რამ დახოცა თევზები მტკვარში? - კვირის პალიტრა

რამ დახოცა თევზები მტკვარში?

"თუ სინჯი დროზე არ აიღე, ვერც დაადასტურებ, რომ თევზები უჟანგბადობით დაიხოცნენ"

გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნამ ექსპერტებს ეჭვი ვერ გაუქარწყლა

დახოცილი თევზების მტკვარში ტივტივმა ეკოლოგებისა და სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო. რამ დახოცა თევზები და ხომ არ მოხდა მტკვრის ქიმიური ან ბიოლოგიური  მოწამვლა? ამ კითხვამ არაერთი მოსაზრება გააჩინა. ზოგიერთმა ექსპერტმა მტკვრის მოწამვლა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე მშენებლობებსაც მიაწერა. გაუქარწყლა თუ არა გარემოს დაცვის სააგენტოს დასკვნამ სპეციალისტებს ეჭვი წყალში ნავთობპროდუქტების, შხამქიმიკატებისა და ტოქსინების ჩაღვრის თაობაზე, სწორედ ამ საკითხით დავინტერესდით.

არჩილ გუჩმანიძე, ასოციაცია "ფლორა და ფაუნას" გამგეობის თავმჯდომარე: - თევზები მასობრივად ადრეც დაიხოცა. რამდენიმე წლის წინ აჭარის წყლებში ხრამული იხოცებოდა, ბათუმის წყლებში (მაგალითად, ჩოლოქთან ახლოსაც) იყო თევზების მასობრივად დახოცვის შემთხვევა. ადრე რიონზეც მოხდა მსგავსი რამ და რამდენადაც ვიცი,  მტკვარზეც (ოღონდ  არა თბილისის მახლობლად). ასეთ დროს სპეციალისტები  სავარაუდო მიზეზებზე მსჯელობენ. ერთ-ერთი შეიძლება ასფიქსია, ჟანგბადის უკმარისობა იყოს. როცა ტემპერატურა ძალიან მაღალია, მდინარე წყალმცირობის პერიოდშია და ასფიქსია ვითარდება. ის დიდხანს არ გრძელდება. თუ სინჯი დროზე არ აიღე, ვერც დაადასტურებ, რომ თევზები უჟანგბადობით დაიხოცნენ. ასფიქსია სულ რაღაც 40 წუთი ან ერთი საათი გრძელდება და შეიძლება ერთი საათით დაგვიანებულმა სინჯმაც კი სულ სხვა შედეგი აჩვენოს და ლაბორატორიული ანალიზი არასწორი გამოდგეს.

მეორე მიზეზი თევზების დახოცვისა შესაძლოა ქიმიური მოწამვლაც გამხდარიყო, რაც წყალში ტოქსინების ხელოვნურად ჩადინებას გულისხმობს. არ არის გამორიცხული ბიოლოგიური მოწამვლაც. მაგალითად, ამ პერიოდში ჩვენს წყლებში ვითარდება მწვანე წყალმცენარეები, ე. წ. ციანობაქტერიები. მათ გამრავლებას თან სდევს ეიროტოქსინების გამოყოფა, რომელიც თევზის პარალიზებას იწვევს. აჭარისწყალზე სწორედ ეს მოხდა. ციანობაქტერიების მასობრივად განვითარების წინა პირობა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური ბალანსის დარღვევაა...

- სატელევიზიო კადრებში წყალს მოჰქონდა მკვდარი თოლიაც. ეს რამდენად გამორიცხავს ჟანგბადის უკმარისობით თევზების დახოცვას?

- თუ ადამიანი ან თოლია შეჭამს ეიროტოქსინებით დაავადებულ თევზს, ისიც მოკვდება. თუმცა, ეს თევზი ადამიანებმაც გამოიყენეს საკვებად. ამიტომ, სავარაუდოდ, სხვა მიზეზებთან გვაქვს საქმე - წყლის ხელოვნურად მოწამვლასთან ან ასფიქსიასთან.

- რეზიდენციასთან მიმდინარე მშენებლობებიც დასახელდა ერთ-ერთ მიზეზად.

- გამორიცხული არაფერია. მაგალითად, აჭარაში იყო შემთხვევა, როცა მშენებლობის ადგილას საქვაბეში დაგროვილი აზოტი და ნავთობშემცველი ნივთიერებები სანიაღვრეში ჩაიღვარა. სანიაღვრემ ეს ყველაფერი ზღვაში გაიტანა, რამაც ლოკალურად (არა მასშტაბურ ფართობზე) თევზები დახოცა. მიმდინარე მშენებლობის დროს აუცილებელია კონტროლი, რომ ეკოლოგიური გარემო არ დაბინძურდეს. განსაკუთრებით სახიფათოა ნავთობშემცველი პროდუქტების, საღებავებისა და ტოქსინების ჩადინება წყალში.

მარინა არაბიძე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი: "გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყლის სინჯები სამი სხვადასხვა ადგილიდან იმავე საღამოს აიღო. სინჯებში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით შეწოვილი ნაწილაკების კონცენტრაცია. ამან განაპირობა თევზების დახოცვა. ე.ი. სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები დიდი რაოდენობით მოხვდა წყალში, რამაც ჟანგბადის დონე დასწია.

- არათუ თევზები, კადრში მკვდარი თოლიაც ჩანდა.

- ამაზე ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება თოლიის სიკვდილის მიზეზი სულ სხვა რამ იყო.

- მიმდინარე მშენებლობები ხომ არ გახდებოდა წყალში ამ ნაწილაკების მოხვედრის მიზეზი?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამჯერად მიზეზს ვერ დავაზუსტებ. მხოლოდ კვლევის შედეგზე შემიძლია ვილაპარაკო. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამ განაპირობა მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ამაღლება.

ნინო ჩხობაძე, გარემოს დაცვის ექსმინისტრი: - მყარი ნაწილაკების მომატება მიანიშნებს იმას, რომ ზაჰესის გასაწმენდად (ფარების ახსნის მეშვეობით) დაგუბებული წყალი გაუშვეს, მაგრამ ეს ამ პერიოდში დაუშვებელი იყო.

წყლის ჭავლის ურეჟიმოდ გაშვების დროს წყალი იმღვრევა, ბევრი ნალექი მოაქვს, რომელიც გროვდება და თევზი ზედაპირზე  ამოსვლას ცდილობს და იგუდება. ამჟამად ის პერიოდია, როცა წყალში ბევრი ლიფსიტაა, ლიფსიტები კი ადვილად იხოცებიან.

10-15 დღის წინ კიდევ ერთი პრობლემა წარმოიშვა: ავჭალაში რკინიგზაზე ავარია  მოხდა. ის ადგილი ახლაც შემოღობილია. ექსპერტები ეჭვობენ, რომ წყალში ისეთი ნივთიერებები ჩაიღვარა, რამაც თევზები დახოცა. სხვათა შორის, მეთევზეებიც ამბობენ, რომ ზაჰესიდან წყლის ჭავლი გაუშვეს.

წყლის მოწამვლა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ მასში დიდი ოდენობით საღებავებს ჩაუშვებდნენ.  სხვათა შორის, ზაჰესის ტერიტორიაზე ადრე ძალიან დიდი სამრეწველო უბანი იყო, მეტალგადამმუშავებელი საწარმოები სხვადასხვა მჟავას იყენებდნენ. ალბათ, ეს ტერიტორია ახლა გაყიდულია. ყოველ შემთხვევაში, არც ერთი საწარმო აღარ მუშაობს. თუმცა საქვაბეებში აუცილებლად იქნებოდა შენახული მჟავები, ტოქსინები, სხვადასხვაგვარი შხამქიმიკატი. შეიძლება მეპატრონემ ჩაუშვა შემონახული მავნე ნივთიერებები წყალში. ეს ეჭვი მწვანეთა მოძრაობის წევრებს მაშინვე გაუჩნდათ, როცა თევზების დახოცვის ამბავი გავრცელდა, მაგრამ გარემოს დაცვის სააგენტომ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, ყველა სხვა მოსაზრება გამორიცხა. დასკვნის მიხედვით, მყარი ნაწილაკების სიმრავლემ გამოიწვია თევზების დახოცვა, რაც ისევ და ისევ ზაჰესიდან წყლის ჭავლის გაშვებას გვაფიქრებინებს.