"ერთ მშვენიერ დღეს" - კვირის პალიტრა

"ერთ მშვენიერ დღეს"

გაიძახიან, დიდი ფული შემოგვდის მეგობრებისგანო. ორიოდ გროშს სოფლისკენაც აქნევინონ პირი!

"არ დავიხოცებით, მაგრამა, ვითომ მარტო სუნთქვაა ხეირი?"

- ასე რო არ იყოს, აჯობებს, მაგრამ არი და როგორ არ ვთქვა... აი, აგრე დაუწერე ჩვენს მთავრობასა - ასე როგო გაიხადე საქმე, გლეხი კაცი გაჭირვებიდან ვერ ამაიყვანეო? მა, რა!.. აქეთ ჩვენ ვართ ჩაჭიდებული მიწას, ის შორიდან შემოგვცქერის, ვითომ სხვისები ვიყოთ. წაეშველებინა ხელი და დავდგებოდით ფეხზე. მარტოებმა წაქცეული სოფელი ვერ წამოვაყენეთ. გაიძახიან, დიდი ფული შემოგვდის მეგობრებისგანო. ორიოდ გროშს სოფლისკენაც აქნევინონ პირი და მერე ჩვენ ვიცოდეთ. რით ვეღარ გაიგეს ამ დალოცვილებმა, რომა გლეხი თუ აღარ იქნა, ქვეყანაც აღარ იქნება! - ძლივს ამოითქვა სული კავთისხეველმა ვახტანგ აღაპიშვილმა. ბოღმა შემომაწვა - ამისთანა საკითხავზე გლეხს რა პასუხი უნდა გასცე! მაგრამ რამე ხომ უნდა მეთქვა. მეც მის ნაჯაფ ხელებს თვალი ავარიდე და გაუბედავად მივუგე, - ეგ მთელმა ქვეყანამ იცის-მეთქი.

მერეო? და... გაჩუმდა. მეც გავჩუმდი. წყლით მაინც გავიგრილებ გულს-მეთქი, მაგრამ სად იყო წყალი - კომუნისტების დროინდელი ონკანი საცოდავად ჩახრუკულიყო. წამო, მე დაგალევინებო, - მითხრა გზად შემოყრილმა გლეხმა... ცალი ხელით ბოჩოლა მოჰყავდა, მეორით - ცელი მოჰქონდა. მოგვესალმა, - ვის ელაპარაკები ვახტანგაო. იმანაც უთხრა...

მაშ, მართლა დაწერ, რასაც გლეხები ვეტყვითო?

ჰო-მეთქი.

- ბოჩოლას არ ვაზმუილებ ტყუილად, მაგრამ თუ დაწერ, გეტყვი, ეგრე უთხარი მთავრობას - სუ სხვებისკენ რო გაქვთ ყური გადაკეცილი, ჩვენიც გაიგონეო. აბა, მთებს უყურე, რამოდენა აქვს კავთისხევს შემოჯარული. იქიდან ჩამოყვანილი წყალი სარწყავადაც გვყოფნიდა და სასმელადაც, ახლა რაღა გამჩენი გაუწყრათ, დასალევი წყალი ნახევარი საათითაც აღარ მოგვდის, სარწყავი ხო არა გვაქვს და არა. განა ბევრი უნდა ზემოთა სოფლებში ერთი წყალსაცავის გაკეთებას. ეგრეა,  მთელი ქართლი და კახეთი უწყლოდ. ალბათ ფიქრობენ, გლეხი კაცი გაუძლებს და არ მოკვდებაო... არ დავიხოცებით, მაგრამა ვითომ მარტო სუნთქვაა ხეირი? ივლის-აგვისტოში ნაშრომ-ნაწვალები რო დაგვეხრუკება, სიკვდილია! ჰოდა, რო აუტირდა გლეხს ცოლ-შვილი, გაიკრიფა საზღვარგარეთა.

- გული გამისკდა, რომ გისმენთ. არჩილ მეფე ამბობდა, - რა ამოწყდეს გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდესო.

- მართალი უთქვამს. აგე, ისრაელშია მოსამსახურედ წასული ჩვენი რძალი და მხეთქავს გულზე იქიდან - წელიწადში სამჯერ მოჰყავთ მოსავალიო. კაცოო! უდაბნოა იქაურობა და - სამჯერო! ჩვენს მიწას ავი თვალი არ დაეკვრება და იმათ კი მოჰყავთო! იმიტომ, რო უპატრონოდ მივაგდეთ.

- ახლა ხომ გორის სოფლებისთვისაც გაჰყავთ ახალი სარწყავი არხი!

- რამდენ სოფელს მისწვდება ეგ არხი! მაგ დალოცვილებს, ძველი აღედგინათ... მოვიდნენ და ვეტყვით, რა ქნან. მაგრამ რა ფეხი მაუცდებათ?

- მაგათ კი არა, აგე სამი გამგებელი გამოგვიცვალეს კავთისხევში - ეზარებოდათ საკუთარ სოფელში სიარული. აშენება და გამართვა კი არა, ჩვენს გამგებელს სოფლის კლუბისთვის ვერ მოუვლია, არც აშენებს და არც ანგრევს...

- რატომ უნდა დაანგრიოს?

- კომუნისტებმა დატოვეს აუშენებელი. ჩამოივლის ლოთი და უბედური, შედის და აბინძურებს... მოვიყვანდით ერთ ექსკავატორს და მოვაშორებდით აქაურობასა, მაგრამ მერე გამოფხიზლდებიან, - ვინ გკითხავდათო. თითქოსდა გასაჭირი სხვა არაფერი გვქონდეს.

- აგე, ხალხმა ერთი პირი იონჯა დაცელა სოფელში. არხი რო იყოს, მოვრწყავდით, მეორე მოსავალიც მოგვივიდოდა, თივაც არ გაგვიძვირდებოდა...

- იონჯას თესავთ?

- იონჯა რაღა სალაპარაკოა, ხორბალი და ვაზი ვეღარ მოგვიყვანია. რო გამააცხადებდნენ ხოლმე ტელევიზორში, ნუ გეშინიათ, რუსეთს თუ აღარ უნდა ჩვენი ღვინო და ვაშლი, ახალ ბაზარს ვიპოვითო. სად არი! ეჰ... თითო სოფელში თითო ხილის ქარხანა მაინც აშენდება და ამაზე მაინც გაგვიმართონ ხელი.

- ახლა ხო დადიან სოფლებში მთავრობა და ოპოზიცია ხალხთან შესახვედრად. ეგ ყველაფერი თავად უთხარით...

- ახლა კიდე ახალ მთავრობას ელოდე. წავალ, საქმეს მივხედავ. სანამ ეგენი მოვლენ, მეც მივალ აგე იქა! - ხელი საუკუნოვანი საფლავებისაკენ გაიშვირა სოფიო თხინვალელმა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ვახტანგა ძიამ მიაწია:

- ეჰ, ჩემო სოფიო, მანამდე ჩვენ კიდე ბევრ საქმეს მოვასწრებთო და "ჟიგულზე" შემოსკუპული წიწილებიანი გალიისკენ გასწია, - დუშეთიდან ჩამაიყვანეს და ოციოდე ფრთას ვიყიდიო.

წამოვედი და სოფლის ორასწლოვან ალვის ხესთან შევჩერდი, - მდინარე კავთურას ზედ რომ დაშრიალებდა...

- ეჰ, ჩემო კავთურავ, შენ ხომ ბევრჯერ გინახავს ასე გამწარებული გლეხი კაცი? მაგრამ ფეხზე დამდგარიც ხომ გინახავს!