ნატაშა ჩხიკვაძის ინტერვიუ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე - კვირის პალიტრა

ნატაშა ჩხიკვაძის ინტერვიუ გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე

22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად ჩეხეთში სამკურნალოდ იმყოფება, 24 აგვისტოს საქართველოში უნდა ჩამოფრენილიყო. გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ნატაშა კობახიძემ რადიო "ობიექტივს" რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ინტერვიუ მისცა.

"რამაზი ასეთ მძიმე მდგომარეობაშიც კი განიცდის. რობიკოს რაც დაემართა, ამან ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ საუკეთესო წლები ერთად გავატარეთ. რამაზმა რობიკოსთან ერთად მთელი ეპოქა შექმნა მსოფლიო თეატრში. სამყარო მათ ფეხებთან იყო. არავინ იცნობდა საქართველოს, საქართველო მსოფლიომ მათი სპექტაკლებით გაიცნო", - განაცხადა ნატაშა კობახიძემ რადიო ”ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

"ეს არ უნდა მომხდარიყო. ასეთი დიდოსტატი, როგორიც რობერტ სტურუაა, არ შეიძლება უცერემონიოდ ქუჩაში მოისროლო. თუმცა რატომ მიკვირს, დიდი რამაზ ჩხიკვაძე ავად არის და ოფიციოზიდან არავის დაურეკავს და არ KvirisPalitra.Geუკითხავს, რა სჭირს რამაზს, რით დაგეხმაროთო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს ვცხოვრობთ. ჩვენ ჩვენი სიცოცხლე მივეცით ქვეყანას, ხალხს, ხელოვნებას. რობერტ მაგრად იყავი! შენთვის ყველა კარი ღიაა. ახალი თეატრებით ისტორიას ხელახლა ვერ დაწერენ”, - განაცხადა ნატაშა კობახიძემ.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, თუ საბუთები ოპერატიულად მოწესრიგდება, გარდაცვლილის ნეშტს პრაღიდან თბილისში ხვალ გადმოასვენებენ.