავს კონტროლი გაუწიე, თორემ ერთხელაც მაგ ენას ძირში მიგაჭრიან. იმ თემაზე ილაპარაკეთ, რაც გესმით და ხელგეწიფებათ.

- ისიც ითქვა, სტურუამ თვითონ გაუკეთა ხელისუფლებას პროვოცირება, რომ მოეხსნათო.

- ომის პროვოკაციაზე წამოგაგეს, რეჟისორის პროვოკაციას წამოეგე, ყველა თუ ასე ადვილად გიკეთებს პროვოცირებას, მაშინ რა ხელისუფალი ხარ? შენა ხარ დემოკრატიის შუქურა, რომ ასეთ პატარა გამოცდებსაც ვერ უძლებ? სტურუამ გამოგცადათ და ჩაიჭერით?! ელემენტარულ გამოცდებს ვერ აბარებთ, თქვე უბედურებო, და ვის ქსენოფობიაზე ლაპარაკობთ?

ვის გინდათ დააჯეროთ, რომ ის ქსენოფობია და სპექტაკლს ვერ დადგამს? ქვეყანა დააქციეთ, ყელი გამოსჭერით  და ვის ქსენოფობობაზე ლაპარაკობთ? იმ კაცებს რა ვუთხარი, ერთ კაცზე, რომ გაიძახიან ნაკლი არა აქვსო.

ვინ უნდა მოვიდეს რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად? ის რეჟისორები, ვისაც მე ვიცნობ, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, თვითლიკვიდაციაზე ხელს არ მოაწერენ. აქ შეიძლება სოდ-ის და კუდ-ის მოწონებული სამხატვრო ხელმძღვანელი გამოუშვან, მაგრამ რომ მოვა, კარგი დღე არ ელოდება.

ქართული თეატრი ერთი კერძო პირის არ არის. თეატრი ყველასია, ქართველებო, და ჩვენ ყველა შეურაცხყოფილი უნდა ვიყოთ. რუსთაველის თეატრს უამრავი მეგობარი და რაც მთავარია, მაყურებელი ჰყავს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა მძლავრ აქციად გადაიქცევა. ახლა გამოჩნდება ქართველი მაყურებლის სიყვარული თავისი თეატრისადმი. ეს დავთმო, თავი დავღუნო და მერე სცენაზე ჰამლეტი ვითამაშო? ვერ ვითამაშებ, არ გამოვა. ეს თეატრი საქართველო და მისი ცხოვრებაა. ეკლესია, თეატრი და მეცნიერება თუ დაეცა, რაღა დაგვრჩება ფასეული? თუ რწმენა, ენა, ხელოვნება და ქვეყანა არ გვექნა, რაღაა ფასეული? ჯიპები, კუნტრუში და გავის ქნევა? ცოტა ხანში რუსთაველის თეატრი იმ ქართველებს დაუძახებს, ვისაც ეს ფასეულობები შერჩენია. დავანახოთ, ვინ ვართ. ერთად დავდგეთ და თუ ვაღიარებთ, რომ არაფრის თავი არა გვაქვს,  ერთად მაინც მოვიკლათ თავი, რომ მომავალ თაობებს გავუთავისუფლოთ გზა. ასე ცხოვრება არ შეიძლება. რატომ ამოვირჩიეთ ეს დამჩვარული მშვიდობიანი პოზიცია? მშვიდობა მიწაშიც გვეყოფა. ჩვენ გულანთებულ ქართველებს დავუძახებთ, ვაჟკაცს, ქვეყნის მოყვარულსა და თავგანწირულ ადამიანებს. გეძახით იმათ, ვისაც თვალზე ცრემლი მოგადგათ, ჩემს თეატრს ეს  როგორ გაუკეთესო. დღეს რუსთაველის  თეატრია საქართველო. ეს ბრძოლა რობერტ სტურუას თანამდებობისთვის კი არა, იმისთვის არის, ქვეყანა გვექნება თუ არა.