ავსტრალიის "საუკეთესო პატარძალი" თათული ბართაია - კვირის პალიტრა

ავსტრალიის "საუკეთესო პატარძალი" თათული ბართაია

"ასე მგონია, "ყველა სიახლის" წყალობით კვირაში ერთხელ საქართველოში ჩამოვდივარ"

ერთი წელიწადია, ავსტრალიაშია. მანამდეც ბევრჯერ ჩასულა სიდნეიში, მამასთან, ყოფილ მსახიობთან, თბილისელ გია ბართაიასთან, რომელიც დიდი ხანია, ავსტრალიაში ცხოვრობს. სიდნეი კი ძალიან მოსწონდა, მამასთანაც უხაროდა ყოფნა, მაგრამ უთბილისოდ დიდხანს ვერ ძლებდა, ქართული თეატრის სცენაზე სურდა ყოფნა. ფიქრობდა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბევრ საინტერესო როლს შეასრულებდა და ქართველი მაყურებელიც შეიყვარებდა. პარალელურად, ჯერ ტელევიზიის პირველ არხზე სპორტული პროგრამა "გოლის" წამყვანად მუშაობდა, შემდეგ დილის პროგრამაში "ამინდის პროგნოზის" მაცნედ გვევლინებოდა. ბევრჯერ მითქვამს, ეს ლამაზი და ნათელი გოგონა ისე ხალისიანად გვამცნობს უამინდობასაც კი, მოქუფრულ ცას გაგიკაშკაშებს-მეთქი. თუმცა,  სწორედ ეს ხალისი დაუწუნეს, ამინდს ამდენი ღიმილი არ უხდებაო და ტელევიზიიდან გამოუშვეს. ამასობაში უნივერსიტეტიც დაამთავრა და "თავისუფალ თეატრში" მივიდა. მხოლოდ ერთ სპექტაკლში, რეჟისორ ანდრო ენუქიძის  FAST  FOOD-ში ითამაშა, მერე კი ძალის მოსინჯვა სიდნეის დრამატული ხელოვნების ნაციონალური ინსტიტუტის (NIDA)  კინოსამსახიობო ფაკულტეტზე გადაწყვიტა და დედასთან ერთად გაემგზავრა კიდეც ავსტრალიაში.

- ავსტრალია არაჩვეულებრივი ქვეყანაა. მისი კულტურა აბორიგენებისა და ინგლისელების კულტურის ნაზავია, რომელსაც ამერიკული კომფორტიც ერთვის. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, სტუმართმოყვარე. ძალიან შემიყვარდა ეს ხალხი და ქვეყანა.

თათული ბართაია უკვე სიდნეის დრამატული ხელოვნების ნაციონალური ინსტიტუტის კინოსამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტია. აქ სწავლობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები რასელ ქროუ, ნიკოლ კიდმანი, კეიტ ბლანშეტი, მელ გიბსონი... ჯგუფში თორმეტნი არიან - თერთმეტი ავსტრალიელი და ერთი ქართველი. ბედნიერია, რომ შესაძლებლობა აქვს მასტერკლასები გაიაროს ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და კიდევ... ამდენი ემოციით გული რომ არ გაუჩერდეს, ყველა შეხვედრის შესახებ ქართველ მეგობრებს, ნაცნობებსა და უცნობებსაც კი შთაბეჭდილებებს უზიარებს.

თათული ბართაია პირველად "პუმას" სახედ და "ამინდის პროგნოზის" წამყვანად გავაცანი გაზეთ "ყველა სიახლის" მკითხველს. იმხანად საქართველოში ცხოვრობდა, დროდადრო  სტუმრობდა ავსტრალიას და სწორედ ერთ-ერთი ვიზიტისას აურჩევიათ "პუმას" სახედ. რას წარმოვიდგენდი, რამდენიმე წელიწადში  NIDA-ს სტუდენტი და  გაზეთ "ყველა სიახლის" სპეციალური კორესპონდენტი რომ გახდებოდა, ან სიდნეის მორაგბეთა გუნდ "რებიტოსში" გაწევრდებოდა, ამ კლუბის ერთ-ერთ მფლობელსა და კინოვარსკვლავ რასელ ქროუსთვის რამდენიმე კითხვის დასმას რომ შეძლებდა ჩვენი გაზეთისთვის, ან კეიტ ბლანშეტსა და ნიკოლ კიდმანის დასთან, ცნობილ ჟურნალისტსა და ტელეწამყვან ანტონია კიდმანთან, ან ჯასტინ ბიბერთან რომ ჩაწერდა ექსკლუზიურ ინტერვიუებს, ან... რომელი ერთი ჩამოვთვალო. მოკლედ, ყველა ექსკლუზივი საქართველოსთვის და "ყველა სიახლისთვისაა"!

- იმედია, სწავლის პერიოდში სხვა ვარსკვლავებსაც შევხვდები. "ნიდაში" ხშირად გვაქვს გადაღება, ცნობილი ფილმების ეპიზოდებში გვიღებენ. მე ცნობილ ფილმ "ნოუთბუქში" ალის როლზე დამაკავეს. ეს ეპიზოდები "ნიდას" არქივს დარჩა. "ნიდაში" არის ოქროს სკივრიც, აქ სწავლის პერიოდში მომავალი ჰოლივუდის ვარსკვლავები რომ აგროვებდნენ ერთმანეთის შესახებ ჩანაწერებს. მიხარია, რომ ოქროს სკივრი ჩემი ჩანაწერებითაც ივსება. ახლახან დაგვემატა აქცენტის გაკვეთილები. ვმუშაობთ ავსტრალიურ, ამერიკულ, შოტლანდიურ და ბრიტანულ აქცენტებზე, ასევე, იმ აქცენტზე, რომლითაც ინგლისის დედოფალი ლაპარაკობდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, უამისოდ უცხოურ კინოინდუსტრიაში მუშაობა შეუძლებელია. შესვენებაზე სტუდენტები "ნიდას" ეზოში ვიკრიბებით, მწვანე მოლზე ვსხდებით და ვსაუზმობთ, ლანჩი ყველას შინიდან მიგვაქვს. ერთხელ სასაცილო ამბავიც შემემთხვა: ლექციებზე მაგვიანდებოდა და ლანჩი შინ დამრჩა. ბავშვებმა თავისი საუზმე შემომთავაზეს. ჩემ გვერდით მჯდომმა გადმომაწოდა თავისი კონტეინერი და იქ მხოლოდ მწვანილი დამხვდა, ვიტამინებით სავსეა და ენერგიას შეგმატებსო. ეს კონტეინერი გადავდე. ახლა მეორემ შემომთავაზა თავისი საუზმე - ჩიფსები, რასაც არ ვეკარები, არ მიყვარს. მესამემ მითხრა, კონტეინერში გემრიელი წვნიანი მაქვსო და გამიხარდა. ვიფიქრე, კოვზს მომაწოდებს-მეთქი, მაგრამ კოვზი თავისთვისაც არ ჰქონდა. ამოიღო დაჭრილი პური, ჩააგდო წვნიანში, ჩაალბო და გადაყლაპა, მეორე ნაჭერი ჩემთვის ჩაალბო და მომაწოდა. გული შემიწუხდა, მადა დამეკარგა. დიდი მადლობა, არ მინდა-მეთქი, - ვუთხარი და მივხვდი, მშიერი ვრჩებოდი. ამ დროს შევნიშნე, რომ ჩემს მეგობარს კონტეინერში გახეხილი ვაშლი ჰქონდა. ამას გავსინჯავ-მეთქი, ვუთხარი, მან კი მთელი კონტეინერი მომცა: დღეს არაფერი გიჭამია და სულ შენი იყოსო. გავსინჯე თუ არა, ცუდად გავხდი და სააბაზანოსკენ გავიქეცი - ვაშლი მლაშე აღმოჩნდა, მეგობარს შიგ ყველიც ჩაუხეხავს (იცინის). ასე დავრჩი მშიერი საღამომდე.

იღბლიანი აღმოჩნდა. ჩასული არ იყო სიდნეიში, რომ მსოფლიოს პრესტიჟულ სასტუმროთა ქსელის "ჰილტონის" სახედ აირჩიეს. სიმაღლის ეშინოდა, მაგრამ გადაღებისთვის შუა ოკეანეში იახტიდან გადახტა, თანაც, იცით, სად?

- იქ, სადაც ცნობილი "ოპერაჰაუსი" და "ჰარბარ ბრიჯია", წყალში კი შეიძლება ზვიგენს ემსხვერპლო.

- "ჰილტონი" ჩემი გამარჯვება იყო. საბედნიეროდ, გადაღებამ მშვიდობიანად ჩაიარა. ერთი სული მაქვს, როდის გამოვა ახალი პოსტერები და ჩემს ნახტომს ვნახავ.

რამდენიმე წლის წინ სიდნეიში სპორტული ფირმა "პუმას" რეკლამაში გადამიღეს.  დამირეკეს და მითხრეს, "პუმა" გახდი და ერთ კვირაში გადაღება გექნებაო. ვიფიქრე, ნამდვილი ცხოველი პუმა უნდა განვასახიერო-მეთქი. გადავწყვიტე, ეს ცხოველი კარგად შემესწავლა, ერთი კვირის განმავლობაში დავდიოდი სიდნეის ზოოპარკში, ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოძრაობას. მოკლედ, გადაღებაზე საფუძვლიანად მომზადებული მივედი. სტუდიაში ჩამაცვეს "პუმას" მაისური, შორტი, წინდა, კედები, დამახურეს კეპი, დამაყენეს პუმას გამოსახულებასთან და მთხოვეს, გაიღიმეო. ბოლოს მითხრეს, სულ ეს იყო, დიდი მადლობა, მალე შენი პოსტერები მთელ ქალაქში გამოიფინებაო. სხვა ჩემს ადგილას ძალიან ბედნიერი იქნებოდა, მე კი ძალიან უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ამდენი შრომა წყალში ჩამეყარა.

KvirisPalitra.Ge"ჰილტონის" შემდეგ პოპულარული გავხდი სიდნეიში და ორ ტელესერიალში მიმიწვიეს. პირველს PACKED TO THE RAFTERS ჰქვია. ექთანის როლი მქონდა და გადაღება სენტ-ვინსენტის საავადმყოფოში მიმდინარეობდა. სცენარით ავტოკატასტროფაში მოყოლილ მთავარ გმირს მომხიბვლელი ექთანი ისე შეუყვარდება, რომ საავადმყოფოდან გაწერაც აღარ უნდა. ჩემი პერსონაჟი ისე მოეწონათ, შემპირდნენ, რომელიმე გმირს კიდევ მოვახვედრებთ საავადმყოფოში და ექთანის როლზე დაგაბრუნებთო. მეორე სერიალი რეჟისორ ჯონ მესნერის ამერიკული დეტექტივი KILLER INSTICT-ია. მე ბიზნესლედის როლი მომცეს, ამისათვის იმიჯი სრულიად შემიცვალეს და ამოცანად სერიულ მკვლელობებში ეჭვმიტანილთან დაახლოება დამისახეს.

ერთი კვირის წინ ავსტრალიის "საუკეთესო პატარძლადაც" დამასახელეს. სიდნეიში, ავსტრალიის ტელევიზიის მე-7 არხზე რეალითი-შოუს - "ოთხი ქორწილის" ახალი სეზონი დაიწყო. შოუს ქუდისთვის პატარძლის შესარჩევად კონკურსი მოაწყვეს.KvirisPalitra.Ge საპატარძლო კაბებში გამოწყობილებსა და სადღესასწაულო მაკიაჟითა და ვარცხნილობით გალამაზებულებს კომპეტენტური ჟიური გვაფასებდა. ჯერ საუკეთესო ოთხეულში მოვხვდი, შემდეგ კი უმაღლესი - 10 ქულით საბოლოოდ გავიმარჯვე და ავსტრალიის "საუკეთესო პატარძალიც" გავხდი. ოთხეულს მიღებული ქულებით ხელში ფოტოც გადაგვიღეს და ჩასვეს "ოთხი ქორწილის" ქუდში, რომელიც უკვე ტრიალებს ავსტრალიის ტელევიზიის მე-7 არხზე. ეს ფოტო მსოფლიოში პოპულარულ ჟურნალებში WHO-სა და NEW IDEA-ში დაიბეჭდა. ორივე ჟურნალში ჩემ გვერდით პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მოხვდნენ. პროექტის დამკვეთმა მომწერა, ფურორი მოახდინე და ჩვენს პროექტს წარმატება მოუტანეო. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე პროექტში. ისე, საქორწილო კაბა უკვე მეორედ მოვირგე. პირველად თბილისის "თავისუფალი თეატრის" სცენაზე მეცვა, სპექტაკლში  FAST  FOOD-ი, მეორედ ავსტრალიურ პროექტში და ვნახოთ, მესამედ როდის ჩავიცვამ (იცინის).

თათული-ჟურნალისტი კი გაზეთ "ყველა სიახლის" Aმთავარი რედაქტორის, ბატონი თამაზ ცერცვაძის აღმოჩენაა. როდესაც სიდნეიში მცხოვრებ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, თბილისელ მძლეოსან ვიქტორ სანეევთან ინტერვიუს ჩასაწერად თათულის დახმარება დამჭირდა, აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის მეშვეობით ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ თათულის მივწერე კითხვები და ინტერვიუს ჩაწერაც მასვე ვთხოვე. ვიცოდი, მოახერხებდა, რადგან საქართველოს ტელევიზიაში წამყვანობის გამოცდილება ჰქონდა. არათუ შეძლო, საკუთარი კითხვებიც ჩაურთო და სრულყოფილი ინტერვიუ გამოგვიგზავნა. სწორედ მას შემდეგ ანდო ბატონმა თამაზმა გაზეთის კორესპონდენტობა.

- ასე მგონია, "ყველა სიახლის" წყალობით კვირაში ერთხელ საქართველოში ჩამოვდივარ. ჩემს ახლობლებს თბილისში ძალიან უხარიათ ჩემი სტატიების კითხვა, აქ მცხოვრები ქართველები კი ინტერნეტით ეცნობიან. სიდნეიში ქართველებს დიდი დიასპორა გვაქვს. ერთმანეთს კვირაობით მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვხვდებით. გული მიჩუყდება, ქართველები შინ რომ მეპატიჟებიან და ქართული კერძებით მიმასპინძლდებიან. ყველაზე ახლოს ვიქტორ სანეევის ოჯახთან ვარ. დიდი სითბოთი და სიყვარულით მხვდებიან. მათთან პატარა საქართველოა: ოთახის კედლებს თბილისის ხედები ამშვენებს, თაროებზე უამრავი ქართული სუვენირია, სუფრასთან ყველა სადღეგრძელო საქართველოსა და ქართველ ხალხს ეძღვნება. ვიქტორი კი ნებისმიერ თემაზე საუბარს ყოველთვის სპორტით ასრულებს. თბილისში სპორტული პროგრამა "გოლის" წამყვანი რომ ვიყავი, მეუბნებოდა, ჭოკით ხტომაში უნდა გავარჯიშო და მერე შენით ვიამაყოო.

"ყველა სიახლისთვის" ჩაწერილ ინტერვიუებში შემთხვევას არ უშვებს, თავის სახელგანთქმულ რესპონდენტებთან საქართველო არ ახსენოს. ესეც არ იკმარა და უფრო დიდ საქმეს შეეჭიდა - წიგნის გამოცემა გადაწყვიტა.

- ვმუშაობ წიგნზე "საქართველო-ავსტრალია". მასში ჩემი თვალით დანახულ ავსტრალიას გაგაცნობთ და ჩემს ავსტრალიურ თავგადასავალსა და კურიოზებსაც გიამბობთ. მოგიყვებით საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებზე, სამშობლოს მონატრებაზე. აქაურმა მეგობრებმა მთხოვეს, ჩვენზეც დაწერე შენს წიგნშიო. ძალიან მინდა, ეს წიგნი საქართველოში დაიბეჭდოს და დიდი იმედი მაქვს, "საქართველო-ავსტრალია" მკითხველს დააინტერესებს.

ირმა ხარშილაძე

გაზეთ "ყველა სიახლის" ჟურნალისტი