ჯოჯოხეთს გადარჩენილი - კვირის პალიტრა

ჯოჯოხეთს გადარჩენილი

"ნაალაფარ ძროხასავით წინ გამიგდეს სხვა ქართველებთან ერთად"

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალსა და დანარჩენ საქართველოს შორის გაჩენილი ეგრეთ წოდებული საზღვრის ორივე მხარეს ბევრს მიაჩნია, რომ კიდევ დიდხანს ვერ შევრიგდებით. ბევრი პირიქით ფიქრობს, - თუ მოვინდომებთ, ხელოვნურად შექმნილი საზღვარი ვერ დაგვაკავებს. მათ მიაჩნიათ, რომ შერიგების დროს ძალიან

წაადგებათ ომის დროს ჩადენილი კეთილი საქმეები, სიკეთეს კი, თურმე, ბევრი მსახურებდა. ცეცხლმოდებულ და დანგრეულ ცხინვალში, როდესაც ოკუპანტები ქართველ ტყვეებს აწამებდნენ, მშვიდობიანი ოსი მოსახლეობიდან ზოგიერთი ფარულად ეხმარებოდა ნაწამებ ქართველ ტყვეებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართლოსი" სწორედ ასეთი ისტორიების მოძიებით არის დაკავებული და ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის პროგრამის COBERM-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აპირებს მათ წიგნად გამოცემას. "აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ცხინვალში მცხოვრები ჩვენი კოლეგები, რომლებთანაც მუდმივად გვაქვს ურთიერთობა. ჩვენ ინფორმაციას ვცვლით, დროდადრო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვხვდებით ერთმანეთს და ვმსჯელობთ გამოსავალზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებას ურთიერთობის აღდგენის საშუალებას მისცემს. ქართველები და ოსები ჰყვებიან იმის შესახებ, გასაჭირში როგორ დაუდგნენ ერთმანეთს გვერდით და თავგანწირვის არაერთ ფაქტს იხსენებენ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს არ არის ეთნიკური კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან, რომ ხელჩასაჭიდი ჰქონდეთ მშვიდობის აღსადგენად. ვფიქრობ, სახალხო დიპლომატიას დიდი ძალა აქვს და ამ დიპლომატიის ამოქმედებას უდავოდ შეუწყობს ხელს ეს ისტორიები. ეს ომი ხომ ჩვენი საერთო ტკივილია," - ამბობს "ქართლოსის" ხელმძღვანელი მეგი ბიბილური. მანვე გაგვაცნო  ტირძნისელი ლევანი  (გვარს გარკვეული მიზეზების გამო არ ვასახელებთ), რომელმაც ცხინვალში მძიმე ტყვეობა გამოიარა.

ლევანს  ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ ოდესმე თავის სოფელს დატოვებდა და დევნილი გახდებოდა.  2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც მთელი სოფელი დაიცალა, თითო-ოროლა გლეხთან ერთად, ისიც სოფელშIი დარჩა. არ აპატიეს - ხან ვინ შეუვარდა სახლში და ხან - ვინ. სხვადასხვა ჯურის გადამთიელს მიჰქონდა ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდებოდა, ძარცვავდნენ და თან იარაღს უღერებდნენ, ემუქრებოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, სიკვდილს ყოველთვის უსხლტებოდა.

"22 აგვისტოს, როცა  მტერმა წასაღები ვეღარაფერი ნახა, ნაალაფარ ძროხასავით წინ გამიგდეს. სხვა ქართველებთან ერთად მეც ტყვედ აღმოვჩნდი," - იხსენებს ლევანი და მხრებში უცნაურად მოხრილი თავს დაბლა ჰკიდებს. ცოტა ხნის მერე ბზარშეპარული ხმით განაგრძობს: "ცხინვალში ვყავდით. მიჭირს იმ დღეების გახსენება... არ მინდოდა სიკვდილი, ამიტომაც უამრავ ჭირსა და დამცირებას ვიტანდი. იძულებით გვამუშავებდნენ. დანგრეული ცხინვალის ქუჩებს ვასუფთავებდით... მიცვალებულებს გვამარხვინებდნენ. ბევრმა ტყვემ ვერ გაუძლო ასეთ მძიმე მდგომარეობას და სასოწარკვეთაში ჩავარდა. ჩვენც ნელ-ნელა ადამიანის სახეს ვკარგავდით, ცხოველებს დავემსგავსეთ მშიერ-მწყურვალნი.

ერთ დღეს გატანჯულ ათამდე ქართველ ტყვესთან ერთად ქუჩაში ვიჯექი ახალი ბრძანების მოლოდინში. ველოდით, რომ, როდესაც ყველას დაგვამარხვინებდნენ, ბოლოს ჩვენთვისაც ჩვენივე ხელით გაგვათხრევინებდნენ საფლავებს და დაგვხვრეტდნენ. ბადრაგი გამუდმებით გვცემდა და გვაგინებდა. საოცარი ზიზღით გამოთქვამდნენ სიტყვა "ქართველს". ყველასგან წარმოუდგენელ სიძულვილს ვგრძნობდით. მე მექანიკური არსება გავხდი. ველოდებოდი სიკვდილს და სანამ ჩემი დრო დადგებოდა, ყველა ბრძანებას მონური მორჩილებით ვასრულებდი.  მოკლედ, იმ დღესაც ასე, ქუჩაში დაყრილები და არაქათგამოცლილები რომ ვიყავით,  მოხუცი ოსი მოგვიახლოვდა, იქნებოდა პაპაჩემის ხნის. მოჭუტული თვალებით ზიზღით დაგვცქეროდა. უცებ გულში დანასავით დამკრა მისმა სიტყვებმა. რატომღაც  მე მომმართა: "ქართველო, წამო, ნაგავი გადამიყარე!" კიდევ ერთხელ გადავყლაპე დამცირება და გავყევი. ბადრაგის თვალს მოვეფარეთ თუ არა, მოხუცი  მომიტრიალდა, ხელში ვედრო მომცა და ჩუმად მითხრა: "ბოდიში, შვილო, ასე რომ მოგმართე, მაგ ძაღლების მეშინია... ამ ვედროში საჭმელია და გთხოვ, სხვებსაც გაუნაწილე..." კინაღამ ხმა ჩამიწყდა, ენას ვეღარ ვაბრუნებდი, რომ სამადლობელი სიტყვა მეთქვა. იმ ჯოჯოხეთში არ ველოდი ასეთ ადამიანთან შეხვედრას. გაოგნებული გამოვბრუნდი, არასდროს დამავიწყდება მოხუცის ცრემლმორეული, სათნო თვალები... მისი თანადგომა... შიმშილისგან სწორედ იმ კაცმა გვიხსნა..."